წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მეჩვიდმეტესა კვირიაკესა ზედა

არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა (მათ. 15, 26).

ძაღლსა დაამსგავსა, ძმანო ქრისტიანენო, უფალმან ქალი ქანანელი, ანუ პირდაპირ ძაღლად უწოდა მას, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი. რა საშინელი დამჩაგვრელი და შესარცხვენელი წოდება არის ესრეთი სიტყვა ყოვლისა კაცისათვის, მეტადრე დიდსა საზოგადოებასა შინა! გარნა ქალი იგი არა თუ არ შესწუხდა, არამედ მოითმინა, სიმდაბლით უპასუხა: ჰე, უფალო! მართალია ესაო! სწორედ ასე არისო! ამისათვის უფალმა ადიდა მისი სარწმუნოება, აქო იგი და მიანიჭა თხოვნა მისი, განკურნა ასული მისი. ჰოი დედაკაცო! დიდ არს სარწმუნეობა ეგე შენი; გეყავ შენ, ვითარცა გნებავს! აჰა, ძმანო ჩემნო, უმჯობესი და უმშვენიერესი საშუალება, თუ გსურს მივიღოთ მადლი ღვთისა, გავაქარვოთ რისხვა ღვთისა და კაცთა. თუ დაგჩაგრა ვინმემ გულფიცხელობით, თუ გაგინა ვინმემ, მწარე სიტყვა გითხრა - გული გაიმაგრე, ანუ, რომელიც უმჯობესი იქნება და სათნო ღვთისა, უპასუხე: მართალია; მაგრამ თუ ისეთი ვარ, როგორც შენ ამბობ, მომიტევე. ათასში ერთხელ არ მოხდება, თითქმის არ შეიძლება, რომ შენს დამჩაგვრელს, მაგინებელს არ შერცხვეს, არ შეიკმიდოს და არ მოინანოს. შენ იფიქრებ: როგორ შეიძლება ასე მოქცევა! თუ ასე მოვიქცევი, მაშინ ყოველი კაცი დამჩაგრავს, ცხოვრება აღარ შემეძლება ქვეყანაზედ. არა, ძმაო! ამას შენ იმისთვის ჰფიქრობ, რომ ცუდი, შეცდომილი აზრი გაქვს ადამიანის ხასიათზედ. ვინ იქნება ისეთი მხეცი, რომ, მხედველი ამისთანა შენი სიმშვიდისა, სიწყნარისა, არ შერცხვეს და არ შეინანოს. ბოლოს, თუნდა სრულიად მხეცი იყოს შენი მოპირდაპირე, მაშინაც ძლიერ შესწუხდება მით, რომ მის ცუდს სიტყვას მოქმედება არა აქვს შენზედ სრულიად. როგორც ძაღლის ყეფას მიმავალი კაცი, ისე ყურადღებას შენ არ აძლევ მის სიტყვას. ის შეგატყობს, რომ შენი სულგრძელება აღემატება მის სულმოკლეობას და ამისათვის შერცხვება. ამისთანა უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანე! აკი თქმულ არს: რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. (მათ. 5, 39). შენ უნდა იყო სულგრძელი, მომთმენი, გონიერი. ამას გვამცნებს ჩვენ სახარება. სული და ხასიათი ქრისტიანისა უნდა იყოს აღვსებული მშვიდობითა, სიწყნარითა, სიყვარულითა.

გარნა არა ესრეთნი არიან აწინდელნი ქრისტიანენი! ათასში ერთს არ ახსოვს, რომ დაჩაგვრას, გინებას მოთმინებით უნდა მიიღებდეს და მით უნდა მიზიდავდეს მადლსა ღვთისასა, რომელი იტყვის ბაგითა წინასწამეტყველისათა: ვის შევხედო, ანუ შევიწყნარო, გარნა მხოლოდ მშვიდსა და მდაბალსა, რომელი ძრწის სიტყვათა ჩემთაგან. ახლანდელი ქრისტიანე არა თუ არ მოითმენს მწარე სიტყვას, გინებას, არამედ ერთი სიტყვისათვის მზად არის მოჰკლას კაცი, სატევარს მოჰკიდებს ხელს, თუ არა და გადაემტერება მთელ სიცოცხლეში დამჩაგვრელად. ახლანდელ ქრისტიანეთ სირცხვილად მიაჩნიათ დათმობა დაჩაგვრისა. რას იფიქრებს ქვეყანაო ჩემზედ, ქალაჩუნა არისო! მაშინ, როდესაც კაცი, მომთმენი დაჩაგვრისა, რომელიც ყურადღებას არ მიაქცევს გინებასა, ამით გამოაჩენს თვის სულგრძელებას და სიმტკიცეს; ხოლო მოუთმენელი, შურის მეძიებელი, ცხადად ამტკიცებს, რომ არის სუსტი ხასიათით, სულმოკლე, წარტაცებული თვისი ცუდი გუნებით, და დამონებული ვნებასა და ცოდვას. ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა, და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა - თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად, და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა მას ცეცხლისასა (მათ. 5, 22). ასე ფიცხლად დაისჯება კაცის მაგინებელი, გარნა რომელიც მოითმენს გინებასა, ორკეც მადლს მიიღებს: თავის სულს აცხონებს, და მოყვასს კეთილ მაგალითს აჩვენებს. ამინ.