წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება იჱ-კვირიაკესა ზედა

და ჰრქვა იესო: ნუ გეშინინ, სვიმონ,
ამიერითგან იყო კაცთა მონადირე (ლუკ. ე, ი. )

დღეს წაკითხული სახარება წინადაგვიგებს, ძმანო, ჩვენ და შესასწავებელად შემდგომსა მოთხრობასა: უფალი იესო ქრისტე ოდესმე სდგა კლდესა ზედა გენესარეთის ტბისასა, გარემოცული უმრავლესითა ერითა, რომელ მოსრულ იყო სმენად სიტყვისა ღვთისასა, და იხილა ორი ნავი, მდგომარე კიდესა ზედა ტბისასა; ხოლო მეთევზენი, რომელთა ეკუთვნოდათ ნავები, ამზადებდნენ ბადეთა თვისთა. უფალი შევიდა ნავსა სვიმონ მეთევზისასა და უბრძანა მას, შე-რე-დგინება მცირედ კიდითგან ნავისა, დასჯდა და ასწავებდა ნავითგან ერსა. დაასრულა რა სწავლა, უბრძანა სვიმონს, შეყენება ღრმად ნავისა და დადება ბადისა ნადირობად. თუმცა სვიმონ და სხვანი მეთევზენი მრთელს ღამეს ნადირობდნენ და ვერა რა მიიღეს; გარნა, სიტყვისამებრ მოძღვრისა, დასდვეს ბადე და შეაყენეს ესოდენი სიმრავლე თევზთა, რომელ ბადენი თითქმის განსქდებოდნენ და ნავი აღივსო თევზითა. იხილეს რა უბრალოთა მათ მეთევზეთა ესრეთი საკვირველება, შეეშინა მათ ფრიად; სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოთა და ჰრქვა: განვედ ჩვენგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ხოლო უფალმან ჰრქვა მას:ნუგეშინის სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე. მაშინ სვიმონ და მოზიარეთა მისთა, იაკობ და იოანე, გამოადგინეს ნავები ხმელეთად, დაუტევეს ყოველი და მისდევდენ მას, და შეიქმენ მისნი განუშორებელნი მოწაფენი.

რას გვასწავლის, ძმანო, ჩვენ მოთხრობა ესე სახარებისა? რა დარიგება, ანუ რომელი მოძღვრება გამოვიყანოთ ჩვენ მისგან? პირველად ის, რომელ არცა ერთი წოდება, ანუ მდგომარეობა კაცისასა ქვეყანასა ზედა არ არის შეურაცხებელი ანუ დამამდაბლებელი კაცისა, - რომელ ღმერთი მოხედავს შინაგანსა ღირსებასა კაცისასა და არა გარეგანსა მდგომარეობასა მისსა, და რომელ კაცს ყოველსა მდგომარეობასა შინა ანუ წოდებასა შეუძლიან დაიცვას კაცობრივი თვისი ღირსება და სათნო ეყოს ღმერთსა. რომელი წოდება არის უმდაბლესი, ანუ უკანასკნელი მეთევზისა; გარნა აჰა ესერა მაცხოვარმან არა შეურაცხ-ჰყო მდგომარეობა მდაბალთა მეთევზეთა; იგი შევიდა ნავსა მათსა, აკურთხა მათი მდაბალი შრომა და მათ შორის გამოარჩია ათორმეტნი მოწაფენი თვისნი. აქითგან ისწავლე, ძმანო ჩემნო, პატივისცემა კაცობრივისა ღირსებისა ყოველთა მდგომარეობათა შინა მათსა. ნუ შეურაც-ჰყოფ ადამიანსა, რაც გინდა ღარიბი იყოს მისი წოდება და მდგომარეობა, იცოდე, რომელ ხშირად, ძონძით მოსილს, მშიერს, გასვრილს და ყოვლითავე სახითა მოკლებულს კაცთა უმეტესი შინაგანი ღირსება და სათნოება აქვს ღვთის წინაშე, ვიდრე იმ კაცს, რომელიცა არის მოსილი ოქრომკერდით, შემკული თვალმარგარიტითა. მაშასადამე ნუ გაზომავ შენცა კაცის ღირსებასა შესამოსელითა, არამედ შინაგანითა მისითა თვისებითა.

მეორეთ, ვისწავლოთ მოთმინება და სულგრძელება უბრალოთა ამათ მეთევზეთაგან. თუმცა მთელი ღამე ნადირობდნენ იგინი და ვერარა იპოვეს, გარნა არ იყვნენ სულმოკლენი, გულმოდგინედ და სიმდაბლით ისმინეს მათ სწავლა უფლისა იესოსი. ოდეს მათ, სიტყვისა-მებრ მაცხოვრისა, შეაყენეს სიმრავლე თევზთა, მაშინ პირველი მათი გრძნობა და მოძრაობა იყო არა სიხარბე და სიხარული ესოდენისა მოგებისათვის,არამედ შიში ღვთისა და კრძალულება. ვინაითგან მათსასწაულისაგან ამისგან ცხადად იგრძნეს, რომელ მოძღვარი მათი არის უფალი და ღმერთი ბუნებისა, შეეშინა მათ, თაყვანი-სცეს უფალსა და აღიარეს, რომელ იგინი არ არიან ღირსნი ესოდენისა მადლისა და ღვთისმოწყალებისა: განვედ ჩვენგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! იტყოდა შეშინებული სვიმონ პეტრე; ბოლოს ოდეს მაცხოვარმან უწოდა მათ და აღუთქვა დიდი მადლი მოციქულობისა, ამათ აღარ მიჰხედეს მრავალსა საშოვარსა, დაუტევეს ყოველივე და იქმნენ ერთგულნი მოწაფენი მისნი.

ვისწავლოთ ჩვენცა აქითგან, ძმანო ჩემნო, შრომა და მოთმინება შრომასა შინა. უკეთუ რომელსამე შრომასა და მუშაობასა შენსა არ ექმნა წარმატება, ძმაო ჩემო ნუ დაღონდები მაშინვე, არამედ ხელახლა უმეტესითა მეცადინეობითა იწყე შრომა და მოღვაწეობა. ოდეს ღმერთმა კეთილად წარმართა შრომა შენი, ვითარცა ნადირობა მოციქულთა, მაშინ პირველი შენი გულისსიტყვა იყოს მადლობა ღვთისა; ღმერთს მიაწერე შენი წარმატება და არა შენსა სათნოებასა და სიკეთესა; გარნა უმეტეს ყოვლისა გული გქონდეს მომზადებული სმენად სიტყვისა ღვთისა, ვითარცა მეთევზეთა მათ. თუმცა იგინი იყვნენ მაშვრალნი და ამასთანავე გამნზადებულნი ნადირობად, გარნა ოდეს იხილეს უფალი, უმჯობესად არჩიეს სმენად სწავლისა მისისა; მერმედ თუმცა მრავალი თევზი მიიღეს და მრავალი სასყიდელი მოელოდა მათ, გარნა მათ ისმინეს წოდება ღვთისა და ყოველივე დაუტევეს. შენცა, ეგრედვე ნუ გეზარება ჟამითი ჟამად დადებულნი დღენი მოიხმარო სმენად სიტყვისა ღვთისა ეკლესიასა შინა; უმეტესი სიყვარული და გულის გრძნობა გქონდეს საღმრთოისა სწავლისათვის, ვიდრე განხრწნადისა მოგებისათვის.

დასასრულ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ვიფიქროთ ამ ერთს საგანზედ: რა მიზეზი იყო, რომელ უფალმან იესო ქრისტემან მოწაფენი და მოციქულნი აღმოარჩია ღარიბთა, უსწავლელთა და უბრალოთა მეთევზეთა შორის? უმჯობესნი არ იქნებოდა ამოერჩია მას სწავლულნი, განათლებულნი, მდიდარნი და დიდებულნი კაცნი, რომელნი უადვილესად და უდარესად განავრცელებდნენ ქვეყანასა ზედა ქრისტიანობასა? მიზეზი ამისა ის იყო, ძმანო ჩემნო, რათა არავინ არ იფიქროს, რომელ ქრისტეს სჯული და სახარება განვრცელდა ქვეყანასა ზედა და დაიმორჩილა ყოველნი ტომი ძალითა და სიბრძნითა კაცისათა, არამედ ყოველმან სულმან სცნას, რომელ მან სძლო ყოველნი ქვეყანა ძალითა და მადლითა ღვთისათა. თუ გსურს, ძმაო, შეიტყო და ცხადად იგრძნო, რაი არს ძალი და დიდება ღვთისა, წარმოიდგინე ესე:თორმეტნი, უბრალონი მეთევზენი, უსწავლელნი, ღარიბნი, დამორჩილებულნი ბრძანებასა უფლისასა, გამოვლენ იერუსალიმითგან, დაიფანტებიან სხვა და სხვა ქვეყნებში, ყოველთა მეფეთა და მთავართა უქადაგებენ და ეტყვიან, რომელ იერუსალიმს იყო ერთი ვინმე იესო ქრისტე, იგი ჯვარს აცვეს და იგი არის ძე ღვთისა, მაცხოვარი. მისი უნდა ჰრწმენეს ყოველსა სულსა, იგი უნდა მიიღონ ღმერთად. ეს სიტყვა იყო მაშინდელთა კაცთათვის უცნაური, დაუჯერებელი, უცხო და გაუგონებელი; იგი ურიათა მიაჩნდათ სიცოფედ, წარმართთა სისულელედ, ამის მქადაგებელნი იყვნენ შეხედვით საწყალნი, მდაბალნი, მოკლებულნი ყოვლითა დიდებითა; სხვა ჭური და იარაღი არაფერი ჰქონდათ მათ, თვინიერ სიტყვისა და ჯვარისა, და მრავალნი ისრე უყურებდნენ მათ, ვითარცა ჭკუაშეშლილთა; გარნა რას ვხედავთ? მრთელი ქვეყანა გადააბრუნა მათმან სიტყვამან; ჰაზრი და გონება გამოსცვალა მათმან ქაადგებამან; ქვეყნის ჩვეულებამან და ცხოვრებამან მიიღო სხვა სახე; ქვეყანა განათლდა და ცხოვნდა მათითა მოძღვრებითა. მრავალსა სასწაულსა მოგვითხრობს ჩვენ სახარება, გარნა ეს სასწაული არის ყოველთა უსაკვირველესი; მრავალი სიმტკიცე აქვს ჩვენს საღმრთოს სჯულსა, გარნა ამაზედ უმტკიცესად არა რაი გვიქადაგებს მისსა საღმრთოსა ვალსა. აჰა, რა დიდი საუნჯე გარდამოგვცეს ჩვენ, ძმაო, უბრალოთა მათ მეთევზეთა! წარმოიდგენდე ამას ხშირად და ღაღადებდე გულში: დიდება ძალსა შენსა, უფალო, დიდება სიბრძნესა შენსა! ამინ.