წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა იჱ-ას კვირიაკესა ზედა

და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრე
შეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას:
განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი
ვარ, უფალო! ( ლუკ. ე, ჱ).

საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო ამოღება მისი წყალითგან, ვიდრემდის არ მოეხმარნენ სხვანი მეთევზენი. ამ სასწაულმან ცხადად უჩვენა მას, რომელ მოძღვარი იგი არ იყო უბრალო ვინმე კაცი, არამედ თვით უფალი და მბრძანებელი ყოვლისა ბუნებისა. მაშინ განკვირვებული იგი მეთევზე შეუვრდა მუხლთა იესოსთა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო! რასა ნიჰშნავს, ძმანო. ესე მოქმედება სვიმონ პეტრესი? რისთვის შეეშინდა მას და ან რისთვის სთხოვა უფალსა განსვლა მისგან? ვგონებ, მას უნდა გაჰხარებოდა, რომ ესე ვითარი სასწაულთმოქმედი შევიდა ნავსა მისსა, აკურთხა მისი შრომა და მისცა მას დიდი სარგებლობა, გარნა მას შეეშინდა და თითქმის შესწუხდა. მას ის უნდა ეთხოვნა, რომ დიდ-ხანს დარჩენილიყო მაცხოვარი მასთან, რათა მიეღო მისგან უმეტესი მადლი და სარგებლობა; გარნა იგი ევედრება მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! რად იქმს ამს სვიმონ პეტრე? ამას იქმს იგი მისთვის, რომელ, ოდეს იხილა მან ესე ვითარი სასწაული და მით სცნა, რომელ მის სიახლოვეს არის უფალი და მბრძანებელი ბუნებისა, აღარ მოაგონდა სარგებლობა თვისი, არცა პატივი, რომელი დასდო მას უფალმან, შევიდა რა ნავსა მისსა და ჰქმნა რა მისთვის ესრეთი სასწაული, არამედ მან წარმოიდგინა ერთი მხოლოდ უღირსება თვისი, მან მხოლოდ ის იფიქრა, რომ იგი არის ცოდვილი და არა ღირსი ესოდენისა მადლისა, არა ღირსი მიახლებად მაცხოვარისადმი: : განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ჰსჩანს, რომელ სიმდაბლე და გრძნობა თვისისა უღირსებისა უცხოველეს იყო ყოველთა სხვათა გრძნობათა გულსა შინა მისსა; გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომელ სვიმონ პეტრე იყო კაცი, აღვსებული უსჯულოებითა, ანუ უარესი ყოველთა სხვათა კაცთა: იგი არ იყო არცა კაცის მკვლელი, არცა მპარავი, არცა მეძავი, არცა მოშურნე, არცა სხვათა სჯულთა დამარღვეველი; უკეთუ ესრეთი ყოფილიყო იგი, არცა აღმოარჩევდა მას უფალი მოციქულად, არცა იქმნებოდა იგი შემდგომად თავად მოციქულთა. არა, იგი იყო ერთი უბრალო მეთევზე, რომელი შრომითა ხელთა თვისთათა ზრდიდა თავსა თვისსა: გარნა ჰჩანს, რომელ ძლიერი და ცხოველი იყო გულსა შინა მისსა გრძნობა თვისისა ცოდვისა და უღირსებისა. ვინ ვარ მე, იფიქრა მან რათა მომეახლოს ესე ვითარი პირი? არ ეკადრება შესვლა ჩემებრ ცოდვილ კაცთან უწმინდესსა გვამსა უფლისასა; მეშინის, რათა არ დამწვას მადლმან მისმან ჩემისა უღირსებისათვის: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!

აჰა, ძმაო ჩემნო, კეთილი გრძნობა, რომელიცა განუშორებლივ უნდა სუფევდეს გულსა შინა ქრისტიანესასა! ყოველს კაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შეგნება და გრძნობა თვისისა უღირსებისა და თვისთა ცოდვათა. კაცსა ცოდვილსა, ცოდვათა შინა შობილსა, ცოდვათა შინა ცხოვრების განმატარებელსა, რომელიღა აქვს მეტი საშუალება, რათა მიიღოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა, უკეთუ არა შეგნება, გრძნობა და აღსარება თვისისა ცოდვისა? რა ნაირად ილოცავს იგი, უკეთუ არა აქვს გრძნობა თვისთა ნაკლულევანებათა? რა სახით გაიმართავს თავსა თვისსა, რა სახით მიიღებს სულიერსა წარმატებასა, უკეთუ არ იცნობს თავის თავს, უკეთუ არ ესმის სულიერი მდგომარეობა თვისი? გარნა შეგნება ცოდვათა, მწუხარება უღირსებისა სიცოდვისა გულსა შინა კაცისასა არის მოქმედება ღვთაებრივისა მადლისა; სვიმონ პეტრემ მხოლოდ მაშინ შეიგრძნო თვისი უღირსება, როდესაც იხილა მან საკვირველება თევზის ნადირობისა; ოდეს მიეახლა მას მადლი განმაცხოველებელი მაცხოვარისა. იცოდე შენცა, უკეთუ გული შენი გრილ-არს, უკეთუ შენ არ ზრუნავ და არა მწუხარე ხარ შენისა უღირსებისათვის, მაშასადამე, არა შეგეხო შენ ჯერეთ მადლი ღვთისა. ვისაც შეეხო განმაცხოველებელი იგი მოქმედება სულისა წმიდისა, პირველი მისი გრძნობა არის გრძნობა თვისისა უღირსებისა და სიცოდვილისა.

ცოდვა და ბოროტის-მოქმედება მით უმეტეს არის საშინელი და წარწყმედელი, რომელ იგი დააბნელებს გულსა კაცისასა და მოაკლებს მას შეგნებასა სიცოდვილისასა. წინასწარმტყველი დავით შთავარდა ერთხელ საშინელსა ცოდვასა შინა; სულიწმიდა განეშორა მისგან; გული მისი გაგრილდა; იგი აღარა გრძნობდა მწუხარებასა, და თუმცა ცოდვა მისი იყო საშინელ, გარნა იგი იყო უზრუნველ და მოსვენებულ, ვიდრემდის ღმერთმან არ მოავლინა მისდამი ნათან წინასწარმეტყველი, რომელმანცა ამხილა მას; ვიდრემდის არ შემუსრა ღმერთმან მისი სიგრილე მრისხანებითა და სასჯელითა: მხილოდ მაშინ შეიგნო და აღიარა ცოდვა თვისი, მხოლოდ მაშინ სთქვა,- შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ. უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი ჩემსა წინაშე არს მარადის. ესრეთ დააბნელებს ცოდვა კაცის გონებასა; ამისთვის გეშინოდეს, ძმაო ჩემო, უკეთუ გული შენი გრილ-არს, რათა არა იყო დაპყრობილ ცოდვათაგან; ეცადე და გაატფე გული შენი ლოცვითა და კეთილმოქმედებითა. აღსდგები რა განთიადს ძილისაგან, ევედრე ღმერთსა, რათა ყოველთვის მოგცეს ცნობა ცოდვათა შენთა; განმავლობასა შინა დღისასა ეცადე და ჰქმენ რომელიმე კეთილი საქმე, რათა გული შენი მიეჩვიოს კეთილმოქმედებასა და რათა განძლიერდე კეთილსა ცხოვრებასა შინა. მიხვალ რა საღამოს მოსასვენებლად, ილოცე მუხლმოდრეკით; ლოცვასა შინა შენსა ეცადე, გაიხსოვნე და აღუარე ღმერთსა ყოველი ბოროტი სიტყვა და საქმე, რაიცა შეგემთხვა შენ; ნუ ხარ მზაკვარი წინაშე სინდისისა შენისა; ნუ ამართლებ, ნუ აპატიებ თავსა შენსა ცოდვასა და უღირსებასა შენსა; არამედ გულწრფელად აღუარე ღმერთსა, რათა განანათლოს ლოცვითა გული შენი და შეგატყობინოს შენ შენი უღირსება, არქუ ღმერთსა: არ ვარ, უფალო, ღირს, რათა დავსდგე დღეს წინაშე პირსა დიდებისა შენისასა; გარნა მიიღე უღირსება ჩემი და ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან. ხოლო უმეტეს ყოვლისა მაშინ წარმოიდგინე უღირსება შენი, ოდეს ემზადები მიღებად საშინელსა საიდუმლოსა სისხლისა და ხორცისა უფლისა შენისასა; მაშინ სთქვი: ვინ ვარ მე, უფალო, რათა მოგეახლო შენ! ვითარ კადნიერ-ვყო თავი ჩემი მიღებად უწმიდესისა გვამისა შენისა; ვითარ გისტუმრო მე შენ, ოდეს თვით რჩეულსა შენსა მოციქულსა პეტრეს შეეშინა, გიხილა რა შენ მახლობელად თვისსა და გეტყოდა რა: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!

დასასრულ, ესეცა შენიშნე, ძმაო ჩემო, თუმცა სვიმონ პეტრემ სთხოვა უფალსა:განვედ ჩემგან, გარნა უფალმან არათუ დაუტევა იგი, არამედ უმეტესად მიეახლა მას. ვინაითგან სვიმონ პეტრემ შეიგნო და აღიარა თვისი უღირსება. უფალმა არა თუ დასტოვა და გაეშორა მას, არამედ მისცა მას უმეტესი მადლი და ღირსება: ნუ გეშინიან სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.და ჭეშმარიტად, შეიქმნა იგი მონადირედ კაცთა სულთასა. მან ამიერითგან მოინადირა ბადესა შინა ქრისტეს სჯულისა უმრავლესნი კაცნი, ვიდრე იქამომდე თევზნი წყალთაგან.

ესრეთ მოგაგებს შენ ღმერთი, უკეთუ შენ გრძნობ და აღუარებ მას შენსა უღირსებასა და ცოდვასა. იგი არა თუ არ განგეშორება შენ, არამედ უმეტესად მოგეახლება, მისთვის, რომელ იგი ნახავს შენში მონანებასა და მწუხარებასა შენის უღირსებისათვის. შეგნება და გრძნობა შენთა ცოდვათა იქმნება დასაწყისად შენისა ცხოვნებისა, რომელი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან მადლითა თვისითა. ამინ.