წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კ-სა კვირიაკესა

და იხილა დედაკაცი იგი იესო, და შეეწყალა
იგი, და რქვა მას: ნუ სტირ( ლუკ. ზ. იგ.)

სახარება, წაკითხული აწინდელსა წირვასა ზედა, საყვარელნო ძმანო, მსმენელნო, არ გვაძლევს ჩვენ პირველი შეხედვით რომელსამე პირდაპირსა სწავლასა და დარიგებასა. მართალია, იგი აღწერს უდიდესსა სასწაულსა ქრისტესსა. მაცხოვარმან ერთითა სიტყვითა გააღვიძა მკვდარი, რომელი ჭირის-უფალთა მისთა მიაქვდათ დასამარხავად; აქითგან, ვითარცა თანამედროვენი მისნი დაინახვიდნენ, ეგრედვე ჩვენცა ვისწავლით, რომელ იგი იყო ჭეშმარიტი ძე ღვთისა და მას შეუძლია აღდგენა კაცისა და ცხოვნება მისი. ამაზე მეტი უპირდაპირესი სწავლა თითქოს არ გამოდის პირველი შეხედულებით აწინდელი სახარებითგან; გარნა ოდეს კარგად დაუკვირდებით მას და კარგად განვიზრახავთ, შევიტყობთ, რომელ იგი იპყრობს დიდსა ნუგეშსა და სწავლასა.

სახარება, ძმანო ქრისტიანენო, გვასწავლის და გვანათლებს ჩვენ ორნაირად, პირველად მით, რომელ იგი პირდაპირ მოიყვანს იმ დარიგებასა და სიტყვებსა, რომელსა იტყოდა მაცხოვარი, მეორედ მით, რომელ აღწერს მისთა საქმეთა და სასწაულთა. ვინაითგან თვით მაცხოვარი ასწავლიდა და ანათლებდა კაცთა პირველად სიტყვითა, და მერმე მაგალითითა, ეგრედვე სახარებაცა ზოგჯერ მოიყვანს მისთა სიტყვათა, ზოგჯერ აღწერს მისთა საქმეთა. ორთა ამათ სახეთა სწავლისათა, რომელი არის უმჯობესი და უმეტესად სასარგებლო ჩვენ, კაცთათვის? ვგონებ რომელ საკუთარი მაგალითი და მოქმედება და სახე მაცხოვრის ცხოვრებისა არის უდიდესი, რადგანაც მოქმედებას აქვს გულსა ზედა კაცისას უდიდესი გავლენა, ვიდრე სიტყვათა, მით უმეტესად, რომელ ცხოვრებისა თვისითა იგი ამართლებდა მას, რასაცა იტყოდა ენითა თვისითა. როდესაც შენ გესმის, ძმაო კარგი ლაპარაკი და დარიგება კაცისა, თუმცა მოგწონს მისი სიტყვა, გარნა გულში ყოველთვის გაქვს ერთი ფიქრი; გულწრფელად გეტყვის ის კაცი თუ არა, ესე იგი, თვით იმ კაცსა აქვს ის თვისებადა ყოფა-ქცევა, რომელსა გასწავლის თვით შენ იგი? ერთი სიტყვით, შენ იმდენად არ უგდებ ყურს სიტყვათა მისთა, რაოდენად გსურს შეიტყო, რა კაცი არის, როგორ იქცევა და რა თვისება არის თვით იგი კაცი და თუ შეატყვე, რომ თვით იგი არის კეთილი და ამართლებს თვისთა სიტყვათა, უმჯობესად დაგიჯდება მისი სწავლა და უმეტესი პატივისცემა გაქვს მისდამი.

ამ სახითვე უნდა განვიზრახვიდეთ ცხოვრებასა და საქმესათა უფლისა ქრისტესთა: როდესაც გესმის მისი პირდაპრ სიტყვა და დარიგება, მიიღე იგი და დაიმარხე გულსა შინა შენსა; გარნა ეცადე და შეიტყვე ეგრედვე შინაგანიცა მოძრაობა ღვთიურისა მისისა გულისა. ეგრედვე მოიქეც, ოდესაც გესმის აღწერა მისისა მოქმედებისა. ამაზედ უდიდესი სწავლა და ნუგეში სადღა იქმნება შენთვის, უკეთუ ეცდები და შეიტყობ შინაგანსა თვისებასა მაცხოვრისასა, მისისა ღვთიურის გულის და სულის გრძნობასა და ხასიათსა.

აწინდელი სახარება გვაძლევს ჩვენ ერთსა კარგსა მაგალითსა, რომლისაგან შევიტყობთ შინაგანსა მოძრაობასა იესო ქრისტეს გულისასა: იხილა დედაკაცი იგი იესო, და შეეწყალა იგი, და რქვა მას: ნუ სტირ. რა მოწყალე და კაცის შემბრალებელი გული ქონდა უფალსა იესო ქრისტესა! რავდენ გზის შენ, ძმაო, გინახავს, რომ მიცვალებული მიაქვნდათ ჭირის-უფალთა დასამარხავად და სტიროდენ იგინი, გარნა ვინ იცის, ესრეთმა ხილვამ, იქმნება ერთიცა მცირეოდენი გრძნობა არ გააჩინა გულსა შინა შენსა. გარნა მაცხოვარმან როგორადაც იხილა საწყალი, მტირალი დედაკაცი, იგი შეეწყალა მას. გულმა მისმა ვერ მოითმინა, რომ რამე ნუგეში არ მიეცა საწყალისა მის დედაკაცისათვის. იგი მიეახლა მას და უთხრა: დედაკაცო, ნუ სტირ. თუმცა მან მაშინვე გადასწყვიტა თავის გულში აღდგინება ძისა მისისა. გარნა გულმა ვერ მოუთმინა და წინაპირველად ეტყვის: დედაკაცო, ნუ სტირ. ვგონებ, რომ ეს უბრალო ორი სიტყვა ისრეთითა ლმობიერებითა და მოწყალებითა უთხრა მას, რომელ შვილიცა მისი არ აღედგინა, ესეც საკმაოდ ანუგეშებდა მოწყლულსა მისსა გულსა. გარნა მაცხოვარმან არ დააკმაყოფილა იგი ერთითა მხოლოდ სიტყვიერითა ნუგეშის-ცემითა. უფალმა იცნა, რომელ ის იყო ერთი საწყალი ქვრივი დედაკაცი, რომელსა ერთი შვილის მეტი ნუგეშად აღარ ყვანდა ქვეყანასა ზედა და იგიცა დაეკარგა მას. ეს იყო ერთი მხოლოდ მიზეზი, რომლისათვისაც მოახდინა მან ესოდენი დიდი სასწაული, რომ აღუდგინა მას შვილი მისი. მდიდარს, მაძღარს, ნუგეშის-ცემულს, დაკმაყოფილებულს კაცსა კი არ აღუდგენს იგი შვილსა, არამედ საწყალს, უბედურსა, დაჩაგრულსა დედაკაცსა. მისთვის კი არ მოახდენს იგი ესოდენსა საშინელსა სასწაულს, რათა მიიღოს დიდი ქება კაცთა შორის, არამედ მისთვის, რომელ სახიერმან და კეთილმან გულმან მისმან ვერ მოითმინა შეხედვა საწყალისა დედაკაცისა: და იხილა იგი იესო, და შეეწყალა იგი, და რქვა მას: ნუ სტირ. ესრეთ მოიქცა მაცხოვარი ამ შემთხვევაში. ახლა, თუ გინდა, ძმაო, შეტყობა კიდევ უნამდვილესად მაცხოვრის გულისა, მოვიყანოთ აქ მეორე განსხვავებული მაგალითი მისისა ცხოვრებისაგან. როდესაც მაცხოვარი მოაქცევდა თვისსა სიტყვასა ფარისეველთა და მწიგნობართადმი, რომელნი იყვნენ მდიდარნი, მძლავრნი, პატივცემულნი, რომელთა ქონდათ დიდი ძალა და უფლება, მაშინ იგი ზოგჯერ ეტყოდა მათ წყნარად და ლმობიერად, გარნა ზოგჯერ მრისხანებით აყვედრებად მათ და უწოდებდა: ცოფნო, ბრმანო, საფლავნო განგოზილნო, ორგულნო; რისთვის უწოდებდა მათ ესრეთ მაცხოვარი? განა მის გულში იყო გულფიცხელობა და მრისხანება? არა, ძმანო! იგი ხედვიდა, რომ ფარისეველნი იყვნენ აღვსებულნი ყოვლითა ბოროტებითა და ცოდვითა და არ მიიღებდნენ მშვიდსა სწავლასა; ამისთვის ფიქრობდა, რომ ფიცხელითა სიტყვითა, იქნება, განაღვიძოს მათს გულში მკვდარი გრძნობა სიყვარულისა და სარწმუნოებისა, ესრეთ, რომელ თვით ფიცხელნი და მწარენი სიტყვანი მისნი გვაჩვენებენ ჩვენ მისსა უკიდურესსა მოწყალებასა.

და ესრეთ ვისწავლოთ ჩვენცა, ძმანო, და მივეჩვიოთ, რათა ყოველნი ჩვენნი სიტყვანი და საქმენი წარმომდინარეობდნენ კეთილისა წყაროისაგან, რათა ჩვენსა სიტყვათა და საქმეთა შორის იყოს კეთილი კავშირი და თანხმობა და რათა ყოველთა კეთილთა საქმეთა ჩვენ ვიქმოდეთ მოყვასთა ჩვენთა შორის არა თავისა ჩვენისა სადიდებელად, არმედ მოყვასთა ჩვენთა აღსაშენებლად და სანუგეშოდ. ამინ.