წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კა-ს კვირიაკესა

თესლი იგი არს სიტყვა ღვთისა (ლუკ. ჱ.იგ).

იგავი მთესვარასა და თესლსა ზედა, დღეს წაკითხული სახარებითგან, აგვიხსნის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, მიზეზთა მათ, რომელნი აბრკოლებენ და, თითქმის, კიდეც დააყენებენ მოქმედებას სიტყვის ღვთისასა.

ძალი და მოქმედება ღვთისა სიტყისა, ძმანო ჩემნო, არის დიდი და მაღალი. წმინდა მოციქული პავლე ერთსა ეპისტოლესა შინა თვისა ესრეთ აღწერს მოქმედებას სიტყვისა ღვთისასა: ცხოველ არსს სიტყვა ღმრთისა და ძლიერ, და უმკვეთრეს უფროს ყოვლისა მახვილისა ორ-პირისა: და მისწვთების იგი განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა, ნაწევართა და ტვინთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა (ებრ. დ. იბ.). აჰა, რა უძლეველი ძალი აქვს სიტყვასა ღვთისასა! იგი არს ცხოველი და ძლიერი, იგი მისწვდება განსაყოფელადმდე სამშვინველისა და სულისა, ძვალთა და ტვინთა, იგი განიკითხავს გონებასა და ზრახვასა კაცისასა; მაშასადამე მას შეუძლია გამოცვლა და გაუმჯობესება მთელისა კაცის ბუნებისა. გარნა, საყვარელო ძმაო, ესრეთი საკვირველი ძალი ღვთის სიტყვისა მხოლოდ მაშინ მოქმედებს ღვთის გულში, ოდეს შენ არ დააბრკოლებ მოქმედებასა მისსა, არამედ სრულიად მიუშვებ მას; ოდეს არ უშლი და არ აყენებ მოქმედებასა მისსა, არმედ სრულიად მიენდობი და მიანებებ თავსა შენსა და თვით შენც შეეწევი შენითა ჭკუითა და ნებითა. გარნა, საუბედუროდ, ნაცვლად ამისა სიტყვა ღვთისა, შევა რა გულსა შინა შენსა, ნახავს მრავალთა დაბრკოლებათა, რომელნი დაასუსტებენ და დააყენებენ მოქმედებასა მისსა.

პირველი დაბრკოლება არის სუსტი და დაფანტული გონება კაცისა, რომელსა აწინდელი იგავი გამოსთქვამს სიტყვათა ამათ შინა: რომელიმე თესლი დავარდა გზასა ზედა. განვიხილოთ ეს დაბრკოლება.

ყოველი საქმე, ძმაო ქრისტიანენო, მოითხოვს კაცისაგან ყურადღებასა და ბეჯითობასა. არა თუ დიდი რომელიმე და ძნელი საქმე არ შესრულდება, უკეთუ კაცმა არ მოახმარა მას მტკიცე ყურადღება, არამედ თვით უმცირესიცა. გარნა ყოველთა შორის საქმეთა კაცთასა უმძიმესი და უძნელესი არის მიღება და აღსრულება ღვთისა სიტყვისა. აქ შენ, ძმაო, პირველად კარგად უნდა იცნა და შეიტყო, რას გასწავლის შენ სიტყვა ღვთისა, მერმე მიიღო იგი და აღზარდო, გაადიდო და გააცხოველო გულსა შინა შენსა, ესრეთ, რომელ მან დაიმორჩილოს მთელი შენი ბუნება. ეს საქმე მოითხოვს შენგან სრულსა, დაუცხრომელსა და დაუძინებელსა ყურადღებასა. მარად-ჟამ, დღე და ღამ, ყოველს საქმეში და ყოველს შემთხვევაში არ უნდა გაუშვა გონებითგან აზრი და ზრახვა სიტყვისა ზედა ღვთისასა; ყოველს წამს უნდა ხედვიდე, რას და ვითარ მოქმედობს შენს გულში სიტყვა ღვთისა, ხომ არ დასუსტდა იგი, გამოიღო თუ არა, მადლი და მოგაძულა ცოდვა. ესრედ დაუცხრომელად გული უნდა გქონდეს დამტკიცებული სიტყვასა ზედა ღვთისასა! გარნა, საუბედუროდ. რას ვხედავთ? გაიხსოვნე, ძმაო, და წარმოიდგინე კარგად შენი ცხოვრება და ყოფაქცევა! ესრედ არ იფიქრებსა, ვინც შეხედავს შენსა ცხოვრებასა, რომელ შენთვის დამარხვა ღვთისა სიტყვისა არის უკანასკნელი საქმე! ყოველი სხვა, თვით უმცირესი საქმე მიიქცევს უმეტესსა ყურადღებასა შენსა, ვიდრე დამარხვა ღვთისა სიტყვისა. როგორ იმოქმედოს და როგორ გამოგცვალოს შენ სიტყვამან ღვთისამან? ყურადღება შენი არის დაყოფილი და დაფანტული ათასთა ზრუნვათა და საქმეთა შორის; გონება შენი არის დასუსტებული ურიცხვთა ძიებითა და შფოთითა ამის სოფლისათა; ესოდენ ხარ შენ დაღალული ამ სოფლის ამბოხითა და ვაებითა, შენი გული ესოდენ არის გართული მრავალთა საქმეთა შინა, რომელ აღარც კი გაქვს მცირეოდენი ღონე და დროება, იფიქრო სიტყვასა ზედა ღვთისასა. ესრეთ განმართლდების სიტყვა იგი: რომელი თესლი დავარდა გზასა და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.

გარნა ვთქვათ, რომელ შენი გონება არა გაქვს დაფანტული; მივიღოთ, რომელ შენ მოაქციე მტკიცე ყურადღება ღვთისა სიტყვისადმი, კიდეც მოინდომე აღსრულება მისი, ესრედ რომე, ვითარცა თესლი დავარდნილი მიწასა ზედა, წინაპირველად გაიდგამს ფესვსა, ეგრედვე სიტყვამან ღვთისამან გაიდგა ფესვი შენს გულში, ესე იგი, მოეკიდა გულსა შენსა. ახლა ესღა აკლია, რომ სიტყვა ღვთისა გამოვიდეს, აღიზარდოს ვითარცა თესლი და გამოიღოს ნაყოფი; გარნა, საუბედუროდ, აქ იგი ნახავს მეორესა დაბრკოლებასა, ესე იგი, ცუდსა და ბოროტსა შენსა ხასიათსა და თვისებასა. რომელიმე თესლი დავარდა კლდესა ზედა, აღმოცენდა და განხმა.

ხასიათსა კაცისასა, ძმანო ქრისტიანენო, შეადგენენ ყოველნი მისნი აზრნი, მიდრეკილებანი, თვისებანი, ჩვეულებანი. უკეთუ სიტყვამან ღვთისამან, შესრულმან შენს გულში, ნახა ბოროტნი აზრნი, ავნი და უწმინდურნი მიდრეკილებანი, ცუდნი ჩვეულებანი, მაშინ მოქმედება მისი ანუ დასუსტდება, ანუ სრულიად მოისპობა. რა ფიცხელი, რა ავი ხასიათი გაქვს შენ, ძმაო ჩემო, ხშირად! გესმის შენ საყდარში ხშირად: შეიყვარე მოყვასი შენი ვითაცა თავი შენი; ჭკუა შენი გამხილებს, რომ კარგია ეს სიტყვა და სასარგებლო; იქმნება კიდეც მოინდომე აღსრულება მისი, გარნა რავდენგზის ფიცხელმა შენმა გულმა მოგაძულა მოყვასი და ესრედ გახმა კეთილი იგი თესლი. გესმის სწავლა ღვთისა: არა ცილი სწამო, არა განიკითხო, მოგწონს იგი; მოინდომე დამარხვა მისი; გარნა, საუბედუროდ, ცილისწამება და ჭორი გადაგექცა შენ ჩვეულებად; ვერც კი გაძლებ, თუ არ დააკმაყოფილე ეს ჩვეულება. იცი კარგად და გრძნობ, რაოდენგზის წარგიტაცა ცოდვისა სიყვარულმან, რაოდენი მწუხარება გაჩვენა შენ მან, რაოდენგზის იტყოდი შენს გულში: საკმაო არის ჩემდა ამდენი ცოდვა, მეყოფა ამდენი წინააღმდეგი საქმე; ამას იქით აღარ ვიქმნები ცოდვის მონა, და ამიერითგან მხოლოდ ღვთის ბრძანებას აღვასრულებ; გარნა მრავალნი შენნი ცუდნი ჩვეულებანი და მიდრეკილებანი არ განებებენ შენ, რომ აღასრულო ეს კეთილი განზრახვა. აღმოცენდა თესლი და გახმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისა.

Bბოლოს, მესამე და თვით უსაშინელესი დაბრკოლება სიტყვისა ღვთისასა აქვს მრავალთა მათ ზრუნვათა და შფოთთაგან ამას სოფლისათა. რომელიმე თესლი დავარდა შორის ეკალთა, აღმოცენდნენ ეკალნი და შეაშთვეს იგი. როდესაც კაცი უმეტესსა მეცადინეობასა და ზრუნვასა მოიხმარს სოფლისა ამის სიმდიდრის და წარმატების მოგებისათვის, მაშინ არ არის საკვირველი, რომ სიტყვა ღვთისა უნაყოფო იქნება გულსა შინა მისსა.უმრავლესსა ნაწილსა ქრისტიანეთა სურს მიღება და კიდეც მიიღებს სიტყვასა ღვთისასა; განდრეკილნი და უარისმთქმელნი სიტყვასა ზედა ღვთისასა არ არიან მრავალნი; გარნა ვინაითგან უმეტესი ნაწილი ქრისტიანეთა არის ესოდენ შთაფლული სოფლისა ამის ამაოებასა შინა, რომელ აღარ აქვს დროება და ღონე ღვთისა სიტყვისათვის, იგი ვერ მოქმედობს ჯეროვნად გულთა შინა მათთა.

აქ, რასაკვირველია, ამის სოფლისა მოყვარე ესრეთ იფიქრებს თავის გულში: რა უნდა ვქნათ, რომელ ხორციელი ცხოვრება ესრეთ არის ძნელი, და თავის შენახვა მოითხოვს ჩვენგან დაუცხრომელსა ზრუნვასა! ნუ თუ შეუძლია კაცსა გაძლება ქვეყანაზე, უკეთუ იფიქრა მხოლოდ თავის სულის ცხოვნებაზე? არა, ძმაო ჩემო! არავინ ითხოვს შენგან, რომ დასტოვო ყოველი ხორციელი საქმე და იფიქრო მხოლოდ სულის ცხონებაზე. ორ-ნაირად შეგიძლია შენ მიიღო და აღასრულო სიტყვა ღვთისა. პირველად, ცოტაოდენი შენი დროება სრულიად და განუყოფელად მოახმარე ამ დიდს საქმეს, მაგალითებრ, როდესაც სდგეხარ საყდარში, სხვაზე ნურაფერზე ნუ ფიქრობ და ზრუნავ, მხოლოდ ის ეცადე, რომ მიიღო სიტყვა ღვთისა და დაიმარხო გულში. ეგრედვე ყოველს დღეს დილით და საღამოთი რაოდენიმე წამი განუყოფლად მოიხმარე მისთვის, რომელ განიზრახო სიტყვისა. ღვთისა და მის აღსრულებისათვის. მეორედ, როდესაც შენ შეუდგები სოფლიურთა შენთა საქმეთა, რასაც გინდა აკეთებდე, სადაც გინდა იყო, მაინც ნუ დაგავიწყდება სიტყვა ღვთისა. ეს არა თუ არ დაგიშლის შენს შრომასა და მოქმედებასა, არა თუ არ დააბრკოლებს რომელსამე შენსა საქმესა, არამედ კიდეც მოგეხმარება. მართალია, ცუდს საქმეს კი დაგიშლის, უწმინდურს და ავს საქმეში შეგაწუხებს და გტანჯავს სინიდისისაგან შენისა, გარნა ეს შენთვისვე არის უმჯობესი. ხოლო როდესაც შენ შეუდგები კეთილს ანუ სასარგებლო საქმესა, მაშინ უთუოდ, ხსოვნა და განზრახვა სიტყვისა ღვთისა კიდეც მოეხმარება და კეთილად წარმართავს მას, რომელიმცა მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. - ამინ.