წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება ოცდა-ორს კვირიაკესა

ძმანო მართმადიდებელნო ქრისტიანენო!

თუმცა იგავი, დღეს თქვენმიერ მოსმენილი სახარებითგან მდიდარსა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა, მრავალგზის იყო საგნად ჩვენისა თქვენს წინაშე უბნობისა, გარნა, ვინაითგან იგი არის ერთობ მშვენიერი და აღმაშენებელი კაცის ზნეობისა და ვინაითგან მისი განხილვა შეიძლება სხვა და სხვა კერძოით, ამისთვის დღესაც მივაქციოთ მას ზედა ყურადღება და განვიხილოთ ერთი მისი კერძო.

პირველად, რამ გააფუჭა ზნეობა მდიდრისა ამის? რამ გააქვავა ესოდენად მისი გული, რომ მას კაცი არ ებრალებოდა? ერთი სიტყვით, როგორ მოხდა, რომ ის არაფერს არ ჰფიქრობდა ამ ქვეყანაში, მხოლოდ ჭამას, სმას და ლხინს? მიზეზი ამისა ის იყო, ძმანო, რომ მას არ ქონდა სასოება ღმერთზე, იგი იყო კაცი ურწმუნო; იგი ჰფიქრობდა, რომ, რა კი კაცი ხორციელად მოკვდება, მეორე ცხოვრება აღარ ექნება მას. რომ იგი მართლა იყო კაცი ურწმუნო და უსასო, ეს ჩანს თვით ამ იგავითგან: გლოცავ შენ, მამაო აბრაამ, ეტყვის მდიდარი ესე აბრაამსა ჯოჯოხეთითგან, მიავლინე ლაზარე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მიხსენ ხუთნი ძმანი, რათა აუწყოს მათ და არა მოვიდეს იგინი ადგილსა ამას სატანჯველისასა. აქითგან ჩანს, რომ, როდესაც იგი სცხოვრებდა ქვეყანაზე, იგი სრულიად არ ფიქრობდა, რომ არის კიდევ მეორე ცხოვრება.

ახლა ვსთქვათ ლაზარესთვის. რამ გაამხნევა იგი? რამ მისცა მას ეგოდენი სულგრძელება, მოთმინება, გონიერება, რომელ იგი, მყოფი საშინელსა განსაცდელსა შინა, მშიერი და მწყურვალი, ამასთანავე სნეული და უძლური, დავრდომილი კარის ბჭეთა-თანა მდიდრისა, იმ ზომად, რომელ ძაღლნიცა მოვიდოდნენ და ლოშნიდნენ მისსა წყლულებასა, იგი არ წახდა, გული არ გაიფუჭა, ღმერთზე არ დრტვინვიდა, მდიდრის შური არ ქონდა? რამ მოახდინა ეს სასწაული? იმან, ძმაო ჩემო, რომ ლაზარეს ქონდა ღმერთზე სასოება, იგი ზრახვიდა და ანუგეშებდა თავის თავს მით, რომ აქვე არ გათავდება მისი ცხოვრება, არამედ არის მომავალი საუკუნე, რომელსაც მართლ-მსაჯული ღმერთი მიაგებს მას მისისა მოთმინებისათვის; რომელ სჯობია და ურჩევნია მას ამ წუთის სოფელში მოითმინოს ყოველი მომავალისა სასოებისათვის.

აჰა, ძმანო ჩემნო, რა მნიშვნელობა აქვს სარწმუნოებასა და სასოებასა! რა უბედური, საწყალი და წახდენილი არის კაცი უსასო; ხოლო როგორ გაამხნევებს და გაანათლებს კაცსა სარწმუნოება და სასოება! მართლა, რაკი კაცმა თავის გულში ერთხელ გარდასწყვიტა, რომ არ არის ცხოვრება მომავლისა საუკუნოისა, და არცა ნაცვლად-მიგება ცოდვილისა და მართალისა, ესრედისა კაცისათვის მეტი აღარაფერი აღარ დარჩება ამ ქვეყანაში, მხოლოდ ჭამა, სმა და ლხინი. ვერც კი გავამტყუნებთ მდიდარსა იგავისასა, რომ იგი სცხოვრებდა მსგავსად პირუტყვთა. მას მეტი სასოება არ ჰქონდა! რაკი მომავალი საუკუნე მას არ სწამდა, სწორედ უმჯობესი იყო მისთვის, რომ იგი იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღით-დღე ბრწყინვალედ. რისთვისღა შეაწუხებდა იგი თავის თავს? რისთვის მოიკლებდა იგი სიხარულსა და განცხრომასა? რისთვის მისცემდა იგი თავის თავს შრომასა და გაჭირვებასა? და აჰა-ესერა მან იწყო ჭამა, სმა და ლხინი და დაემზგავსა პირუტყვთა უგუნურთა. აჰა, ძმაო, რა ძნელი არს, -კიდევ ვიტყვი, როდესაც კაცს აკლია სასოება და სარწმუნოება! იგი შეიქმნება თავის მოყვარე, მას აღარ აქვს კაცის სიბრალული, იგი ჰფიქრობს მხოლოდ თავის კმაყოფილებაზე.

წინააღმდეგ ამისა იქცევა კაცი, რომელსა აქვს გულში ჭეშმარიტი სასოება და სარწმუნოება. თუ მდიდარი არის იგი, არ განლაღდება, არ დაივიწყებს თავსა თვისსა. სიმდიდრე მას არ გააფუჭებს: მას ყოველთვის აქვს სახეში მომავალი საუკუნე და ეშინია, რომ არ მოაკლდეს მას, და ჰცდილობს თვით სიმდიდრე თვისი მოიხმაროს ამ საქმისათვის. თუ იგი არის ღარიბი, მაშინ იგი არ შთავარდება სასოწარკვეთილებასა შინა, არამედჰცდილობს, რომ, რაც შეუძლია და რითაც შეუძლია, სათნო-ეყოს ღმერთსა. მაშასადამე, ნუ იფიქრებ, რომ მდიდარი წარმწყმდა მხოლოდ მისთვის, რომ სიმდიდრე ჰქონდა, ანუ ღარიბი სცხონდა მარტო სიღარიბით. სიმდიდრე თავის თავად ვერც აცხოვნებს, ვერც წარწყმედს კაცსა, არამედ მოხმარება სიმდიდრისა; მზგავსადვე სიღარიბე. სულის ცხოვნება დამოკიდებულია სასოებასა და სარწმუნოებასა ზედა. ვისაც ესენი აქვს გულში ცხოველად იგი სიმდიდრესაც მოიხმარს ცხოვრებისათვის და სიღარიბესაც. - ამინ.