წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება ოცდამეხუთესა კვირიაკესა ზედა

განმარტება რიგის სამოციქულოისა (ეფეს. 4, 1-6).

განვიხილოთ და განვმარტოთ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სამოციქულო. თუმცა იგი არის მოკლე სიტყვებითა, გარნა არა აზრებითა. იგი იპყრობს თვის შორის მრავალთა მშვენიერთა, ღრმათა და სასარგებლოთა სწავლათა.

გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით. ეს არის პირველი მუხლი დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა.

აქ პირველად ჩვენ ის უნდა ავხსნათ, რისთვის ხმარობს პავლე მოციქული ამ სიტყვას: გლოცავ თქვენ? რისთვის არ იტყვის იგი: გიბრძანებ, გამცნებ, ვალად-გადებ, არამედ გლოცავ? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანობა დამყარებული არის თავისუფალსა სიყვარულსა ზედა, და არა მონებრივსა შიშსა ზედა. დიაღ, შეეძლო პავლეს, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, ვითარცა დიდისა უფლებისა და სულიერისა მადლისა მექონესა, ბრძანება მიეცა მორწმუნეთათვის, გარნა იგი, ნაცვლად ამისა, ჰლოცავს მათ, ვინაიდგან შიშით და იძულებით აღსრულება ქრისტეს მცნებათა არად სარგებელ არს, არამედ თავისუფალი და სიყვარულით აღძრული მორჩილება უფლისა სათნო არს მისა.

გლოცავ მე კრული ესე უფლისა მიერ, როდესაც წმიდა მოციქული მისწერდა ეფესელთა ამ სიტყვას, იგი იყო შეკრული საპყრობილესა შინა წარმართთა მიერ ქრისტეს სახარებისათვის. განგებ გაახსოვნებს მოწაფეთა თვისთა კრულებასა თვისსა, რათა ამით გააჩინოს მათ გულში კეთილი გრძნობა და მით მოსდრიკოს იგინი მორჩილებით სმენად და აღსრულებად თვისისა დარიგებისა.

ახლა შევიტყოთ, რასა სთხოვს ესრედ გულ-მოდგინედ მოციქული მორწმუნეთა ქრისტიანეთა: რათა ღირსად ჰხვიდოდეთ ჩინებასა მას, რომლისა იჩინენით, ესე იგი, რათა მორწმუნენი იყვნენ ღირსნი იმა წოდებისა, ანუ იმ სჯულისა, რომელი მისცა მათ უფალმან. თქვენ ყოველთა უკვე იცით, ქრისტიანენო, რა არის ჩვენი წოდება და რაში მდგომარეობს ჩვენი სჯული? წოდება ჩვენი და სჯული ის არის, რათა ამ სოფელში ცხოვრებასა ჩვენსა ვატარებდეთ ყოვლითა სიწმინდითა და კრძალვითა და მით გამოვაჩინოთ თავნი ჩვენნი ღირსად მომავალისა დაუსრულებელისა ნეტარებისა.

ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავს იდებდით ურთიერთ-არს სიყვარულითა. აჰა, რით უნდა შევიქნეთ ღირსნი ჩვენისა წოდებისა. ჩვენ უნდა ურთიერთ-არს თავს ვიდვათ, ესე იგი ერთი მეორეს შევიწყნარებდეთ, უთმენდეთ, შევიყვარებდეთ ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა. სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელება მით უმეტესად არიან საჭირონი ჩვენთვის, რომელ ჩვენ ყოველნი ვართ სუსტნი, ცოდვილნი, ყოველთა გვაქვს მრავალნი საკუთარნი ნაკლულევანებანი, სულიერნი და ხორციელნი, და თუ ესენი არა თავს ვიდევით ურთიერთ-არს, არ შეუნდევით, არ მოვითმინეთ, მაშინ დაგვეკარგება ერთობა და სიყვარული, და თუ ესენი დაგეკარგება - ქრისტიანობაც განქარდება ჩვენ შორის.

ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მას სულისასა სიყვარულითა მათ მშვიდობისათა. აჰა, კიდევ როდის შევიქმნებით ღირსი დიდისა ჩვენისა წოდებისა! მაშინ ვიქმნებით ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანენი, როდესაც გვაქვს ერთობა სულისა. განგებ იტყვის მოციქული: ერთობა სულისასა. შეიძლება და ხშირადაც ვხედავთ, რომ ზოგიერთთა ქრისტიანეთა ვითომც აქვსთ ერთობა, გარნა ერთობა მათი არის უფრო გარეგანი, ხორციელი, ვიდრეღა ერთობა სულისა, ზრდილობა, ანუ დარბაისლობა სოფლიური მოითხოვს, რათა შვილნი სოფლისა ამისანი ურთიერთ შორის იქცეოდე მოფერებით და თავაზიანობით. იფიქრებ, შემხედველი მათი, რომ ვითომც აქვსთ ერთობა და მეგობრობა, გარნა, სამწუხაროდ, მათი ერთობა არ არის სულიერი. როდესაც პირში ეფერებიან იგინი ერთი მეორესა, პირ-იქით ხშირად აგინებენ და ემტერებიან. არა ესრეთსა ერთობასა მოითხოვს ჩვენგან მოციქული, არამედ ერთობასა სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისათა, ანუ კავშირითა მშვიდობისათა. რისთვის არს, ძმანო, საკვრელი, ანუ კავშირი მშვიდობისა ასე საჭირო, დიდი? მარტო ამ სიტყვას, ესე იგი მშვიდობას, საღმრთო წერილში ისრეთი ღრმა და მაღალი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელი დღე მაგაზე ვილაპარაკოთ, მაშინაც ვერ გავათავებთ სიტყვასა. გარნა მოკლედ მაინც უნდა ავხსნათ მნიშვნელობა ამ სიტყვისა. პირველად, ნუ ჰგონებ შენ, ძმაო, რომ მშვიდობა ჰნიშნავს რომელსამე დაძინებასა, ანუ განსვენებასა, ანუ სულიერსა უძრაობასა და უგრძნობელობასა. იგი ჰნიშნავს სრულიად ამის წინააღმდეგსა. მშვიდობა არის სულიერი ძალი და მოქმედება, ის მშვიდობა, რომელი მაცხოვარმან, მკვდრეთით აღდგომილმან, უწინარეს ყოვლისა ახარა მოწაფეთა თვისთა, მეტყველმან: მშვიდობა თქვენთანა, და რომელი იყო უდიდესი და უტკბილესი ხარება შორის პირველთა ქრისტიანეთა, ის ზეგარდმო მშვიდობა, რომელსა ჩვენ ყოველ წირვა-ლოცვაზედ უწინარეს ყოვლისა გამოვითხოვთ ღვთისაგან მეტყველნი: ზეგარდამო მშვიდობისათვის... ვილოცოთ, ბოლოს, ის მშვიდობა, რომლითა, სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა, უნდა იყოს შეზღუდული გული, სული და გონება ქრისტიანეთა. იგი არის ერთი უმაღლესი ნიჭთაგანი სულისა წმინდისა; ათასში ერთს არა აქვს ეს მშვიდობა! მხოლოდ ის ჰგრძნობს ამ მშვიდობას, რომლისა გული და სული სულმან წმინდამან გასწმინდა ყოვლისა ცოდვისაგან. მშვიდობა არის სიყვარული და ერთობა შორის კაცისა და მოყვასისა მისისა; არის შეერთება შორის კაცისა და სინიდისისა მისისა; ბოლოს - შერიგება შორის კაცისა და ღვთისა.

დანარჩენთა სამთა მუხლთა შინა დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა წმინდა მოციქული პავლე გვაჩვენებს საფუძველსა და მიზეზსა ჩვენის ერთობისასა. იგი გვეტყვის, რომ ჩვენ ყოველნი ბუნებიდგანვე ვართ ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა წარმომდინარენი ერთისა კაცისაგან, და ეს ბუნებითი ერთობა არის განმტკიცებული ერთობითა მადლისათა, ვინაიდგან ჩვენ ყოველნი ვართ ჩინებულნი, ანუ წოდებულნი ერთითა სასოებითა. ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მათ სასოებითა ჩინებისა თქვენისათა. გარდა ამისა და უმეტესად ამისა, ჩვენ ყოველთა გვყავს ერთი უფალი, მიგვიღია ერთი სარწმუნოება, ნათელ-ღებულ ვართ ერთითა ნათლის-ღებითა. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღება. ბოლოს, რომელიც არის უდიდესი ყოვლისა, ჩვენ ყოველთა გვყავს ერთი ღმერთი და ზეციერი მამა. ერთ-არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს, და ყოველთა მიერ, და ჩვენ ყოველთა შორის. ამინ.