წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ოცდამეხუთესა კვირიაკესა ზედა
მოწყალე სამარიტელისასა
თქმული უკანასკნელ ომიანობის დროს

დღეს წაკითხულთა იგავითა მოწყალე სამარიტელსა ზედა, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის უანგააროისა და უანგარიშოსა სიყვარულსა მოყვასისასა. არა ერთგზის გაგვიგონია ჩვენ იგავი იგი მოწყალესა სამარიტელსა ზედა, დღეს ჩვენგან მოსმენილი სახარებისაგან, გარნა, ვგონებ, რომ იგავი ესე არაოდეს უწინ არ განაღვიძებდა გულთა ჩვენთა ისრეთსა გრძნობასა, როგორათაც აწ, ამ დროებაში. მოქმედება იგი მოწყალისა სამარიტელისა, რომელი, მიდიოდა რა მგზავრად, დაინახა გზაზე ერთი უცნობი კაცი დაჭრილი ავაზაკთაგან და დაგდებული გზის პირზე, შეიბრალა, აიყვანა, დააჯდინა თვის სახედარზე, მიიყვანა სადგომში და უჭირის-უფლა მას. ეს იგავი არ გაგვახსენებსა ჩვენ, რაოდენნი არიან ახლა, ერთის მხრით, დაჭრილნი ავაზაკთა აგარიანთაგან, და მეორე მხრითაც, რაოდენნი გამოჩნდენ, მადლითა ღვთისათა, მოწყალე სამარიტელნი, რომელნი თავ-გამომეტებით ემსახურებიან და უჭირისუფლებენ მათ. დიდება განგებულებასა ღვთისასა! მადლი და დიდება აუარებელსა სიბრძნესა ღვთისასა! მძიმე და საშინელი არის აწინდელი ომი; აღურაცხელი მსხვერპლი მოითხოვა მან, აღუწერელი ტანჯვა და მწუხარება ურიცხვთა კაცთათვის მოიტანა მან; გარნა ნაცვლად ამისა, ეგოდენი ქველის მოქმედება, თავის გამომეტება და თავის დავიწყება გამოაჩენს ზოგიერთთა მხნეთა პირთა, რომ გაახარეს ყოველნი ქრისტეს მოყვარენი კაცნი, მით, რომ ახლაც, ამ ჩვენ დროებაში, თურმე კიდევ ყოფილა მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა შორის განუზომელი სასოება ღვთისა და სჯულის სიყვარული. არა თუ ერთი, არამედ ათასნი და ბევრეულნი მოწყალენი სამარიტელნი მიდიან დასახსნელად ურიცხვთა ქრისტიანეთა, რომელნი დიდი ხნიდან შთაცვივნილ არიან ხელთა შინა აგარიანთასა. სხვანი, რომელთაც არ შეუძლიათ გაერიონ ომში, თავგამოდებულად ემსახურებიან დაჭრილთა მხედართა. უსაკვირველესი კიდევ ეს არის, რომ თვით სუსტი ბუნებიდგან დედაკაცნი უმეტესითა შრომითა და თავგამოდებითა ემსახურებიან დაჭრილთა. იქნება შენ, ძმაო, დაწვრილებით არ კითხრულობ აწინდელთა ამბავთა. ამისათვის მოგიყვან ორსა განსაცვიფრებელსა მაგალითსა თავის გამომეტებისასა სუსტის მდედრობის სქესისა. ერთს დაჭრილს მხედარს ეგოდენი სისხლი დაეკარგა, რომ მიაწია სიკვდილამდის. ამ შემთხვევაში ერთიღა ღონე დარჩა მისი მორჩენისა, თუ ვინმე ცოცხალი კაცი გამოიმეტებდა თავის საკუთარს სისხლს, გადასასხმელად იმის დაჭრილს ძარღვებში. ქალმა, რომელი მას უვლიდა, დიდი სიხარულით მისცა მას საკუთარი თვისი სისხლი. ხელოვნებით გადაასხეს მისი სისხლი დაჭრილის ძარღვებში და - მორჩა დაჭრილი იგი. მეორე მაგალითი იყო უფრო გასაცვიფრებელი. ერთი მძიმედ დაჭრილი დიდხანს ვერ მორჩა; რაოდენი ღონისძიება იხმარეს ექიმებმა, გარნა არ გაუმრთელდა ჭრილობა. ამ შემთხვევაში ყოფილა თურმე ერთი საშუალება: თუ ვინმე მთელმა, ცოცხალმა კაცმა თავი გამოიმეტა, ამოაჭრევინა თვისი ტანისაგან რაოდენიმე ცოცხალი ნაჭერი ხორცი, ამ ნაჭრებისა დაადებენ წყლულებაზე, და იგინი შეუერთდებიან დაჭრილ ასოს, და გააცოცხლებენ მას. აქაც გამოჩნდა ერთი მხნე, გმირი ქალი, რომელიც უვლიდა იმ დაჭრილს. მან ამოაჭრევინა თვისი მკლავისაგან თვრამეტი ნაკვეთი ხორცი, რომელთა მოარჩინეს ის დაჭრილი. ესრეთნი მაგალითნი მრავალნი არიან აწინდელ დროებაში, მაგრამ ვინ აღწერს სუყველას. თითქმის არ არის არც ერთი კაცი რუსეთის სახელმწიფოში, რომელსა რაიმე შემწეობა არ მიეცეს დაჭრილებისათვის, ანუ პირადის სამსახურითა, ანუ ფულების და ნივთების შეწირვითა. ზოგიერთთა მდიდართა ასიათასობით შესწირეს დაჭრილების სასარგებლოდ. სოფლის მცხოვრებნი, ღარიბნი გლეხნი თითო გროშს შესწირავენ, თუ მეტი არ შეეძლოთ. რომელსაც ერთი გროშიც არა ჰქონდა, ის მცირე ნაჭერ ტილოს შესწირავდა, ჭრილობის შესახვევად.

ახლა, შენ გკითხავ, მსმენელო ჩემო, შენ რა ქენი სასარგებლოდ დაჭრილებისა? ჩვენებურმა კეთილშობილმა საზოგადოებამ, თავადაზნაურობამ, დიახ, შეძლებისადაგვარად, არ შეირცხვინა თავი, მრავალი მსხვერპლი შესწირა მამულის დაცვისათვის, მრავალნი მათგანნი დაეცნენ ომში, მრავალნი დაიჭრნენ. სოფლის მცხოვრებთა ღარიბთა გლეხთა ჩვენს ქვეყანაშიაც არა მცირედი მსხვერპლი შესწირეს აწინდელს დროებასა შინა. მათ გამოიყვანეს მრავალნი მხედარნი, რომელთაგან მრავალნი დაიჭრნენ, ზოგნი მოკვდნენ ომსა შინა. მუშაობითაც არა მცირედი შესწირეს სოფლის მცხოვრებთა. შენ რა ჰქენი, შენის მხრით, მოსვენებით მცხოვრებმა ქალაქში? ვაჭარი ფულს იგებს და ერთი ხუთად ჰყიდის თავის საქონელს, ჩინოვნიკი მოსვენებით ემსახურება და იღებს ჯამაგირს. დიდი სირცხვილი იქნება, თუ მათგანი ვინმე დარჩა უნაყოფოდ და არაფრით შეეწია დაჭრილებსა. სამწუხაროდ, ჩვენ, თუ რამე მოწყალებას გამოვიმეტებთ, იმასაც მხოლოდ ჩვენთა მოყვარეთა და ნათესავთათვის; გარნა ამით არ სრულდება მცნება მოწყალებისა და სიყვარული მოყვასისა. მოწყალემან სამარიტელმან შეიწყნარა და უჭირისუფლა უცხოსა კაცსა, რომელიც არ იყო არც ნათესავი, არც ნაცნობი, და თითქმის მტერი იყო მისი ნათესაობისა. ახლა აქვს ყოველ კაცს მარჯვე დრო, აღასრულოს საღმრთო მცნება სიყვარულისა და მოწყალებისა უანგაროდ, ქრისტიანულად. ვინც ახლა შესწირავს, ანუ შრომით, ანუ ფულით, ანუ სხვა ნივთით, დაჭრილებსა, იგი პირდაპირ დაემსგავსება მოწყალესა სამარიტელსა, და გამოაჩენს თავის თავს მამულის ერთგულ შვილად და მოყვარედ. ამინ.