წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ოცდამეექვსესა კვირიაკესა ზედა

ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენით
სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა, და
შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა
თქვენითა უფალსა (ეფეს. 5, 18-19).

ამ სახედ გვასწავლის, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა მოციქული პავლე დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა. ფრიად საჭირო არის, ყოველ დღე, ყოველი კაცისათვის, ახსოვდეს ეს დარიგება. ამისათვის, რომელ ამ სიტყვებში მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რა ნუგეში, ანუ რანაირი შექცევა არის კანონიერი და სასარგებლო ქრისტიანე კაცისათვის, ანუ რომელი შექცევით და კმაყოფილებით უნდა ატარებდეს კაცი ქრისტიანე თავისუფალ დროებას, როდესაც შრომიდგან უნდა მოსვენება.

ვიცით ჩვენ ყოველთა, რა სახით უყვარს კაცს ლხინი, მხიარულად დროების გატარება. თვით ბუნება კაცისა ელტვის ანუ ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა. შრომასა, მოღვაწეობას კაცი თითქმის ძალდატანებით ასრულებს, ხოლო ლხინსა, განცხრომასა - თავის ნებით და მხიარულებით. ესეც ვიცით ყოველთა, რომელ ქვეყანაზე ათასი არის სხვადასხვანაირი ლხინი და შექცევანი, დროების გატარება, და თითოეულსა კაცსა ერთი რომელიმე მათგანი სხვაზე მომეტებულად უყვარს. მაგრამ არის ერთი ხორციელი ნუგეში, ანუ სიამოვნება, რომელი თითქმის ყოველ ადამიანს უყვარს. ეს არის მომეტებული ღვინის სმა. ვგონებ, ძნელად იპოება ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელსა არ მოსწონდეს მომეტებულის ღვინის სმა და მით გამხიარულება. დიდი ძალა და გავლენა აქვს ღვინოს ბუნებასა ზედა კაცისასა. ამისათვისაც წმიდა მოციქული პავლე აღგვიკრძალავს მთვრალობას, და იქავე მოიყვანს მიზეზსა: ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე. თუმცა, გარდა ბილწებისა, სხვანიცა მრავალნი ვნებანი და ცოდვანი შეუდგებიან მთვრალობასა, მაგალითებრ, ერთი უსაძაგლესი ვნება, რომელიც მთვრალობისაგან წარმოსდგება, ის არის, რომ იგი ერთ ხანს კაცს პირუტყვად გაჰხდის. ჭკუას დაუბნელებს, ენას დაუბამს; მაგრამ სუყველაზე უცუდესი თვისება მთვრალობისა ის არის, რომ მთვრალობას და ბილწებას აქვს განუწყვეტელი კავშირი. მაშასადამე, მოერიდე, ძმაო ჩემო, ვისაც გესმის ესა, სიხარბით ღვინის სმასა. არა თუ არ უნდა დასთვრე, მომეტებულიც არ უნდა დალიო. არ დაგიშლის წმიდა მოციქული პავლე სრულიად ღვინის სმას, არამედ დაგიშლის მთვრალობას. თვითონ მან მისცა ნება და კიდეც უბრძანა საყვარელსა მოწაფესა თვისსა ტიმოთეს, რომელი დააყენა კვიპრეს მწყემსთმთავრად, მცირე ღვინის სმა სტომაქისათვის და სიმართლისათვის.

ნაცვლად ღვინის სმით შექცევისა და ლხინისა, წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის ჩვენ სხვანაირ სიამოვნებასა და შექცევასა. ნუ დაითვრებით ღვინითა... არამედ აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა, და გალობითა, და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენთა უფალსა. იცოდა წმიდამან მოციქულმან, რომ სუსტი კაცის ბუნება ვერ გასძლებს სრულიად უნუგეშოდ და შეუქცევრად, ამისათვის გვაჩვენა საშუალება, რით უნდა შევიქცევდეთ თავსა და მოვიპოვებდეთ მხიარულებასა. გალობა ძლიერ გაამხიარულებს ყოველსა კაცსა. რაც უნდა მოწყენილი და მწუხარე იყოს კაცი, ტკბილი ხმით გალობა დაავიწყებს მას მისსა მწუხარებასა. მაგრამ წმიდა მოციქული პავლე წინადაგვიდებს ჩვენ სულიერსა გალობასა და ქებასა ღვთისასა, მისთვის, რომ ესრეთი გალობა კიდეც გაამხიარულებს კაცსა და კიდეც აღაშენებს სულსა მისსა, მაშინ, როდესაც ხორციელი, სოფლიური გალობა, ანუ სიმღერა, ხშირად აღელვებს ვნებათა კაცისათა და მისცემს ცუდსა ზნეობასა.

ჩვენთა ძველთა წინაპართა ერთი კარგი ჩვეულება ჰქონდა, ძმანო ქრისტიანენო, მათ უყვარდა თავის შექცევა და ლხინი სუფრაზე სწორედ იმ სახით, როგორათაც გვასწავლის ჩვენ წმიდა მოციქული პავლე. სუფრაზე დაჯდომილნი, იგინი დიდხანს ნუგეშობდენ ძილის პირების, ფსალმუნების და სხვა საეკლესიო გალობის წარმოქმნით! მაშინ თითქმის ყოველმა კაცმა კარგად იცოდა საეკლესიო გალობა. ახლა კი, სამწუხაროდ, თანდათან ჰქრება ეს დიაღ პატიოსანი ჩვეულება, და ნაცვლად ამისა შემოდის სხვანაირი დროების გატარება და თავის შექცევა, რომელიც, სამწუხაროდ, ძლიერ ჰშორავს იმ ძველ ჩვეულებისაგან პატიოსნებითა და სულიერი სარგებლობითა. მეტადრე ფრიად დასაწუნებელი და გასამტყუნებელია ერთი, სხვაზე მომეტებულად გავრცელებული, თავის შექცევა საზოგადოებასა შინა - ქაღალდის თამაშობა. თუმცა ამაზე მე ორჯერ, ანუ სამჯერ მითქვამს, მოვალეობისამებრ ჩემისა, გარნა კიდევ გარიგებ და გირჩევ, ძმაო ჩემო, ვისაც ეს ჩვეულება გაქვს, დასტოვე იგი, რადგანაც არის მავნებელი სულიერადც და ხორციელდაც. სულიერად იმ სახით, რომელ, როდესაც კაცი ქაღალდს თამაშობს, მაშინ მის სულში აღიძვრებიან და განმტკიცდებიან მრავალნი ცუდნი ვნებანი: სიხარბე, ჯავრი, სიძულვილი, ჩხუბი. ხორციელად ასე, რომ კაცი დიდხანს მჯდომარე ერთს ადგილს, გაფუჭებულის ჰაერის დიდხანს მსუნთქავი, წააგებს სიმრთელესა და მოიგებს სნეულებასა. ამისთანა თავის შექცევასა კიდევ სჯობია ის მეორე, ძველი თავის შექცევა, რომელი უყვარდა ჩვენთა წინაპართა - ნადირობა. ნადირობაში სიმრთელეს არ ასუსტებს კაცი, არამედ გაამაგრებს, ხოლო სიმრთელე არის ერთი დიდი ღვთის ნიჭი, და დიაღ საჭირო არის მისი დაცვა.

გარნა, ძმაო ჩემო, თუ გსურს, რომ თანდათან უმჯობესობაში და სულიერობაში შეხვიდე, თუ გსურს, რომ ბოლოს შეიქმნა ჭეშმარიტი სათნო ქრისტიანე, ეცადე, რომ შენი ლხინი და ნუგეში იყოს ღვთის ვედრება, წირვა ლოცვის მოსმენა ეკკლესიაში. დავით წინასწარმეტყველის იტყვის: განვიხარე მე, რომელთა მრქვეს სახლსა უფლისასა წარვიდეთ. გამიხარდაო, როდესაც მითხრეს საყდარში წავიდეთო. გაგიხარდეს შენცა, როდესაც გაიგონებ ზარის ხმას. თუ მწუხარება რამე გეწია, თუ გული მოწყენილი გაქვს - ილოცე, თუ მოლხენილი ხარ - იგალობე. სჭირდეს თუ ვინმეს თქვენგანსა, - გვასწავლის წმიდა მოციქული იაკობი, - ილოცევდი; მოილხინე თუ ვინმე არს - ჰგალობდინ. აჰა, ქრისტიანული ნუგეში და ლხინი! გაიხსოვნე, რა დაგემართა შენ და რა მდგომარეობაში ჰყოფილხარ, თუ, საუბედუროდ, დასთვერი, მეორე დღეს: თავი გტკიოდა, გული გერეოდა, გრცხვენოდა კაცის შეხედვისა, მოწყენილი იყავ და ყოველიფერი გეძაგებოდა. ამ სახით თავდება ყოველი უგუნური და უწმინდური ლხინი. არა ესრეთია სულიერი ლხინი და ნუგეში; თუ საყდარში ტკბილად ილოცე, თუ კეთილი საქმე რაიმე აღასრულე, თუ სულიერი ტკბილი გალობით გამხიარულდი, მაშინ გამხნევდი, გასცოცხლდები, გული დამშვიდებული გაქვს, ყოველი კაცის სიყვარულსა ჰგრძნობ.

ნუ დაითვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულითა. ამინ.