წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კზ-სა კვირიაკესა

მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ (ლუკ. იდ, კდ).

დღეს წაკითხული სახარების იგავი გვამცნებს ჩვენ, ძმაო, რომელ, თუმცა ღმერთი ყოველს კაცს იხმობს თავისთან, თუმცა ზეციერმან მამამან ყოვლისა ადამიანისათვის განამზადა პური დიდი, ესე იგი, სასუფეველი ცათა, და უწოდა მრავალთა, გარნა, საუბედუროდ, მცირედნი არიან, რომელნი ისმენენ ხმასა მისსა და მივლენ მასთან. რა მიზეზი არს, ძმანო ამისა? როგორ უნდა აჰხსნას კაცმა ესრედი გასაოცარი საქმე, რომელ შემოქმედი იხმობს ქმნილებასა თვისსა, მამა უწოდებს შვილთა თვისთა, აღუთქვამს მათ დაუსრულებელსა და გამოუთქმელსა ნეტარებასა, გარნა მცირედნი არიან, რომელნი მივლენ მასთან? ერთი სიტყვით, რას ნიშნავს, რომ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ?აქ ისიც უნდა დაუმატოთ, ძმაო ჩემო, რომელ რჩეულნი, ესე იგი, ცხოვნებულნი, არიან მცირედნი, ამით იგი გამოგვიცხადებს, რომელ ჩინებულნი იქნებიან მცირედნი არა თუ ურწმუნოთა და უსჯულოთა კაცთა შორის, რომელთა არა მიიღეს სახარება ქრისტესი - ეს არ იქნებოდა საკვირველი, არამედ საკვირველი და შესაძრწუნებელი ის არის, რომელ ცხოვნებულნი, ანუ ჩინებულნი, იქმნებიან მცირედნი თვით მორწმუნეთა ქრისტიანეთა შორის. რისთვის არის ეს, ძმანო ჩემნო? ვინ იქმნება ჩვენს შორის ცხოვნებული, და ვინ არა? ეს ადვილად აიხსნება, ძმაო ჩემო. ცხოვნებული იქნება ანუ ის კაცი, რომელმან შობითგან სიკვდილამდე თავის თავი დაიმარხა უბიწოდ და უცოდველად, ანუ ის, რომელმან თუმცა სცოდა, გარნა სრულიად განიწმიდა თავი შენანებითა. ეს ორი საქმე აცხოვნებს კაცსა. შენ ცხოვნდები, ძმაო, ანუ მით, უკეთუ თავის დღეში არ შეგიცოდავს ღვთისადმი, ანუ მით, უკეთუ გაგიწმედია თავი შენი სინანულითა და კეთილის ნაყოფის გამოღებითა. უწმიდური, უმართლო და ცოდვილი კაცი ვერ შევა სასუფეველსა შინა ღვთისასა; მაშასადამე, ცხოვნდები შენ მაშინ, ოდესაც ხარ წმიდა შობითგან ანუ მონანებით. გამოვიკვლიოთ ეს ორივე შემთხვევა და იქითგან შევიტყობთ, მრავალნი იქმნებიან რჩეულნი ანუ ცხოვნებულნი?

პირველად ვითარცა ვსთქვით, რჩეული ის იქმნება, ვისაც თავის თავი სიყრმითგანვე შეუნახავს სიწმიდით და არაოდეს არ ყოფილა ქვეშევრდომი ცოდვისა. გარნა მაჩვენე, ძმაო, სად არის ესრედი კაცი ქვეყანაზე! საღმრთო წერილი ახსენებს მხოლოდ ორსა პირსა: ერთს მაცხოვარსა ჩვენსა უფალსა იესო ქრისტესა, რომელი იყო უბიწო და არა-ქვეშევრდომი ცოდვისა, მისთვის რომელ მან შეაერთა თვით შორის კაცობრივი ბუნება ღვთაებასათანა, მეორესა ყოვლადწმიდასა ღვთის-მშობელსა, რომელი თუმცა იყო ქვეშევრდომი ცოდვისა, გარნა საკუთარითა ღვთის-განგებითა იყო დაცული ყოვლისა ცოდვისაგან, მისთვის რომელ იგი ღმერთმან დანიშნა დედად მხოლოდ-შობილისა ძისა თვისისა. ხოლო ყოველთა სხვათა ადამის ძეთა ზედა საღმრთო წერილი ესრედ იტყვის: აჰა ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. თვით მცირეწლოვანებასა შინა შენსა შენს გულში არის თესლი ყოვლისა ცოდვისა და უსჯულოებისა. არათუ დიდს წლოვანებასა შინა მოსრული კაცი, არამედ მცირეწლოვანი, უჰასაკო კაციც არ არის თავისუფალი ცოდვისაგან. დიდი მეცადინეობა და ღონე რომ იხმაროს კაცმა, დღე და ღამე რომ იყოს მოღვაწებასა, ლოცვასა და ვედრებასა შინა, იქმნება, მაშინ როგორმე დაიცვას თავი თვისი რომელთამე დიდთა და ცხადთა ცოდვათაგან; გარნა რა საშუალება აქვს კაცსა და რომელი ღონისძიებით შეუძლია, რომ დაიცვას თავი თვისი ყოველთა ცოდვათაგან, ესე იგი თვითსულიერთა, დაფარულთა ცოდვათაგან. ვინ ამოფხვრის, ვინ გააქარვებს კაცის გულისაგან სულიერთა ვნებათა: ამპარტავნებასა, პატივის-მოყვარებასა, ორგულობასა, შურსა, სიძულილსა და სხვათა მრავალთა ცოდვათა, რომელნი თითქმის შობითგან სიკვდილამდე ბუდობენ გულსა შინა კაცისასა და მარადის მზად არიან ისარგებლონ პირველითა შემთხვევითა, დაიმრჩილონ კაცი და შთააგდონ იგი მრავალთა სხვათა ცოდვათა შინა. მაშასადამე, ამ მხრით არცა ერთსა ადამიანსა არა აქვს იმედი, რომ იგი იყოს რჩეულთა შორის, თვინიერ მცირე-წლოვანთა ჩვილთა, რომელნი, მიიღეს რა მადლი ნათლისღებისა, გარდაიცვალნენ უწინარეს, ვიდრე მათ იცნეს ცოდვა და მადლი. მაშასადამე, თუ ვინმე ადამიანთაგანი იქმნება ცხოვნებული, ეგრედვე მით, უკეთუ თავი თვისი გაიწმიდა ცოდვათაგან მონანებითა და კეთილის-ნაყოფისა გამოღებითა. და ესრედ ჩვენ აქ უნდა გამოვიკვლიოთ, რა არის მონანება? რომელ კაცზე უნდა ვსთქვათ, რომ მან მოინანა თავისი ცოდვა და ცხოვნდა მონანებითა?

მონანება, ძმაო, ის არის, როდესაც კაცმა ისე ღრმად იცნო თავისი ცოდვა, რომელ შესწუხდა სულითა და გულითა, მოიძულა და მოიძაგა ის ცოდვა. მონანებით განწმედილი ცოდვათაგან მხოლოდ ის კაცი არის, რომელმან ერთხელვე და სრულად უარყო ცოდვა, ეშინია მისი, ვითარცა საზარელისა მტერისა და ილტვის მისგან, როგორადაც განძვინებულისა ლომისაგან. აჰა, ვინ არის მონანული. ჭეშმარიტად მონანულს ყოველთვის ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმე არის კეთილი ქრისტიანული ცხოვრება, რა ფრთხილი და მღვიძარე უნდა იყოს კაცი, რომელსა სურს შესვლა სასუფეველსა ღვთისასა. იგი არ დაივიწყებს, რომელ მოქალაქეობა ქრისტიანული არის დაუცხრომელი ბრძოლა; და ბრძოლა არა სისხლთა და ხორცთა მიმართ, არამედ ხელმწიფებათა და მთავრობათა სოფლის მპრყობელთა ბნელისათა, რომელ ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს აღჭურვილი სულიერითა საჭურველითა და მდგომარე განმზადებული ბრძოლად, ვითარცა მხედარი წინაშე მტერისა, ვინაითგან მტერნი მისნი, ვითარცა ლომნი, მზად არიან შთანთქმად მისა. ქრისტიანული მოქალაქეობა არის უმთავრესი და უმძიმესი საქმე ჩვენისა ამ სოფლის სიცოცხლისა; ქრისტიანე უმჯობესსა კერძოსა და უდიდესსა ღონესა სულისასა უნდა იხმარებდეს აღსასრულებელად ქრისტეს მცნებათა; ყოველს დღეს ყოველს წამს შეემთხვევიან მას მრავალნი და დამაბრკოლბელნი მიზეზნი, მტერნი ხილულნი და უხილავნი: სოფელი ესე, ბოროტნი კაცნი, თვით შინაგანნი მისნი ვნებანი, ავნი მიდრეკილებანი მარადის აცდუნებენ მას. განაშორებენ ღვთისაგან; შესვლა სასუფეველსა შინა ღვთისასა არის ძნელი და მძიმე, გზა, მიმყვანებელი მას შინა, იწრო; არა მრავალნი ვლენან მით; კარის ბჭე მისი იწროა, და მცირედნი არიან, რომელნი შევლენ მას შინა.

აჰა, რას ფიქრობს კაცი ჭეშმარიტად მონანული და მსურველი ცხოვნებისა. ახლა მითხარი, ძმაო, მრავალნი არიან ესრედნი პირნი ჩვენს შორის? საუბედუროდ, ვინც კარგად გასინჯავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა და წარმოიდგენს მათსა ყოფა-ქცევასა და თვისებასა, ნახავს, რომელ არათუ არ ფიქრობენ, რაოდენსა შრომასა და სიფრთხილესა მოითხოვს კეთილი ქრისტიანული ცხოვრება, არამედ ასე ეჩვენებათ, თითქოს იგინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომელ ამაზე უადვილესი საქმე არა არის რა ქვეყანასა ზედა. საითგან სჩანს, რომ აწინდელთა ქრისტიანეთა ახსოვდესთ, რაოდენსა სიწმიდესა და სიმტკიცესა მოითხოვს ჩვენგან აღსარება ქრისტეს მცნებათა? ყოველი მათი სიტყვა და საქმე დაფუძნებულ არს მხოლოდ ამ სოფლის ამაოებასა ზედა. განმავლობასა შინა მთელისა დღისასა, დილითგან საღამომდე, ერთხელ არ გაახსენდებათ მათ ღმერთი და არ მიაქცევენ მისდამი გულსა, თუმცა ენითა თვისითა ხშირად ახსენებენ სახელსა მისსა. თვით უმცირესი განსაცდელი მოაკლებს მათ სასოებასა და სიყვარულსა ღვთისასა, თვით უკანასკნელი დაბრკოლება საკმაო არის - შეარყიოს სარწმუნოება მათი.

ახლა შენ თვითონ საჯე, ძმაო ჩემო: მრავალნი იქმნებიანა რჩეულნი ჩვენ შორის? სიყრმითგან უცოდველი არავინ არის; მონანებით ცოდვათაგან განწმედას იმ-ზომად არავინ ეძიებს და ცდილობს, რა ზომადმდეცა ძნელი და მძიმე არის შეძენა ჭეშმარიტებისა მონანებსა და განგრძობა მას შინა სიკვდილამდე. რა უნდა იფიქრო აქითგან და რა ჰქმნა? კი არ უნდა დაღონდე, ძმაო, სასოება დაკარგო, არამედ გაფრთხილდე, განძლიერდე, განაღვიძო.

ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა (ეფ. ვ. ი.); ესე იგი, ღვთის ძლიერებით და მისის სიმტკიცით უნდა განვძლიერდეთ და მით ვეძიოთ შერაცხვა თავთა ჩვენთა რჩეულთა შორის, რომელიმცა მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.