წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ოცდამეშვიდესა კვირიაკესა ზედა

აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ
წინადადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ,
რათა სდგეთ, (ეფესელთა 6, 13).

დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რომ ცხოვრება ჩვენი ქვეყანასა ზედა, არის ბრძოლა, მოღვაწეობა, ჭიდაობა; სოცოცხლე ჩვენი გარემოცული არის მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიერ; დიდი ღონე, სიმტკიცე და თავის გამომეტება გვმართებს ჩვენ, რომ ჯეროვნად და სათანადოდ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. თუ თვით ღმერთი არ შეგვეწევა და არ გაგვაძლიერებს, ჩვენ არ შეგვიძლია გავმაგრდეთ ბრძოლასა შინა, რადგანაც ბრძოლა ჩვენი არ არის ხორცთა და სისხლთა მიმართ, ესე იგი უძლურთა, სუსტთა კაცთა თანა, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა ამის სოფლისათა, ესე იგი საშინელთა უხილავთა და უკეთურთა სულთა მიმართ. ამისათვის, დაუმატებს წმიდა მოციქული პავლე: აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ წინა-დგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რათა სდგეთ.

გავაჩეროთ ყურადღება ჩვენი ამ უკანასკნელ სიტყვათა ზედა დღეს წაკითხულის სამოციქულოისა. ამ სიტყვებში წმიდა მოციქული პავლე შეგვატყობინებს ჩვენ, რომ, თუმცა მთელი ჩვენი სიცოცხლე და ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი არიან აღსასვსენი შრომითა, მოღვაწეობითა და ბრძოლითა, გარნა ზოგიერთნი მათგანნი განსხვავებულად ბოროტნი არიან, და ამისთანა დღეებისათვის საკუთრათ და განსხვავებულად უნდა ვიყვნეთ ჩვენ აღჭურვილი ყოვლითა ღვთის საჭურველითა, ანუ იარაღითა. ეს არიან ის ბოროტნი დღენი, რომელთა შინა კაცს შეემთხვევა განსხვავებული რაიმე განსაცდელი.

რაი არს განსაცდელი? განსაცდელი არის ისრეთი გარემოება, ანუ შემთხვევა, რომელსა შინა კაცმან უნებლივად უნდა გამოიჩინოს ნამდვილნი თვისებანი სულისა მისისანი, სიმტკიცე, ანუ სისუსტე მისისა სათნოებისა უღონოება მისისა სარწმუნოებისა, სიმაგრე, ანუ უღონოება მისისა სათნოებისა და კეთილობისა. მრავალნი არიან ესრეთნი შემთხვევანი და გარემოებანი ცხოვრებასა შინა ყოვლისა კაცისასა, სიხარული და მწუხარება, ბედი და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, სიკვდილი მოყვასთა და სხვა. იგინი გამოაჩენენ, რა არის ჩვენ შორის უძლიერესი ცოდვა, ანუ მადლი; რას უფრო მივდევთ და ვეძიებთ, ხორციელთა ზრახვათა, ანუ სულიერთა მოთხოვნილებათა, რას უნდა ვემორჩილებოდეთ, საღმრთო სჯულსა, ანუ სოფლის ამაოებასა? ამით გამოიცდება და გამოიხურება ჩვენი სასოება, სარწმუნოება და მოთმინება. განსაცდელი რომ ეწევა კაცს, მაშინ გაჩნდება მის გულში რყევა, ჭიდაობა შორის ღვთისა და სოფლის სიყვარულისა, და რომელი კერძო მიიზიდავს მის გულს და დაიმორჩილებს - მით გამოჩნდება მისი ვინაობა. რისთვის შეემთხვევა კაცს ამისთანა განსაცდელი? მისთვის, რათა მან იცნას თავის თავი. უეჭველია, განსაცდელნი შეემთხვევიან კაცსა არა გარეშე ღვთის ნებისა, არამედ ღვთის განგებით, გარნა იმისათვის კი არ აგდებს ღმერთი განსაცდელში კაცს, რომ მას ჰსურს შეიტყოს კაცის თვისება და სიმაგრე. ღმერთმა წინადვე იცის ყოველი კაცის თვისება და ხასიათი, არამედ თვით კაცმა უნდა შეიტყოს, რა ღირსება აქვს მას; ფრიად საჭირო არს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ ჩვენს თავს, ვხედვიდეთ ჩვენს ღირსებას და ვიცოდეთ, რაი არს ჩვენი ფასი. მრავალნი არიან, რომ არ იცნობენ თავის თავს; თავხედობა, თავის-მოყვარეობა მრავალთა პირთა დაუბნელებს ჭკუას, და შეაგონებს, ვითომც ისინი არიან საკმაოდ მღვიძარენი და გაფრთხილებულნი. მაშინ ღმერთი განგებ ჩააგდებს მათ განსაცდელსა შინა, რათა მათ იცნან თავი თვისი. ჩვენ ხშირად არც კი ვიცით, რითა ვართ ღვთის წინაშე დაკლებული, დანაშაული; გარნა განსაცდელი შეგვატყობინებს ჩვენ, რა გვაკლია და რაში ვართ სუსტი. შენ, ძმაო, ხშირად თავს იქებ, შენი თავი მიგაჩნია კეთილად და პატიოსნად, გარნა რით და როგორ უნდა გამოჩნდეს ესა, თუ არ განსაცდელში. აქ შეიტყობ შენ, რა გაკლია და რით ხარ სუსტი. მაშასადამე, განსაცდელი თუ კარგად მოიხადა კაცმა, იგი წინ წასწევს, აღამაღლებს, გასწმენდს. თითქმის გარეშე განსაცდელისა არც კი შეიძლება სულიერი წარმატება, განსაცდელი აღამაღლებს აზრსა და განსწმენდს ცნობასა, გაგვისწორებს ზნეობასა, აღამაღლებს მიდრეკილებათა და სურვილთა. მინემ განსაცდელი არ ეწია კაცს, იგი დამონებულია, მედგარია. განსაცდელი გააფრთხილებს კაცს. ხშირად კაცს, რომელსაც ჰსურს დაისწავლოს ცურვა, ძალად ჩააგდებენ წყალში; მტევანი ყურძნისა, თუ არ გაიჭყლიტა, ღვინოს არ გამოიღებს; მზგავსადვე კაცის სული, თუ არ შევიწროვდა, ვერ გამოიღებს კარგს ნაყოფს. ჰაერი თუ დიდხანს დაწყნარებულია და მედგარი, ივსება სხვა და სხვა ცუდი სუნითა და ხაშმითა, გარნა ქარიშხალი გასწმენდს მას. არაოდეს არ მომხდარა, რომ კაცი შეიქმნეს სათნო და წმინდა გარეშე განსაცდელისა.

როგორ უნდა ვიქცეოდეთ განსაცდელსა შინა? დიდის ყურადღებით და გონიერებით უნდა მოვიხმარდეთ და ვისარგებლებდეთ ყოველთა განსაცდელთა. თუ მრავალგზის გეწია განსაცდელი და არ მოიხმარე იგი, სრულიად დაიღუპები. დიდი დაფიქრება და მოთმინება გმართებს განსაცდელსა შინა; იგინი მოივლინებიან ჩვენდა გასაუმჯობესებლად. პირველი საქმე ის არის, რომ არ დაჰღონდე დღესა ბოროტსა. მხნეობა არ დაჰკარგო; მეორედ, ეცადო, რომ განსაცდელი გარდაიქცეს შენდა სასარგებლოდ. დიდი ჭკუა და მხნეობა იქმნება, რომ მწუხარებიდგან სიხარული გამოიყვანო, უბედურებიდგან გამოიყვანო შენი სულისათვის სიკეთე და წარმატება; და ეს ნამდვილად მოხდება, თუ შენ არ დაჰღონდები დღესა ბოროტსა, არამედ, აღჭურვილი საჭურველითა საღმრთოითა, ესე იგი სასოებითა, სარწმუნოებითა, - ეცდები, რომ გაისწორო ყოფაქცევა, უმჯობესი შეიქმნე, წინ წაიწიო სულიერითა ცხოვრებითა. კიდევაც მადლობა შესწირე ღმერთსა, თუ გეწია განსაცდელი, მოითმინე იგი, დაიმდაბლე თავი: ჩემი ცოდვით იყო-თქო, მე ვარ დანაშაული-თქო. ჩემი ცოდვის კითხვა არის-თქო! თუ ესრედ მოიქეცი, ყოველი განსაცდელი შეიქმნება შენდა სასარგებლოდ, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.