წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კჱ-სა კვირიაკესა ზედა

მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ (ლუკ. იდ, კდ).

ესრეთ დაასრულა მაცხოვარმან იგავი, რომელი მოვისმინეთ დღეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, სახარებითგან. კაცმან ვინმე ჰყო პური, ანუ სერობა დიდი და მოუწოდა მრავალთა სტუმართა, ხოლო წოდებულთა იწყეს თითოეულად უარისყოფა. ერთმან სთქვა: აგარაკი ვიყიდე და თანა-მაძს მისვლად და განხილვად მისა; გევედრები შენ, განმიტევე მე სერობისა შენისაგან. სხვამან სთქვა: უღლეული ხარი ვიყიდე ხუთი და თანა-მაძს გამოცდა მისა; განმიტევე მე სერობისა შენისაგან. კვალად სხვამან სთქვა: ცოლი შევირთეEდა არ შემიძლიან მოსვლა შენთან. მაშინ განრისხდა სახლის უფალი იგი და უბრძანა მონათა წარსვლა უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და იძულება მოსვლად სერობასა თვისსა გლახაკთა და უცხოთა, ბრმათა, მკელობელთა, და აღივსო სახლი მისი მეინახეთა მიერ. ხოლო გეტყვი თქვენ: არავინ მათ კაცთამან გემო იხილოს სერობისა ამის ჩემისა; რამეთუ მრავალ არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.

კაცი იგი, რომელმან ჰყო პური დიდი ანუ წვეულობა არს თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე; პური ანუ სერობა ნიშნავს სწავლასა მას ანუ სჯულსა, რომელი მოგვცა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან; სტუმარნი ანუ წოდებულნი ვართ ჩვენ, საზოგადოთ ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი. რა სახით იხმობს, ანუ უწოდებს კაცთა უფალი იესო ქრისტე სერობასა ზედა თვისსა? ვიდრემდის იგი იყო ქვეყანასა ზედა, იგი თვით იხმობდა პირითა თვისითა, სწავლითა, ქადაგებითა, სასწაულებითა, ცხოვრებითა თვისითა; მერმე მან წარგზავნა წოდებად ყოვლისა ქვეყანისა მონანი თვისნი, მოციქულნი, მოწაფენი, მამანი და მოძღვარნი. ამათ მოიარეს ყოველი ქვეყანა და ყოველთა ტომთა გამოუცხადეს წოდება ღვთისა. დიდსა ამას საქმესა ახლა აღსრულებს წმიდა ეკლესია, რომელი თვით ქრისტემან დააწესა ქვეყანასა ზედა განვრცელებად თვისთა ქადაგებისა. ყოველი წესი, ყოველი დაწყობილება და ღვთის-მსახურება ეკლესიისა არს წოდება კაცთა სერობასა ზედა ღვთისასა. გარნა ღმერთი უწოდებს-ეგრედვე თითოეულსა კაცსა მრავალ-ფერად და მრავალ-სახედ; ღმერთი გიწოდებს შენ, ძმაო, პირველად თვით იმ ჭკუითა და სინიდისითა, რომელი მან მოგვცა მისთვის, რათა სცნა ჭეშმარიტება და განეშორო ცუდსა საქმესა, შეხვიდე სასოებასა შინა და იქმნე რჩეულთა შორის. მეორედ, ღმერთი გიხმობს შენ ყოვლითა გარემოებითა ცხოვრებისა შენისათა. ყოველივე ღვთისაგან არს და ღვთისაგან გაქვს შენ, ძმაო ჩემო! ვსთქვათ, რომ შენ ხარ კაცი წარჩინებული მოყვასთა შენთა შორის, გაქვს სხვათა უმეტესი სიმდიდრე, ხარისხი და პატივი. ეს უაღრესი შენი, ესრედი შენი უმჯობესი მდგომარეობა არის წოდება შენი ღვთისაგან; ყოველი ესე ღმერთმან მისთვის მოგვცა, რათა კეთილად ისარგებლო მდგომარეობითა ამით შენითა და ვითარცა აქ (ამ სოფელში), ძმათა შენთა შორის ხარ რჩეულ სერობასა შინა ღვთისასა. დიდი უგუნურება და ებედურება არ იქნება შენთვის, თუ აქ, ამ წუთისოფელში, მოკლე დროდ იქმნები, ხოლო იქ საუკუნოდ იქმნები განშორებულ რჩეულთაგან. ნუ ვსთქვათ: შენ ხარ კაცი ღარიბი და მდაბალი; ხშირად შეგემთხვევა მწუხარება და უბედურება, ხშირად ხარ მოკლებული ყოვლითა ნუგეშითა და კმაყოფილებითა; შეგიძლიან და თანამდებცა ხარ, რათა ესრედიცა შენი მდგომარეობა მიიღო, ვითარცა წოდება ღვთისაგან. შენ ესრედ უნდა იფიქრო გულში: ვმადლობ ღმერთსა ჩემსა! უთუოდ ღმერთმან უწოდა წინადვე, რომელ სიმდიდრე და პატივი იქმნებოდა ჩემთვის მახედ, ვინაითგან ვხედავ მე მრავალთა კაცთა, რომელი სიმდიდრესა და პატივსა ჰხმარობენ არა საცხოვნებელად, არამედ წარსაწყმედელად სულთა თვისთა: ამისთვის მყო მე ღარიბ და ბედკრულ. უკეთუ ესრედ ჰფიქრობ და სულ-გრძელ ხარ და ჰმადლობ ღმერთსა, უთუოდ შენც იქმნები რჩეულთა შორის. გაიხსოვნე, რომელ ოდესაც მდიდართა უარ-ჰყვეს წოდება ღვთისა, მაშინ ღმერთმან გაგზავნა მონანი თვისნი და შემოიყვანა სახლსა შინა თვისსა უცხონი, ღარიბნი და გლახაკნი. შენ ეცადე, რათა სიგლახაკითა და მოთმინებითა შენითა შეხვიდე სახლსა შინა უფლისასა და სჭამო ტკბილი პური სერობასა ზედა მისსა.

ესრედ უწოდებს, ძმანო ჩემნო, ღმერთი სერობასა ზედა თვისსა საზოგადოდ ყოველთა ტომთა და კერძოდ თითოეულსა კაცსა: გარნა სამწუხაროდ, მრავალნი წოდებულთაგანნი უარყოფენ და არ ნებავსთ მისვლა და ჭამა პურისა ზეციერისა. ვინ არიან უარის-მყოფელნი და რა მიზეზსა ამბობენ იგინი? უარის მყოფელნი არიან ღარიბნი და გლახაკნი, არამედ უმეტესად მდიდარნი, და მიზეზი, რომელიცა დააბრკოლებს მათ სმენად წოდებისა ამის, არის თვით სიმდიდრე მათი, ვინაითგან ერთმა სთქვა: აგარაკი ვიყიდე, თანა-მაძს განხილვა მისი; მესამემ: ცოლი შევირთე და ვერ შევიძლე მოსვლა. გარნა ერთი მახლობელი მაგალითი თვით ამ ჩვენის ქალაქის ცხოვრებისაგან დაამტკიცებს ამ ჰაზრსა: ვინ დადის ამ ეკლესიაში ერთგულად? დადიან ღარიბნი, საწყალნი და მდაბალნი; ესენი აღავსებენ ეკლესიასა, ხოლო იგინი, რომელნი არიან აღმატებულნი და უაღმატებულესნი პატივითა და სიმდიდრითაცა ჩვენს შორის, მათ ხშირად ვერ ნახავ აქ. აჰა, ვითარ ვიდრე აქამომდე სრულდება სიტყვა ღვთისა! ამისთვის, ძმანო ჩემნო, თქვენ, რომელთა ღმერთმან მოგცა ამ ქვეყანაშივე რომელიმე უაღრესობა, ესე იგი, ანუ სიმდიდრე, ანუ პატივი, ერთი სიტყვით, რომელთა გაქვსთ უმჯობესი მდგომარეობა, ვიდრე სხვათა მოყვასთა თქვენთა. დიდი ზრუნვა და შიში უნდა გქონდეს გულთა შინა თქვენთა, რათა თვით უმჯობესმან თქვენმან მდგომარეობამან არ დააყრუოს გულთა შინა თქვენთა წოდება ღვთისა. იქმნება თქვენ ესრედ იფიქროთ გულში: ჩვენ გვესმა და კიდეც მივიღეთ წოდება ღვთისა: ჩვენ ქრისტიანენი ვართ და წევრნი იესო ქრისტეს ეკლესიისანი; ჩვენ მივიღეთ სჯული ღვთისა და, შეძლებისამებრ ჩვენისა, კიდევაც ვცდილობთ, რომ აღვასრულოთ იგი. გარნა, ძმანო ჩემნო, ნუ დააკმაყოფილებთ და ნუ განუსვენებთ თავსა თქვენთა მხოლოდ მით, რომ თქვენ ხართ მონათლულნი და აღიარებთ სჯულსა ქრისტესსა, არამედ კარგად განიცადეთ გული და ცხოვრება თქვენი, უკეთუ თქვენ ხართ რჩეულთა შორის, ვინაიდგან თუმცა ყოველნი ქრისტეს სჯულის აღმსარებელნი არიან წოდებულ, გარნა არა ყოველნი რჩეულ. თუ კარგად გასინჯავ ცხოვრებასა შენსა, იქმნება ნახო, რომელ შენცა ხშირად შეგემთხვევა, რაც შეემთხვა სამთა მათ, ამა იგავსა შინა ხსენებულთა, უარის-მყოფელთა: ესე იგი, სოფლის სარგებლობა და კმაყოფილება ხშირად დაგავიწყებს შენ წოდებასა ღვთისასა. რაოდენ-გზის მოგების ტრფიალმან და ანგაარებამან დაგავიწყა შენ მცნება ღვთისა? რაოდენ-გზის მოიძულე შენ მოყვასი შენი მახლობელი მცირისა ოდენ მოგებისათვის? კარგად განიხილე გრძნობანი და მოძრაობანი გულისა შენისანი, რასა აქვს უმეტესი ძალი და მოქმედება შენს გულში: ღვთის წოდებას, ანუ სოფლის წოდებას თუ წოდებასა ღვთისასა, მაშასადამე, რისგან არის, რომელ, როდესაც შენ მოგაკლდა ვითარიმე ამ სოფლის სარგებლობა ანუ პატივი, მაშინ შენ გრძნობდი დიდსა და საშინელსა მწუხარებასა; გარნა, ოდესაც შენ შთავარდი რომელსამე ცოდვათა და მით მოგაკლდა მადლი ღვთისა, არაფერს ჰზრუნავდი და მსწრაფლ დაგავიწყდა? როდესაც შენ ეძიებ სოფლის რომელსამე სარგებლობასა ანუ პატივსა, მაშინ შენ ჰხმარობ ყოველს ღონესა სულისა შენისასა, მაშინ შენ სძლევ ყოველსავე დაბრკოლებასა და მიზეზსა; გარნა სულიერსა პატივსა და სიწმიდესა ეძიებ გულგრილად და თვით უმცირესი მიზეზი დაგაბრკოლებს შენ ამ საქმეში. ერთი სიტყვით, უმჯობესსა კერძოსა სულისა და გულისა შენისასა მოახმარებ სოფელსა, ხოლო ღვთისათვის დიდად არა ზრუნავ!

გარნა ვევედრნეთ, ძმანო, ღმერთსა ყოველნი, რასა გვყოს ჩვენ რჩეულთა შორის. ამინ.