მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

სიტყვა 29 აგვისტოს,
იოანე ნათლის-მცემლის თავის კვეთასა ზედა

რამეთუ ეტყოდა იოანე ჰიროდეს, ვითარმედ:
არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესვა
ძმის ცოლი შენი; ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა
მისთვის, და უნდა მოკვლაი მისი (მარკ. 6, 18-19).

როდესაც შევამსგავსებთ ხასიათთა და თვისებათა ორთა ამათ პირთა, იოანე ნათლის-მცემელსა და ჰეროდე მეფისას, ჩვენ გაგვაკვირვებს მაგარი, ვითარცა კლდე ხასიათი, ანუ ღონე პირველისა, და სუსტი, შერყეული, ვითარცა ლერწამი, და დაუდგრომელი, ვითარცა ქალი, ხასიათი მეორისა. ჰეროდე მეფემ რომ გაიგონა საკვირველი ცხოვრება და სწავლა იოანე ნათლის-მცემლისა, მოინდომა ნახვა მისი და სმენა მისისა სწავლისა. როდესაც გაიგონა მისი სწავლა და დარიგება, უმეტესად გაუკვირდა, ესრედ, რომელ, როგორც თქმულ-არს დღეს წაკითხულს სახარებაში, ეშინოდა იოანესი და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდა არს, და სცვიდა მას, და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა, და ჯეროვნად ისმენდა მისსა ( მარკ. 6, 20) იოანე ნათლის-მცემლის მაგიერად, სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ამისთანა შემთხვევაში როგორ ისარგებლებდა და როგორ მოიქცეოდა? ათასნი მაგალითნი და ნამდვილნი შემთხვევანი აღგვიხსნიან ამას. როდესაც ვინმე დაუახლოვდება მეფეს, და შეიძენს მეფის ყურადღებასა და წყალობასა, მაშინ იგი სცდილობს, რომ ისარგებლოს ამ შემთხვევით თავის გამდიდრებისა და გამარლებისათვის; იგი სცდილობს, რომ ყოველთვის ასიამოვნოს მეფეს მოფერებითა, პირში ქებითა, არაოდეს არ ეტყვის მეფეს, რაც მას არ იამება; სამართალს იგი არ ეძებს, თუ იგი არ ეამება ხლმწიფეს. არა ესრედ მოიქცა ნეტარი იგი წინამორბედი იოანე. ხელმწიფის მოწყალება და ყურადღება მან თავ ის სასარგებლოდ არ მოიხმარა, მოფერებითა და ქებითა იგი თავს არ შეაყვარებდა მეფეს, არამედ პირდაპირ და უშიშრად უთხრა მას ყოველი სიმართლე. კარგად იცოდა იოანე ნათლის-მცემელმა, არა მტერობა და სიძულვილი აღენთებოდა ჰეროდეს გულში, როდესაც იგი აგონებდა მეფე ჰეროდეს, რომ არა ჯერ არს შენდა, რათა ცოლად გესვას ძმის ცოლი შენი; მაგრამ ამ შიშმა არ დაადუმა ენა მისი. აჰა, რა სულიერი ღონე ჰქონდა მას! ახლა მოაქციე ძმაო ყურადღება ჰეროდესკენ. ჰეროდე ჰხედვდა რა დიდი წინასწარმეტყველი და წმიდა კაცი არის იოანე ნათლის-მცემელი, იგი სიამოვნებით ისმენს მისსა სწავლასა და მრავალსა პატივსა სცემს მას, სჩანს, რომ მას არ ჰქონდა გული და სული სრულიად გაფუჭებული, მას არ უყვარდა ბოროტის მოქმედება და კაცის დაღუპვა; მაგრამ, როდესაც ბილწმა დედაკაცმა ითხოვა მისგან თავი იოანე ნათლის-მცემლისა, მაშინ თვისი უხასიათობით ვერ წინააღუდგა მისს თხოვნას.

ვისწავლოთ აქედგან, ძმანო ქრისტიანენო, რა დიდი უბედურება არის კაცისათვის, როდესაც მას არა აქვს მტკიცე ხასიათი და სულიერი ღონე. კაცი მტკიცე, სულიერად ღონიერი, ადვილად წინააღუდგება ყოველსა ბოროტს მოთხოვნილებას, და გამაგრდება ღვთის-მსახურებასა შიან, და პატიოსნებასა; კაცი უღონო და დაუდგრომელი, წარტაცებული არის ყოვლისაგან ცუდისა და წინააღმდეგის გარემოებისაგან; უღონო და უხასიათო კაცისათვის ყოველი ნიჭი, ჭკუა, სწავლა, სიმდიდრე ანუ უსარგებლო არის, ანუ მავნებელი, ვინაიდან იგი ამას ყოველსა ხშირად ხმარობს ცუდად. Kაცი უხასიათო თავის ნებას ვერასოდეს ვერ ასრულებს, არამედ სხვის ნებაზე იქცევა. ჰეროდე მეფე თვითონვე შესწუხდა, როდესაც ბილწმა დედაკაცმა მოითხოვა თავი იოანესი, მაგრამ მაინც აღასრულა მისი თხოვნა. ამაზე უცუდესი მოქმედება რაღა იქნება ქვეყანაზე? კაცი, რომელი თავის თავს არარ ეკუთვნის, თავის კარგს და პატიოსანს აზრს და სურვილს ვერ აღასრულებს, არამედ აჰყვება სხვის ცუდს, მავნებელს შეგონებასა, იგი შეიქმნება სათამაშო ყოვლისა მცბიერისა და მზაკვრისა მოყვასისა. მას აღარ გამოადგება არც ჭკუა თვისი, არც სწავლა, არც კეთილი მიდრეკილება და თვისება. რა ამაოდ არის თქმული: მოეც ღმერთო ძალა სიკეთესა ჩემსა. თუ ძალი და ღონე არა აქვს კაცსა, კეთილიც რომ იყოს, და ყოველთვის კეთილს ეძებდეს - მაინც ვერაფერს კეთილს ვერ აღასრულებს, არამედ იქმნება წარტაცებული ბოროტთა კაცთა მიერ, ვითარცა ჰეროდე მეფე ბილწისა მის ქალისაგან.

მისთვის, ძმანო ჩემნო, ვეცადოთ, რომ ადვილად, დაუკვირვებლად არ დავემორჩილოთ რჩევასა კაცთასა, ვიყვნეთ მტკიცენი, თვითმდგომარენი. თუ კი კეთილი აზრი და განზრახვა გაქვს გულში, რისთვისღა უჯერებ კაცსა, რომელი იმის წინააღმდეგს შეგაგონებს? რათ სცვლი შენს კეთილს იმის ბოროტში. მოეც ღმერთო, ძალი სიკეთესა ჩვენსა. ამინ.