წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კთ-სა კვირიაკესა ზედა

ხოლო აწ განიშორეთ თქვენცა... ყოველი უშვერი სიტყვა
პირისაგან თქვენისა... ნუ უტყუით ერთი ერთსა (კოლ. გ, ჱ, თ)

სხვათა ცოდვათა შორის, რომელთაგან გვაფრთხილებს ჩვენ დღეს წარკითხულსა სამოციქულოსა შინა წმიდა მოციქული პავლე, იგი ახსენებს ეგრედვე ცოდვათა მათ, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, განიშორეთ თქვენცა... ყოველი უშვერი სიტყვა პირისაგან თქვენისა, ნუ უტყუით ერთი ერთსა.

ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლინ მრავალ-ფერად და ხშირად შესცოდოს ღმერთსა. დიდი ყურად-ღება და მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმან, რომელსა ჰსურს განრინება ენით შეცოდებისა და კეთილად მართვა სიტყვათა თვისთა. წმიდა მოციქული იაკობ კათოლიკე ეპისტოლესა შინა თვისსა ვრცლად აღწერს ყოველთა ცოდვათა და ვნებათა ბოროტის ენისასა. იგი გვეტყვის ჩვენ, რომელ კაცი მრავალ-ფერად სცდება და ხშირად სცოდავს, გარნა ვინც არ სცოდავს სიტყვითა თვისითა, ვისაც შეუძლიან აღვირ-სხმა ენისა თვისისა, იგი არის სრული კაცი და შემძლებელი დამორჩილებად ყოველთა სხვათა თვისთა ვნებათა: ფრიად ვცდებით ყოველნივე; რომელნი სიტყვითა არა სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ-არს იგი აღვირ-სხმად ყოვლისავე გვამისა. (თ.გ,ბ). კაცი გვეტყვის იგივე მოციქული, აღვირ-უსხამს ცხენსა და ადვილად დაიმორჩილებს მას; ეგრედვე ადვილად ჰმართავს იგი მცირითა საჭითა დიდთა ნავთა წარმატებულთა ფიცხელთა ქართაგან: გარნა ენა მცირე ასო არს და დიდად მაღლოის. ენასა ბოროტსა იგი უწოდებს ცეცხლს და, ვითარცა მცირე ნაკვერცხალი აღაგზნებს დიდსა ცეცხლსა და დასწავავს დიდთა სახლთა, ეგრედაცა მცირე იგი ასო ხშირად მოახდენს დიდთა ვნებათა. ენასა ეგრედვე უწოდებს იგი სამკაულად სიცრუისა, ვინაითგან ენა ხშირად ესოდენ დაფარავს და შეამკობს სიცრუესა, რომელ მისცემს მას სახესა ჭეშმარიტებისასა; ენა, სიტყვისამებრ მისისა, შეაგინებს ხშირად მრთელსა გვამსა კაცისასა, იგი ჰმართავს ურმის თვალსა ჩვენისა ყოფა-ქცევისასა. კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა, მხეცთა და ფრინველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა; გარნა ზოგჯერ ვერ დაიმორჩილებს ენასა თვისსა; ორღანოითა მით, რომლითა აკურთხევს კაცი ღმერთსა, ხშირად სწყევლის იგი მოყვასს თვისა, რომელი შექმნილ-არს მზგავსად და ხატად ღვთისა, ერთისა და იგივე პირისაგან გამოვალს წყევა და კურთხევა. აჰა, ძმანო ჩემნო, ვითარითა სიტყვითა აღწერს წმიდა მოციქული ბოროტისა ენისა მოქმედებათა.

გარნა ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის განკითხვა ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებულ ჩვენ შორის, რომელ იგი თითქმის არავის არ მიაჩნია ცოდვად. არავინ არ ფიქრობს, რომელ სცოდავს, ოდეს იგი განიმეორებს და განავრცელებს მრავალთა ცუდთა ხმათა და ამბავთა, რომელნი მას ესმა სხვა და სხვათა კაცთა ზედა. რით ატარებენ დროებასა თვისსა სტუმრები ყოველთა სახლთა შინა? თითქმის მარტო მით, რომელ ანუ თვითონ მოიგონებენ, ანუ განიმეორებენ სხვა და სხვათა ცრუთა ამბავთა. ეს არის ფრიად შეყვარებული და სასიამოვნო გატარება დროებისა მრავალთა სახლთა შინა ჩვენის ქალაქისათა. დიდითა კმაყოფილებითა მოჰყვებიან სტუმრები ახალთა ამბავთა, არ დასტოვებენ არცა ერთსა კაცსა რომელზედაც არა სთქვან რაიმე ცუდი; ვერაფერი ვერ დაიფარავს კაცსა მათისა ენისაგან, არ დაზოგავენ იგინი არცა ხარისხსა, არცა წოდებასა, არცა ჰასაკსა, არცა საქმესა, არცა პატიოსნებასა; სინიდისი არ ამხილებს მათ; ჰფიქრობენ, რომელ ეს არის ერთი უბრალო, მიღებული საზოგადოებასა შინა დროების გატარება. გარნა ვკითხოთ მათ, რას ნიჰშნავს ის სიხარული და კმაყოფილება, რომლითა იგინი განაგრძელებენ სიტყვასა მათსა ყოველითა ცუდითა ამბავითა ყოველთა ზედა ნაცნობთა თვისთა? არა ნიჰშნავს, ეს, რომელ გული მათი არ არის კეთილ, რომელ მათ უხარიანთ, ოდესცა იგინი ჰხედვენ ცუდსა რასამე მოყვასისა შინა თვისსა. ოდესცა შენ, ძმაო ჩემო, ავად აჰხსენებ მოყვასსა შენსა, მაშინ შეეხები მისი სახელის პატიოსნებასა, გარნა არ გახსოვსა, რომელ პატიოსანი სახელი კაცისათვის არის პირველი და უდიდესი საუნჯე? - მე ხომ ტყუილს არ ვიგონებ, მეტყვის ვინმე, მე მხოლოდ განვიმეორებ, რაც მესმა სხვათაგან, ანუ რაიცა მე ნამდვილად ვიცი. არა, ძმანო, ეს არ განგამართლებს შენ. თუმცა სრულიად მართალი იყოს ის ხმა, რომელიც შენ გაიგონე, თუმცა მართლა ცუდი იყოს ის კაცი, რომელზედაც გაიგონე ცუდი ამბავი, მაინც ქრისტიანობრივმა სიყვარულმა და შებრალებამ უნდა დაადუმოს ენა შენი. მაგრამ არა! გული ხშირად გეტყოდა შენ, რომელ ის ამბავი, რომელიც შენ გაიგონე, სიცრუვე უნდა იყოს; ის კაცი, რომელსაც აბრალებენ იმ ცუდს საქმეს, არ არის ცუდი კაცი და არ იკადრებდა იმ საქმეს. გარნა შენ არ მიჰხედე მას, არამედ ცხადად გაგეხარდა გაგონება იმ ცუდის ხმისა, მაშინვე წასულხარ და კმაყოფილებით გითხრობია ყოველთათვის ის ამბავი. გარნა ესეც კიდევ ცოტა არის! ნეტავი მარტო მაინც ის გეთქვა, რაც შენ გესმა! მაგრამ არა: შენ კიდევ შენი დაუმატე იმ ამბავს, შენ გაავრცელე და შეამკე იგი, და აჰა-ესერა ენა შენი, სიტყვისაებრ წმიდა იაკობისა, იქმნა სამკაული სიცრუისა. მცირე იგი და არაფრით შესანიშნავი ხმა, რომელი შენ გესმა, მრავლითა დამატებითა და შემკობითა შენითა გარდაიქცა ერთ საშინელ და საზარელ ამბავად; მცირე ნაკვერცხალი შეიქმნა დიდ ცეცხლად, დამწველად შენის მოყვასის სახელისა. მიჰხედე და იგრძენ კიდევ ფარისევლობა შენი: თუმცა შენ ავად აჰხსენებ მოყვასსა შენსა, ცხად-არს, რომელ ამას იქმნ განგებ და გსურს მოაკლო იმ კაცს პატივის-ცემა და სიყვარული საზოგადოებასა შინა, გარნა ესრე მიჰფარავ სიტყვასა შენსა და ისრე მოაჩვენებ შენს თავსა, ვითომ შენ გწყენოდეს სმენა ამ ამბისა, არ გინდოდეს ცუდი რამე სთქვა იმ კაცზედ, ხანდისხან კიდეც აქებ იმ კაცს ფარისევლობით, გარნა ვინაითგან მრთელი ქვეყანა ამბობსო და მართალიც უნდა იყოს ეს ამბავიო, მეც არ შემიძლიან, რომ არ განვაცხადოვო.

საუბედუროდ შენ, როგორც სჩანს, არ ჰფიქრობ, თუ რა შეუდგება შენს ჭორსა და ავად ხსენებასა მოყვსისა შენისასა. იქმნება კაცი იგი, რომელსა შენ ავად ახსენებ, არის კაცი პატიოსანი და პატივცემული, ხოლო შენ ენითა შენითა მოაკელი მას პატივი; იქნება იგი არის სამღვდელო პირი, მას ჰყვანან მრავალნი შვილნი, რომელთა უყვარდათ იგი, რომელთა ჰქონდათ მას ზედა დიდი სასოება, რომელნი ესვიდენ მისგან მიღებად დიდისა სულიერისა მადლისა, გარნა ბოროტმან ენამან დაამცირა მათი სიყვარული, დაასუსტა სასოება მათი და იქნება სრულიად შეარყია მათი სარწმუნოება. ანუ, იქნება, შენ დააგდე ცუდი ხმა პატიოსანსა ქალსა ზედა, რომელსა ჰყავს მეუღლე, უვიან ძენი, ძმანი; არა მიმხედველი მისა, თუ ვითარი სიკვდილი არის ქალისთვის პატიოსანი სახელის მოკლება, თუ ვითარი უბედურობა და სიკვდილზე უარესი მწუხარება იქნება მისის მეუღლისა, მისთა შვილთა და ძმათათვის, ოდესაც იგინი გაიგონებენ მას ზედა ცუდსა ხმასა, გესლიანი ენა შენი მაინც ჰცდილობს შეასმინოს ყოველთა ცუდი რაიმე მას ზედა. ბოლოს, რავდენნი მოყვარენი მტრად გარდააქცია ენამან შენმან; რავდენ-გზის მეგობართა შორის დასთესა სიძულვილი და შური; და რავდენ-გზის შვილი განაშორა დედ-მამას. ძმა გადაამტერა ძმასა.

ვინ გადურჩება, ძმანო ჩემნო, განუკითხველი კაცსა, ბოროტის მეტყველსა? რას არ დააბრალებს იგი კაცსა, რაში არ აიღებს იგი ეჭვსა? თუ ნახა, რომ ვინმე ყოველ-დღე დადიოს ეკკლესიაში, უყვარს წირვა-ლოცვის სმენა, ერთგულად და მხურვალედ ვედრება ღვთისა, - ის ფარისეველი არისო, მოაჩვენებსო. თუ ნახა, რომ ვინმე არა ყოველთვის იარება ეკკლესიაში, - იმას ღმერთი არა სწამსო; სცდილობს თუ ვინმე სიმართლით მოიქცეს, ყოველსა კაცზედ მართალი სთქვას, იგი კაცის მოძულე არისო, იმას კაცის სიკეთე არა ჰსურსო; თუ შეიბრალა ვინმე და მოწყალება უყო, სიმართლე დაარღვიაო. მშვიდი და მდაბალი კაცი მას არ მოსწონს: სუსტი არისო, არაფერი არ შეუძლიანო, ჭკუაც აკლიაო; მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცი მას ეჩვენება სასტიკად და ფიცხელად. ერთი სიტყვით, ყოველს კაცს დაიწუნებს, ყოველს საქმეს გაამტყუნებს - მცირე არს ენა და დიდად მაღლოის.

დასასრულ, არ შემიძლია, არ დავუმატო, ძმანო ჩემნო, რომელ აქა თქმული თუმცა შეეხება ყოველთა კაცთა გარნა, უმეტესად და უმახლობელესად შეეხება ქალთა. იგინი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა განკითხვისა, ავად-ხსენებისა და ჭორისა. ზოგიერთის ქალისათვის თითქმის დღიური საზრდო არის ბოროტ-სიტყვაობა და ცუდად ხსენება მოყვსისა. არა მიმხედველნი მისა, რომელ ყოვლის ქალისათვის კეთილი სახელი უძვირფასეს არს თვით სიცოცხლისა, იგინი არა დასცხრებიან მოგონებად და გაგონებად ერთი მეორეზედ ცუდის ხმისა და ამბისა. მცირე ესე ჩვენი ქალაქი ადუღებულ არს გაუთავებელთა ჭორთა, ავად-ხსენებათა და ბოროტ-სიტყვაობათაგან.

გაფუცებ თქვენ, ქრისტიანენო, ნუ დაივიწყებთ, თუ რა დიდი ცოდვა არის ავად-ხსენება და განკითხვა მოყვასისა. დასასრულ სიტყვისა ამის გეტყვი თქვენ სიტყვათა მაცხოვრისათა და გთხოვ, კარგად გაიგოთ ჰაზრი მისი და არ დაივიწყოთ იგინი: კეთილი კაცი კეთილისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღებს კეთილსა, ხოლო ბოროტი კაცი ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღებს ბოროტსა; ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი.