წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა გ-სა კვირიაკესა ზედა, თქმული ქუთაისს ჩყჲბ-სა წელსა

ხოლო თქვენ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა
ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი
შეგეძინოს თქვენ (მატთ. ვ.ლგ.).

ჰაზრი, რომელიც გამოსთქვა მაცხოვარმან სიტყვათა ამათ შინა დღეს წარკითხულისა სახარებისათა, არის ფრიად უცხო და განსაკვირვებელი კაცობრივისა გონებისათვის. ჩვენ ყოველნი ესრეთ ვფიქრობთ, რომელ ვინც ეძიებს მხოლოდ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, ესე იგი, ვინც მხოლოდ ზრუნავს მისთვის, რათა აღასრულოს სახარება ქრისტესი, მიიღოს ღვთისაგან შენდობა ცოდვათა თვისთა და ესრეთ აცხოვნოს სული თვისი, იმ კაცმან უნდა დაივიწყოს ყოველი სოფლიური საქმე და უნდა წინადვე მზად იყოს და იცოდეს, რომელ ამ ქვეყანაში მას არ აქვს ნაწილი და იგი ვერ შეიძენს კეთილ-დღეობასა და ბედნიერებასა. გარნა, ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: ეძიებდით პირველად, - გვეტყვის იგი, სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის ღვთისა, ხოლო ყოველი სოფლიური საჭირო ნივთი, ესე იგი საჭმელი, სასმელი, შესამოსელი და სხვა, თავით თვისით და უადვილესად შეგეძინება თქვენ. უკეთუ უცხადესად გსურთ შეიტყოთ, რომელ ნამდვილად ეს ჰაზრი აქვსთ სიტყვათა ამათ, ვნახოთ რასა იტყვის მაცხოვარი უწინარესთა შინა მუხლთა დღეს წარკითხულისა სახარებისათა. ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მსახურებად. იტყვის უფალი; ესე იგი, უკეთუ ვინმე მრთელი თვისი ღონე და ცხოვრება შესწირა ზრუნვასა ამა სოფლისასა, მაშინ მისი უფალი და მბრძანებელი იქმნება სოფელივე და არა ღმერთი; მაშინ იგი ვერ ემსახურება ღმერთსა. შემდგომ მაცხოვარი იტყვის: ნუ ზრუნავთ სულითა თქვენითა, რაი სჭამოთ და რაი სვათ; ესე იგი ნუ იქმნება უმთავრესი თქვენი შრომა და მეცადინეობა საჭმლისათვის: ნუ ზრუნავთ და იტყვით, ანუ რა ვსვათ, ანუ რა ვსჭამოთ, ანუ რა შევიმოსოთ, რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ. წარმართთა საქმე იყო ფიქრი მხოლოდ საჭმლისა და სასმელის და შესამოსელისათვის; ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა... აწ ცხად არს, ძმანო ჩემნო, რომელ მაცხოვარი ნამდვილად იმას გვამცნებს და გვიბრძანებს, რათამცა უწინარეს და უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვზრუნავდეთ სასუფევლისათვის ღვთისა და უკეთუ ამას აღვასრულებთ, მაშინ სოფელსაცა ბედნიერება და კეთილ-მდგომარეობა უადვილესად შეგვეძინება ჩვენ, სასუფეველი ცათა საღმრთოისა წერილსა შინა ეწოდება კეთილსა და ქრისტიანულსა ცხოვრებასა; სიმართლე სასუფეველისა არის აღსრულება მცნებათა სახარებისათა და განმართლება, რომელსაცა მიიღებს სულისა წმიდისაგან კაცი, აღმასრულებელი სჯულისა ქრისტესისა; მაშასადამე, სრული ჰაზრი სიტყვათა ამათ, რომელთა ჩვენ აწ განვიხილავთ, არის ესრეთი: ყოველი, ვითარცა კერძოობითი, კაცი, აგრეთვე საზაოგადოება, ყოველი ქვეყანა და ყოველი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ შეიძინებს ამ სოფელშიც ბედნიერებას და კეთილდღეობასა, ოდესაც იგი წინაპირველად ეძიებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, ესე იგი კეთილ ცხოვრებასა, სახარებისამებრ.

ვითარ შესაძლო არს და რით განმართლდება სიტყვა ესე სახარებისა? ამ სახით: ყოველი გარეგანი მოძრაობა და მოქმედება კაცისა დამოკიდებულ-არს შინაგანსა თვისებასა და მიდრეკილებასა ზედა. უკეთუ შინაგანი კაცისა არ არის წესიერად და კეთილად დაწყობილი და განათლებული, მაშინ გარეგანიცა მისი მოქმედება არ იქნება წესიერად წარმართებული; ვისაც აქვს გონება და გული აღრეული და აღშფოთებული ცოდვათა და ვნებათაგან, მას არ შეუძლიან იყოს ბედნიერად და კეთილად მდგომარე ქვეყანასა ამას შინა; საფუძველი მშვიდობისა და ბედნიერებისა ამის სოფლისა არის მშვიდობა, სიმართლე და მართლ-მსაჯულება. სადაცა სუფევს უმართლობა და შფოთი, იქ კაცი ბედნიერი ვერ იქნება და ვერას შეიძენს დასამტკიცებლად ამისა და აღსახსნელად სიტყვათა მაცხოვრისათა წარმოვიდგინოთ ორი საზოგადოება, ანუ ორი სხვადასხვა ხასიათისა და ყოფაქცევის სოფელი; წარმოვიდგინოთ, რომელ ერთ სოფელში ცხოვრობენ კაცნი კეთილნი და ღვთის-მსახურნი, რომელნი ყოველ საქმეში იქცევიან სიმართლით, და ესრეთ კეთილად და წესიერად არიან ურთიერთსა შორის დაწყობილნი, რომელ ერთმეორეს არა თუ უშლის მოძრაობასა, შრომასა და ცხოვრებასა, არამედ ეხმარება, ხელს უწყობს. შემდგომ წარმოვიდგინოთ, რომელნი მეორე სოფელში ცხოვრობენ კაცნი ცუდნი, უმართლონი, მოჩხუბარნი, მეშფოთენი, რომელნი ურთიერთა აწუხებენ და სდევნიან შურითა და მძლავრობითა; ერთი სიტყვით, ესრეთ ცუდად არიან განწყობილნი, რომელ ერთი მეორეს ყოველ საქმეში აბრკოლებს, უშლის, მრთელი მათი დროება და ღონე ილევა ჩხუბში და დავაში; - ამ ორთა სოფელთაგან რომელსა შინა იქმნება კაცი უმეტესად ბედნიერი და კეთილ-მდგომარე? ცხად არს, რომელ პირველსა სოფელსა შინა; იქ უადვილესად ძალ-უძს მას, რათა შეიძინოს საჭმელიცა, სასმელიცა და ყოველი ქვეყნიური საჭირო ნივთი; ხოლო მეორესა სოფელსა შინა კაცი არა თუ ვერ შეიძენს რაიმეს, არამედ ადვილად დაჰკარგავს მშვიდობასა და ბედნიერებასა.

გარნა, რაც ახლა ჩვენ მხოლოდ მაგალითად წარმოვიდგინეთ, ეს ნამდვილად წარმოებს და მართლდება ყოველსა ქვეყანასა ზედა წინაშე თვალთა ჩვენთა.

ვიცით, რომელ აწმყოს ჩვენს დროებაში, არიან მრავალნი სახელმწიფონი; რომელნიმე მათგანნი აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, გარნა სხვანი არიან ძველითგანვე ურწმუნონი, კერპთმსახურნი, ანუ მაჰმადიანნი. რომელთა სახელმწიფოთა შინა არის ახლა უმეტესი განათლება, წარმატება, კეთილ-დღეობა და ბედნიერება? ყოველი დიდება და აღმატება არის ახლა ხელთა შინა ქრისტიანეთასა; ხოლო ურწმუნოთა სამფლობელონი არიან დაცემულნი და დაბნელებულნი; და უმეტესად ყოველთა არის დაცემული და მოკლებული ყოვლისა სიკეთისა და წარმატებისაგან, ვითარცა ჩვენ ცხადად ვხედავთ თვალითა ჩვენითა, სახელმწიფო იგი, რომელიცა არის მდებარე მახლობლად ჩვენის ქვეყნისა. ხოლო ვინც ღრმად განიზრახავს, თუ რაი არს მიზეზი ბედნიერებისა პირველთა და უბედურებისა მეორეთა, იგი სცნობს, რომელ პირველნი გაბედნიერდენ მისთვის, რომ დააფუძნეს მოქალაქობა თვისი და განათლება სასუფეველსა ზედა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, ხოლო სხვათა არ მიიღეს სიმართლე ესე.

გარნა რაისთვის მოგვყავს ჩვენ ესრეთნი შორეულნი მაგალითნი? შენ შეგიძლიან, ძმაო ჩემო, თვით აქ, ამ ქვეყანაშივე, გარემოს შენსა, ნახო მრავალი მაგალითი, დასამტკიცებლად სიტყვათა მაცხოვრისათა: ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა... შეგიძლიან წარმოიდგინო რომელნიმე გვარნი და ოჯახნი, გაბედნიერებულნი ჩვენ ქვეყანაში ერთითა მხოლოდ თვისითა შრომითა და ღვთის-მოყვარებითა და სიმართლითა; გარნა სხვანი რომელნიმე სახლნი და გვარნი ცხადად წახდენილნი და დაცემულნი მხოლოდ მით, რომელ იყვნენ არა მართალ, არამედ მტაცებელ და ბოროტ. აგრეთვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საზოგადო მდგომარეობა ჩვენი და ჩვენი წინაპართა. საზოგადოთ უნდა ვსთქვათ, რომელ ჩვენ, მცხოვრებნი, ამა ქვეყნისანი, ვერა ვართ ისრეთ ბედნიერნი და კეთილ-მდგომარენი, ვითარცა შეეფერება ჩვენს მშვენიერსა ბუნებასა და ქვეყანასა ჩვენსა. რისთვის? მისთვის, რომელ, საუბედუროდ, გვაქვს ხასიათი ცუდი, არა ვართ კეთილად განწყობილი ურთიერთას შორის, არა სუფევს სიმართლე საქმეთა შინა ჩვენთა, ვაწუხებთ ერთი მეორესა სიძულილითა და ჩხუბითა, შური და მძლავრობა დიდად უფლებს და უძღვის საქმეთა ჩვენთა; არა ვეძიებთ სიბოროტესა. აგრეთვე ძველნიცა მოთხრობანი ქვეყნისა ჩვენისა ცხადად გვაჩვენებენ, თუ ვითარ შეწუხებულ იყო ქვეყანა ჩვენი მაშინ, როდესაც იყო შფოთი, შური და სიძულილი ჩვენ შორის; გარნა ვითარი იყო ქვეყანასა შინა ჩვენსა მშვიდობა და ბედნიერება მაშინ, ოდესცა, წინამძღოლნი რომელთამე ღვთის-მოყვარეთა მეფეთა და სულიერთა მამათაგან, წინაპარნი ჩვენნი ეძიებდენ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა.

და ესრეთ, ძმაო ჩემო, უკეთუ ბრძანებითა ღვთისათა არ შეიყვარებ სიმართლესა და კეთილ-მსახურებასა, შენმა საკუთარმა სარგებლობამ მაინც შეგაყვაროს იგი. იცოდე, რომ კაცი იგი არ არის ბედნიერი, რომელსა არ უყვარს სიმართლე და ღმერთი; არ არის წარმატება და კეთილ-მდგომარეობა სოფელსა მას შინა, ანუ საზოგადოებასა. სადაცა სუფევს სიმართლე და რომელიცა არა ეძიებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. გახსოვდეს, რომელ საფუძველი ქვეყნიერისა საზოგადო კეთილ-დღეობისა ის არის, რომ საზოგადოებაში ერთი მეორეს არ უშლიდეს ცხოვრებასა, არ უბრკოლებდეს მოქმედებასა. იცხოვრე შენც და ნურც სხვას უშლი ცხოვრებას! აჰა კანონი კეთილგანათლებულთა საზოგადოებათა, გარნა ჩვენ ქვეყანაში, საუბედუროდ, სხვა გვაქვს კანონი. აქ ყოველი კაცი თითქმის ესრედ ფიქრობს: არც მე მქონდეს და არც სხვასაო; ნურც შენ იცხოვრებ, ნურც სხვას აცხოვრებო, - საშინელ არს ჩვეულება ესე ჩვენი! ამისთვის მტკიცედ და მარადის გვახსოვდეს სიტყვა უფლისა: ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ამინ.