წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება გ-სა კვირიაკესა ზედა

ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა
ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი
შეგეძინოს თქვენ (მატთ. ვ, ლგ.).

სიტყვათა ამათ შინა, ძმანო ქრისტიანენო, მაცხოვარი გვასწავებს ჩვენ, რათა პირველი და უმთავრესი ზრუნვა და მეცადინეობა ჩვენი ქვეყანასა ამას შინა იყოს შეძინება ღვთის სასუფევლისა და სიმართლისა მისისა; ხოლო სხვა ყოველი, რაიცა არს საჭირო ჩვენისა ხორციელისა ცხოვრებისათვის, თავის თავად და უადვილესად მოგვეცემა ჩვენ გამოვიკვლიოთ დღეს, რაი არს სასუფეველი ღვთისა? სად უნდა ვეძიებდეთ მას და რა სახით? და რა სახით შეიძლება, რომ თვით ღვთის სასუფევლისა და სიმართლისა მისისა შეძინებამ გაგვიადვილოს და შეგვეწიოს პოვნასა შინა ქვეყნიერის კეთილ-მდგომარეობისა და ბედნიერებისა?

სასუფეველი ღვთისა, ძმანო ქრისტიანენო, არის ის ჭეშმარიტება, სიმართლე, სიწმიდე და სათნოება, ანუ ის სულიერი, წმიდა და მადლიანი ცხოვრება, რომელიცა სიტყვით გვასწავა და საქმითაც გვაჩვენა მაცხოვარმან ჩვენმან, და შემდგომად მისი გვასწავეს და გვაჩვენეს ყოველთა მისთა, მადლით მოსილთა წმიდათა. ესრეთ აღწერს თვით საღმრთოცა წერილი სასუფეველსა ღვთისასა! სად არის ეს სასუფეველი ღვთისა? იგი არს, ვითარცა შინაგან კაცისა გულსა და სულსა მისსა, ეგრეთვე გარეგან მისსა, საქმეთა შინა კაცთასა. სასუფეველი ღვთისა შინაგან კაცისა არის მსგავსება და ხატება ღვთისა, რომლითა თვით ღმერთმან შეამკო ბუნება კაცისა ჟამსა დაბადებისა მისისასა. თუმცა აწ ბუნება კაცისა არს ფრიად დაცემულ, მსგავსება და ხატება ღვთისა ცოდვათაგან ფრიად დაბნელებულ, გარნა ახლაცა ყოველ კაცს აქვს რომელიმე კვალი და თესლი ღვთის ხატებისა, ანუ ღვთის სასუფეველისა. მართალია, ცოდვამან მოიპოვა დიდი ძალა და მოქმედება ბუნებასა ზედა კაცისასა, გარნა მაინც ქვეყანაზედ არ იპოვება ისრეთი კაცი, რომელმანც არ იცოდეს განრჩევა შორის ცოდვისა და მადლისა, სიცრუისა და სიმართლისა. ყოველი კაცი ხშირად სცოდავს, გარნა, ვგონებ, ისრეთი ადამიანი არ იპოვება ქვეყანაზედ, რომელსაცა თავის ჰაზრში და გრძნობაში მაინც სიმართლე და მადლი არ ერჩიოს სიცრუესა და ცოდვასა. თვით უკანასკნელი და ყოვლადვე განრყვნილი, ყოველ ბოროტებაში გამოსული კაცი რომ მოვიყვანოთ მაგალითად, ისიც კი ზოგჯერ გრძნობს მწუხარებასა თავის თავზედ; მაშასადამე კაცის ბუნებაში ახლაც არის თესლი ღვთისა სასუფეველისა, და ყოველი კაცი პირველად თავის სულში და გულში უნდა ეძიებდეს სასუფეველსა ღვთისასა. რადგანაც საკუთარი შენი სინიდისი და ჭკუა, ძმაო ჩემო, გაგრძნობინებს შენ, რომელ სიმართლე უმჯობესია უმართლოებაზედ, სიწმიდე უწმიდურობაზედ, მადლი ცოდვაზედ, აქედან იწყე ძებნა და შეძენა ღვთის სასუფეველისა. რა სახით? ესრეთ, რომელ შეითვისე ის საღმრთო გრძნობა, რომელიც დანერგა ღმერთმან შენ გულში, გააღვიძე იგი, აღაორძინე, გაადიდე საკუთარითა შენი მეცადინეობითა. მცირე ნაპერწკალი, უკეთუ კაცი ეცადა, აღაგზნებს დიდსა ცეცხლსა. მცირე იგი და სუსტი გრძნობა სიმართლისა და მადლისა მეცადინეობითა აღეგზნება დიდ ცეცხლად და განანათლებს მრთელსა შენს ბუნებასა. მრავალნი ღონისძიებანი მოგცა შენ მაცხოვარმან დიდისა ამის საქმისათვის; იგი მისთვის მოვიდა და განკაცნა, რათა აღაგდინოს შენში ხატი ღვთისა; მან მოგანიჭა საღმრთო სჯული, საღმრთო წერილი, - უკვდავნი მდინარენი ცხოვრებისა და ნათლისა.

გქონან შვიდნი საიდუმლონი, შვიდნი წყარონი საღმრთოისა მადლისანი; ლოცვა, წირვა, მარხვა და ყოველნი ეკკლესიურნი წესნი; იხმარე ესენი და მათ მიერ აღაშენებ სასუფეველსა ღვთისასა ბუნებასა შინა შენსა.

გარნა სასუფეველსა ღვთისასა უნდა ვეძებდეთ აგრეთვე გარეშე ჩვენსა, საქმეთა შინა ჩვენსა და მოყვასთა ჩვენთასა. - რას ნახავ, ოდესცა შეხედავ და გასინჯავ ადამიანის ცხოვრებას ამ ქვეყანაზედ? ნახავ, რომ ცოდვა და მადლი, სიმართლე და სიცრუე არიან თითქმის არეულნი და გადაბმულნი ურთიერთა შორის; ცხოვრება ადამიანისა ბრუნავს, ვითარცა ურმის თვალი, და მასთანავე ბრუნავენ და იძვრიან ქვეყანაზედ ცოდვა და მადლი. შენზედ არის დამოკიდებული, ძმაო, რომელ კერძოს აღირჩევ და ვის ემსახურები. უკეთუ გსურს შეძინება ღვთის სასუფეველისა, ყოველ საქმეში აღმოირჩიე მართალი კერძო. სადაცა ხედავ მადლსა, იქ იყოს გული და სული და ხელიცა შენი: შეეწიე განძლიერებასა ღვთის სიმართლისასა კაცთა შორის; იცოდე, რომელ თუ გაძლიერდა იგი მოყვასთა შორის შენთა და მახლობელთა, შენთვისცა დაშთება ესე სასარგებლოდ, შენც გაკეთდები ამით.

ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ.

ახლა ის უნდა გამოვიკვლიოთ, ძმანო ჩემნო, თუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულს-მოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, მაშინ ამ სოფლის ცხოვრებაც გაუდვილდება მას და შეიქმნება უმჯობესი. რა კავშირი აქვს ორთა ამათ საგანთა, ესრედ დაშორებულთა, ესე იგი სასუფეველსა ღვთისასა და ხორციელსა კეთილ-დღეობასა და ბედნიერებასა, ანუ რისთვის სთქვა უფალმან: ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ! დიდი და მიუცილებელი კავშირი არის, ძმანო, ორთა ამა საგანთა შორის: პირველად, ეს უეჭველია, და ყოველმან კაცმან იცის, რომელ კაცის ამ ქვეყანაზედ კმაყოფილება და კეთილ-მდგომარეობა დამოკიდებული არს თვით მის ჭკუაზედ, შრომაზედ და მეცადინეობაზედ. თუ ვისმე ამ ქვეყანაზედ აქვს სიმდიდრე, პატივი, ბედნიერება, უთუოდ ან თვით მან შეიძინა ესენი თვისითა შრომითა და მეცადინეობითა, ან შეიძინეს მისთა წინაპართა და გარდამოსცეს მას. გარნა კაცის შრომა და მეცადინეობა არაოდეს არ იქმნება ნაყოფიერ და სასარგებლო, უკეთუ იმ კაცს არა აქვს გულში ღვთის სასუფეველი, ესე იგი არა აქვს დამშვიდებული, კეთილი და მართალი ხასიათი. გარეგანი წარმატება და ნაყოფიერება კაცის შრომისა ყოველთვის დამოკიდებული არის შინაგანსა მისსა თვისებასა ზედა. თუ თავისი საკუთარი ხასიათი ვერ აღაშენა კაცმან და ვერ დააწყო კეთილად, არამედ აქვს იგი ყოველთვის აღელვებული და მოუსვენებელი, როგორ აღაშენებს იგი თვისსა ხორციელსა კეთილდღეობასა? მეორედ ეს გასინჯე და წარმოიდგინე, ძმაო: რა მიზეზი დააბრკოლებს და კიდეც დაარღვევს ქვეყანაზედ კაცის კეთილდღეობასა და ბედნიერებას? ვგონებ, ყოველი კაცი დამეთანხმება ამაში, რომელ პირველი კაცის ბედნიერების დამარღვეველი მიზეზი არის ცოდვა, ვნება, უსამართლობა. როგორ შეიძლება, რომ ის კაცი იყოს წარმატებული და ბედნიერი, რომელსაც თვითონაც ცუდი ხასიათი აქვს და ჰსცხოვრებს კაცთა შორის, ცუდის ხასიათისა მექონთა? დასამტკიცებლად მისა, თუ ვითარი დამოკიდებულება აქვს ხორციელსა ბედნიერებასა და სულიერსა მადლსა, ანუ ღვთის სასუფეველსა, მიაქციეთ ყურადღება, ძმანო ქრისტიანენო, თვით მდგომარეობასა ზედა ჩვენის ქვეყანისასა. ყოველმა კაცმა იცის ეს და ყოველი აქაური მცხოვრები აღიარებს, რომელ უმთავრესი მიზეზი ჩვენის სიღარიბისა, სისაწყლისა და მწუხარებისა არის თვით ჩვენი ხასიათი, ცუდად აშენებული და ცუდად დაწყობილი. თუ კარგად გასინჯავ და დაუკვირდები აქაურ ცხოვრებას, მაშინვე დარწმუნდები, რომელ ვისაც ჩვენს ქვეყანაში აქვს მცირედი ბედნიერება და შეძლება, ანუ დაბიურად რომ იტყვიან: „ვისაც ცოტაოდენი სული უდგას“, ის უთუოდ ისრეთი კაცია, რომელსაც არ უყვარს დაუსრულებელი დავა და ჩივილი, არამედ უყვარს შრომა და მეცადინეობა, სხვისას არაფერს არ ეძიებს და არ ეხარბება, არამედ ჰცდილობს, რომ თავის ხელით შეიძინოს რაიმე; წინააღმდეგ ამისა, რავდენნი არიან ჩვენს ქვეყანაში დასაწყლებულნი და დაღარიბებულნი მხოლოდ მით, რომელ თავისი სიცოცხლე გაუტარებია ჭორით, დავით და საჩივრებით, არ სცდილობენ პატიოსნითა შრომითა და მოღვაწებითა შეიძინონ რაიმე, არამედ ყოველთვის იმას უყურებენ, ვის რა გამოსტყუონ და გამოჰგლიჯონ. ერთი სიტყვით, არ არიან მეძებელნი ღვთის სასუფეველისა, არამედ, ვითარცა წარმართნი, ჰგონებენ, რომელ შესაძლებელი არის შფოთსა და უსამართლოებასა ზედა აშენება ბედნიერებისა.

ბოლოს ამას ყოველსა ის ჰაზრიც დაურთე, ძმაო ჩემო, რომელ კიდევ ერთი მიზეზი ამ სოფლის მწუხარებისა და უბედურებისა არის ნამეტანი სიხარბე კაცის გულისა, ვინაითგან იგი არ არის კმაყოფილი მით, რასაც ღმერთი მისცემს მას, არამედ მარადის მწუხარებით ეძიებს სიმდიდრესა. უმეტესსა კერძოსა კაცთა შორის ისეთი ხასიათი აქვს, რომელ თუმცა-ღა აქვს საკმაო ასზრდო, საჭმელი და სასმელი, გარნა მაინც სწუხს, ჰზრუნავს და ჰშფოთავს თავის გულში ხვალისათვის, ხშირად ჰფიქრობს: რა ვსჭამო, რა ვსვა, რით შევიმოსო, როგორ გამოვზარდო ცოლ-შვილი. ხოლო ზოგიერთსა, თუმცა-ღა აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდეს, გარნა თუ სიმდიდრესა მისსა კიდევ ყოველდღე არ ემატება, ანუ თუ ვინ იცის, რომლითამე შემთხვევითა მცირედი რაიმე მოაკლდა, მაშინ იგი შთავარდება მწუხარებასა შინა დიდსა. ესრეთი სიხარბე არის მიზეზი დამაბრკოლებელი ჩვენის სულიერის მშვიდობისა და მოსვენებისა; გარნა ვინც არის მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, ის აღარ იქმნება ესრეთი სულ-მოკლე მსასოებელი ღვთის შეწევნისა, იგი მუშაობს, ჰსცდილობს და, რასაც ღმერთი მისცემს, მით არის კმაყოფილი და ჰმადლობს ღმერთსა. სიღარიბე, ნაკლულევანება, მწუხარება მას არ შთააგდებს სასოწარკვეთილებასა შინა, მისთვის, რომელ მისს გულში მარადის მომდინარეობს წყარო მშვიდობისა და ნუგეშისა, ესე იგი, სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი, რომელიც ღმერთმან მოგვცეს ჩვენ ყოველთა. ამინ.