წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა გ-სა კვირიკესა ზედა

ვერ-ვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად; ანუ
ერთი იგი მოიძულოს, და სხვა იგი შეიყვაროს,
ანუ ერთისა მის თავს იდვას, და ერთი იგი შეურაცხ-ჰყოს.
ვერ ხელეწიფების ღვთისა მონებად და მამონასა (მათ. ვ. კდ).

სიტყვათა ამათ შინა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამხილებს ქრისტიანეთა მათ, რომელნი არიან დაუდგრომელნი და შერყეულნი მსახურებასა შინა ღვთისასა; ერთს წამს არიან ერთგულნი და მხურვალენი გულითა ღვთის-მსახურებასა შინა, ხოლო მეორე წამს წარიტაცებიან სოფელსა ამის სიყვარულითა. აქვსთ სურვილი, რათა აღასრულონ მცნება ღვთისა, გარნა ხშირად დაემონებიან მამონასა, ერთი სიტყვით, ჰცდილობენ შეაერთონ ღვთის-მსახურება და მამონისა მონება.

აწინდელნი ქრისტიანენი ცხოვრებისამებრ თვისისა განიყოფიან სამ-ნაწილად. ერთი კერძო, სამწუხაროდ ჩვენდა, ფრიად მცირე, სრულებით და განუყოფელად ეკუთვნის ღმერთსა, მარად-ჟამს ჰფიქრობს ღვთის-მსახურებასა ზედა, ერთგულად და შეურყევლად ასრულებს საღმრთოსა მოვალეობასა თვისსა. ზოგიერთნი ქრისტიანენი, რაკი ერთხელ გადასწყვიტეს გულსა შინა თვისთა მსახურება ღვთისა, რაკი მიანდვეს თავი თვისი განგებასა ღვთისასა, მიუცილებლად ჰზრუნავენ მხოლოდ მისთვის, რათა სათნო-ეყონ ღმერთსა. რასაკვირველია, ხანდისხან ისინიც შთავარდებიან ცოდვასა შინა. ვიდრემდის კაცი ჰსცხოვრებს ქვეყანასა ზედა, არ შეუძლიან სრულიად უცხო ჰყოს თავი თვისი ცოდვისაგან; - გარნა მაშინვე აღსდგებიან და უმეტესითა ერთგულებითა კვალადვე იწყებენ მსახურებასა ღვთისასა. ესენი შეადგენენ ნაწილსა და სამკვიდრებელსა ღვთისასა; საღმრთო წერილში ამათ ეწოდებათ: მარილი სოფლისა, ნათელი ქვეყანისა, თესლი წმიდა, რჩეული ღვთისა, ძე სასუფევლისა და სხვანი სანუგეშო სახელნი. გარნა არა ამათთვის სთქვა მაცხოვარმან: ვერ ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად... ამათი უფალი და მეუფე არის ერთი მხოლოდ მაღალი ღმერთი და არ მიეწერება მათ ეს სიტყვა უფლისა.

მეორე ნაწილი ქრისტიანეთა არის სრულიად სხვა სახისა და წინააღმდეგისა ყოფა-ქცევისა. ზოგიერთთა ქრისტიანეთა მხოლოდ სახელად ეწოდება ქრისტიანე, გარნა ქრისტესა ღმერთსა იგინი სრულებით არ ემონებიან. იგინი ჰფიქრობენ მხოლოდ ამ სოფლისათვის, იგინი პატივს-ჰსცემენ და ემსახურებიან მხოლოდ მამონასა; გული მათი სრულიად გრილ-არს ღვთის-მსახურებაზედ, მათი უფალი და ბატონი არის მხოლოდ მათი თავი და სოფელი ესე; არცა ამათთვის სთქვა უფალმან ვერ ხელეწიფების ღვთისა მონება და მამონისა, ვინაითგან მათ გულში არღა არის რყევა და დაუდგრომელობა, არამედ დიდი ხანია გარდასწყვიტეს მათ დატევება ღვთისა და მსახურება მამონისა; იქმნება გარეშეობითა და სიტყვითა კიდევ ჰფარავდენ იგინი განდრეკასა და ღალატობასა ღვთისასა, გარნა სული მათი აღარ ეკუთვნის ღმერთსა. იმათზედ შეიძლება მხოლოდ ვევედრნეთ ღმერთსა, რათა დაალბოს გული მათი და მიაქციოს იგინი უფლისა მათისადმი...

ბოლოს, მესამესა და უმრავლესსა ნაწილსა ქრისტიანეთასა შეადგენენ ისინი, რომელნი ირყევიან შორის ორთა უფალთა, ღვთისა და მამონისა, რომელთა, თუმცა ჰსურთ მონება ღვთისა, გარნა ვერ გადუგდიათ უღელი მამონისა. ამათ ეტყვის უფალი: ვერ ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად.

ეს დაუდგრომელობა და რყევა არის დიდი ნაკლულევანება აწინდელთა ქრისტიანეთა. ოდესმე ძველს აღთქმაში, ურიათა შორის განვრცელდა კერპთ-მსახურება; უკეთურმან ისრაიტელთა მეფემან, აქაზმან, აღმართა დიდი კერპი, რომელსა უწოდა ბაალ, და იწყო მსახურება მისი და უბრძანებდა ისრაიტელთა, ქვეშევრდომთა თვისთა, მსახურებასა, მსხვერპლის შეწირვასა მისდამი; გაჰჩნდა ერთი დიდი რყევა და იჭნეულობა შორის ურიათა: არ იცოდენ მრავალთა, რა ექმნათ, შიშისაგან მეფისა თაყვანის-ჰცემდენ ბაალსა, გარნა საიდუმლოდ არა უტევებდენ მსახურებასა ჭეშმარიტისა ღვთისასა. ამ ჟამად ღმერთმან მიუვლინა მათ დიდი წინასწარმეტყველი ილია. ამან შეჰკრიბა ყოველი ერი, წარსდგა წინაშე მეფისა და სთქვა: ვიდრემდის ჰკელობთ თქვენ ორითავე კოჭითა თქვენითა? უკეთუ არს უფალი ღმერთი, მისა ვიდოდეთ უკანით (მეს. წ. მეფ. თ, იჱ, კა.). ესე იგი, დაბიურად რომ ვსთქვათ: როდემდის უნდა ჰკოჭლობდეთ თქვენ ორთავე ფეხებითა? უკეთუ არის ქვეყანაზედ ჭეშმარიტი ღმერთი, მას ემსახურეთ. ეგრედვე უნდა უთხრათ ქრისტიანესა მას, რომელსა ჰსურს მსახურება ღვთისა და მამონისა: უკეთუ შენ, ძმაო ჩემო, გიცნობია უფალი იესო ქრისტე; უკეთუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, მხსნელი და მაცხოვარი, მაშასადამე, მას მხოლოდ ემსახურე და მისი მხოლოდ ისმინე. რისთვისღა ემონები სოფელსა? რისთვისღა ჰფიქრობ, რომ შეგიძლიან მონება ღვთისა და მამონისა?

ამაზედ ვგონებ შენ მიპასუხებ: მე სწორედ მსურს მონება ღვთისა და მსახურება, და შეძლებისამებრ ჩემისა კიდეც ვემორჩილები უფალსა; გარნა რა ვქმნა და რა სახით შევიძლო გარდაგდება ამ სოფლის უღლისა? საჭიროებანი ხორცისა ჩემისანი მაიძულებენ, ვიფიქრო ამ სოფელზედაც, დავემორჩილო სოფლისა ამის ჩვეულებასა, ვიზრუნო და ვიღვაწო ხორციელისა ცხოვრებისათვის. - გარნა, ძმაო ჩემო, უფალი არ მოითხოვს შენგან, რომ დაუტევო ყოველი ზრუნვა და ფიქრი სოფლიური; სხვა არს ზრუნვა და ფიქრი ხორციელისა ცხოვრებისათვის და სხვა არს მონება სოფლისა. უფალი მოითხოვს შენგან - არ დაემონო სოფელსა ანუ მამონასა ისრეთ, ვითარცა ღმერთსა; უფალი და ბატონი შენი იყოს მხოლოდ ღმერთი, თაყვანისცემა შენი და პატივისცემა ეკუთვნოდეს მხოლოდ ღმერთსა. გარნა რაოდენ-გზის მომხდარა და მოხდება, რომ უმეტესად პატივის-ჰცემ მამონასა, ვიდრემდის ღმერთსა? ერთი ანუ ორი მაგალითი სრულიად აღხსნის და დაამტკიცებს ამ ჰაზრსა. ვსთქვათ მაგალითებრ: დღეს არის კვირადღე, ესე იგი, ის დღე, რომელიცა ჩვენ ძველის და საღმრთოისა ჩვეულებისამებრ უნდა მოვიხმაროთ ღვთის მსახურებაზედ. ამ ჟამად კეთილნი და ღვთის ერთგულნი ქრისტიანენი არიან ტაძარსა შინა ღვთისასა და ისმენენ სიტყვასა მისსა, გარნა ვინც ეს დღე ნაცვლად ეკკლესიისა წარვიდა სხვა რომლისამე შემთხვევისათვის, ანუ გვიან ადგა ძილით-გან და ვერ მოასწრო წირვასა, ცხად-არს, რომელ მან უმეტესი პატივიცა მამონასა, ვიდრე ღმერთსა. ანუ სხვა მაგალითს გეტყვი: როდესაც შენ, ძმაო ჩემო, მოგებისათვის სიცრუეს იტყვი, მოატყუებ ვისმე, მიითვისებ, რაც შენ არ გეკუთვნოდა, ცხად-არს, რომელ შენ დაარღვიე მცნება ღვთისა, უღალატე ღმერთსა და დაემონე მამონასა.

შეიძლება, ძმანო ჩემნო საყვარელნო, კაცმა ამ სოფელში ყოველი თვისი სოფლიური საქმე ისრედ დააწყოს, რომ ყოველი მისი შრომა და მოქმედება გადაიქცეს ღვთის-მსახურებად; ისიც შეიძლება, რომ ყოველი მისი ცხოვრება იყოს მსახურება და მონება მამონისა. ვაჭარი, რასაკვირველია, თავის გამდიდრებისათვის ვაჭრობს და იღწვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სიმართლით და პატიოსნებით, სიმდიდრეში არ არის ამპარტავანი, სიღარიბეში არ არის სულ-მოკლე, არამედ ესავს უფალსა, მონაგებისაგან თვისისა განუყოფს რასმე გლახაკსა და ობოლსა, - ვაჭრობა მისი შეირაცხება ვითარცა მსახურება ღვთისა. ჩინოვნიკი ემსახურება და შრომას სწევს ჯამაგირისათვის და ჯილდოსათვის, გარნა უკეთუ იგი ემსახურება სიმართლით და პატიოსნებით, მსახურება მისი შეირაცხება, ვითარცა მსახურება ღვთისა. ყოველი ქალი, ოჯახის დედა, იღწვის, ჰზრუნავს და არის მოთმინებაში მისთვის, რათა ააშენოს ოჯახი, გაზარდოს შვილნი თვისნი; ამით იგი ასრულებს ბუნებითსა წესსა; გარნა შრომა ესე და მოთმინება შეერაცხება მას, ვითარცა ღვთის-მსახურება. აჰა რას იტყვის მოციქული პავლე: ჰსცხონდების დედაკაცი შვილთა-სხმისაგან, უკეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყვარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა (ა. ტიმ. ბ,იე). შინაური ყმა, ანუ მოსამსახურე ემსახურება ბატონსა თვისსა, გარნა უკეთუ იგი ემსახურება ერთგულად და გულწრფელად, ვითომც ღვთისათვის უმსახურნია. და ესრედ ყოველი კაცი ყოველსა საქმესა შინა. ყოველსა, რასაცა იქმოდეთ, - გვასწავებს მოციქული პავლე სიტყვით, გინა საქმით, ყოველსავე - სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა, მადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ. ანუ კვალად იგივე მოციქული სწერს: ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლ. გ. იდ. კ). ერთი სიტყვით, ვინც იქცევა სიმსრთლით, გულწრფელად, ვისაც ღმერთი ახსოვს და აქვს სინიდისი, იგი არის ღვთის მსახური და ღვთის მონა, გარნა ვინც არის უმართლო, ცუდის ხასიათისა, მცონარე, მეშფოთე, მოძულე, იგი ემონება მამონასა და არა ღმერთსა, რომელთაგან პირველი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან და მეორე განაშოროს ჩვენგან. - ამინ.