წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო
ეკლესიასა შინა მესამე მცნებაზედ

არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა.

ვინც დაუკვირდება ცხოვრებასა და ზნეობასა აწინდელთა ქრისტიანეთასა, ის დაინახავს, რომელ, თუმცა, ღვთის მადლით და შეწევნით, არა მცირედნი მათ შორის არიან დიახ ღვთის მოყვარენი, და ცდილობენ აღსრულებას მცნებათა ღვთისათა. გარნა უმრავლესნი მათგანნი ერიდებიან მხოლოდ დიდ-დიდთა სულის მომაკვდინებელთა ცოდვათა. ხოლო, სამწუხაროდ, სრულიად არ ერიდებიან ისრეთთა ცოდვათა, რომელნი მათ, შეცდომით მიაჩნიათ მცირე ცოდვად. მაგალითებრ, ურიცხვნი არიან აწინდელთა ქრისტიანეთა შორის, რომელნი არა თუ ყოველ დღეს, არამედ თითქმის ყოველ წამს არღვევენ ზემო მოყვანილსა მესამესა მცნებასა ღვთისასა, მისთვის, რომ დარღვევა მისი არ მიაჩნიათ დიდ რამე ცოდვად. ამისათვის ფრიად საჭირო არის, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, რომ სულიერნი მოძღვარნი ხშირად მიაქცევენ ყურადღებასა თქვენსა ამ საგანზედ, და შეგაგონებენ არა დარღვევად მესამისა მცნებისა. მართლაც, რომ ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა, წვრილი, ანუ მცირე რაიმე ცოდვა იყოს, მაშინაც საშიში არის და ფრიად მავნებელი ხშირად დარღვევა მესამისა მცნებისა. მცირედი ცოდვაც, ხშირად განმეორებული და აღსრულებული, გარდაიქცევა მძიმე ცოდვად და დაღუპავს წმინდასა ზნეობასა კაცისასა. მაგრამ დარღვევა მესამისა მცნებისა არ არის მცირე ცოდვა. ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა თუ მცირე ცოდვა იყოს, იგი არ იქნებოდა საკუთრად მოხსენებული ათთა შინა მცნებათა, რომელნი გამოვიდნენ თვით პირისაგან ღვთისა და არიან ბოძნი და საძირკველნი წმიდისა და სათნო ცხოვრებისა, და, მერმე თავიდგანვე - მესამე ადგილზე: არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა.

რაი არს ამაოდ მოღება ღვთის სახელისა? ვინ და როდის მოიღებს სახელსა ღვთისასა ამაოდ? ამაოდ ღვთის სახელის ხსენება პირველად ის იქნება, როდესაც კაცი, თვით უბრალო ლაპარაკში, სადაც სრულიად არ იყო საჭირო, ახსენებს, ანუ დაიფიცავს სახელსა ღვთისასა. უბრალო და მცირე საუბარში კაცმა სიმართლითაც რომ დაიფიცოს ღმერთი, ისიც ცოდვა იქნება და დარღვევა მესამისა მცნებისა, მისთვის, რომ არ ღირდა, საჭიროება არ მოითხოვდა მის დაფიცებას. ღვთის სახელი არის უზენაესი და უწმინდესი ყოველთა სახელთა. მისი სახელის წინაშე, ვითარცა იტყვის საღმრთო წერილი, უნდა მოიდრიკოს ყოველმან მუხლმან ზეცისა და ქვეყნისამან; მის სახელს კაცი უნდა ახსენებდეს დიდის შიშით და მორიდებით. არ ვიტყვი, რა შიშით და სიყვარულით და კრძალვით ახსენებენ სახელსა ღვთისასა ყოველნი წმინდანი მამანი, მოციქულნი და მოწამენი. ეს უთუოდ შენც კი იცი. აქ მოგიყვან მე შენ მხოლოდ ერთსა გასაკვირვებელსა მაგალითსა. დიდი ხანი არ არის, რაც ერთს უცხო ქვეყანაში იყო ერთი მაღლად მინიჭებული და ღრმა-მჭვრეტელი სწავლული, სახელად ნიუტონი. თანახმად აღიარებენ ყოველნი სწავლულნი კაცნი, რომელ არავინ არ ყოფილა და არ იქმნება ისეთი მაღალი ჭკუისა და ნიჭისა, როგორიც იყო ის. იმან წაიყვანა წინ მეცნიერება. სხვათა შორის იმან იპოვნა და განსაზღვრა კანონნი მზის მსვლელობისა, და ვარსკვლავთა და ყოველთა მნათობთა. ამას და ესრეთ კაცს ჩვეულება ჰქონდა, როდესაც თვით იგი, ანუ სხვა ვინმე მის წინაშე ახსენებდა ღმერთსა, მაშინვე ადგებოდა და ქუდს მოიხდიდა. ხოლო თუ შენ, ძმაო, ნაცვლად ამისა უშიშრად, უსაჭიროდ, ყოველ წამს ახსენებ ღმერთსა, ცხადია, რომ არ გქონია შიში და მორიდება ღვთისა. ჩვენ ასე ადვილად და ხშირად არც ერთს სახელს არ ვახსენებთ, როგორც ღვთის სახელს, და ამით ვამტკიცებთ ჩვენსა უკრძალველობასა და დაუდევნელობასა.

მეორე და უარესი ამაოდ ხსენებისა ღვთის სახელისა ის არის, როდესაც კაცი დაიფიცავს სიცრუეზე. თუ ღვთის სახელის ხსენება, სადაც საჭირო არ არის, გინდ სიმართლით, მესამე მცნებას დაარღვევს, ცოდვა არის, რაღა უნდა ვსთქვათ იმაზედ, როდესაც კაცი ლაპარაკში სიცრუეს გაურევს და დაიფიცავს დასამტკიცებლად მისა? ეს იქნება უსაშინელესი ცოდვა. მაგრამ მე ამაზედ აღარ გავაგრძელებ სიტყვას, - მისთვის, რომელ სიცრუეზე დაფიცება ისეთი საძაგელი რამ საქმე არის, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ კაცსა, სრულიად სინიდისისაგან გამოსრულსა, და ამისთანა კაცისათვის ჩვენი სწავლა სრულიად უსარგებლო დარჩება. აქ მე მსურს გავაგრძელო სიტყვა და გევედრო თქვენ ყოველთა გულ-მოდგინებით, რათა უმეტესად მოიშალოთ მესამე გვარი, ანუ სახე ამ მცნების დარღვევისა, რომელიც არის ყოველთა უსაშინელესი და მომეტებულად წინააღმდეგი კეთილისა ქრისტიანობრივისა ზნეობისა, ესე იგი წყევლა, ანუ შეჩვენება კაცისა ღვთის სახელითა. ჭეშმარიტად ღირსი არის ტირილისა და ცრემლისა ის გარემოება, რომელ ჩვენს ქვეყანაში არა თუ კაცნი გაფუჭებულნი, დაცემულნი ზნეობითა, არამედ თვით იგინიცა, რომელნი ცხადად ღვთის მსასოებელნი არიან და კეთილ-მორწმუნენი, თუმცა დიახ ერიდებიან ყოველთა სხვათა ცოდვათა, არაფრად ჰრაცხავენ ღვთის სახელით წყევასა და შეჩვენებასა კაცისასა. ზოგიერთნი აწინდელნი ქრისტიანენი ისე მიჩვეულნი არიან წყევასა და შეჩვენებასა კაცთასა, რომელ თითქმის ყოველ წამს, მცირე რამეზე, გული თუ მოუვიდათ, მაშინვე განიმეორებენ საშინელთა ამ სიტყვათა: დასწყევლოს ღმერთმა, შეაჩვენოს ჩემმა შემოქმედმა, დაჰლახვროს წმიდა გიორგიმ, - და სხვათა ამის მსგავსთა, ღვთის წინააღმდეგთა სიტყვათა. რისგან არის ეს სამწუხარო ჩვეულება, დანერგილი გულთა შინა მრავალთა აწინდელთა ქრისტიანეთასა? იქიდან, რომ იგინი ლაპარაკობენ და სცხოვრებენ დაუფიქრებლათ: მისგან, რომელ არ არიან მიჩვეულნი დაუკვირდენ საკუთართა თვისთა სიტყვათა და საქმეთა; განიხილონ, განსაჯონ თვისი ცხოვრება და ხასიათი; კიდევ იქიდან, რომელ არ არიან მიჩვეულნი აღვირ-ახსნად თვისისა ენისა და ცუდისა ზნეობისა. ზოგიერთი კაცი ისეთი სუსტი და საცოდავი არის, რომელ არა ჭკუა მისი ჰმართებს ენასა მისსა, არამედ ენა მისი წარიტაცებს ჭკუასა მისსა და ჩააგდებს ჯურღმულში. აბა დაფიქრდი ერთ წამს, ძმაო, და გაშინჯე, რას ჰნიშნავს წყევა, რას ნიშნავს ის კაცი, რომელიც სწყევლის? კაცი, რომელიც თავის მოყვარეზე იტყვის, „დასწყევლოს ღმერთმაო“, ამით თვით ღმერთს სთხოვს, რომ გააუბედუროს ის კაცი, დაჰსაჯოს, ანუ მოჰკლას. მაშასადამე, რა უგუნური უნდა იყოს ის კაცი, რომელიც სწყევლის მოყვასსა თვისსა! იმას ჰგონია, რომ ღმერთი შეეწევა მას ბოროტს საქმეში, აღუსრულებს მისსა ბოროტსა თხოვნასა, ერთი სიტყვით, მისი ამხანაგი შეიქმნება და მისი ცოდვის მოზიარე!

გლოცავ თქვენ, ძმანო ჩემნო, მოიშალე ყოველგვარი ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა, გარნა უმეტესად - წყევა და შეჩვენება. ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ: აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, კეთილს უყოფდით მდევართა თქვენთა, შეიყვარეთ მოძულენი თქვენნი, - მაშასადამე, კიდეც რომ ემართლებოდე ვისმეს, კიდეც რომ გავნოს ვინმემ, მაინც არ უნდა დასწყევლო იგი. გარნა ჩვენ კი მოუთმენელნი, გულფიცხელნი, ხშირად ვსწყევლით უმართლოდ, თვით უბრალოსა კაცსა, - რომელიც ამიერიდგან და განაშოროს ჩვენგან ღმერთმან. ამინ.