მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროსა შინა
 შემდეგ წესის აგებისა მიცვალებულს
ქუთაისის ბანკის დამამყარებელს და
მმართველს ბესარიონ ღოღაბერიძესა ზედა
1879 წ. მარტის 7 დღესა.

ძმანო ქრისტიანენო! ვგონებ, რომ დღეს მთელს ჩვენს ქალაქში არ არის ერთი კაცი, რომელიც არ გრძნობდეს მძიმესა მწუხარებასა, მხედველი ამის კუბოისა და მას შინა მდებარის მიცვალებულისა. არა თუ მისნი ნათესავნი და მეგობარნი, არამედ ყოველნი, რომელთაც გაგონილი ჰქონდა ვინ იყო იგი და რა კაცი იყო, დღეს არიან ღრმად შეწუხებულნი მისის სიკვდილისაგან. მართლაც, ვინ არ შესწუხდება, მხედველი ასე უდროვოდ მისის გარდაცვალებისა! ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ყოვლად ღარიბია ამის მსგავსთა პირებით. არა თუ ღარიბი ვართ, თითქმის არავინ არ არის ჩვენს შორის ისეთი პირი, რომელსაც შეეძლოს მთელი საზოგადოების ყურადღების და მინდობილების მიზიდვა. მიცვალებული კი იყო ერთი ისეთი პირი. იგი იყო შემკული მაღალი ჭკუითა და სხვათა სულიერთა ნიჭთაგან, რომელნი იყვნენ დამუშავებულნი ღრმა და საფუძვლიანი სწავლითა. ამასთანავე ცხოვრება და საქმენი მისნი ყოველთვის იყვნენ ყოვლად სასარგებლო და წარმოსადეგი ქვეყნისათვის, საზოგადოებისაგან მას ჰქონდა მინდობილი დიდი საქმე, რომელსაც იგი ჰმარტავდა ჭკუით და წარმატებით. და, აჰა ესე რა, იგი გარდაიცვალა უცბად, უდროვოდ და ვერ მოასწრო მან თვისი საქმის სისრულეში და სიმწიფეში შეყვანა. ვინ არ შესწუხდება, ვინ არ დაჰღონდება და არ დაფიქრდება, მხედველი ესე უდროვოდ მისი გარდაცვალებისა!

გარნა, ძმანო ქრისტიანენო! თუმცა იგი მართლა უდროვოდ გარდაიცვალა, თუმცა მას კიდევ მრავალი სიკეთე და სარგებლობის მოტანა შეეძლო საზოგადოებისათვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ მით, რომ მან მაინც მრავალი სიკეთე და სარგებლობა მოიტანა თავისი ქვეყნისათვის, მაინც, დიახ პატიოსანი სახელი და ქება დასტოვა, მაინც ბევრი კარგი მაგალითი გვიჩვენა ჩვენ. არ ვიტყვი, და საჭიროც არ არის აქ ვახსენო, რამდენი შრომა მიუღია მას თავიდგანვე, შემდგომ სწავლის დასრულებისა და სამსახურის დაწყებისა ქვეყნის განათლებისათვის. მარტო ერთს და ისიც უკანასკნელ მისის სიცოცხლის გარემოებას გავიხსოვნებ.

თამამად ვიტყვი, და ყოველთა მისთა მახლობელთა იციან ეს, რომ მან თვისი სიცოცხლე შესწირა იმ საქმეს, რომელიც მას ჰქონდა მინდობილი საზოგადოებისაგან. იგი გადაჰყვა ანუ, მდაბიურად ვიტყვი, გარდააკვდა მისს სამსახურს. კარგა ხანია იყო იგი ავად, თანდათან სუსტდებოდა, მაგრამ არ იშლიდა ჩვეულებრივს შრომას. მისი მეგობარნი და ნათესავნი ურჩევდენ და სთხოვდენ, წავიდეს სადმე მოსარჩენად, მაგრამ არ დაუჯერა, ეშინოდა, რომ საზოგადო საქმეს არ მისცემოდა რაიმე ზარალი მისი განშორებით. ისე თავდადებული იყო და მოყვარული თვისი საქმისა, რომ ლოგინში დაწოლაც არ მოინდომა, თუმცა ძლივს დადიოდა, თითქმის ფეხზე მდგომარე გარდაიცვალა, უკანასკნელს სულის აღმოფშვინამდი იყო შრომაში და მუშაობაში. დიდია ეს მაგალითი! დიდია ამისთანა თავ-დადება სამსახურისათვის, მეტადრე ახლა, ამ ჩვენს დროებაში, როდესაც თითქმის ყოველნი სამსახურში მყოფნი სცდილობენ, რაც შეიძლება, ერთი მხრით, თავის გაუჭირვებლად გაატარონ თვისი სამსახური, და, მეორე მხრით, რაც შეიძლება მომეტებული სასყიდელი და სარგებლობა გამოუტანონ სამსახურიდგან. ძმანო! როდესაც მხედარი თამამად სდგას გაცხარებულ ომში, გარემოს მისსა ათასნაირი სიკვდილი ჰფრინავს, მაგრამ მას არ ეშინია, უშიშრად შეებმება მტერს, ხანდახან დაკოდილიც არ ჰშორდება ბრძოლას და მიიღებს სიკვდილს, მას ყოველი კაცი აქებს, გმირს ეძახის; მაგრამ, ვგონებ, უდიდესი ქების ღირსი არის ის კაცი, რომელიც მსგავსად საბრალოისა ამის მიცვალებულისა, თავის სიცოცხლეს შესწირავს, ასე თავდადებულად ემსახურება საზოგადო საქმეს, ჩუმად, მოთმინებით, არა-მხედველი, რომ მას ვინმე უყურებდეს და აქებდეს, არამედ კიდეც ესმოდეს მრავალი ყვედრება, ცილის წამება მტერთა და მოშურნეთაგან. მტერი, მოშურნე თვით უკანასკნელს არა რაით შესანიშნავს კაცს ჰყავს; მიცვალებულს, რასაკვირველია, ვითარცა გამოჩინებულს და შესანიშნავს პირს, მრავალი მტერი და მოშურნე ჰყავდა, რომელნიც მას ზედა მრავალს უსამართლოდ კიდეც სწერდენ და კიდეც ეტყოდენ და უმეტესად უმძიმებდენ მას შრომას.

გარნა, რაიცა აქამომდე ჩვენ ვსთქვით, ის იყო სოფლიური, ხორციელი საქმე. რაც მას ჩვენ ვუქეთ აქამომდე, ისიც ხორციელი იყო და სოფლიური. მართალია, ვინც ისე თავგამოდებით და ნაყოფიერათ აღსრულებს თვისს მოვალეობას, როგორც მიცვალებული, იგი ღვთის ნებას აღასრულებს, ღმერთს ემსახურება, რადგანაც ღმერთიც ამას გვიბრძანებს და ამას მოითხოვს ჩვენგან, რომ დაუცხრომელი შრომითა და მეცადინეობით ვატარებდეთ ჩვენსა ცხოვრებასა. გარნა, ძმაო ქრისტიანენო! რაც გინდა შესანიშნავი იყოს კაცი, თუ გინდ მთელს ქვეყანას აკვირვებდეს თვისი ჭკუითა და საქმითა, თუ სარწმუნოება ღვთისა არ ჰქონდა, იგი იქნება მხოლოდ ამ სოფლის შვილი და მუშაკი, იგი ქვიშაზე აშენებს თვისს სახლს, მისი ქება და სახელი იქნება მოკლე, ვითარცა ეს სოფელი და აქაური წუთი ცხოვრება. იმასაც ვფიქრობ, რომ ყოვლი მორწმუნე, ღვთის მოყვარე კაცი, როდესაც კუბოში დაინახავს მიცვალებულს, უპირველს ყოპვლისა იკითხავს თავის გულში, როგორი ქრისტიანე იყო იგი, ჰქონდა, თუ არა სასოება და სარწმუნოება? ახლა, ამ ჩვენ დროებაში უმეტესად საჭიროა შევიტყოთ, მორწმუნე კაცი იყო, თუ არა ეს მიცვალებული? ახლა ერთი ახალი და შესანიშნავი გარემოება სწარმოებს ჩვენს საზოგადოებაში, ის, რომ ჩვენ ქვეყანაში ყოველნი ასაკოვანნი, მოხუცებულნი, ძველებურნი ქრისტიანენი ეჭვით უყურებენ ახალგაზრდა თავის შვილთა და შვილის-შვილთა, მეტადრე მათ, რომელთაც რაოდენიმე განათლება მიუღიათ დიდ თუ მცირე სასწავლებელში, და არა თუ ეჭვით უყურებენ, თითქმის არა სწამთ, რომ იგინი ქრისტიანენი იყვნენ, სარწმუნოება ჰქონდესთ, მეტადრე, თუ მაღალი სასწავლებლიდგან გამოვიდა ვინმე, არავინ დაიჯერებს, რომ იგი იყოს მორწმუნე კაცი. სამწუხაროდ ჩვენდა და ყოველი თავის მამულის მოყვარის კაცისა, ეს ეჭვი უსაფუძვლო არ არის. ცხადად ჰხედავენ ძველებურნი კაცნი, რომ ახალგაზრდობასა შორის სუსტდება და ეცემა სარწმუნეობა ღვთისა და ქრისტიანობა. როგორი იყო ამ კერძოით მიცვალებული? მორწმუნე ქრისტიანე იყო, თუ არა? თუ მას სარწმუნეობა არ ჰქონდა, არაფერი არ ჰქონდა, ყოველი მისი ქება და შრომა აქავე გაჰქარდება, ამ კუბოში. რისთვის მოიკლა მან თავი დაუცხრომელი შრომითა? უმჯობესი არ იყო, რომ ორიოდე დღე კიდევ ეცოცხლა ამ ქვეყანაში? გარნა, ძმანო ჩემნო! სანუგეშოდ ჩვენდა გვაქვს მიზეზი და საფუძველი ვსთქვათ, რომ იგი იყო მორწმუნე ქრისტიანე კაცი. ხოლო ეს გარემოება, რომ ესრეთი განათლებული კაცი არ იყო ურწმუნო, არამედ ჰქონდა ცხოველი სარწმუნოება და ქრიტიანობა, კიდევ ერთხელ ცხადად ამტკიცებს იმ აზრს, რომ ურწმუნოება არ არის ნაყოფი სწავლისა და მეცნიერებისა, არამედ უმეტესად - უსწავლელობისა, ანუ ზედა-პირი, უსაფუძვლო სწავლისა. მართლა ვინ იყო და ვინ დარჩა ჩვენს ქვეყანაში ისე ღრმად და ვრცლად სწავლული და მეცნიერი, როგორადაც მიცვალებული ესე, გარნა მისმა სწავლამ და მეცნიერებამ არ გააქარვა მისი სარწმუნოება, არამედ უმეტესად დააღრმავა და გაამაგრა იგი. არა უსაფუძვლოდ იტყვის ერთი უდიდებულესთა ფილოსოფოსთაგანი, რომ ღრმა მეცნიერება კაცს მიიყვანს ღვთის სარწმუნოებისადმი, ხოლო ზედაპირი, უსაფუძვლო სწავლა ურწმუნოებისადმი.

ხოლო შენ, საბრალო მოხუცო, მამავ ამა მიცვალებულისა! ჭეშმარიტად განუზომელი უბედურება გეწია დღეს. ამისთანა შვილი ჩვენს ქვეყანაში არავის დაუკარგავს ჯერედ ჩვენს დროებაში. გარნა მხნედ იყავ! ჩვენ, მოხუცებულთა კაცთა, სახე და მაგალითი უნდა ვუჩვენოთ ახალგაზრდობასა. ღვთის მორჩილებით უნდა მივიღოთ ყოველი უბედურება და მწუხარება. ამინ.