სიტყვა ახალთა სასამართლოთა ზედა

რამეთუ, რა იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს
სიტყვადაცა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან
გამოსცხადდების; რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ-არს
(ეფეს. ე. იბ. იგ).

თუმცა საგანი იგი, რომელზედაც დღეს განვიზრახეთ უბნობა თქვენთანა, პირდაპირ არ შეეხება ჩვენსა სულიერსა მსახურებასა, გარნა ჩვენ მაინც გადავსწყვიტეთ ლაპარაკი მას ზედა, პირველად მისთვის, რომ ამ საგანზედ არი დამოკიდებული მშვიდობა, მყუდროება და ყოველი წარმატება ჩვენისა ამ სოფლად მოქალაქეობისა: მაშასადამე, მას აქვს დიდი კავშირი თვით ქრისტიანობასთანა, ვინაითგან თვინიერ მშვიდობისა და მყუდროებისა ქრისტიანე ვერ აღასრულებს თვისსა სჯულსა; მეორედ, თუმცა ჩვენ ვართ თქვენნი მოძღვარნი და წინამძღომნი ზეციერისა მხოლოდ მიმართ სასუფევლისა, გარნა, ვითარცა მოძმეთა თქვენთა, არ შეგვიძლია არ მივიღოთ მონაწილეობა ხორციელსაცა შინა თქვენსა ცხოვრებასა; ყოველი თქვენი წარმატება და ბედნიერება ამ სოფელში გვახარებს ჩვენცა, გარნა ყოველი თქვენი მწუხარება და გაჭირვება ჩვენთვისცა არის სამწუხარო.

რომელი არის ეს საგანი? ახალი წყობილება და წესი მართლ-მსაჯულობისა, სიმართლისა და სასამართლოთა, რომელი თქვენ გამოგეცხადა მდგომარე კვირიაკეს, უმაღლესითა ხელმწიფის ბრძანებითა.

ეს ცვლილება არის ერთობ დიდი; იგი ყოველს კერძოდ შეგეხებათ თქვენ; მან უნდა გააუმჯობესოს ყოველი კერძონი თქვენისა ამ სოფლად მოქალაქობისა. მრავალნი ცვლილებანი მოახდინა აწინდელმან ხელმწიფემან გაუმჯობესობისა და განათლებისათვის თვისთა ქვეშევრდომთა; გარნა თითქმის ყოველთა უდიდესი და უმეტესად სასარგებლო არის ეს ცვლილება, რომელზედაც აწ ჩვენ ვიტყვით. როგორადაც სიმართლე და მართლ-მსაჯულება არის უმაღლესი და უსაჭიროესი ყოველთა სხვა საზოგადოების მოთხოვნილებათა, მზგავსადვე გაუმჯობესობა და შემსუბუქება მართლ-მსაჯულების აღსრულებისა არის უდიდესი ყოველთა სხვათა განათლებულის მთავრობის ზრუნვათა და მოვალეობათა; და აჰა - ესერა კეთილმან და დიდსულოვანმან ხელმწიფემან ჩვენმან შეავსო ეს უმთავრესი თვისი ჩვენდამი მოვალეობა.

გარნა რასა შინა მდგომარეობს ეს ახალი წყობილება? რით განსხვავდება იგი უწინდელისაგან? მოკლე პასუხი ამისა იქმნება შემდგომი: ძველი სამართალი სრულდებოდა პირველად ფარულად ანუ საიდუმლოდ, ოთხს კედელს შუა; მეორედ, წერილობითის სახითა, მესამედ გრძლად და გვიან. ახალი წესი, წინააღმდეგ ამისა პირველად უნდა აღსრულდეს განცხადებულად, ანუ სახალხოდ; მეორედ, უმეტესი ნაწილი ზეპირად, ესე იგი, ლაპარაკით და არა წერილობით; მესამედ, მსწრაფლად, ანუ ვითარცა თქმულ იყო ხელმწიფე იმპერატორის უმაღლესსა მანიფესტსა შინა, ამიერითგან სამართალი ყოველი კაცისათვის უნდა იყოს განცხადებული, მსწრაფლი, სწორი და პირუთვნელი.

ამ მოკლე აღწერისაგან შენვე შეგიძლია, ძმაო, ასწონო, თუ რით აჯობებს ახალი სამართლის წესი ძველსა წესსა. აქ არის ადგილი, განვიმეოროთ ჩვენ ის საღმრთო წერილის სიტყვა, რომლითაც დავიწყეთ ეს უბნობა: რომელი იგი ფარულად იქმნების მათ-მირე, საძაგელ არს სიტყვადცა. წმიდა მოციქულმა ეს სთქვა წარმართთა ზედა, რომელნი მრავალთა საძაგელთა საქმეთა იქმოდენ ფარულად. მართალია, ნამეტანი იქმნება ახლა ჩვენ რომ ვსთქვათ, რომელ ძველთა სასამართლოთა შინა ყოველნი საქმენი წარმოებდენ უსამართლოდ; გარნა ის კი მართალია, რომელ მრავალნი საქმენი გარდაწყდებოდენ მათ შინა უსამართლოდ და საძაგლად. რისთვის? მისთვის, რომ ფარულად სწარმოებდა მათ შორის საქმე; არავინ იყო მხილებელი და გამამტყუნებელი მათი; გარნა ახლა დაწყობილთა სასამართლოთა ზედა განვიმეოროთ კვალად თავიდგანვე მოყვანილი სიტყვა: ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადების; რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს. რათგანაც ახალთა სასამართლოთა შინა სამართალი უნდა აღსრულდეს განცხადებულად, სახალხოდ, უთუოდ მათ შინა ყოველი საქმე გარდასწყდება სისწორით; მოსამართლემ თუ მრუდედ წაიყვანა საქმე, ათასი კაცი ეყოლება მას მხილებელი და განმამტყუნებელი.

ახლად დაწესებული სამართალი კიდევ მისთვის უნდა იყოს ჩვენ აქაურთა მცხოვრებთათვის საყვარელი, რომელ იგი, ერთი მხრით, დაემზგავსება ძველად მყოფს ჩვენში სამართალსა და ჩვეულებასა. ძველს დროებაში ჩვენში სამართალი, თუმცა იყო სუსტი, ხშირად პირ-მოთნე და უმართლო, გარნა ერთი კარგი თვისება ქონდა მას, იგი მალე გათავდებოდა; წარმოებდა სახალხოდ; ხშირად ხეთა ქვეშე და ეზოებში.

გარნა ჩვენ, მოძღვართა თქვენთა, ახალი სამართლის წესდება გვახარებს მით უმეტესად, რომელ თუ, შეწევნით ღვთისათა, ახალთა მოსამართლეთა კეთილ-გონიერად წაიყვანეს იგი, მას ექნება კეთილი ზნეობითი მოქმედება აქაურთა მცხოვრებთა ზედა. ახალსა ამას სჯულსა სწორედ ის თვისება აქვს, რომელი იგი გასწავლის შენ, ძმაო, ყოვლისა ცუდის სიტყვისა და საქმის მორიდებასა. ამიერითგან შენ სწორედ იძულებული იქმნები აღვირი უსხა შენსა ცუდსა ხასიათსა და ჩვეულებასა. აქამომდე შენ ერთობ ადვილად დაჩაგრავდი, ვისაც მოერეოდი. რისთვის? მისთვის, რომ დაჩაგრული კაცი მალე ვერ იპოვიდა სამართალსა. სად იყო იმერეთში, ანუ სად არის ახლაც ჯერედ სჯულის ცემა? ჩვენში პატივის-ცემა აქვსს ტანისამოსს, სახელსა და სახესა, პატივისცემა აქვს სიმდიდრესა; ადამიანს კი პირადი პატივი არა აქვს. საწყალი და ღარიბი კაცი ხშირად იყო დათრგუნული და დასრესილი მდიდარისა და მძლავრისა კაცისაგან. გარნა ამიერითგან იქმნება, ღვთის მადლით, ახალმა სჯულმა ჩვენ გვასწავოს პატივის-ცემა კაცისა, ვითარცა კაცისა, ადამიანისა; აჰა, რა უნდა ახარებდეს ყოველს ქრისტეს მოყვარესა კაცსა; აჰა, რა გვაიმედებს მოძღვართა თქვენთა!

გარნა, ძმაო, თუ გსურს, ამ დიდს ცვლილებას მიეცეს წარმატება, თუ გსურს, რომ ახალმა წყობილებამ უმეტესი კეთილი გიყოს შენ და ყოველსა საზოგადოებასა, მიიღე გულითადი მონაწილეობა მას შინა; რა სახით? ამ სახით, რომ სადაც შეგეძლოს შეეწიე მსაჯულთა, რათა სიმართლე არ დაიმალოს. მოწამედ თუ იქმნები მოწოდებული, კეთილსინიდისიანად აღიარე ყოველივე, რაიცა იცი. აჰა ესერა, კარნი სასამართლოისანი გაღებულნი არიან. ხშირად შეხვიდოდე სასამართლოში და ყურს დაუგდებდე, როგორ სწარმოებს სამართალი. თუ შეიტყო, რომ მოსამართლე გონიერად მიუძღვის სამართალსა, აქე, დალოცე, წაახალისე; თუ სიმრუდე რაიმე შეატყო, თამამად გაამტყუნე; ბევრი იყვირე საზოგადოებაში. ესრედი ბეჯითი საზოგადოების ყურადღება მღვიძარედ და ფრთხილად დაიჭერს მოსამართლეთა, და აქეთგან საზოგადოებას მიეცემა აღუწერელი და განუზომელი სიკეთე.

ღმერთო, ადღეგრძელე კეთილი და დიდ-სულოვანი ჩვენი ხელმწიფე! ღმერთო! მიეც ძალა ახალსა სჯულსა და მხნეობა მსაჯულთა. ამინ.