წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება ამაღლების დღესა ზედა

და განიყვანა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი
თვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუისა მათდა
მიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყვანის-სცემდეს
მას, და მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. (ლუკ. 24,50-52).

ესრედ აღსრულდა ცხოვრება იესო ქრისტესი ქვეყანასა ზედა. მრავალი ღვაწლი და შრომა მოიღო მან თავის თავზე, გარნა მრავალიცა დიდება მიეცა მას. მან აღასრულა საქმე იგი, რომელი მიანდო მას მამამან ზეციერმან. აღასრულა მოვალეობა, რომელი მიიღო თავის თავზედ, თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე, და მსგავსად კაცთა იქმნა, და ხატითა იპოვა, ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ, ვიდრე სიკვდილადმდე, და სიკვდილითა მით ჯვარისათა, ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა, და მიანიჭა მას სახელი უზესშთაესი, უფროის ყოველთა სახელთასა (ფილიპ. 2, 7, 8, 9).

მოციქულთა იხილეს რა დიდებით ამაღლება უფლისა ზეცად, სიხარულითა დიდითა მოიქცენ იერუსალიმს, და მიიღეს, შემდგომ ორმოცდა ათის დღისა, ზეგარდმო სული წმიდა, იწყეს თავის მხრითაც მოღვაწეობა, შრომა, ქადაგება სახარებისა ყოველსა ქვეყანასა ზედა. შეიძლება ვსთქვათ, რომელ, ვითარცა პირველთა იესო ქრისტეს მოციქულთა და მოწაფეთა, ეგრეთვე ყოველთა ქრისტიანეთა, პირველ საუკუნეთა შინა ცხოვრებასა შინა თვისსა, განაახლეს და განიმეორეს იესო ქრისტეს ცხოვრება, შეძლებისა გვარად თვისისა. მათი ცხოვრება, ყოფა-ქცევა და მოქმედება იყო ხატი და მსგავსება იესო ქრისტეს ცხოვრებისა. უფალი იესო ქრისტე გაცოცხლდა მათ შორის. რა ზომადაც შეიძლება ცოდვილი კაცის ბუნებითა, იმ ზომად იესო ქრისტეს მადლი, ხასიათი, სიწმიდე, სიბრძნე, განახლდებოდა, გაცოცხლდებოდა და განმეორდებოდა მათ შორის.

ახლაც ეს არის უმთავრესი და უპირველესი მოვალეობა ყოველთა ქრისტიანეთა. იმ ზომად ვიქმნებით ჩვენცა ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, რა ზომად იესო ქრისტე ჩვენს გულში გამოიხატება და გაცოცხლდება. მოკლედ ვსთქვათ, მთელი იესო ქრისტეს ცხოვრება, შობითგან ამაღლებამდინ, ყოველი ქრისტიანი კაცის გულშიც უნდა დაიბადოს, ანუ იშვას, ძმაო. როდის, ანუ რა საქმით მოხდება ეს? როდესაც შენ მოგნათლეს, მაშინ იესო ქრისტე შენს გულში მართალია დაიბადა, მაგრამ შენ პატარა იყავი და ვერ იგრძნე. ხოლო როდესაც ჰასაკში მოხვალ, ჭკუა გაგეშლება, მაშინ იესო ქრისტე უნდა იცნა და გულით შეიყვარო: ეს იქნება იესო ქრისტეს დაბადება შენს გულში და შენთვის. ვისაც იესო ქრისტე არ უცვნია და არ შეუყვარებია, მისთვის იგი არც კი დაბადებულა ჯერედ, თუ გინდ დიდი ხანია მონათლულიც იყოს.

მეორედ იესო ქრისტე შენს გულში უნდა გაიზარდოს, ჰასაკში მოვიდეს. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ დაუახლოვდები იესო ქრისტეს, როდესაც მისი მადლი გადიდდება შენს გულში, როდესაც იგი იწყებს უფლებასა და მეფობასა შენზედა.

მესამედ, იესო ქრისტემ უნდა იწყოს შენს გულში ლაპარაკი, ქადაგება, დარიგება. სახარების კითხვას როდესაც შენ ერთგულად ყურს უგდებ და თვითონაც კითხულობ, როდესაც სახარების სიტყვებს შენ მიიღებ ისეთის კრძალვით და სასოებით, ვითომც თვით უფალი იესო ქრისტე იდგეს შენს წინაშე და თვისი ბაგითა გელაპარაკებოდეს, მაშინ მაცხოვარს დაუწყია ქადაგება შენთვის და შენს გულში.

მერმე ნიშები და სასწაულები უნდა აღასრულოს მაცხოვარმა თვით კაცის გულში. თუ სახარების სიტყვამ ისე იმოქმედა შენს გულში, რომ გაასწორა შენი ჭკუის ცუდი, დაბნელებული აზრი, და ნაცვლად მისა, დანერგა მუნ წმინდა ღვთიური აზრი, ეს იქნება სასწაული, მზგავსი ბრმის თვალის აღხილვისა. როდესაც მაცხოვრის მადლი ცუდსა, გარყვნილსა, გაფუჭებულსა კაცსა მოაქცევს, გასწმენდს, ღვთის მადლს მის გულში გამოაცოცხლებს და აღადგენს, ეს იქნება უდიდესი სასწაული, ვიდრეღა მკვდრის გაცოცხლება.

ამისა მერმედ იესო ქრისტემ კიდეც უნდა ივნოს, ჯვარს ეცვას და მკვდრეთით აღდგეს შენს გულში. როდესაც კაცი სიმართლისათვის, კეთილი საქმისათვის მიიღებს ვნებას, ითმენს უსამართლოებას, მეტადრე, როდესაც სათნოებისათვის და წმინდა ცხოვრებისათვის კაცი აიწროებს, სტანჯავს თავის ხორცს და ვნებასა, და ცოდვასა, მის შორის მყოფსა, მაშინ იგი ივნებს და ჯვარს ეცმის იესო ქრისტესთანა.

ამ სახით უნდა განახლდეს და განმეორდეს იესო ქრისტეს ცხოვრება კაცის გულში. ნუ ჰგონებთ, ძმანო ჩემნო, საყვარელნო, რომელ, რაც ჩვენ აქამომდე ვსთქვით, ის იყოს რამე ნამეტნავი და ჩვენგან მოგონებული. არა! ეს არის ნამდვილი სწავლა საღმრთო წერილისა, თვით საღმრთო წერილში არის თქმული: რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს - ქრისტე შეგვიმოსიეს. თვით პავლე მოციქული იტყვის თავის თავზე: ცხოველ-ვარ არა მე, არამედ იესო ქრისტე ჩემ შორის ცხოველ არს. თვით იგივე იტყვის: ქრისტესთანა უნდა ჯვარს ვეცვნეთ, რათა იმისა თანა აღვსდგეთ. ერთი სიტყვით, საღმრთო წერილი ნამდვილად მოითხოვს ჩვენგან, რომ ქრისტე იესოს ცხოვრება განახლდეს და განმეორდეს ჩვენ შორის.

მხოლოდ ორი არის გარემოება, ანუ შემთხვევა იესო ქრისტეს ცხოვრებისა, რომელიც ვერ განახლდება ახლავე კაცის ცხოვრებაში: პირველი მკვდრეთით აღდგომა და მეორე ზეცას ამაღლება დიდებითურთ; გარნა ეს ორი იქნება ჯილდო და გვირგვინი მათთვის, რომელთა სხვანი ყოველნი სახენი და მაგალითნი იესო ქრისტეს ცხოვრებისა განიმეორეს და განაახლეს თვის გულში. მეორესა მოსვლასა შინა უფლისა იესო ქრისტესსა, ყოველნი მისნი მორწმუნენი, რომელთა კეთილად დაიცვეს ბეჭედი და ნიჭნი სულისა წმიდისანი, რომელთა, შეძლებისადაგვარად, განაცოცხლეს იესო ქრისტე თვის გულში, იყვნენ ხატნი და მსგავსებანი მისის ცხოვრებისანი და, მსგავსად პავლე მოციქულისა, თვით სხეულთა თვისთა შინა იტვირთეს წყლულებანი იესო ქრისტესნი, - აღსდგებიან მსგავსად იესო ქრისტესა, შეეგებებიან მას ზეცას, და მოისმენენ სანატრელსა ხმასა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო - და მერმე მასთან ამაღლდებიან ზეცად საუკუნოისა ნეტარებისათვის, რომელი და არა მოგვაკლოს ჩვენ ყოველთა ღმერთმან მადლითა ღვთისათა. ამინ.