წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ბზობის კვირიაკესა ზედა

და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და სტიროდა მას ზედა და იტყოდა,
ვითარმედ უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო
აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. (ლუკა. 19, 41, 42).

შესვლა უფლისა იესო ქრისტესი იერუსალიმს, რომელსა აწ ვდღესასწაულობთ, იყო ერთობ დიდებული და სადღესასწაულო. მთელი ქალაქის მცხოვრებნი მიეგებნენ მას, ვითარცა მიეგებიან დიდებულსა და ძლევა შემოსილსა მეფესა, ხის შტოებითა, ღაღადებითა ოსანა მაღალთა შინა! და ზოგნი ტანისამოსსაც დაუფენენ გზაზედ. ესრედ იფიქრებდა კაცი, რომ იერუსალიმმა იცნო და ირწმუნა იესო ქრისტე. გარნა, განსაცვიფრებლად, უფალი არა მიეცა სიხარულსა და ნუგეშსა, არამედ როდესაც მაღალი გორიდან დაინახა მთელი იერუსალიმი, ტიროდა და იტყოდა: უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა. რა იყო მიზეზი მისი მწუხარებისა და ტირილისა? ის, რომ მან, ვითარცა გულ-მეცნიერმან, იცოდა, რომ ამ მიგებებას, აღტაცებას და სიხარულს არა აქვს კეთილი საფუძველი; იცოდა, რომ ურიანი მალე დაივიწყებდენ ამ სიხარულსა, და შემდგომად სამისა დღისა, ნაცვლად ოსანა მაღალთა შინა! იწყებენ ყვირილსა: ჯვარს აცვ ეგე! ამასთანავე მაცხოვარმან, ვითარცა ყოვლის მეცნიერმან და წინა-მხედველმან, იცოდა, რომ დიდი ესე ქალაქი მცირე ჟამისა მერმე იქმნება აოხრებული, და ერი ესე ამოწყვეტილი და დაფანტული. ამისთვის ტიროდა იგი!

მწუხარებას კაცისას და მეტადრე ტირილსა დიდი მნიშვნელობა აქვს, ძმანო ქრისტიანენო! იგი უნებლივად გამოხატავს კაცის თვისებას და ხასიათსა. როგორიც გული გაქვს, ძმაო, შენ, მწუხარებაც ისეთი გექმნება. მწუხარება და ცრემლი კაცისა გამოაჩენს ხანდისხან, რომ იგი არ არის მხნე, მამაცი, არამედ სუსტი და სულმოკლე. კაცი სუსტი, სულმოკლე და უხასიათო ყოველი მცირე მიზეზისა გამო ტირის, ვითარცა დედა-კაცი. ხანდისხან მწუხარება მოასწავებს ცუდ გუნებას, ხასიათს. იქმნება შენ ხშირად შეწუხდი და თითქმის იტირე მისთვის, რომ შურიანი ხარ და გეწყინა რომელიმე შენი მოყვრის წარმატება და წინწასვლა. შურიანი კაცი იტანჯება და განიხერხება გულითა, როდესაც ხედავს სხვის ბედნიერებას და წარმატებას, და თუ ამასთანავე ნამეტანი პატივის მოყვარეც არის და თავხედი, კვდება ჯავრით, თუ ვინმე წინ დაუდგა, ანუ ჯილდო არ მისცეს, და სხვა კი დააჯილდოვეს. მას მარტო თავისი თავი ახსოვს და თავისთვის უნდა ყოველივე სიკეთე. საუბედუროდ ამისთანა სენი და ვნება არის უმეტესად გავრცელებული სწავლულთა შორის და სამსახურთა შინა მყოფთა ჩინოვნიკთა, ვითარცა სამოქალაქოთა და სამხედროთა, ეგრეთვე, სამწუხაროდ და სასირცხოდ, უმეტესად ჩვენის, ესე იგი სასულიერო წოდების კაცთა შორის. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ უეჭველია, რომელ მრავალი ზემოხსენებულთაგანნი სახელმწიფო მოსამსახურენი, დიდ ხარისხში და ჰასაკში მყოფნი, სტირიან ხშირად შურისა გამო, მხედველნი მოყვასთა და ამხანაგთა მათთა წინ-წასულთა და უმეტესად დაჯილდოვებულთა. ცხადია, რომ, ამისთანა მწუხარება და სულ მოკლეობა გამოაჩენს შურს, ხარბს, ამპარტავანს ხასიათს კაცისას.

ხშირად და არა ნაკლებ სწუხს კაცი და სტირის ანგაარებისაგან და სიხარბისაგან. ანგაარს და გაუმაძღარს კაცს, თუ ყოველ დღე არ ემატება სიმდიდრე, სწუხს, და თუ ნაცვლად მოგებისა კიდეც რამე მოაკლდა, ანუ ზარალი მიეცა, - სულ იტანჯება და სტირის, არა-მიმხედველი მისა, რომ მაინც მდიდარია, კიდევ ბევრი დარჩა. მრავალი პირი გამოაჩენს ბავშვურსა სულ მოკლეობას სნეულობაშიც ანუ სხვა რაიმე მწუხარებასა შინა.

არა ესეთი იყო უფლის იესო ქრისტეს მწუხარება და ცრემლი. მისი მწუხარება და ცრემლი გამოხატავს მისსა ღვთაებრივსა გულსა და სიყვარულსა, იგი სტიროდა სხვისა მწუხარებასა და არა თავისა თვისისასა, მაშასადამე, ზოგჯერ მწუხარება გამოაჩენს კაცის კეთილ-შობილურსა გულსა და ხასიათსა, მისსა სიყვარულსა და თავის უარის-ყოფასა. მაცხოვარი სტიროდა მისთვის, რომ ურიანი იყვნენ დაბრმავებულნი, არ იცნეს დღე თავიანთისა მშვიდობისა, არ იცნეს, რომ იგი მოვიდა მათის გამოხსნისათვის და ცხონებისათვის, და არ მიიღეს მისგან ბედნიერება და კურთხევა, რომლისა მიზეზისათვის მათ მოელოდა ღვთისაგან სასჯელი და უბედურება.

ჩვენც ხშირად ვსწუხვართ, ძმანო, და ვსტირით. გარნა ჩვენი მწუხარება და ტირილი უმეტეს ნაწილად გამოაჩენს, რომ ჩვენ არ გვაქვს ხასიათი კეთილი, მაღალი, არამედ ავი და მდაბიო. ჩვენ ვსწუხვართ ხშირად ჩვენი თავისა და არა სხვისათვის. რამდენჯერ გაგიგონია შენ, კიდეც გინახავს, რომ ესა და ეს პატიოსანი კაცი ჩავარდა საშინელ უბედურებაში, ანუ საუკუნოდ დასნეულდა, ანუ დაეკარგა ყოველივე ქონება, ლუკმა პური აღარა აქვს. ამ გაგონებით შენ იქმნება სრულიად არ შეწუხდი, ან იქმნება შეწუხდი პირ-მოთნეობით, და თუ უკმაყოფილება ჰქონდა შენთან იმ კაცსა, კიდეც გაგიხარდა გულში. რამდენს უბედურებას ხედავ გარემოს შენსა, რამდენი კაცი იჩაგრება, რამდენი შენი მოყვასთაგანი არის უმართლოდ დევნული, რამდენი კაცი მშიერი, რამდენი იღუპება უმეცრებით და ცოდვით. ეს ყოველი შენ უნდა გაწუხებდეს, თითქმის უნდა სტიროდე და საკუთარი ლუკმა პური აღარ გიამოს. მაგრამ რას ვხედავ? თუ შენ კარგად ხარ დაკმაყოფილებული, მაინც და მაინც თავს არ შეიწუხებ, და თუ თვით შენ მწუხარება რამე გეწია, სტირი. გარნა უმეტესად სწუხარ და სტირი, როგორც ზემოთ ვსთქვით, ცუდი და მდაბიო მიზეზებისაგან, ასე რომ თვით იგი მწუხარება შენი გამტყუნებს შენ, ცოდვას გიმატებს, შენს ცუდს ხასიათს და მიმართულებას გამოხატავს.

გარნა აქ მე უნდა გაჩვენო თქვენ, ძმანო ჩემნო, ერთნაირი მწუხარება და ტირილი, რომელიც მარტო ჩვენს ქვეყანაში მოხდება ხშირად, და ერთობ მდაბიო, საძრახისი და ავი არის, და ავსა ხასიათსა გამოხატავს, და თითქმის ერთობ სასირცხო და გასაკიცხი არის ჩვენთვის. მე ვამბობ აქ იმ ტირილზე, რომელსაც ასრულებენ ჩვენს ქვეყანაში მიცვალებულებზედ განსხვავებული სახით და წესით. მწუხარება და ცრემლი კაცისა ერთობ ძვირფასი რამე არის; ბოროტად არ უნდა ხმარობდეს მას კაცი, ცოდვად არ უნდა გადააქციოს კაცმა ცრემლის ფრქვევა. სახარება კიდევ ახსენებს ერთს გარემოებას, რომელსა შინა უფალი იესო ქრისტე ტიროდა. ეს იყო ლაზარეს საფლავზე. ლაზარე ძლიერ უყვარდა უფალსა იესო ქრისტეს, იგი იყო მისი მეგობარი და როდესაც დაინახა მწარედ მტირალნი მისნი დანი მართა და მარიამი და სხვანი, თვითონაც შეწუხდა და ცრემლი გადმოჰყარა. მაშასადამე მიცვალებულზე ტირილი არ არის დასაძრახისი რაიმე, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი არის ბუნებითი, პირუთვნელი, როდესაც, ერთი სიტყვით, მომდინარეობს ღრმა მწუხარებისაგან. რასაკვირველია, როდესაც მიცვალებულზე ტირიან მისი მახლობელნი ნათესავნი, ცოლი, შვილი, დედა, ძმა, მათ ვინ გაამტყუნებს, მათ არ შეუძლიათ არ იტირონ; კიდევ სჯობია, რომ იტირონ, ამისთვის რომ ცრემლით ინელებენ თავიანთს მწუხარებას. გარნა რა ზომად სასირცხო და გასაკიცხი არის, როდესაც კაცი სტირის ერთისა მხოლოდ ჩვეულებისა აღსასრულებლად, სტირის ფარისევლობით, მოჩვენებით! რამდენჯერ მოხდება, რომ ზიგიერთი არც კი იცნობდა იმ კაცს, რომელზედაც სტირის, იქმნება არც კი ეწყინა მისი სიკვდილი, მაგრამ განგებ, ძალად სტირის. ზოგჯერ ბევ ღვინოს დალევს მომტირალი, ცრემლი მომივიდესო. უეჭველია ამისთანა ფარისევლური, პირ-მოთნეობითი ტირილი აფუჭებს ხასიათსა კაცისასა. შენიშნულია, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებნი ერთობ მიჩვეულნი არიან ფარისევლობას, პირ-მოთნეობას, მოტყუებას და მლიქვნელობას, და უთუოდ ამისა მიზეზი არის ის ურიგო, ჩვენებური ტირილი. ამისთვის მე მრავალ გზის მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ დიდი ზნეობითი ვნება წარმოსდგება ჩვენებურს მიცვალებულზე ტირილისაგან და იგი აფუჭებს ჩვენს ხასიათს.

დასასრულ სიტყვისა ჩემისა გიჩვენებთ, ძმანო ქრისტიანენო, რომელი ტირილი და მწუხარება არის უმჯობესი, ღვთის სათნო და სასარგებლო სულისა შენისათვის! ეს არის მწუხარება ცოდვისათვის, ცრემლი სინანულისა, ცრემლი ღვთის წინაშე, ლოცვაში. თუ ღმერთმა და მისმა წმინდა სულის მადლმა მოგცა და გააჩინა შენს შორის სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული, ვითარცა ოდესმე შორის დავით მეფისა, ასე, რომ შენ მიეჩვიე ხანდისხან მაინც, საიდუმლოდ წინაშე ღვთისა ცრემლით და ღრმა მწუხარებით ლოცვასა, მახლობელ ხარ ცხონებისადმი. რამდენ გზის შემხედველი მრავლისა ცრემლისა, რომელსა უსარგებლოდ აფრქვევენ ჩვენებურნი კაცნი მიცვალებულის კუბოზე, მწუხარებით ვიფიქრე ჩემ გულში: ნეტავი მათის საკუთარი სულის საოხად ამდენ ცრემლს იპოვნიდენ საწყლები! ამინ.