წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე სიტყვა დიდ-ხუთშაბათს

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! აწინდელსა დღესა, დიდისა ხუთშაბათისა, თითქმის საჭიროც არ არის და ნამეტანი იქმნება ჩვენი მხრითგან თქმა ქადაგებისა. პირველად მისთვის, რომ დღეს თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს სახარებისაგან დიდსა და ვრცელსა დარიგებასა, მეორედ, ძნელია დღეს ქადაგების თქმა: მქადაგებელმა არ იცის რა საგანზე იწყოს დღეს უბნობა, რომელი სიტყვა მაცხოვრისა, დღეს თქმული, ანუ რომელი საქმე მისი, დღეს აღსრულებული აღიღოს საგნად ქადაგებისა; ისე მრავალნი არიან სიტყვანი, დღეს მისგან თქმულნი, და საქმენი, მისგან შესრულებულნი. ნაცვლად ჩვენისა სიტყვისა თქვენი მხრითგან არის დღეს საჭირო მომატებული გულის ხმის ყოფით სმენა და ხედვა ყოვლისა, რაიცა წაიკითხება და აღსრულდება დღეს საყდარში. მორწმუნე ქრისტიანე ყოველთვის სასოებით და ერთგულად უნდა სდგეს და ისმენდეს საყდარში, გარნა დღეს მომატებულის გრძნობით უნდა სდგეს იგი აქა. დღეს დაასრულა მაცხოვარმან საფუძველი ახლის აღთქმისა, დღეს მისცა მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღესა მისცა მან უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანულისა სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენისა სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა. ამას ყოველსა დღეს შენ, ძმაო ქრისტიანე, უნდა იხსენებდე განსხვავებულითა გრძნობითა და სასოებითა. დღეს შეგეტყობა შენ გიყვარს მაცხოვარი შენი და რა ზომად გიყვარს იგი. ახლა მაინც, ამ ერთ დღეს, დაივიწყე სოფელი და ყოველი მისი ამაოება. ამ დღეებში შენ განუშორებელად სულითა და გულითა უნდა იყო მაცხოვართან და ეზიარო მისსა ჯვარსა და ვნებასა.

ნეტარ არს კაცი იგი, რომელსა ღმერთმან მისცა ესრეთი გულითადი გრძნობა! ნეტარ ხარ შენ, თუ ახლა მაინც არ მოშორდები მაცხოვარსა შენსა, გაჰყვები მას, მიმავალსა ვნებად, დაესწრები მის პასუხის გებასა, ეზიარები მისსა ტანჯვასა, მოეხმარები მას, მზგავსად სვიმეონ კვირინელისა, ჯვარისა ზიდვაში, ახვალ მასთან მთასა ზედა გოლგოთასა, დადგები წინაშე ჯვარისა მისისა, საყვარელისა მისისა დედისა მარიამისა და მოწაფისა მისისა იოანეს თანა, მოისმენ და დაიბეჭდავ გულში უკანასკნელთა მისთა სიტყვათა, და ამ სახით შენც ჯვარს ეცმები მასთან. ნეტარ ხარ შენ, თუ გაქვს ესრეთი გრძნობა და სასოება! იგინი იმ ზომად დაატკბობენ გულსა შენსა, რომელ მასთან ყოველი სოფლიური გრძნობა და გემოვნება ვითარცა მტვერი და ნაცარი. მოგვეცინ ჩვენ, ღმერთო, კეთილი გრძნობა და სასოება. ამინ.