წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე მოძღვრება დიდ ხუთშაბათს ფეხის ბანვაზე

ესე თუ სცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას (იოან. იგ. იზ)

მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად ფერხთა მისთა, არა დამბანო უკუნისამდე ფერხნი ჩემნი...

მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად აღასრულა. რასაც ასწავლიდა, სახე მიგეც თქვენ, რათა ვითარცა ესე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენცა ჰყოფდეთ (იოან. იგ, იე), თვით უფალმან აღუხსნა მოწაფეთა თვისთა. ამიერითგან მოწაფეთა მისთა სრულიად უნდა გამოსცვალონ სახე თვისისა ყოფაქცევისა; ამიერითგან ყოველი მათი მოქმედება უნდა დაეფუძნოს სიყვარულსა და სიმდაბლესა ზედა; ამიერითგან უდიდესი მათ შორის უნდა იყოს მსახურ ყოველთა, და წინამძღვარი, ვითარცა მონა; ამიერითგან ჩვენ უნდა დავსტოვოთ, დავივიწყოთ, ყოველი ამპარტავნება, თავის მოყვარება; ამიერითგან ჩვენ ვართ ერთი მეორის ძმანი, მსახურნი... ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას.

ძმანო ქრისტიანენო! უფალმან დღეს არათუ ათორმეტთა დაჰბანნა ფერხნი, არამედ მათ შორის და მათ მიერ ჩვენცა ყოველთა დაგვბანს იგი ფერხთა. არა თუ მოციქულთა მხოლოდ მისცა სახე, არამედ მათ მიერ ყოველთა მისთა მომავალთა მორწმუნეთა. ჩვენცა გვეტყვის იგი დღეს: ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას. ესრეთითა სიმდაბლითა და სიყვარულითა გვასწავლის იგი ჩვენ სიმდაბლესა, სიყვარულსა, თავის უარის ყოფასა. ნუ თუ შესაძლებელი არის წინააღუდგეს ვინმე ესრეთსა მისსა ლმობიერებასა და სიკეთესა! ვინ იქმნება ეგოდენ გაქვავებული გულითა, რომ თვითონაც, წარმომდგენელი ეგოდენისა მისისა სახიერებისა, არ დაემხოს წინაშე მაცხოვრის ხატისა და არ დაბანოს ცრემლითა თვისითა ფერხნი მისნი.

ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას! ნეტარ ხართ, უკეთუ მიითვისებთ ამ მაგალითს და კანონად დაიდებთ მას; ნეტარ ხართ, უკეთუ ემსახურებით მოყვასთა თქვენთა ყოვლითა სიყვარულითა და სიმდაბლითა. ამინ.