წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნაცვლად ქადაგებისა ლოცვა
თქმული დიდ პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნაზე

ძმანო ქრისტიანენო!

დღეს წინაშე ქრისტეს საფლავისა, ნაცვლად ქადაგებისა, უმჯობესად შევრაცხე წავიკითხო თქვენ წინაშე ერთი ძველი და მშვენიერი ლოცვა, რომელი ვიდრე აქამომდე არ იყო გარდამოღებული ჩვენ ენაზე, და ახლა, შეწევნითა ღვთისათა, განგებ გარდამოვიღეთ ჩვენ ამ შემთხვევისათვის. ნაცვლად უძლურისა ჩვენისა სიტყვისა, ისმინეთ იგი გულსმოდგინედ. ამ ლოცვაში მშვენიერად და ვრცლად არის გამოყვანილი ყოველი, რაიცა მაცხოვარმან ჰქმნა ჩვენისა ცხოვრებისათვის დღეთა ამათ შინა. დიდი სასოება გაუჩნდება კაცს და დიდი სარგებლობა მიეცემა, ვინც გულს-მოდგინედ ისმენს ლოცვასა ამას. აღვამაღლოთ უკვე ყოველთა გული ღვთისადმი, შევიკრიბოთ გონება ჩვენი და ესრედ შემუსვრილითა სულითა ლოცვა შევსწიროთ მისდამი, რომელი დღეს ჩვენთვის ჯვარსა ზედა დამოკიდებულ იქმნა.

ლოცვა:

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა ცხოველისაო, შემოქმედო ცისა და ქვეყანისა; მაცხოვარო სოფლისაო! აჰა ესერა მე, უღირსი, ყოველთა კაცთა უცოდვილესი, სიმდაბლით მოვიდრეკ მუხლთა გულისა ჩემისათა წინაშე დიდებისა შენისა, უგალობ და ვადიდებ განუზომელსა ვნებასა შენსა და მადლობასა, შენ მეუფესა და ღმერთსა, შეგწირავ, რამეთუ კეთილ ინებე გარდამოსვლა ზეციერისა შენისა ტაძრისაგან, და ხორცისა შესხმა ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისაგან; უხორცომან ხორციელი ბუნება ღვთაებისა შეაერთე; მდიდარი ნეფსით დაგლახაკდი, რათა კაცი სასუფეველსა შინა შენსა გაამდიდრო; შრომა და ყოველი კაცობრივი იწროება, ვითარცა კაცმან, თავს იდევ, რათა ყოველთა კაცთა, მწუხარებათა და იწროებათა შინა მყოფთა, შეეწიო; ორმეოცი დღე იმარხე, რათა ყოველთა აჩვენო გზა მარხვისა; მრავალ გზის ბოროტთა მიერ გამოცდილ იქმენ, რათა გამოიყვანო ყოველნი განსაცდელთაგან ყოველთა. უწყი, ყოვლად ძლიერო მეუფეო, რამეთუ ესე ყოველი არა შენთვის იყო სახმარ, არამედ ყოველი მოითმინე კაცობრივისა ცხოვნებისათვის; ოც-და-ათ ვეცხლად იქმენ განსყიდულ, რათა კაცი გამოისყიდო მონებისაგან სასტიკისა მტერისა; უწყალოთა ურიათაგან, ვითარცა უმანკო კრავი, მიტაცებულ იქმენ, კაცთა ნათესავისა სულიერისა მგელისა შთანთქმისაგან აღმომყვანებელი; სამსჯავროსა  წინაშე ანნა და კაიაფასა წარსდეგ სასჯელისაგან საუკუნოისა ცეცხლისა ყოველთა განმათავისუფლებელი; შეკრული, გინებული, განკიცხული, უმართლოთა მოწმებთაგან ცილის წამებული, შენ, რომელმან გამოიხსენ კაცი უბედურებისა ტანჯვისა და საუკუნოისა სიკვდილისაგან; პილატესა მიგცეს, რომელსა არცა ერთი ცოდვა არა გიქმნია, იროდესთან გაგგზავნეს და კვალად გაგინეს შენ კაცთა ყოვლისა ბოროტისა გარემოებისა, და მტერთა გინებისაგან განმათავისუფლებელი; რა მოგაგო შენ, მეუფეო, კაცთ-მოყვარეო, ამათ ყოველთათვის, რომელიცა ჩემ ცოდვილისათვის მოითმინე, არა უწყი: სული და ხორცი და ყოველი კეთილი ჩემი შენგან არს, და ყოველი ჩემი და მეცა შენი ვარ; მხოლოდ აურაცხელსა შენსა მოწყალებასა კეთილ ნაწლეო, უფალო, მსასოებელი უგალობ შენსა გამოუთქმელსა სულგრძელებასა, აღვამაღლებ აღუარებელსა მხედველობასა, ვადიდებ უზომოსა წყალობასა, რომლითა ჩემთვის დასჯილისა თავი მოიდრიკე, რათა მე განვმართლდე. სვეტსა ზედა მიკრულო და უწყალოდ ცემულო, მოწყალეო მიხსენ, გევედრები; ცოდვათა ჩემთაგან: ეკლისა გვირგვინით მოსილო, ეკალი სულისა ჩემისა აღმოხოცე; ლერწმითა თავსა ზედა ცემულო, თავი გველისა შემუსრე, რომელი განმგმირავს მე გესლითა ცოდვისათა; ძოწეულითა შემოსილო და მტანჯველთა მიცემულო, განმინათლე, მეუფეო წმიდაო, სულიერი სამოსელი, რათა შევიდე სასძლოსა ყოვლად მშვენიერსა; ავაზაკთა თანა შერაცხილო და ჯვარისა მხართა ზედა აღმღებელო, ავაზაკი, მტერი, მეძიებელი სულისა ჩემისა მოკვლად ჯვარითა შენითა განაძე. მიცნობ შენ, სულ-გრძელო, იესო, სასტიკად წყლულსა: ყოვლად წმიდისა შენისა თავიდგან ვიდრე ფერხთადმდე არღა იყო შენზე ასო მთელი. რაიღა უნდა ვსთქვა გამოუთქმელსა შენსა კაცთ-მოყვარებასა ზედა, ქრისტე მაცხოვარო ჩემო! მხოლოდ შემუსვრილებასა შინა გულისა ჩემისასა, თაყვანის მცემელი შენთა ყოვლად წმიდათა ვნებათა, და მოწიწებით მათი ამბორის მყოფელი, ვღაღადებ: შემიწყალე მე, ცოდვილი რომელმან ინებე ჯვარსა ზედა მიმსჭვალვა, - მიამსჭვალე მცნებათა შენთა გული ჩემი; მთასა ზედა გოლგოთასა ჯვარზე ამაღლებულო, აღამაღლე ზენა გონება ჩემი, რათა ზეციერსა განვიზრახვიდე; ნაღველისა ძმრისა თანა მიმღებელო, გამწარებული ცოდვითა გული ჩემი დაატკბე სიყვარულითა შენითა და მწყურვალესა მასუ მდინარისაგან სიტკბოებისა შენისა; რომელმან ხელნი შენნი წმიდანი განიპყრენ მისაღებელად ყოველთა, მიმიღე მეცა ცოდვილი; რომელსა ფერხნი გქონდა მიმსჭვალული, მსურველსა მარადის ცოდვილთა თანა ყოფად, იყავნ ჩემ ცოდვილსა თანა, აღმკრძალველი ფერხთა ჩემთა სვლად ყოველსა მზაკვარსა გზასა ზედა; რომელსა გული გქონდა განხმული, გამომიჩინე მეცა ცოდვილსა მადლი ესე; რომელმან თავი ყოვლად წმიდა ჯვარსა ზედა მოიდრიკე, შეისმინე უღირსი ლოცვა ჩემი. ჰოი ყოვლად საკვირველო, განუზომელო უფსკრულო მოწყალებისაო, ქრისტე ღმერთო, რომელმან ლოცვა შესწირე ღმერთსა მამასა, მტერთა ჯვარმცმელთა შენთათვის, მომეც მეცა ცოდვილსა მადლი ესე, რათა მიყვარდეს მტერნი ჩემნი და ვილოცო მათთვის; ავაზაკისა მონანულისა კართა სამოთხისა განმღებელო, მომხედე, ნათელო ჩემო, მეცა ცოდვილსა, მომეც სინანული და განმიღე კარი მოწყალებისა შენისა და მომიხსენე მე უღირსი, სასუფეველსა შენსა. უკანასკნელ სულისა შენისა წმიდისა ხელთა ღვთისა მამისა შემვედრებელო, მიიღე, შემოქმედო, სულიცა ჩემი ჟამსა აღსრულებისა ჩემისასა; ჯვარიდგან გარდმოხსნილო და საფლავსა შინა მკვდრად განსვენებულო, მაცხოვარო, მყოფო ნათელსა შინა მიუდგომელსა, აღიღე ჩემგანცა ტვირთი მძიმე ცოდვისა და ნუ მოიძაგებ განსვენებად საფლავსა შინა უღირსისა გულისა ჩემისასა, მოსაკვდინებელად ხორციელთა ჩემთა ზრახვათა; რათა არღარა ჩემთვის, განხრწნადი ესე ქმნილება, არამედ შენ, უფლისა და ღვთისა ჩემისათვის, ვსცხოვრობდე და შენითა, ჰოი ყოვლად მოწყალეო, კეთილ ნაწლეობითა ვეღირსო ხილვასა ჩემისა მაცხოვრისა და შემოქმედისა დიდებითა და პატივითა ჯვარცმის და სიკვდილის მიღებისათვის გვირგვინოსანისა, ნათელსა შინა შენისა შეუხებელისა დიდებისა, სადაცა სუფევ დაუსაბამოით შენით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველს მყოფელით და თანა არსით სულით პირველ საუკუნეთა, აწდა მარადის და უკუნისამდე. ამინ.