წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა დიდ-პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნასა ზედა

ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნეს
ვნებითურთ და გულის თქმით. (გალ. 5, 24)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

უკანასკნელთა ამათ დღეთა შინა არა ერთ გზის გაიგონეთ თქვენ ოთხთავე სახარებათაგან ვრცელი მოთხრობა უფლისა იესო ქრისტესი ვნებისა და ჯვარცმისა; დღესაც კიდევ ერთხელ წაკითხულ იქმნა ყოველი, რაიცა მას უყვეს და რომელიც მოითმინა მან ჩვენთვის, და აჰა ესერა, ხატიცა მისი, რომელიც ცხოვლად წარმოადგენს წინაშე თვალთა ჩვენთა, რა მდგომარეობაში იყო იგი, როდესაც ჯვარისაგან გარდამოხსნეს.

რას გრძნობდით დღეთა ამათ შინა, რა მოძრაობა იყო გულთა შინა თქვენთა, როდესაც გესმოდათ საშინელი მოთხრობა იესო ქრისტეს წვალებისა? თუ უქმად და გულ-გრილად ისმენდით მოთხრობათა აწინდელთა დღეთასა, ეს იქმნება ფრიად სამწუხარო მოვლენა; მაგრამ არა! თვით თქვენი სახე გამოაჩენდა უნებლივად მწუხარებასა გულისასა; ზოგიერთს თქვენს შორის ცრემლიც მოსდიოდა. საკვირველი არ არის! ვინც გულითად მოისმენს იესო ქრისტეს წვალებას, არ შეუძლია არ შეწუხდეს და ცრემლი არ მოუვიდეს. გარნა რისთვის უნდა იყოს მწუხარება ჩვენი, რას ანუ ვის უნდა ვსტიროდეთ! ჩვენს თავზედ უნდა ვსწუხდეთ და ჩვენი თავი უნდა დავიტიროთ, და არა იესო ქრისტე. ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირით ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა (ლუკ. 23, 26) უთხრა მაცხოვარმა დედათა, რომელნი სტიროდენ და იტყოდენ, მხედველნი მისი წვალებისა. ჩვენთვის დაითმინა მან ყოველი, ჩვენთა ცოდვათა აღიყვანეს იგი ჯვარსა ზედა, ჩვენმა უგუნურებამ შეუთხზო მას ეს ეკლის გვირგვინი, ჩვენმა სიავემ და თავხედობამ განუხვრიტეს მას ფერხნი და ხელნი. ჩვენმა სასტიკობამ და სიბრმავემ განუპეს მას გვერდი ლახვრითა, იგი უსჯულოებათა ჩვენთათვის იწვალა და ცოდვათა ჩვენთათვის გვემულ იქმნა; სასჯელი სოფლისა ჩვენისა მას ზედა (ისაია 53, 5).

რით უნდა გადავიხადოთ ჩვენ მის წინაშე ეგოდენი მისი ქველის მოქმედება! რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე? (ფს. 115). თუ ფიქრობ, ძმაო ჩემო, ვითომც საკმაო იყო შენი მხრით ის, რომ ამ დღეთა შინა ცოტაოდენ გული შეიწუხე, რამდენიმე ცრემლი გადმოყარე, მის ხატს დაუჩოქე და ეამბორე, შემცდარი ხარ. გულის გრძნობა და ცრემლი ერთი წამის საქმეა, გახვალ აქედან და სხვა მრავალი გულის გრძნობანი გაგიჩნდებიან და დაგავიწყებენ იმას. მაშ რა მივაგოთ მას ყოველივესათვის, რომელი მოგვაგო ჩვენ? მივაგოთ შეძლებისაგვარად სწორი; მივაგოთ იგივე რაიცა მან მოგვაგო. მან თვისი სიცოცხლე ჩვენ შემოგწირა, ჩვენც ჩვენი თავი, ჩვენი სიცოცხლე მას უნდა შევსწიროთ; მისნი უნდა ვიყოთ, მას უნდა დავუსაკუთროთ ჩვენი თავი; ყოველი ნაბიჯი მისდა სადიდებლად უნდა იყოს, ვითარცა იტყვის მოციქული პავლე: ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ქრისტე არს ცხოველ ჩემ შორის. მზგავსადვე, ჩვენცა არა ჩვენით ვცხოვრებდეთ, არამედ ქრისტე უნდა ცხოვრობდეს ჩვენს შორის, არა ჩვენის ჭკუით ვზრახვიდეთ, არამედ ქრისტეს მეცნიერებით, არა ჩვენი ნებით და გულის თქმით ვიქცეოდეთ, არამედ ქრისტეს ნებით და მისი მორჩილებით. ამავე აზრსა საღმრთო წერილი გამოთქვამს კიდევ უფიცხელესად და ძლიერად: ვინც ქრისტესი არისო, იგი ქრისტესთანა ჯვარს უნდა ეცვასო. სწორედ ქრისტესთან ჯვარს უნდა ვაცვათ ჩვენი თავი, თუ ქრისტე გვიყვარს და ქრისტესი ვართ, ქრისტესთა მათ ხორცნი მათნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულის თქმით. თუ შემთხვევამ მოითხოვა, სოცოცხლეც არ უნდა დავზოგოთ ქრისტეს სჯულის დაცვისათვის; მანამდის კი ქრისტესთან ხორცნი ჩვენნი ჯვარს ვაცვათ ვნებითურთ და გულის თქმით. ჯვარს აცვი ქრისტესთან, ძმაო, ენა შენი ბოროტი, ამაოდ მეტყველი, მგმობელი, ცილისმწამებელი, ხშირად ცოდვის მოძღვარი და ცეცხლის ამღზნებელი; ჯვარს აცვ თავხედობა, ამპარტავნება, უგუნურება; ჯვარს აცვ შენი ბოროტის მზრახველი გული, მოშურნე, ანგაარი; ჯვარს აცვ ყოველნი შენნი ასონი, მალიად მსრბოლნი და მარჯვენი ცოდვისათვის, ხოლო მედგარნი და ყრუნი კეთილისათვის. გარნა უმეტესად ყოვლისა ჯვარს აცვი შენი ხორცი, ბუდე იგი ყოვლისა ცოდვისა და ვნებისა, ბოროტი იგი მონა, რომელი ყოველთვის ცდილობს დაიმორჩილოს უფალი თვისი, უკვდავი სული; არ გყავდეს იგი აშობილი, შეავიწროვე, დაუმორჩილე სულსა, ამუშავე, ზედ დადექი, ნუ გაანებივრებ, აწვალე. თუ ამას ყოველსა ცდილობ, შენ იქმნები ჭეშმარიტი მოზიარე ქრისტეს ვნებისა, და მერმე აღდგომისაცა, რომელიც მოგვადლა ქრისტემან. ამინ.