წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ლოცვა ნაცვლად ქადაგებისა, თქმული დიდ-პარასკევს,
წინაშე ჯვარცმის გარდამოხსნისა

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

ნაცვლად ქადაგებისა დღეს ჩვენ, წინაშე ქრისტეს საფლავისა მდგომარეთა, გვირჩევნია აღვიაროთ ცოდვანი ჩვენნი, წარმოსვთქვათ ლოცვა და ვევედროთ ღმერთსა შენდობისა მიღებად. სადაცა თვით უფალი იესო ქრისტე ხმამაღლა გვიღაღადებს დღეს ჩვენ ჯვარისაგან, რა საჭირო არის ჩვენი უძლური სიტყვა. ახლა ჩვენ უნდა ვსტიროდეთ და ვგოდებდეთ ჩვენთა ცოდვათათვის. აწ წარვსთქვათ ერთი ძველი ლოცვა, სიღრმითგან გულისა ჩვენისა.

ლოცვა

ვსცოდე, უსჯულო ვიქმენ და სიცრუე ვყავ შენს წინაშე, ყოვლად სახიერო მეუფეო! გარდავხედ მაცხოვარებითთა მცნებათა შენთა და საღმრთოთა აღთქმათა; რომელნი მოგეც შენ წინაშე წმინდისა შენისა საკურთხეველისა, წინაშე ანგელოზთა და კაცთა. გავამწარე პატიოსანი სისხლი აღთქმისა შენისა, რომელიცა გავიწმინდე, მიმღებელი გამოხსნის ზიარებისა. მადლი სულისა შენისა უპატივოდ გამოვაჩინე,, უდებ ვიქმენ საშინელისა და ზესთა-ბუნებისა შვილობისა შენისა. ყოველი წერილი, საღმრთო სჯული და ღვთიური სწავლა, ამაო ჰაერის ცემა და ცალიერი მხოლოდ ხმის ღაღადება გამოჩნდა ჩემს შორის. სახელით მხოლოდ და სიტყვით ვიმარხავ პატიოსანსა სახარებასა ჭეშმარიტისა ქრისტიანობისასა. ხელნი მქონან დაუზარებლად განმზადებულნი მტაცებლობისა და ანგარებისათვის, ფერხნი მალიად და კადნიერად ყოვლისა უსამართლოებისადმი ბოროტად მსრბოლნი, მომზადებულნი ძმის ნაწილისა მიტაცებად და დათრგუნვად, გლახაკთა შესაჭმელად. ბაგენი საღმრთოისა ლოცვისა და სიტყვისა ორღანო, ყოვლისა უწმინდურებისა, ამაოებისა, ფიცია გატეხისა, ეშმაკთა ორღანოდ გარდავაქციე; თვალნი და ყოველნი ჩემნი საგრძნობელნი აღვსილ არიან სიმრავლითა მრუშებისა და ყოვლისა ბილწებისათა: ჩემს შორის მფლობელისა გონებისა, საღმრთოისა თესლისა დამთრგუნველმან, ასონნი შენნი, ქრისტე, მეძავთა ასოდ გარდავაქციე და ნაცვლად ღვთის ტაძრისა, ხრწნილებისა და ყოვლისა უწმინდურებისა სავანედ გამოვაჩინე. ვინაიცა, ყოვლად სახიერო მეუფეო, მრავალი შენი კაცთმოყვარება განსაკიცხავად ჩემდა უბადრუკისა გამოჩნდენ და მრავალი შენი კეთილი ნიჭი სასჯელად ჩემდა შევქმენ, რომლისათვისაც მე უბადრუკი არცა ჩემს შორის დაარსებულთა კეთილითა, არცა მოყვასთა ჩემთა სასჯელისაგან სწავლული, სიმართლით ჩემზედა მოვაწევნინე სასჯელისა შენისა წყლულებანი. არამედ ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მასწავლი მე. უფალო! შენ მხოლოსა შეგცოდე, გარნა შენ მხოლოსვე თაყვანსა გცემ და შემუსვრილითა გულითა, ვითარცა მსხვერპლსა, წმინდანსა ამას აღსარებასა მოგართმევ: მილხინე, კაცთმოყვარეო მეუფეო, დააყენე სამართლად მოწევნული ჩემდა წყლულება: სძლოს სიმრავლემან მოწყალებათა შენთამან ცოდვათა ჩემთა მზაკვარსა კრებასა და შენმან სახიერებისა აღურაცხელმან უფსკრულმან დაჰფაროს მწარე ცრემლთა ჩემთა ზღვა. მქონან ხელთა ჩემთა შინა ხატი და დიდებულობა შენისა კაცთ-მოყვარებისა: ავაზაკი, მეზვერე, უძღები შვილი, რომელნი უფროს ჩემსა მონანებასა შინა გამოცდილნი, სასუფეველსა შინა შევიდნენ. მათ თანა მეცა აღმსაარებელი და მივრდომილი მიმიღე, მეუფეო! და თუმცა ყოვლითურთ მათსა მოქცევასა და მონანებასა ვშორავ, დაკლებული ჩემი აღავსოს განუზომელმან სახიერებამან შენმან; არამედ ყოველივე ჩემი აღავსოს, ვინაცა ყოვლისაგან ჭეშმარიტად განშორებულ ვარ. მოგართმევ შენ გოპნებასა გლახაკთასა, ხმასა ჩვილთასა, მდაბალსა და უმანკოსა ყოვლისა ასაკისა მლოცველთა ნაწილსა, შენისა მოწყალებისა და მოტევებისა ღირსთა. გქონანა მასთანავე მოწყალებისა და შეწყალებისადმი მიმდრეკელი, ჯვარი და ნებსით სიკვდილი, რომელი ჩემთვის უმადურისა მოითმინე, ღვაწლი მოციქულთა, მართალთა და მმხარველთა, სისხლი მოწამეთა; ხოლო ყოველთა ზედა საზოგადო, ყოველთა სასოება და ცხონება ზესთა-სიტყვისა მშობელი შენი, რომელთა ვედრების კაცთ-მოყვარებით მიმღებელმან შეისმინე, იესო ტკბილო, ჩემისა ლოცვისა არათუ მხოლოდ ჩემზედ, არამედ მათზედა, რომელთათვის თანამდებ ვარ ლოცვად. შემწე ეყავ უკეთილ-მსახურესსა ხელმწიფესა და ყოველსა სახლეულობასა მისსა. აცხოვნე და შეიწყალე უწმინდესი სინოდი და ყოველნი მწყემსთ-მთავარნი და ყოველი განწმენდილი კრება ეკლესიისა, მიანიჭე მათ სიმრთელით, მშვიდობით, სარწმუნოდ, სიმართლით, ვითარცა განწესებულ და გარდამოცემულ არს სულისა წმინდისაგან, წმიდათა მოციქულთა და მამათა მიერ მართვად სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისა. შეცდომილთა მართლ-მადიდებელის სარწმუნოებისაგან მწვალებელთა და განდგომილთა ცნობად ჭეშმარიტებისა მოუწოდე, ურწმუნონი განანათლე, რათა გიცნან შენ; ცოდვილნი მოიყვანე სინანულად, ქალწულთა მიეც სიწმინდის დამარხვა, ქორწინებულთა პატიოსნებისა; ქვრივთა და ობოლთა საზრდო, გლახაკთა მფარველობა, მოგზაურთა შემწეობა, მენავეთა ნავთ-სადგური; მომნანებელთა მოტევება მიანიჭე, მტირალთა ნუგეში, კეთილთა კეთილად მყოფობა, საშუალთა უმჯობესობა, შემცოდებელთა აღდგენა და გამართვა. ჰოი, იესო, გლოცავ, მომეც ცოდვათა შენდობა, გონებისა კეთილად დგომა, ხორცისა სიმრთელე, სიცოცხლისათვის ყოველი სახმარი, მშვიდობა დღეთა ჩემთა, ჰაერის კეთილ შეზავება, მიწისა კეთილ ნაყოფიერება, მართლ-მადიდებლობის აღორძინება, წმინდათა ეკლესიათა შენთა ერთობა, მწვალებელთა დამხობა, უკეთურთა რჩევათა დარღვევა, ცეცხლი სიყვარულისა და ყოვლისა ღვთისმსახურებისა, ლოცვასა შინა გულისა სიწმინდე, განსაცდელსა შინა მოთმინება და სულგრძელება, სასოებისა სიხარული, და ყოველი სულიერისა და ხორციელისა სიმრთელისათვის სასარგებლო, უმეტესად უდიდებულესობისა შენისა დიდებისა სათანადო თხოვნა მომანიჭე და აღასრულე განუზომელთა მოწყალებათა შენთა, გამომხსნელმან ყოვლისა სამართლად მოწევნულისა სასჯელისა, სრვისა, ძვრისა, რღვევისა, ცეცხლისა, მახვილისა და ყოვლისაგან სიკვდილ შემოსილისა წყლულებისა, და არა მსურველმან ცოდვილთა სიკვდილისა, მომეც მე ჟამი მონანებისა, რათა აწმყოთაცა ბოროტთა და მომავალთაცა საუკუნოთა ტანჯვათაგან თავისუფალ ვიქმნე მადლითა და კაცთ-მოყვაებითა დაუსაბამოისა შენისა მამისა, რომლისათანა კურთხეულ ხარ თანა ყოვლად წმინდით, სახიერით და ცხოველმყოფელი სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.