წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ჯვარცმის გარდამოხსნასა ზედა

და მუნ ჯვარს აცვეს იგი (ლუკ. 23, 32)

ყოველნი წიგნნი საღმრთოისა წერილისანი რომ დაიკარგოსო, იტყვის დიდი წმინდა მამა ბასილი, მაშინ ერთი მხოლოდ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ცხოვრება, ვნება და სიკვდილი საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, რაი არს ქრისტიანობა. გოლგოთის ჯვარზედ აღწერილი არის ყოველი, რაიცა საჭირო არის ჩვენთვის ცნობად ღვთისა და ჩვენი თავისა. ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგულ-ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი დაცემა და აღდგინება, ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება - ეს ყოველი წაიკითხება ჯვარსა ზედა. ჯვარი არის სასწავლებელი, იტყვის ნეტარი ავგუსტინე, სადაცა მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის ჩვენ ძელითგან, რომელსა ზედა დამოკიდებულია. გარნა ამასთანავე იგივე ჯვარი არის ჩვენი სამსჯავრო.

ჯვარი მაცხოვრისა არის ჩვენი სასწავლებელი. გოლგოთის ჯვარი, თუ ჯეროვნად ვუმზერთ მასზედა ჯვარცმულსა, გვასწავლის ჩვენ: ა) სრულსა მოთმინებასა. რა მოთმინებით მიიღო უფალმან თვით უსაშინელესი ტანჯვანი, ამას კაცის გონება ვერ წარმოიდგენს. იგინი იყვნენ არა თუ მარტო ხორციელნი, არამედ ცალკე სულიც მისი იტანჯებოდა, სხეული მისი თავიდან ფეხამდი იყო გვემული, დახვრეტილი, გასისხლიანებული თავი ეკლის გვირგვინითა, გვერდი ლახვრითა, ხელნი და ფერხნი ლურსმნებითა, მთელი სხეული ჯოხის ცემითა. ყოველნი მისნი, თვით უმცირესნი ასონი, სახსარნი, ძარღვნი იყვნენ ანთებულნი, გაჭიმულნი. ჩვენ რომ ერთი რომელიმე ასო ფრიად აგვტკივდება, მთელი გვამი იტანჯება და გვტკივა. მაცხოვარს კი აღარც ერთი უმცირესი ასო დარჩენია მთელი, ყოველი ასო შიგნით და გარეთ სტკიოდა. ამისთანა მდგომარეობა კაცის სხეულისა, რასაკვირველია, მის სულსაც გასტანჯავს. გარნა სულსა მაცხოვრისასა სხვანი ჰქონდენ საკუთარნი წყარონი ტანჯვისა. გაიხსენეთ განკიხცვა, ნერწყვი, ყვრიმალსა ცემა; გაიგონეთ სიტყვები: გიხაროდენ, მეუფეო ურიათაო! ანუ: აცადეთ, ვიხილოთ თუ მოვიდეს მასთან ილია; ანუ კიდევ: სხვანი აცხოვნა, აცხოვნე თავი შენი; აჰა, რომელი ტაძარსა დაარღვევს და მესამესა დღესა აღაშენებს. ანუ წარმოიდგინეთ დანახვა წინაშე მისსა მდგომარისა, მტირალისა დედისა მისისა და შეიტყვეთ, რომ არ იყო ქვეყანაზე ტანჯვა და ტირილი, ვითარცა მისი. და ესრეთ თუ ვისმე თქვენგანსა ეწიოს მწუხარება, სევდა, ტანჯვა, შეხედეთ ჯვარსა მისსა და ისწავლეთ მოთმინება.

ბ) ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე დაკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან! ანუ გაიხსენეთ რა უთხრა მასთან ჯვარცმულსა ავაზაკსა: ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან იყო სამოთხესა შინა. ხოლო დედასა თვისსა ჩააბარებს საყვარელსა თვისსა მოწაფესა, მეტყველი: აჰა ძე შენი! და იოანე ეტყვის: აჰა დედა შენი! რაც გინდა გაყინული ჰქონდეს კაცს გული, არ შეუძლია არ იგრძნოს ლმობიერება და სიყვარული შემხედველმა გოლგოთის ჯვარისა და გამგონემ ამათ სიტყვათა.

გ) ჯვარი გვასწავლის კიდევ, რათა ჩვენცა ჯვარს ვაცვათ ხორცნი ჩვენნი ქრისტესთან. სხვა გზით, გარეშე ჯვარისა, არ შეეძლო ქრისტეს გამოხსნა და ცხონება ჩვენი. არც ჩვენ შეგვიძლია, ძმანო ჩემნო, ვეზიაროთ მისსა მაცხოვარებასა, თუ ჯვარს არ ვაცვამთ ხორცთა ჩვენთა. ქრისტესთა მათ, იგი ვინც ქრისტეს ეკუთვნის, ხორცნი მათნი ჯვარს აცვან ვნებითურთ და გულისთქმით.

დ) ვისწავლოთ აგრეთვე ჯვარისაგან შეურაცხ-ყოფა სოფლისა და მისი დიდებისა. მაცხოვარი ეკიდა ჯვარზე, ვითარცა ერთი უკანასკნელი და უღარიბესი კაცთაგანი. უწინ მას ერთი წყვილი ტანისამოსი მაინც ჰქონდა: ახლა ისიც გაძარცვეს, ტიტველია. ახლა მას ეკუთვნის მხოლოდ ერთი ფიცარი, რომელზედაც დამოკიდებულია და ხმა-მაღლად, თუმცა უსიტყვოდ გვასწავლის: ნუ დაემორჩილებით სოფლის დიდებასა!

ე) ვისწავლოთ სიმდაბლე: თუ ოდესმე, ძმაო, გულში გაგიჩნდეს მაღალი ჰაზრი, თავხედობა, შეხედე ჯვარსა. რას დაინახავ? მას ზედ დაკიდებულია დიდება ღვთისა! ჩვენ ისე ღრმად დავეცით, რომ ძე ღვთისა სისხლსა თვისსა ღვრის და კვდება ჩვენთვის.

ვ) ვისწავლოთ აგრეთვე შერიგება, მადლი, მშვიდობა. ჯვარსა ზედა ცხადად დაწერილ არს: არა ნებავს ღმერთსა სიკვდილი ცოდვილისა, არამედ რათა მოიქცეს და სცხოვნდეს. ხელით წერილი ცოდვათა ჩვენთა დაიხია! მაცხოვარს ხელები აქვს განპყრობილი, რათა მიემთხვიოს ყოველთა ცოდვილთა, მონანულთა. დაუფასებელი სისხლი დაითხია ცოდვათა ჩვენთათვის, ავაზაკი ცხონდა. ხმამაღლა ქადაგებს ჯვარი: ყოველი კაცი მიიღებს ამიერ შენდობასა, მადლსა, მშვიდობასა, თუ მოიტანს სინანულსა.

გარნა, როგორც უწინ ვსთქვით, ჯვარი არის ჩვენი სამსჯავროცა. ცოდვილი შემნანებელი ჯვარითგან მიიღებს უდიდესსა ნუგეშსა, ვინაითგან მაცხოვარმა ჭეშმარიტად ივნო და შეგვარიგა ზეციერს მამასთან; გარნა შეუნანებელი ცოდვილისათვის ჯვარი არის საშინელი სამსჯავრო და სასჯელი. რას ეტყვის მაცხოვარი, როდესაც წარმოუდგება მას განუღვიძებელი ცოდვილი?

ა) მე თქვენ შეგიყვარეთ და თქვენ მომიძულეთ, მდევნიდით, მკიცხავდით, მგმობდით; თქვენ არ დააფასეთ ჩემი სიყვარული და მომაგეთ მე უმადურება; უმისოთაც ღირსი იყავით თქვენ სასჯელისა, ვითარცა ცოდვილნი, გარნა აწ ბრალი თქვენი უდიდესია, რადგანაც თქვენ შეურაცხ-ჰყავთ ჩემი განუზომელი სიყვარული. ვისაც არ განაღვიძებს ამისთანა სიყვარული, იგი ჯოჯოხეთისა არის.

ბ) მე თქვენთვის ვივნე. მე უბრალო ვიყავი, გარნა მივიღე ჩემს თავზე ცოდვა ყოვლისა კაცისა და ვიტვირთე მათთვის ყოველი სასჯელი. არსად, არაოდეს არ გამოჩენილა ასე ფიცხლად მართლ-მსაჯულება ღვთისა, არცა სამოთხეში, არცა წარღვნაში, არცა სოდომსა და გომორზე. თქვენზე, შეუნანებელ ცოდვილთა ზედა იქმნება მსგავსივე ფიცხელი სასჯელი.

გ) მე შევწირე ჩემი თავი მსხვერპლად. ჩემი თავი მივეცი თქვენდა გამოსასყიდად ცოდვისაგან, გარნა თქვენ მაინც შეიყვარეთ მონანება ცოდვისა. თქვენ არაფერი შემომწირეთ მე, არცა გული, არცა ჰაზრი, არცა ერთი კეთილი საქმე. თქვენი კერპი, თქვენი ღმერთი იყო ვერცხლის სიყვარული, ანგაარება, ხორცის სიამოვნება; ამით უკმევდით საკმეველსა, მათთვის იკლავდით თავსა; მათ შესწირავდით თქვენს თავს მსხვერპლად.

დ) მე დავთხიე სისხლი. ერთი წვეთი ჩემი სისხლისა საკმაო იყო განბანვად მთელი თქვენის ცოდვისა. ადვილად შეგეძლოთ თქვენცა განთავისუფლება ცოდვათაგან, გარნა თქვენ არ უყურებდით ჩემსა ოფლსა, ჩემთა ცრემლთა, ჩემს სისხლსა. ახლა რომლისა სასჯელისა ღირსი არა ხართ თქვენ?

ე) მე მოვკვდი თქვენთვის, რათა თქვენც მოკვდეთ ცოდვისათვის. გარნა არა შემხედველი ამისა, თქვენ არ მოკვდით ცოდვისათვის; ცოდვა ყოველთვის ცოცხალი იყო თქვენ შორის. ამისთვის თქვენ მიეცემით საუკუნოსა სიკვდილსა.

მე ვიქმენ დაფლულ; თქვენ კი, ნაცვლად მისსა, რომ დაგეფლათ ცოდვანი თქვენნი, მე დამფალით. აწ ჯოჯოხეთი იქმნება თქვენი საუკუნო საფლავი.

დასასრულ, ძმაო ჩემნო, ვისთვისაც ჯვარი ქრისტესი არ არის სასწავლებელი, მისთვის იგი გარდაიქცევა სამსჯავროდ, დასასჯელად. მეორესა საშინელსა მოსვლასა ქრისტე გამოჩნდება ჯვარითა თვისითა. მონანულნი, ცხონებულნი გაიხარებენ; ცოდვილნი იქმნებიან ზარ-განხდილნი, მოწყლულნი. ამინ.