წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა პირველსა კვირიაკესა ზედა დიდის მარხვისასა

ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა,
ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოსთა ღვთისათა
(ლუკ. იბ,ჱ)

დღეს, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ ვასრულებთ მცნებასა ამას უფლისასა. ხმითა მაღლითა წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ დღეს ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ, ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და შემწეობა ვიდრე ამ ჟამადმდე დაცვად სისწორით და სისრულით ყოვლისა სჯულისა მისისა; ხოლო წინააღმდეგთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა მისგან მოცემულისა სწავლისასა ვეტყვით ანათემასა, ესე იგი, უარ-ვყოფთ მათ და განვაძებთ ეკკლესიის კრებულისაგან. გარნა აქ საჭირო არს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მივაქციოთ სრული ყურად-ღება, რომლისა აღსარებისათვის გვამცნებს ჩვენ მაცხოვარი მეტყველი: რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა... ესე იგი, საკმაო არსა აღსარება ქრისტეს სახელისა მხოლოდ სიტყვითა და ენითა? არა, ძმანო ჩემნო, აღსარება სჯულისა არის ორნაირი: ერთი სიტყვითა, მეორე თვით საქმითა. სიტყვით აღიარებს ღმერთსა იგი, რომელიც ენითა თვისითა წარმოსთქვამს სახელსა ქრისტესსა და სარწმუნოებასა მისსა, ხოლო საქმით იგი, რომელი ცხოვრებითა და ყოფა-ქცევითა თვისითა გამოხატავს ანუ მოიყვანს არსებაში სახარებასა იესო ქრისტესსა. ცხად არს, რომელ კაცმან, რომელსა სურს სათნო-ეყოს უფალსა, ორივე აღსარება უნდა აღასრულოს, ესე იგი შეაერთოს სიტყვა და საქმე. კაცი, რომელი მხოლოდ ენითა თვისითა აღიარებს უფალსა, გარნა საქმით იქცევა წინააღმდეგ მისთა მცნებათა, არა თუ ქრისტიანე არ არის, არამედ არის მოღალატე ქრისტესი. ისმინეთ, რასა იტყვის ისაია წინასწარმეტყველი: მომეახლებიან მე ერი ესე სიტყვით და ბაგითა პატივს-მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს არს ჩემგან და ამაოდ პატივს-მცემენ მე. ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეტყვის: არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი.

ნუ ატყუებ, ძმაო, თავსა შენსა. ქრისტეს მოწაფე და ქრისტეს აღმსარებელი მაშინ ხარ, როდესაც აღასრულებ სიტყვათა მისთა; თუ არ მოინანე ცოდვანი შენნი, თუ ისრეთს რასმე იქმ, რომელიც წინააღმდეგი არის იესო ქრისტესი, ქრისტეს მოღალატე ხარ. გახსოვდეს, რომ შენ ყოვლითა შენითა არსებითა, სულითა და ხორცითა ქრისტეს ეკუთვნი. შენ ქრისტესი ხარ ყოვლითურთ, ქრისტეს სისხლით მოსყიდული ხარ; ქრისტეს-თანა შეერთებული ხარ, ნათღიის-ღებიდგანვე ქრისტეს სახელი გეწოდება; აწ, უკეთუ კეთილად ხვალ, ქრისტეს აღიარებ; უკეთუ სცოდავ და არ მოინანებ, ქრისტეს მოღალატე ხარ. მეშინოდეს, რომ არ უარ-გყოს შენ ქრისტემან, უკეთუ შენ უარ-ჰყავ იგი ცხოვრებითა შენითა. ქრისტეს აღიარებ მაშინ, ოდეს სახელითა მისითა გლახაკსა, მცირესა ძმასა შენსა შეეწევი ნაყოფისაგან შენისა; ქრისტეს მოღალატე ხარ, უკეთუ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ და არავის არ ეწევი; ქრისტეს ადიდებ, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, რომელი შეიყვარა მან და სისხლი დაჰსთხია მისთვის; ქრისტეს უარ-ჰყოფ, თუ მოიძულე ვინმე მოყვასთა შენთაგანი; ქრისტეს აღიარებ, ოდეს გახსოვს მცნება მისი და ყოველთვის სიმართლეს იტყვი და არავის მოატყუებ; ქრისტეს უღალატებ, ოდეს იქცევი მზაკვარებით, ოდეს იუდასავით ამბორს უყოფ მოყვასსა და მერმე გაჰყიდი მას.

ნუ დაივიწყებ, რა პატიოსანს სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მისთა აღმსარებელთა. რა დიდი არის და საკვირველი, რომ შენ წინაშე რაოდენათმე კაცთა აღიარო სახელი ქრისტესი მაშინ, ოდეს იგი აღგითქვამს შენ: ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოსთა ღვთისათა. ოდეს ყოველნი ტომნი, ანგელოსნი და კაცნი შეიკრიბებიან მეორეთ მოსვლაზედ წინაშე დიდებისა უფლისა, მაშინ აღგიარებს შენ უფალი, მაშინ გამოაჩენს შენსა ერთგულებასა, რომელი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.