წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება დიდ-მარხვის მეორესა კვირიაკესა

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

თუმცა წარსულს კვირას, მართლ-მადიდებლობის წინათ, ჩვენ წინა-დაგიდეთ მცირედი განმარტება წესისა ამის, გარნა ვინაიდგან საჭიროებისა გამო მაშინ სიტყვა ჩემი იყო მოკლე და მცირე, ხოლო წესი იგი არის ფრიად შესანიშნავი და ამასთანავე რომელთამე პირთა აქვსთ მას ზედა უსაფუძვლო ჰაზრი, ამისთვის საჭიროდ ვრაცხ კვალად მივაქციო დღეს ყურად-ღება თქვენი საგანსა ამას ზედა.

რომელნიმე მომსმენელნი მართლ-მადიდებლობის წესისა ესრეთ ფიქრობენ გულში და ხშირათ ხმა მაღლათაც გამოსთქვამენ ფიქრსა მათსა: რათ აღსრულებს ეკკლესია დღეს წესსა ამას? კარგად არ იქცევა იგი ამ შემთხვევაში - რა საქმე აქვს ეკკლესიას ჩემ ჰაზრთან და ჩემის გულის-თქმასთან? ოღონდ მე კი კარგი კაცი ვიყო და პატიოსნად ვიქცეოდე, არვის არ ვაწუხებდე, ერთი სიტყვით, საქმით კარგი ვიყო, თორემ გულში რაც უნდა ჰაზრი მქონდეს ღმერთზედ, ანუ ხატზედ, ანუ სხვა საგანზედ, - ეს სულ ერთია! ვის რა დააკლდება, მე რომ განსხვავებული ჰაზრი მივიღო ღმერთზედ, ანუ სხვა ეკკლესიის სწავლაზედ? ჩვენგან ღმერთი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ვნება არავის მივცეთ და ცუდს საქმეს მოვერიდოთ, სხვებრ რაც გინდა ვიფიქროთ ეკკლესიის სწავლათა ზედა, ამით არავის არაფერს არ დაუშავებთ. სწორედ ესრეთ ფიქრობენ და ამას იტყვიან ზოგიერთნი პირნი. მართალი არის თუ არა ეს ლაპარაკი? მისაღები არის იგი და პატივ-სადები თუ არა? ამაზედ ვიფიქროთ ახლა.

არა, ძმანო ჩემნო, ესე ვითარი ლაპარაკი და განზრახვა არის წინა-აღმდეგი, ცრუ და უსაფუძვლო! ვინც ესრეთ განიზრახავს, მას უთუოთ ავიწყდება ერთი რაიმე, სახელდობ, ავიწყდება რა საგანი აქვს ეკკლესიის სწავლას, რისთვის გვამზადებს ჩვენ და გვზრდის ეკკლესია? წმიდა ეკკლესია გვამზადებს ჩვენ და გვზრდის, არათუ მხოლოდ ამ სოფლის ცხოვრებისათვის, არამედ და უმეტესად მომავალისა საუკუნოისათვის. ადამიანის არსება და ცხოვრება რომ არ განგრძელდებოდეს გარეშე ამის სოფლისა, ჩვენ რომ არა გვრწამდეს უკვდავება სულისა ჩვენისა და მომავალი დაუსრულებელი ცხოვრება, მაშინ სწორეთ სულ ერთი იქმნებოდა, რაც გინდა ჰაზრი გვქონდეს ღმერთზედ; გარნა ვინაიდგან გვაქვს სასოება მომავალისა ცხოვრებისა, მაშასადამე ჰაზრიცა ჩვენი და სარწმუნოება უნდა იყოს მართალი და მართლ-მადიდებელი. ჩვენ გვრწამს და ვაღვიარებთ, რომელ ღმერთი არის შემოქმედი და მმართველი ყოვლისა ქვეყანისა, რომელ მან მოავლინა ძე თვისი გამოხსნისათვის კაცისა, კაცი ცხოვნდება და განათლდება მხოლოდ საშუალებითა სულისა წმიდისათა, ღმერთი მიაგებს ყოველსა კაცსა საქმეთა-მებრ მისთა; ესე ვითარნი და ამის მსგავნი ჰაზრნი და სწავლანი არიან საფუძველნი ჩვენის სჯულისა და სასოებისა და არ შეუძლიან ეკკლესიასა, რომ არ ამხილოს მათი წინა-აღმდეგნი, მისთვის რომელ, ვინც გამოსცვლის და წინა-აღუდგება სწავლასა ამას, იგი საფუძვლიანად არღვევს სჯულსა ჩვენსა. ათასი სხვა სწავლა აქვს და ათასი ჰაზრი კაცსა სხვათა და სხვათა საგნებთა ზედა: ეკკლესია არ შეეხება მათ. რაც გინდა იფიქრო და ასწავლო შენ ბუნებასა ზედა, ანუ საზოგადოების წყობილებასა ზედა, ანუ სხვათა ამ სოფლის საგანთა, ეკკლესია არ გაერევა ამაში, სრულს თავისუფლებას გაძლევს შენ; გარნა შესახებ საღმრთო სჯულის სწავლისა ეკკლესია ვერ მოითმენს, რომ განასხვაო იგი, მისთვის რომელ იგი არ არის მოგონებული შენგან ანუ ჩემგან; გუშინ ანუ გუშინ წინ არ არის გამოცხადებული, არამედ თვით ღმერთმან გამოგვიცხადა იგი დასაბამითგან და ჩვენი საუკუნო ნეტარება არის დამოკიდებული მას ზედა. ეს არის პირველი მიზეზი.

მეორე მიზეზი, რომლისა-თვისცა წმიდა ეკკლესია ყოვლის ღონის-ძიებით იცავს შეუცვლელად სწავლასა მისსა და ფიცხელად განიკითხავს წინა-აღმდეგთა და გარდამქცეველთა ამა სწავლისათა არის ისა, რომელ სწავლა იგი არს კავშირი ყოველთა ქრისტიანეთა, რომელი შეაერთებს ყოველთა კაცთა წინაშე ღვთისა; ხოლო ერთობა და სიყვარული კაცთა შორის არის უძვირფასესი თვისება წინაშე თვალთა ღვთისათა. სადაც არ არის ერთობა და სიყვარული, მუნ არ არის მადლი ღვთისა, მუნ ეკკლესია აღარ არის. რა არს ეკკლესია? იგი არს შეკრება კაცთა ერთ-მორწმუნეთა, ესე იგი, ისრეთთა კაცთა, რომელთა აქვსთ ერთი ჰაზრი საღმრთოთა საგანთა ზედა. წმიდა მოციქული პავლე მისწერს ფილიპელთა: აღავსეთ სიხარული ჩემი, რათა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქვნდეს, ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით (თ. ბ,გ); ხოლო ეფესელთა იგივე წმიდა მოციქული ამცნებს: ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშვიდობისათა (თ. დ, გ). ისრეთი ძვირფასი თვისება არის ერთობა სარწმუნოებისა, რომელ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უკანასკნელსა შინა ლოცვასა პირველ ჯვარ-ცმისა მხურვალედ გამოითხოვა მამისა თვისისაგან, რათა ყოველნი მისნი მორწმუნენი იყვნენ ერთ, ვითარცა იგი და მამა ერთ არიან. გარნა ყოველნი წინააღმდეგნი სარწმუნოებისა და გარდამაქცეველნი სწავლისა დაარღვევენ ერთობასა და მოახდენენ განხეთქილებასა და სიძულილსა. მეოთხესა საუკუნესა შინა, ოდესცა უღმრთომან არიოზ მოახდინა საშინელი შფოთი ეკკლესიასა შინა, ერთ ღამეს წმიდა ალექსანდრეს, ეგვიპტის მწყემსთ-მთავარსა, გამოეცხადა სიზმრად უფალი იესო ქრისტე. ოდესცა წმიდამან ალექსანდრე შეხედა უფალსა იესო ქრისტესა, ნახა, რომელ მისი კვართი ანუ სამოსელი იყო გაპობილ ორად თავიდგან ბოლომდი, და ესმა ხმა უფლისა: აჰა რა მიყო არიოსმან! ეს კვართი გაპობილი მოასწავებდა წმიდასა ეკკლესიასა, რომელი განაპო ორად უღმრთომან არიოს, სწავლითა თვისითა. სადღა იქმნება სიყვარული და ერთობა ეკკლესიასა შინა, უკეთუ ყოველმან კაცმან თვისებრ დაიწყოს სწავლა საღმრთოთა საგანთა ზედა. აჰა რისთვის ცდილობს წმიდა ეკკლესია, რათამცა საღმრთო იგი სწავლა, რომელი გარდამოგვცეს მოციქულთა, იყოს დაცულ შეუცვლელად ყოველთა კაცთაგან! აჰა რისთვის ზარ-დასცემს იგი ანათემითა ყოველთა, რომელნი კადნიერ იქმნებიან გარდაქცევად სჯულისა მისისა!

მესამედ, როდესაც წინა-აღმდეგნი იტყვიან: ოღონდ ყოფა-ქცევით კარგი კაცი ვიყოვო, თორემ ჰაზრი რაც გინდა მქონდეს ღმერთზედ, - ერთიაო, ამით რას ამტკიცებენ იგინი? ამტკიცებენ მას, ვითომც შესაძლებელი არის, რომ სარწმუნოება არ ჰქონდეს კაცს და სათნოება კი ჰქონდეს, ანუ თუ თვინიერ სარწმუნოებისა შესაძლებელ იყოს სათნოება და სიწმიდე. ეს ჰაზრი სრულიად უმართლო არის, ძმანო ჩემნო! გარეშე ქრისტეს სჯულისა არ არის შესაძლებელი, რომ კაცმან შეიძინოს ჭეშმარიტი სათნოება და სიწმიდე. შეიძლება კი ცოტაოდენი ანუ დაბლისა ხარისხისა სიმართლე და პატიოსნება ჰქონდეს ურწმუნოსაცა კაცსა; შეიძლება და კიდეც მამხდარა მრავალ-გზის, რომელ თვით კერპთმსახურნიცა, ეგრეთვე მაჰმადიანნი და სხვა სჯულის ხალხნი იქმოდენ რომელთამე კეთილთა საქმეთა: კაცი ებრალებოდესთ, მოწყალება მისცენ, სიმართლე უყვარდესთ, გარნა არა-ოდეს არ არის შესაძლებელი, რომელ მათ მიითვისონ ნამდვილი და ჭეშმარიტი სათნოება, ის სათნოება, რომელი მხოლოდ განამართლებს კაცსა ღვთის წინაშე. ეს ჰაზრი არის ჭეშმარიტი, გარნა იგი მოითხოვს საკუთარსა განმარტებასა და ვინაიდგან განვრცელდა სიტყვა ჩვენი დღეს, ამისთვის ვალდებულვყოფ თავსა ჩემსა მერმე ოდესმე მივაქციო ყურადღება თქვენი საგანსა ამას ზედა; ხოლო დღეს დასასრულსა სიტყვისა ჩვენისა გევედრები შენ, ძმაო ჩემო, შენ, რომელი ხარ მართლ-მადიდებელი, ეცადე და განამართლე ყოვლითა ღონის-ძიებითა სჯული შენი წინაშე წინააღმდეგთა მისთა. ვცი, რას იტყვიან და რით იმართლებენ თავსა წინააღმდეგნი ჩვენისა სამღთოისა სჯულისა? ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მართლ-მადიდებელნი განსხვავებულნი იყვნენ კარგითა მათითა ცხოვრებითაო, წინა-აღმდეგ ამისა ვხედავთ, რომელ თუმცა იგინი იქადიან მართლ-მადიდებლობითა, გარნა არ იქცევიან პატიოსნად და არ ერიდებიან უსამაროლოებასა და ცოდვასაო. რა უნდა უპასუხოთ ამაზედ მათ? ჭეშმარიტად ვიტყვი: რომელი იქადიან მართლ-მადიდებლობას, ხოლო ცუდად იქცევიან და ცოდვას არ ერიდებიან, უარესად ავნებენ სჯულსა მათსა, ვიდრეღა განცხადებულად ურწმუნონი. როდესაც ურწმუნო კაცი ცუდად იქცევა, ცოდვას არ ერიდება, ეს საკვირველი არ არის და მე ვგონებ, რომ უფრო შესანდობელიც არის: გარნა რით უნდა განვხსნათ და რით უნდა შეუნდოთ ცუდი ყოფა-ქცევა იმ კაცსა, რომელი იქადის მართლ-მადიდებლობასა? ამისათვის ეცადე, მართლ-მადიდებლობის შვილო, შენვე არ შეარცხვინო დედა შენი, წმიდა ეკკლესია, წინაშე მტერთა მისთა, არამედ ისრე მოიქეცი, რომ ყოველი ურჩი ეკკლესიისა, მხედველი წმიდისა შენისა ცხოვრებისა, ცხადად ხედვიდეს რა კეთილი და სასარგებლო საქმე არის მართლ-მადიდებლობა. ამინ!