წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მეორესა კვირიაკესა ზედა დიდისა მარხვისასა

დიდი მარხვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, არის საკუთარი ჟამი ლოცვისა, მარხვისა, სინანულისა და ამისათვის ჩვენცა, სულიერნი მოძღვარნი თქვენნი ამ საგანზე, ესე იგი ლოცვაზე, სინანულზე და აღსარებაზე საკუთრად და უმეტესად უნდა გეტყოდეთ თქვენ.

დღესა მე მსურს ვიწყო თქვენთან უბნობა მასზედ, თუ როგორ უნდა შევინანოთ ჩვენი ცოდვანი, რა ზომა უნდა მივიღოთ, რომ გასწორდეს ჩვენი ცხოვრება და ღირსეულად ვეზიარებოდეთ. გარნა პირველ, ვიდრე შევუდგები ამ საგანზე თქვენთან უბნობას, მოგახსენებთ ერთს უბრალო შემთხვევას, რომლისაგან გამოიყვანება ჩვენთვის კარგი სწავლა სინანულზე, მოქცევაზე, ცოდვის უარისყოფაზე, რომელზედაც დავაპირე დღეს თქვენთან უბნობა.

წარსულ კვირას, ოთხშაბათს, ეკკლესიაში რომ მივდიოდი, გზაზე დამხვდა ერთი მახლობელი სოფლის მცხოვრები უბრალო კაცი, რომელმაც შემომჩივლა: ჩემმა მოძღვარმა გამომიცხადა, არ მიგიშვებ ზიარებისადმიო. უბრძანეთ, რომ მაზიაროსო. ვკითხე: რა მიზეზი გამოგიცხადა? ამაზე იმ კაცმა გულწრფელად აღიარა: მართალია, ცოდვილი ვარო, უგვირგვინოდ ვსცხოვრობ მეოთხე ქალთანო, მაგრამ არ შემიძლია ახლა გავაგდო ისაო, წვრილი შვილები მყავსო, მეც ისე მოხუცებული არა ვარო. დიდ ხანს არ შემეძლო მასთან ბაასი და მისი დარიგება, დრო არ მქონდა; შეუგონებლადაც დატოვება მისი არ შეიძლებოდა, უცბად ვუთხარი მე მას: კარგი, აბა შემოდი ამ ეკლესიაში, დადექი მაცხოვრის ხატის წინაშე და ესრედ ილოცე: მაცხოვარო, უფალო იესო ქრისტე! მართალია დიდ ცოდვაში ვარ, კიდეც ვსწუხვარ და ვნანობ, მაგრამ ახლა არ შემიძლია ჩემს ცოდვას გავეყარო; მერმე კი ვეცდები და გავეშორები იმ ცოდვას, ოღონდ კი ღირს მყავ ახლა შენისა წმინდისა ზიარებისა. მას ეუცხოვა ეს სიტყვა. მისმა სინდისმა ამხილა, რომ არ შეიძლება ამისთანა ახირებული ლოცვა, და მიპასუხა: ასე ლოცვა როგორ შეიძლებაო; მაშინ მე ვუპასუხე: თუ კი ლოცვაშიც არ შეიძლება ამისთანა სიტყვის თქმა, მით უმეტეს ახირებულია და ცუდი საქმით მისი აღსრულება. სანამ შენ ცოდვას არ გაეყრები, ზიარებაც არ იქნება შენთვის სასარგებლო.

მე ვგონებ, ძმანო ქრისტიანენო, რომ მარტო ის ხსენებული სოფლის კაცი არ არის ამ მდგომარეობისა და ჰაზრისა, არამედ ვგონებ, რომ მას მრავალი ამხანაგი ჰყავს; დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესნი აწინდელნი ქრისტიანენი ემზგავსებიან მას ამ შემთხვევაში.

ზემოდ მოხსენებულმა სოფლელმა იცოდა თავისი ცუდი, სჯულის წინააღმდეგი მდგომარეობა, კიდეც ნანობდა, მაგრამ თავისი ცოდვის უარისყოფა, მისგან გაყრა არ უნდოდა, გარნა ზიარებასაც კი თხოულობდა. ერთი მხრით ისიც კი არის მოსაწონი, რომ ის კაცი გრძნობდა თავის სიცოდვეს, ისიც კარგია, რომ ჰქონდა განზრახვა მერმე მაინც ოდესმე დაეტოვებინა თავისი ცოდვა, მაგრამ ჭეშმარიტი სინანული არ იყო მის გულში. მას უნდოდა შეეერთებინა ცოდვა და მადლი, სულის ცხონებაც სურდა, და ცოდვასაც ვერ იმეტებდა, ვერ იშორებდა. მის გულში იბრძოდა ორი წინააღმდეგი გრძნობა - ცოდვის სიყვარული და მონანების და ზიარების სურვილი. ესეც, ერთი მხრით, კარგია, როგორც ზემოდ ვსთქვით, ზოგიერთს კაცს აღარც ამისთანა რყევა აქვს. მრავალნი ქრისტიანენი ისე დამონებულნი არიან სხვა და სხვა ცოდვათაგან, რომელ სრულიად აღარ გრძნობენ რყევასა, არ ხედვენ იმ უფსკრულსა, რომლისა პირზე სდგანან იგინი, განმზადებულნი შთანთქმად.

გარნა, როგორც ვსთქვით, იმ კაცის გულში არ იყო ჭეშმარიტი სინანული. რასა შინა მდგომარეობს ჭეშმარიტი, ქრისტიანული სინანული? ერთი მიუცილებელი თვისება აქვს ჭეშმარიტს სინანულს. კაცი, ჭეშმარიტად შემნანებელი, მოიძაგებს თავის ცოდვას, ესე იგი არა თუ სწუხს მაზედ, არამედ კიდეც სძულს თავისი ცოდვა, და მაშასადამე, რასაკვირველია, უარ-ჰყოფს მას, გააგდებს, და ეზარება მისი არა თუ კიდევ აღსრულება, არამედ წარმოდგენაც. ვინემ კაცი არ მოიძულებს, არ მოიძაგებს თავის ცოდვას, არ ითქმის, რომ იგი ჭეშმარიტად ნანობს და ჰსურს საუკუნოდ გაყრა ცოდვასთან, საუკუნოდ მისგან განშორება.

მაშასადამე, პირველ, ვიდრე მიხვალ შენ მოძღვართან აღსარების თქმად, კარგად განიხილე შენი სულიერი მდგომარეობა, გძულს შენი ცოდვა, ანუ ცოდვები, შეგიძლია საუკუნოდ გაეყარო მათ? თვინიერ ამისა რა სასარგებლო არის ზიარება? ერთი კვირის განმავლობაში კი არ უნდა იყო გაფრთხილებული, არამედ მთელს შენს სიცოცხლეში, ესე იგი, უნდა სრულიად გამოიცვალო შენი ყოფა-ქცევა და ხასიათი. ჭეშმარიტი სინანული მეორედ შობა არის კაცისა, იგი არს შესვლა ღვთის სიწმინდეში, ღვთის სასუფეველში. იყავით თქვენ წმინდა, ვითარცა მე წმინდა ვარ. იტყვის ღმერთი. უნდა გამოვიდეთ ცოდვისაგან და უნდა შევიდეთ ღვთის სიწმინდეში.

სიძვა, შური, მტერობა, არაწმინდობა, ვითარცა იტყვის წმინდა მოციქული პავლე, არა თუ საქმით სრულდებოდეს ჩვენს შორის, არამედ არც კი უნდა ისახელებოდეს. გარნა, რადგანაც სიტყვა, მოძღვრება და ქადაგება უნდა იყოს სარკე, რომელსა შინა ყოველი ქრისტიანი კაცი ცხადად დაინახვიდეს თვისსა სულიერსა პირის-სახესა, მე მეშინის, რომ ჩემს სუსტს სიტყვაში და ქადაგებაში, ვაი თუ ნათლად ვერ დაინახოს კაცმა თავისი სულიერი სახე. ამისათვის მოვიყვან ერთი ახლად დაბეჭდილის, ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოზის ქადაგებისაგან ერთს ადგილს, რომელსა შინა იგი აღრიცხავს სხვა და სხვა ცოდვებსა, მისთვის, რომ იქნება უმრავლესთა მსმენელთა ჩემთა უმჯობესად იცნონ თავიანთი თავი.

უძრახსა, შურიანსა, ცილის მწამებელსა, სხვის განსაცდელზე მოხარულსა და სხვის საქონლის მპარავსა, და მომტაცებელსა, და თავის სახლში ნარბევის შემტანსა, და სხვის ენის მიმტანსა, და შფოთის ჩამომგდებსა, სხვის თავ საცილით მასხრად ამგდებსა, სხვათა ცოდვების განმკითხველსა, მძრახავსა და მკილავსა, და სხვის ცოდვების წამაყვედრებელსა, სხვათა ავის თვალით და ბოროტის შეყვარებით შემხედველსა, სხვათა მაჭანკალსა, და ბოროტად შუა შემომსვლელსა, და ბილწისა სიტყვის მოლაპარაკესა, მრუდს მოსამართლესა, და ქრთამისთვის მიმფერებელსა, უმოწყალოსა, და გულ-გამოუბრუნებელსა ძვირის მოხსენესა, და ღვთის მაფიცარსა, და სიცრუით მქცევსა, და ტყუილის მოლაპარაკესა. ამისთანების მოქმედს, სწორეს მოგახსენებ, თუ ამისთანებზე ხელს არ აიღებს, არც სეფისკვერი ერგება, არც ზიარება ეღირსება, არც იმისი ლოცვა და შესაწირავი შეიწირება, და არც ის მართალს ქრისტიანებთან ჩაიგდება და არც იმისი ქრისტიანობა ირწმუნება. ამისთანების მოქმედი ქრისტიანობასაც არცხვენს, და თავის თავი ხომ სრულიად სულით და ხორცით დასჯილიც აქვს და წარწყმედილიც; ამ ჩემს მოხსენებას, თვით წმიდა მოციქული დასწერს და ამტკიცებს: ა)კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა, ვითარმედ ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ? ნუ ჰსცდებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა მტაცებელთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა და არცა ანგართა, სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონ (კორ. 6,9). ესენი რაც მოგახსენე, და წმინდა მოციქულმაც დაგვიწერა, დიდად დამსჯელი და შემარცხვენელი არის ამ სოფლისაცა, და იმ საუკუნოს დიდებისა და სასუფეველისაგან დამკარგავი და წარმწყვედელი არის. მე თუ ქრისტეს მონა ვარ, და ან თქვენი ერთგული მწყემსი ვარ, ამაებზე არავის უნდა მოგეფერო, და ჭეშმარიტი უნდა მოგახსენო. ვინც ამისთანაების მოქმედია, და არ შეინანებს და ხელს არ აიღებს, იმას დასჯა, შერცხვენა და წარწყმედაც მოელის. სწორედ გული დააჯეროს, რომ ორსავ სოფელს გარდახდება, და თუ მოიქცევა, და კეთილს საქმეზე დადგება, როგორც წმიდათა და ყოვლად ქებულთ მოციქულთ დიაღ მრავალნი ცოდვილნი მოაქციეს, და სასუფეველი ეღირსათ, აგრეთვე თქვენც ღვთისაგან იკურთხებით, და ამ წმინდის დღესასწაულის მადლიც დაგიფარავსთ, და წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი მეოხება სულისდა ხორცის განსაცდელისა, და შეჭირვებისაგანაც გამოგიხსნისთ, და მადლი შემწე და მცველი გექნებათ, მადლითა უფლისა იესო ქრისტესითა, რომელსა პატივი, დიდება და თაყვანის-ცემა შვენის აწ და უკუნისამდე. ამინ.