წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მესამესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა

რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ
თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
(მარკ. ჱ,ლე)

აწინდელი სიტყვა ჩვენი, ძმანო ქრისტიანენო, იქმნება გაგრძელება იმ სიტყვისა, რომელი მოგახსენე თქვენ წარსრულსა მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა ზედა, მით უმეტესად, რომელ დღეს წაკითხულიცა სახარება გვაძლევს ჩვენ შემთხვევასა და საფუძველსაცა გავაგრძელოთ დღესაც სიტყვა იმავე საგანზე, რომელსა ზედა გვქონდა უბნობა მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა შინა. რომელი საგანი იყო მაშინ, ძმანო, ჩვენისა უბნობისა? ის, რომელ უკეთუ ადამიანს არა აქვს გულში სარწმუნოება ღვთისა და სასოება მომავლისა ცხოვრებისა, მას აკლია ერთი უპირატესი მიზეზიცა, რომელი გააღვიძებს კაცს შეძენად სათნოებისა და განწმედად თვისისა ზნეობისა და ყოფაქცევისა. მართლაც რას გვეტყვის დღეს წაკითხული სახარება? იგი გვეტყვის ჩვენ, რომელ შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა მართალი უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა, აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არაოდეს არ ინებებს შეწირვად: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. ესე იგი, რომელსა სურს, რომ იყოს ჭეშმარიტი ქრისტეს მოწაფე, ხოლო ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა, მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დათრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა და კმაყოფილებისა. მეორედ მან უნდა აღიღოს ჯვარი ქრისტესი, ესე იგი მიიღოს თავის თავზე ყოველი ჭირი, განსაცდელი, სიმძიმე და შრომა, თითქმის წარიწყმინდოს ხორციელი ცხოვრება, ვითარცა ახსნის დღეს წაკითხულსა სახარებასა შინა მაცხოვარი: რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი (მ. ლ, ვ.) ამას ყოველსა ადვილად აღასრულებს კაცი, რომელსა სწამს ღმერთი, რომელი მოელის მომავალსა ცხოვრებასა, კვალად გებასა, გარნა უკეთუ კაცს არა აქვს სარწმუნოება და სასოება რისთვის გაიჭირვებს იგი ესრეთ თავის თავსა? მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთ-სოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა აწინდელისა სახარებისა: რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა (ლჱ). - სულის ცხოვნება ყველას მირჩევნია, ფიქრობს იგი, საუკუნო ცხოვრებას არ დავკარგავ მე ერთი წამის ნუგეშისათვის. გარნა თუ კაცს არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, მაშინ იგი სხვაფერ განიზრახავს: ეს წუთი სოფელი წარმავალი არისო, მანამდის ცოცხალ ვარო, ვჭამ, ვსვამ და გავიხარებო; მოვკვდები და მერმე ყველაფერი გათავდებაო.

მშვენივრად იტყვის, ძმანო, ამაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახლად გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკვდართაო. ეწყინა ეს ხმა წმიდასა მოციქულსა და ჰკითხავს მათ ეპისტოლესა შინა: როგორ იტყვიან ზოგიერთნი თქვენგანნიო, რომ აღდგომა მკვდართა არ იქნებაო? რაღა არის ჩვენი შრომა, თუ აღდგომა არ იქნება; რაღა არის მაშინ მოთმინება და ყოველი სხვა ღვაწლი, თუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება? ამაო არს ჩვენი სარწმუნოება, და ჩვენზე უსაწყლესი კაცი არ იქმნება ქვეყანაზედაო. მისთვის, რობელ ამ სოფელში ჩვენ არ გვაქვს ნუგეში და ბედნიერებაო; ყოველ ღღე ვითმენთ დევნასა და ტანჯვასა წარმართთაგან, ყოველ დღე სიკვდილი გვექადება და, უკეთუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება, გვირჩევნია ვჭამოთ, და ვსვათ, და განვისვენოთ: რაიმე სარგებელ არს ჩემდა, უკეთუ მკვდარნი არ აღდგებიან? ვსჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით (კ. ა. ეი, ლბ.).

ერთი სიტყვით, ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა სარწმუნოებისა შეუძლებელი არის კაცმა შეიძინოს წმინდა, მართალი ზნეობა და ვინაიდგან ურწმუნოთაცა კაცთა არ შეუძლიათ ის სთქვან, რომ წმინდა ზნეობა საჭირო არ იყოს კაცისათვის, მაშა-სადამე თვით იგინიცა უნებრივად აღიარებენ ამით, რომ სარწმუნოებაცა და ანუ ღვთაებრივი სჯული მიუცილებლად საჭირო არის კაცისათვის. შენც, ძმაო მორწმუნეო, სცან აქედგან, რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფო და უძრავი, არამედ იმ სარწმუნოებასა, რომელი მარადის მოქმედებს და მუშაობს კაცის გულში, რომელი არ დააძინებს კაცს, არ მოუსვენებს, მარადის აფრთხილებს მას, ხან შეაწუხებს სინიდისის მხილებითა, ხან გაახარებს; მარადის ებრძვის, აღვიძებს, ანათლებს, ასწავლის, ელაპარაკება. ესრეთი უნდა იყოს სარწმუნოება! ესრეთი არის თუ არა შენ გულში სარწმუნოება? გელაპარაკება იგი, გამხილებს, განუგეშებს? მზათ ხარ, რომ უარ-ჰყო თავი შენი, აღიღო ჯვარი ქრისტესი და შეუდგე მას? ნეტარ ხარ შენ, თუ ესრეთ არს ესე! თუ გაკლია ეს, ევედრე ღმერთსა, რომ შეავსოს ნაკლულევანება შენი მადლითა თვისითა. ამინ!