წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მეოთხესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა

ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ
არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს უფალსა, რისთვის ვერ შესძლეს მათ განდევნა სულისა მის არაწმიდისა, და მაცხოვარმან უპასუხა მათ: ნათესავი ესე ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

ამ პასუხით მაცხოვარი გვაჩვენებს, რა დიდი ძალა აქვს მარხვასა და ლოცვასა. გარნა არა თუ მხოლოდ სიტყითა, არამედ საქმითაც მაცხოვარი ხშირად აჩვენებდა, რომ დიდად საჭიროOარის კაცისათვის ლოცვა და მარხვა. ვიცით სახარებისაგან, რომ პირველ ვიდრე იგი შეუდგა ქადაგებასა, ორმეოცის დღის მარხვითა და ლოცვითა და მოამზადა თავი თვისი დიდისა ამის საქმისათვის. აგრეთვე, როდესაც მან განიზრახა ამორჩევა ათორმეტთა მოციქულთა, რომელთა მერმე მთელი ქვეყანა გაანათლეს ქადაგებითა თავიანთითა, მთელი ღამე ილოცა და მერმე გამოარჩია იგინი. მრავალ გზის მოიყვანს კიდევ სახარება ამის მსგავსთა მაგალითთა. ხშირად მაცხოვარი საღამოს დროს განეშორებოდა მოწაფეთა და უდაბნო ადგილს, ანუ მაღალ მთაზე განატარებდა მთელს ღამესა ლოცვითა. საკვირველი არის! რა საჭირო იყო მისთვის ლოცვა და მარხვა? როდესაც ჩვენ, კაცნი, ვლოცულობთ და ვიმარხავთ, ამას ვიქმთ მისთვის, რომ ჩვენ ვართ ცოდვილნი და გვსურს ლოცვითა და მარხვითა გამოვითხოვოთ ღვთისათანა. რაღა საჭირო იყო მისთვის ლოცვა? სჩანს, რომ ერთობ რამე დიდი მნიშვნელობა და ძალი აქვს ლოცვას თავის თავად, და, უეჭველია ამისთვის თვითონაც ინუგეშებდა მაცხოვარი ლოცვითა და ჩვენცა საკუთარითა თვისითა მაგალითითა შეგვაგონებს ლოცვასა და მარხვასა.

მართალია, ლოცვას დიდი მნიშვნელობა და მადლი აქვს კაცის სულისათვის, ვიცით ჩვენ ყოველთა, რა დაცემულია კაცის ბუნება. რა სახით მიდრეკილია ყოველი ადამიანი ცოდვისადმი! გარნა მის შორის მაინც სრულიად არაოდეს არ განქარდება თესლი ღვთის მადლისა და სიკეთისა. რაც გინდა გაფუჭებული იყოს და წამხდარი რომელიმე კაცი, რაც გინდა დაყრუებული იყოს მისი სინდისი მაინც არ შეიძლება არ დარჩეს მის შორის რომელიმე კეთილი კერძო, რაოდენიმე ნეშტი ღვთის ხატებისა და მსგავსებისა გარნა, სამწუხაროდ, ამ კეთილს კერძოს ჩვენისა სულისა აუქმებენ და აყრუებენ ცოდვანი, განსაცდელნი და სოფლის ბოროტებანი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მისთვის მოვიდა ქვეყანაზედა, რათა გააცოცხლოს და აღამაღლოს ეს უმჯობესი და უკეთილესი კერძო კაცის ბუნებისა, და ერთ უდიდესს საშუალებად ამ საგნისათვის გვიჩვენა ჩვენ ლოცვა და მარხვა. ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულ-წრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი, ღვთიური და დათრგუნავს მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა. თვით ჟამსა მყუდრო, წრფელი ლოცვისასა კაცის გულში დადუმებულია უნებლივად ყოველი ვნება და ცოდვა, და თუ კაცი ხშირად განიმეორებს მხურვალებით ლოცვასა, მაშინ სრულიად დაიძინებს და დაიმალება მის შორის ცუდი სურვილი და ყოველი გულის თქმანი. როგორადაც გაზაფხულის მზე გაათბობს ჰაერსა, განსდევნის ნისლსა ზამთრისასა და გამოიხმობს მიწისაგან მცენარეთა, აღაყვავებს ხეხილსა, მზგავსადვე სითბო ლოცვისა დაადნობს და განსდევნის კაცის სულისაგან ნისლსა და სიბნელესა ცოდვისასა, გამოიხმობს მისი გულისაგან ყოველსა კეთილსა ჰაზრსა, და წმინდასა განზრახვასა.

მეორედ, გულ-წრფელი ლოცვა და მარხვა არის ნიშანი სიმდაბლისა და ღვთის მორჩილებისა. იგი მოასწავებს, რომ კაცმა იცნა თავი თავისი, მოიძულა ცოდვა, მოეწყინა მონება ხოცისა, დაიმდაბლა თავი თვისი. კაცსა ამპარტავანსა და თავხედსა არ შეუძლია გულ-წრფელად ილოცოს. ვიდრემდის კაცს არ გაუჩნდება გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული, იგი ვერ დაემხობა ღვთის წინაშე სიმდაბლითა. იქნება მან პირჯვარი იწეროს, წირვა მოისმინოს, გარნა ჭეშმარიტის ლოცვის მადლი მას არ გამოუცდია.

მესამედ, ჭეშმარიტი ღვთიური ლოცვა გაუჩენს კაცს გულში გამოუთქმელსა ნუგეშსა და სიხარულსა, ასე რომ კაცმან, რომელმან იგრძნო ტკბილი გემო ლოცვისა, ადვილად იტვირთებს ცხოვრების სიმძიმესა ქვეყნისასა. როდესაც დავით წინასწარმეტყველსა და მეფესა გაუჭირდებოდა ამ სოფლის ცხოვრება, გარე მოადგებოდენ განსაცდელნი მრავალ-ფერნი, მაშინ სული მისი მიიქცეოდა ღვთისადმი და ლოცვაში იპოვნიდა ახალსა ნუგეშსა და ღონესა. ვითარცა სახედ ჰსურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო. სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს მე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღთისასა (ფს. 41. 1-2). ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღვთისა ჩემისასა. უფროს ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა (ფს. 83, 10). რაი სძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რა ვინებე ქვეყანასა ზედა? მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისა და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე. (ფს 72, 25, 26). მაგრამ ვის შეუძლია მოიყვანოს ყოველნი მშვენიერნი სიტყვანი „დავითნითგან!“ გადვიდეთ ახლა სხვათა მშვენიერთა და სასურველთა თვისებათა ზედა ლოცვისათა.

ერთი კიდევ და იგივე უმაღლესი თვისება ლოცვისა ის არის, რომელ ლოცვასა შინა კაცი სდგას ღვთის წინაშე, ლოცვა არის პირდაპირი და ვიწრო კავშირი, შეერთება კაცის სულისა ღვთისა თანა. ხშირად გვესმის ეს სიტყვა, რომ ლოცვა არის უბნობა ღმერთთან, გარნა მეშინის, რომ არა საკმაოდ განვიზრახავთ რა დიდი ჰაზრი არის ამ სიტყვებში. მარტო ღმერთი არს კეთილი, სახიერი, წმინდა; იგი არს წყარო დასაბამი ყოვლისა სიცოცხლისა, ნეტარებისა, სიწმინდისა, გარეშე ღვთისა ყოველი ძნელია, უძლურება და სიკვდილი. გულ-წრფელ ლოცვაში კაცის სული შეუერთდება ამ წყაროს, სვამს თვით წყაროთაგან ღვთაებრივსა სიკეთესა, მადლსა მაცხოვარებისა. დიდი არის ეს საქმე! აი რაისათვის იტყოდა დავით მეფე: ვითარცა სახედ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! (ფს. 41. 1).

წარმოიდგინე, რომ ერთი ვინმე სოფელში გაზრდილი კაცი, თუმცა ბუნებით კარგი, კეთილი, გარნა უსწავლელი, სიტყვა-პასუხის, მიხვრა¬¬¬¬¬¬¬¬-მოხვრის უცოდნელი, დაუმეგობრდა ერთს მაღალ განათლებულს, ფრიად კეთილს კაცს, ყოველთვის მასთან ლაპარაკობს, მასთან დადის, უყურებს მისსა ყოფა-ქცევასა, ესმის მისი გონიერი და კეთილი უბნობა. უეჭველია, რომ იგი ამით მიიღებს დიდ სარგებლობას, ფერს, თვისებას გამოიცვლის, ამაღლდება, ჭკუას ისწავლის. ახლა იფიქრე, რაოდენ უმაღლესი არის ღმერთი კაცზე! თუ ღმერთთან საუბარი ისწავლე, თუ ღმერთის პირის წინაშე ხშირად იქცევი, ესე იგი ლოცვითა და კეთილითა გრძნობითა, სული შენი განიწმინდება, ამაღლდება, ყოველივე რაიცა არის შენს შორის უკეთური, უწმინდური, ხენეში, დაჩვილდება, დადნება, შენ შეიქმნები კეთილი, კაცთ-მოყვარე, ლმობიერი.

სწორედ უბედური არის ის კაცი, რომელმან ლოცვა არ ისწავლა გულწრფელი, გულითადი, ღვთიური. ნუ ფიქრობ ვინმე, რომ იგი არის ჭეშმარიტი ქრისტიანე, პირველ ვიდრე მიეჩვია სახიერსა ღვთიურსა ლოცვასა. მაგრამ მძიმე, და ძნელი საქმე ის არის, რომ ესრეთი ნაყოფიერი მადლიანი ლოცვა ათასში ერთმა არ იცის. უმეტესი ნაწილი კმაყოფილია გარეგნითა ლოცვითა, მიჩვეული არიან მხოლოდ გარეგანთა წესთა და მოძრაობათა ლოცვისათა და ამასაც აასრულებენ უაზროდ და უნაყოფოდ. მათი ლოცვა იქვე გათავდება, სადაც გაათავებენ იმ გარეგანთა მოძრაობათა მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ლოცვა უნდა გაყვეს კაცს, დარჩეს მის გულში და თანაუვიდოდეს, წინა-უძღოდეს ყოველსა შინა მისსა ცხოვრებასა.

მარხვისათვის აქ ჩვენ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგანაც მრავალ-გზის გვითქვამს და აგვიხსნია მარხვის მნიშვნელობა. მხოლოდ იმას დაუმატებ, რომ ლოცვას და მარხვას დიდი და მაგარი კავშირი აქვს, ერთი მეორეს აამაღლებს, დაამტკიცებს. აჰა მიზეზი, რომლისათვის მაცხოვარი შეაერთებს ზემოთ მოყვანილ სიტყვებში მარხვას და ლოცვას და ორივეს სწორს მნიშვნელობას აძლევს. საღმრთო წერილიც ყოველგან ორივეს ერთად ახსენებს და აგრეთვე წმინდა მამანი. მაშასადამე, ერთი მათგანი არ იქნება საკმაოდ ნაყოფიერი, თუ მეორეც არ შეეწია. ამინ.