წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა დიდ-მარხვის მეოთხესა კვირიაკესა ზედა

მიუგო იესო და რქუა: ჰოი ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდე
ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქუენსა? (მარკ. 9,19).

სახარება მხოლოდ სამგზის ახსენებს, ანუ მოგვითხრობს, ისრეთს შემთხვევას, როდესაც იესო ქრისტე განრისხდა, ანუ მდაბიურად რომ იტყვიან, გაჯავრდა, ანუ გული მოუვიდა. ერთი ამისთანა შემთხვევა არის აღწერილი დღეს წაკითხულ სახარებასა შინა. იესო ქრისტე განრისხდა მოწაფეთა თვისთა ზედა, რადგანაც ისინი შთავარდენ ისრეთსა სულმოკლეობასა და ურწმუნოებასა შინა, რომ ვერ განკურნეს მოყვანილი ერთი ყრმა, შეპყრობილი სულისაგან არაწმიდისა, მაშინ როდესაც მათ ჰქონდათ მაცხოვრისაგან მინიჭებული ძალი განკურნებად ესრეთთა სნეულთა, და კიდეც ბევრჯერ აუსრულებიათ ესრეთი სასწაული. ჰოი ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა? უთხრა მათ განრისხებულმა იესო ქრისტემ.

განრისხება, ანუ გაჯავრება არის სამ ნაირი, ანუ სამ ხარისხოვანი, ზოგჯერ განრისხება არის სამართლიანი და სათნოიანი.

კანონიერი და სათნოიანი განრისხება იქნება მაშინ, როდესაც კაცი ჯავრობს სიმართლით, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზისა გამო, მაგალითებრ: როდესაც კაცი გაიგონებს ღვთის და მისი საღმრთო სჯულის გმობას, სარწმუნოებაზე დაცინებას და სხვათა ამისთანა საპატიოთა და მძიმეთა საგანთა ზედა. ვიხილე უგულის-ხმონი და დავსდნებოდი, რამეთუ სიტყვანნი შენნი არა დაიმარხნეს, იტყვის წინასწარმეტყველი დავით, ესე იგი დავსდნებოდიო, ჯავრისაგან ვკვდებოდიო, როდესაც ვუყურებდი უგულის-ხმოთა, უგუნურთა, რომელთაც არ ახსოვდათ სიტყვა ღვთისა. ანუ როდესაც კაცი სწუხს და სჯავრობს შემხედველი კაცისა განრყვნილისა, რომელიც თვითონაც უგზოუკვლოდ სცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს, ანუ დაინახავს კაცსა ბოროტსა, უსამართლოსა, რომელიც სტანჯავს მოყვასთა თვისთა, არღვევს ყოველსა ღვთისა და ხელმწიფის სჯულსა. ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა და გარემოებათა შინა მრისხანება კაცისა არა თუ არ არის დასაძრახისი, არამედ დიახ პატიოსანი და ღვთის სათნოა. რისთვის? მისთვის, რომ ამისთანა მრისხანება წარმომდინარეობს წმინდა წყაროისაგან, იგი არის აღძრული სიმართლის სიყვარულისაგან, საღმრთო შურისაგან. იგი გამოაჩენს კაცის კეთილობას და არა ბოროტობას. მართლა, ხშირად მოხდება, რომ ვერც კი შეიტყობ, რა ხასიათი აქვს ზოგიერთს კაცს, ვდრემდის გული არ მოუვიდა და არ გაჯავრდა, და როდესაც გაჯავრდება, მაშინ მიაქციე ყურადღება, რაზე გაჯავრდა და რისთვის, და იქითგან შეიტყობ, რა კაცია იგი: სიმართლის მოყვარე და გულწრფელი, თუ ერთი უსაფუძვლო და თავის-მოყვარე კაცი.

მეორე ხარისხი ანუ სახე მრისხანებისა, თუმცა არ არის ეგოდენ წმინდა და სათნო, როგორც პირველი, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარი არც ის არის. კაცს ხშირად უნებლივად მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც მას ვინმე ჩაგრავს ან სიტყვით, ან საქმით. თუ ვინმემ ცილის წამება მოიგონა, ანუ უსამართლოდ უჩივლა, წაართვა წამება, არ შეუძლია მაშინ კაცს გული არ მოუვიდეს, არ გაჯავრდეს, არ დაიწყოს წუხილი და ჩივილი მისთვის, რომ ისიც კაცია, ადამიანი ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ ამისთანა შემთხვევაშიც, ესე იგი, როდესაც შენ ვინმე გჩაგრავს, გემტერება, გული რომ მოგივიდეს და გაჯავრდე, მაინც ეცადე, რომ დააკავო შენი გრძნობა, გეშინოდეს, რომ არ წაგიტაცოს შენმა გრძნობამ და ცოდვაშიც არ ჩაგაგდოს. თუ იმ ზომად განრისხდი, რომ შურის ძიება დაიწყე სიტყვით ან საქმით, მაშინ შენც მას დაემსგავსები და შენი მრისხანება შეიქმნება ცოდვილი, ღვთის წინააღმდეგი.

ზოგჯერ მრისხანება არის სრულიად უსამართლო. იგი სხვადასხვანაირად გაჩნდება. ზოგჯერ იგი ნამეტანს უგნურებას გამოაჩენს კაცისას, მაგალითებრ: ხშირად მოხდება, რომ კაცი განრისხდება ცუდს ტაროსზედ, რა წყეული და შეჩვენებული დღე არისო! ამითი იგი აჩვენებს თავის საკუთარს მოუთმენლობას, უგუნურობას და სულ-მოკლეობას. უფრო ხშირად ვხედავ , რომ კაცი გაცოფდება და განრისხდება პირუტყვზე. რამდენჯერ დაინახავ სოფელში, რომ გაჯავრებული გლეხი თავის საკუთარ საქონელს ჯოხით სცემს თავში, პირში, თვალებს გაუფუჭებს; უნებლივად იფიქრებ ამისთანა შემთხვევაში, თვითონ ის კაციც პირუტყვია ჭკუით და გონებით, მაგრამ პირუტყვზე ლაპარაკი რა საჭიროა! ნეტავი კაცთან მაინც სიმართლით ვირჯებოდეთ და არ ვურისხდებოდეთ ერთი მეორეს უსაფუძვლოდ! რამდენჯერ მოხდება, რომ კაცი თვითონვე გააფუჭებს რომელიმე საქმეს და ნაცვლად მისსა, რომ თავის თავს გაუჯავრდეს, იგი უჯავრდება თავის მოსამსახურეს, ანუ ხელ-ქვეითს კაცს. საულ მეფემ თავისი ცუდი ყოფაქცევით ღვთის ურჩებით, შებღალა და დაჩირქა თავისი მეფობა, მაგრამ ბრალი გადაადვა უბრალო დავითს, იესეს შვილს და იწყო მისი დევნა და ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ მოეკლა იგი.

ცხადია, რომ ამისთანა უბრალო სხვაზედ მრისხანება წარმოსდგება თავხედობისაგან და ამპარტავნებისაგან, და თუ კაცი არის თავმდაბალი და თავის უარისმყოფელი, მაშინ იგი ყოველ შემთხვევაში თავის თავს განიკითხავს და არა სხვას, რომელიც და გვასწავლოს და მოგვცეს ჩვენ ყოველთა მაცხოვარმან. ამინ.