წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე სიტყვა მეხუთესა კვირიაკესა ზედა დიდისა მარხვისასა

რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;
და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს
ყოველთა მონა. (მარკოზ. 10, 43, 44).

ორთა მოციქულთა იესო ქრისტესთა იაკობ და იოანემ, როგორადაც მოგვითხრობს დღეს წაკითხული სახარება, ერთხელ სთხოვეს უფალს, რათა მან დააჯდინოს ერთი მარჯვნით თვისა და ერთი მარცხნით: მომეც ჩვენ, რათა ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით შენსა დავსჯდეთ დიდებასა შენსა. თუმცა უფალი იესო ქრისტე მრავალ-გზის ეტყოდა მათ, რომ სასუფეველი ღვთისა, რომლისა დამყარებად მოვიდა იგი ქვეყანაზე, არის სულიერი და არა ხორციელი, მაგრამ მოწაფენი, რადგანაც ჯერ არ იყვნენ განათლებულნი სულისა წმინდისაგან, მაინც ფიქრობდნენ, რომ იესო ქრისტე იქნება სოფლიური მეფე, და ამისთვის იაკობ და იოანე თხოულობდნენ, რომ მის მეფობაში იგინი გამხდარიყვნენ სუყველაზე უდიდესნი. სხვათა მოციქულთა ეწყინათ ესრეთი მათი თავხედობა და პატივის მოყვარება და დაიწყეს მათზედ დრტვინვა. თვით უფალმან უპასუხა მათ: არ იცით რასა იტყვი, და მერმე აღუხსნა მათ, რომელ იგინი არ უნდა დაემსგავსნენ წარმართთა, რომელთა შორის მთავარნი უფლებენ და დიდ-დიდნი ხელმწიფებენ. არა ეგრე იყოს თქვენ შორის, დაუმატა მაცხოვარმან, არამედ რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყოს თქვენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა.

პატივის და მთავრობის მოყვარება ღრმად არის დანერგული ბუნებასა შინა კაცისასა. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ რითიმე განასხვავოს და აღამაღლოს თავი თვისი მოყვასთა შორის, მიიზიდოს ყურადღება კაცთა, მოიპოვოს გავლენა და მთავრობა საზოგადოებასა შინა. არა თუ მხოლოდ ისეთნი პირნი, რომელნი მართლა შემკულ არიან სულიერითა და ხორციელითა ნიჭებითა, არამედ, რაიცა უმეტესად საკვირველია, ხშირად თვით უნიჭონი და არა რაით შესანიშნავნი პირნი გამოჩდებიან ერთობ პატივის მოყვარეებად და მთავრობის მეძიებლებლად. ახლის სჯულის მდებელმან, უფალმან იესო ქრისტემან, იცოდა რა ესრეთი კაცის თვისება, არ მოითხოვა და არ დადვა სჯულად, რომელ სრულიად მოისპოს და განქარდეს ეს თვისება კაცის ბუნებისა, არამედ მისცა მას სხვა მიმართულება, განსხვავებული სახით გვაჩვენა ჩვენ ძიება პატივისა და მთავრობისა: რომელსა უნდეს დიდ-ყოფაი თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა. წარმართნი პატივსა და მთავრობასა ეძიებდნენ შიშით და ძალადობით, და როდესაც მიიღებდენ პატივსა და მთავრობასა, მას ხმარობდენ ამპარტავანებით, ქვეშევრდომთა მათთა უყურებდენ, ვითარცა საქონელსა, ანუ ნივთსა, რომელნი მისცა მათ ღმერთმან შესაჭმელად მათდა. საუბედუროდ, ახლაც ქრისტიანეთა შორის ვხედავთ ზოგიერთთა მზგავსთა მაგალითთა. ახლაც, იმ ქვეყნებთა შინა, სადაც ქრისტეს სჯული არ არის ღრმად დანერგული და წარმატებული, პატივსა და მთავრობასა ეძიებენ შიშით, მზაკვარებით და ხან ძალადობით. ახლაც ზოგიერთთა უმეცართა და გაუნათლებელთა საზოგადოებათა შინა კაცს პატივს სცემენ იმ ზომად, რა ზომად მას შეუძლია შეშინება და ბოროტის მოქმედება, და არა იმ ზომად, რა ზომად იგი არის კეთილი და კეთილისმყოფელი.

არა ესრედ უნდა იქცეოდენ ჭეშმარიტნი იესო ქრისტეს მოწაფენი. არ აღუკრძალავს მათ უფალი იესო ქრისტე, რომ ისურვონ და ეძიონ დიდ-ყოფაი, ანუ პირველ-ყოფაი ძმათა შორის მათთა; გარნა ამასა უნდა ეძიებდენ არა ძალადობითა, შეშინებითა და ბოროტის ყოფითა, არამედ სიყვარულითა, თავისა უარის ყოფითა და დამონებითა: რომელსა უნდეს დიდ-ყოფაი თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა. სასუფეველსა შინა ღვთისასა, რომელი დააფუძვნა ქვეყანასა ზედა იესო ქრისტემან, ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ყოველთა უმეტესად სამსახურსა და სარგებლობასა მისცემს მოყვასთა თვისთა, და არა ის, რომელსა ყოველნი კაცნი ემონებიან და ემსახურებიან. აჰა გზა, რომელი გვაჩვენა ჩვენ მაცხოვარმა დასაკმაყოფილებლად ბუნებითგანვე თანშობილისა პატივისა და მთავრობის მოყვარებისა, რომელსაც გრძნობს კაცი თავის გულში. ამ სახით პატივის ძიება დიაღ სანატრელი და სასარგებლო იქმნება ყოვლისა საზოგადოებისათვის.

გვახსოვდეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს ჭეშმარიტება. ყოველი სული ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ ემსახუროს მოყვასთა თვისთა რაოდენ ძალ-უძს და ამაში ხედვიდეს თვისსა პატივსა და პირველობასა. მეტყვი: ათასში ერთს არ შეუძლია, რომ არა თუ მთელ საზოგადოებას, არამედ მარტო თავის თავს საკმაოდ ემსახუროს და დააკმაყოფილოს მარტო თვისნი საჭიროებანი. ამაზედ გიპასუხებ: არც ერთი კაცი არ არის ქვეყანაზე, რომელსა არ ჰყავდეს მახლობელნი ნათესავნი, შინაურნი პირნი, რომელნი მისგან მოელიან შემწეობასა. თუ სხვებს ვერ ემსახურები, იმათ მაინც შეეწიე, იმათ ბედნიერებას მაინც ეცადე; ბოლოს, თუ ისრეთი უსაშუალო და უღონო კაცი ხარ, რომ ვერცა ერთსა მოყვასსა შენსა ვერ ემსახურები, და ვერ შეეწევი, მარტო თავი შენი შეინახე კარგად. ისიც კარგი იქნება და საქები, როდესაც კაცი თავის თავს თვითონვე ყოველითურთ უშველის და სხვას არავის არ დაამძიმებს და არ შეაწუხებს ქვეყანაზე. ყოველი პირი ამას მაინც რომ იქმოდეს, თავის თავს კარგად, კეთილად შეინახავდეს და არავის არ შეაწუხებდეს, ისიც დიდი სიკეთე და ბედნიერება იქნება საზოგადოებისათვის და ქვეყნისათვის. უკანასკნელ არის ერთი საქმე, რომელიც ყოველმა ქრისტიანე კაცმა უთუოდ უნდა აღასრულოს. ღმერთმა შენ შთაგბერა, ძმაო ქრისტიანე, უკვდავი სული. იმოდენი ეცადე და იღვაწე, რომ ის უკვდავი შენი სული არ დაუკარგო შემოქმედსა შენსა, არამედ შთააბარო დღესა განკითხვისასა და მიიღო მისგან გვირგვინი ცხოვრებისა, სასუფევლი ცათა და ამით დააკმაყოფილო ბუნებითი პატივის მოყვარება სულისა შენისა. რა საცოდავია ზოგიერთი კაცი! ყოველ ღონეს მოიხმარს, თავს არ დაზოგავს, რომ მიიღოს რამე ჯილდო, ნიშანი, ჯვარი ჩამოიკიდოს გულზე და მით დააკმაყოფილოს თავისი პატივ-მოყვარეობა. იმ საბრალომ დაივიწყა, რომ უმთავრესი და უზენაესი პატივი, პირველობა, მთავრობა იქ არის, იმ სოფელში, საუკუნო ცხოვრებაში სასუფეველსა შინა ღვთისა. იქ კაცნი მართალნი განათლდებიან, ვითარცა ვარსკვლავი, მათ მიეცემა გვირგვინი უბრწყინვალესი მზისა! ეს ეძიე, ამაზე იფიქრე და იღვაწე! მაშინ მოგეცემა აღუწერელი პატივი. სასუფეველში შეხვალ, გამეფდები, რომელიც და მოგცეს ღმერთმა. ამინ.