წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე სიტყვა მეხუთესა კვირიაკესა ზედა დიდისა მარხვისასა

რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;
და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს
ყოველთა მონა. (მარკოზ. 10, 43, 49).

დღევანდელი სახარება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვაძლევს ერთობ საჭიროსა და სასარგებლოსა ყოველისა კაცისათვის სწავლასა. სხვათა ცოდვათა და ვნებათა შორის, რომელნი ჩვევიან დაცემულსა ბუნებასა კაცისასა არის პატივის, ანუ უფროსობის სიყვარული, რომელსა მდაბიურად თავხედობა ეწოდება. ამ ვნებას შობითგან ვიდრე სიკვდილამდე ემონება თითქმის ყოველი კაცი. რაც გინდა საწყალი, დაბალი კაცი იყოს, არ შეიძლება, რომ არ უყვარდეს პატივი, არ იყოს თავხედი, არ ეძებდეს პირველობას ტოლთა შორის. მოციქულნი ქრისტესნი იყვნენ აღრჩეულნი დაბალი წოდებისაგან, ყოველ დღესა ხედვიდნენ სიმშვიდესა და სიმდაბლესა თავიანთის მოძღვრისასა, იესო ქრისტესსა; გარნა მათ შორისაც ხშირად მოხდება ცილობა, თუ ვინ არის მათ შორის უპირველესი და უმჯობესი. ერთხელ იაკობ და იოანემ, როგორადაც თქმული არს დღევანდლელს სახარებაში, სთხოვეს იესო ქრისტეს, რომ იგინი დააჯდინოს ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით თვისსა სუფევასა შინა, ესე იგი მისცეს მათ უპირატესობა და უმთავრესობა. ეს ეწყინათ სხვათა მოწაფეთა. მაშინ მაცხოვარმან აუხსნა და აჩვენა მათ და მთელსა ქვეყანასა, როგორ უნდა უყურებდეს ქრისტიანე კაცი პირველობასა და პატივსა, რით უნდა იყოს ქრისტიანე პირველი და დიდი ძმათა შორის თვისთა: რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ.

უფალმან იესო ქრისტემან თვისითა სწავლითა აღადგინა, შესცვალა, განაახლა ბუნება კაცისა. ეს საქმე მან მოახდონა მით, რომ ყოველთა ბუნებრივთა თვისებათა კაცის სულისათა მისცა განსხვავებული, წმინდა, ღვთაებრივი მიმართულება; უჩვენა განსხვავებული, კეთილი, წმინდა მიზანი. პატივის, ანუ პირველობის მოყვარეობა არის ბუნებითი თვისება კაცისა; ორის წლის ყრმასაც, რომელსაც ჯერედ ენაც არა აქვს კარგად ადგმული, შეატყობ, რომ უყვარს თვისთა ტოლთა შორის პირველობა. ამა ბუნებით გრძნობას, ანუ თვისებას, თუ ცუდი მიმართულება მიიღო, შეუძლია მოახდინოს აურაცხელნი ვნებანი და უბედურებანი. წარმართთა და ცოდვილთა კაცთა შორის, მთავარნი და დიდნი კაცნი უფლებდენ ყოველთა სხვათა კაცთა ზედა, ესე იგი დაიმონებდენ მათ, და ხმარობდენ თვისდა სასარგებლოდ. არა უწყითა, რამე თუ რომელნი იგი გონებედ მთავრად წარმართთა, უფლებენ მათ ზედა და დიდ-დიდნი მათნი ხელმწიფებენ მათ ზედა. დიდ-კაცნი და მთავარნი წარმართთა შორის ესრეთ ფიქრობდნენ, რომ ღმერთმან მათთვის შეჰქმნა ქვეყანა და სხვანნი კაცნი, ერთი სიტყვით, სჭამდნენ მათ; ხოლო იესი ქრისტე მოწაფეთა ქრისტიანეთა შორის არა ესრეთ უნდა იყოს. ქრისტიანეთა შორის პირველი და დიდი კაცი ის არის, რომელიც სხვათა ემსახურება. დიდ-კაცობა და მთავრობა არა მოსვენება არის და განცხრომა, არამედ ტვირთი, შრომა და მოღვაწება. არა ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს მთავარსა და დიდ კაცსა, არამედ უკანასკნელი უნდა ზრუნვიდეს და ემსახურებოდეს ქვეყანას.

აჰა, ძმაო, რა სახე და მიმართულება მისცა უფალმა იესო ქრისტემან ბუნებითსა ამას თვისებსა, ესე იგი, პატივის და მთავრობის მოყვარეობასა. გიყვარსა პირველობა, პატივი? გსურსა, რომ იყო დიდი კაცი ძმათა შორის შენთა? ვიცი, რომ გიყვარს და გიამება. აბა, ემსახურე ქვეყანასა, სარგებლობა რაიმე მიეცი სოფელსა, წინამძღვარი იყავი ერისა ყოველთა წმინდათა საქმეთა შინა და დაუშალე ყოველი ცუდი საქმე! თუ მთელ ქვეყანას ვერ ემსახურები, შენს სოფელში აასრულე ეს ქრისტიანული სათნოება. თუ ასრე მოიქცევი, უთუოდ ყოველი გონიერი კაცი პატივს გცემს, შეგიყვარებს, გაქებს და ღმერთი, რასაკვირველია, იქნება შენი მოწყალე და განმადიდებელი. ერთი სიტყვით, ქრისტიანეთა შორის ის არის დიდი კაცი საზოგადოებაში, ვინც დიდს სამსახურს, დიდს სარგებლობას აჩვენებს საზოგადოებას. წინააღმდეგ ამისა კაცი, რომელიც დიდ-კაცობას და პატივს ხედავს მხოლოდ დიდ ჩინში, ანუ ხარისხში, მრავალ ჯვრებში, ჯილდოებში, და სხვათა გარეგანთა ნიშანთა შინა პატივისათა, და უყვარს ბრძანებლობა და უფლება, და მიღება გარეგანისა სამსახურისა, და ეძიებს მხოლოდ თვისსა სარგებლობასა, იმას აქვს წარმართული და არა ქრისტიანული მიმართულება და ხასიათი.

გაიხსენე სახე და ქცევა თვით უფალი იესო ქრისტესი. მან ყოველს საქმეში, ყოველს ნაბიჯში მოგვცა სახე და მაგალითი. იგი ემსახურებოდა ქვეყანას: მოციქულთა ფეხი დაბანა, ჯვარცმა მიიღო ჩვენთვის, არავისგან მას არ მიუღია სარგებლობა, ან პატივი. იგი მხოლოდ გვასწავლიდა სარწმუნოებასა, ითხოვდა მიიღონ მისი სწავლა, მაგალითი და სახე. ამასაც ითხოვდა არა თვისი საკუთარი დიდებისათვის, არამედ ჩვენისა ბედნიერებისა და წარმატებისათვის, რადგან პირდაპირ ჩვენი ბედნიერება და წარმატება იმაზედ არის დამოკიდებული, რომ ვიყოთ შეძლებისადაგვარად მისი მზგავსნი, რომელიც და მოგვანიჭოს ღმერთმან. ამინ.