მოძღვრებანი თქმული სოფლის ეკკლესიათა შინა

მოძღვრება თქმული სოფლის დიხაშხოს
ეკკლესიის კურთხევაზედ

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ვინაიდგან, მადლითა და შეწევნითა ცხოველს-მყოფელისა სამებისათა დღეს ვაკურთხეთ საყდარი ესე, აღშენებული მისსა სახელსა ზედა, აწ, მისითავე შეწევნითა და ძალითა, აღვხსნათ და შევიტყოთ რა ძალი და მნიშვნელობა აქვს საყდარსა ჩვენ, ადამიანთათვის.

ამა საგანსა მშვენივრად და ღვთივ-გონიერად აღგვიხსნის წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა ფსალმუნსა თვისსა, რომელიც კიდეც ხშირად წაიკითხების და გესმისთ თქვენ საყდარსა შინა. ამოვკრიბოთ რომელნიმე მუხლნი ამ ფსალმუნისაგან და აღვხსნათ იგინი, და იქიდგან კარგად შეიტყობთ, რაი არს საყდარი, და რა რიგად უნდა იქცეოდეს კაცი მას შინა.

ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. ესრედ დაიწყებს წინასწარმეტყველი დავით იმ ფსალმუნს, რომელსა შინა აღწერს ეკლესიის მნიშნველობასა. საყოფელი უფლისა არის სადგომი, ანუ სახლი უფლისა. მართალია მთელი ცა და ქვეყანა და ყოველი ადგილი არის საყოფელი, ანუ სადგომი უფლისა, გარნა ქვეყნისა ზედა უაღრესად და უმახლობელესად საყოფელი უფლისა არის საყდარი, ანუ ეკლესია. რისთვის? მისთვის, რომ ეკლესიაში არის მისი სიტყვა, მისი სწავლა, მისი ხატი; ეკლესიაში შეიწირების მისადმი უსისხლო მსხვერპლი, ლოცვა და გალობა, მოკლედ - ეკლესია არის საკუთარი სადგომი უფლისა. ახლა მიჰხედე, რა სახით აღწერს სულითა ღვთისათა დავით წინასწარმეტყველი საყდარსა. რა საყვარელი არის, ღმერთო, საყდარი შენიო; მსურის ფრიად შესვლა საყდარშიო იმ სახით, რომ სული და გული დამელია, ვიდრემდის შევიდე მას შინაო. დავით წინასწარმეტყველი და მეფე, მაშასადამე - მდიდარი, შემძლებელი, ბედნიერი, თუ ამისთანა კაცს ისე ძლიერ ჰსურს ეკლესიაში შესვლა, რომ სული ელეოდა, ვიდრემდის აღასრულებდა თვის სურვილს. ჩვენ რომ ერთი საწყალნი და უღონო კაცნი ვართ, უფრო არ უნდა გვსურდეს და გვიყვარდეს სიარული საყდარსა შინა უფლისასა? საწყალი და უბედური კაცი საყდარში უნდა ეძიებდეს ნუგეშსა, ღონესა, მხნეობასა, ძლიერებასა, ლოცვითა და ღვთის მადლითა.

და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თავისასა სახლი, და გვრიტმან ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართვენი თვისნი. თუ სირიც კი ეძიებს და ჰპოვულობს თავისთვინ სახლსა, თუ გვრიტსაც კი აქვს თვისი ბუდე, კაცის სული უნდა დარჩესა უსახლოდ? კაცის სულს არ უნდა ჰქონდეს ერთი მიჩენილი ადგილი, სადაც დასდვას სასოება თვისი ღმერთზე, ვითარცა გვრიტმა მართვენი თვისნი, სადაცა განუცხადოს ღმერთსა სურვილნი თვისნი და თხოვანი, და სადაცა ღვთისაგან მიიღებდეს იგი მადლსა და კურთხევასა?

ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა! უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ. ნეტარ არს ის კაცი, რომლისა სული დამკვიდრებული არის საყდარსა შინა, ესე იგი ხშირად დადის საყდარში, და როდესაც საყდარში არ არის, მაშინაც კი საყდარში აქვს სული და გული. ესრეთი კაცი უკუნითი უკუნისამდე აქებს მისთვის, რომ დიდსა მადლსა მიიღებს ღვთისაგან.

რამეთუ სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა, უფროს ათასთა მათ. ერთი დღე საყდარში ანუ საყდრის ეზოში უმჯობესი არის, ვიდრე ათასი დღე სოფელში. რისთვის? მისთვის, რომ საყდარში კაცის გული და სული არის დამშვიდებული და დაწყნარებული, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი დაღალული, მოწყლული და გატანჯული სოფლის ამაოებითა, შფოთითა, საყდარში განისვენებს, დაივიწყებს ყოველსა სოფლიერსა ზრუნვასა და მწუხარებასა.

ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღვთისა ჩემისასა უფროს, ვიდრეღა დამკვიდრება საყოფელსა ცოდვილთასა. ამიერიდგან მირჩევნია მე ვეგდო საყდრის კუთხეში, ვითარცა ერთი ვინმე უკანასკნელი უპატიო კაცი, ვიდრეღა ვიყო სოფელში, სადგომთა შინა ცოდვილთასაო. აჰა რა სახით ჰსურდა და უყვარდა ეკკლესიაში ყოფნა წინასწარმეტყველს დავითს; მას მიაჩნდა ეს დიდ ბედნიერებად. სჩანს, რომ დიდს სარგებლობას და მადლს ჰპოულობდა იგი ეკლესიაში თავის სულისათვის. შეგვიძლია ჩვენ, ძმაო, პირ-და-პირ დაუჯეროთ ესრეთსა მოწამესა. თუ თვითონ შენ არ გამოგიცდია და არ შეგიტყვია, მსგავსად დავითისა, აქამომდე, ვითარ საყვარელი არის საყოფელი, ანუ საყდარი უფლისა და ეზო მისი, ვითარ ნეტარ არის კაცი, რომლისა სული დამკვიდრებული არის საყდარსა შინა, და ვითარ უმჯობესია ერთი დღე ეზოთა შინა უფლისათა, ვიდრე ასი დღე საყოფელთა ცოდვილთასა, ეს მიაწერე შენსა სიცოდვესა, და ამაზე უნდა სწუხდე და სტიროდე. თუ სულსა შენსა, მსგავსად დავითისა არა ჰსურს და არ მოაკლდების ეზოთა მიმართ უფლისათა. თუ შენ არ გირჩევნია მივრდომა, ანუ მიგდება სახლსა შინა უფლისასა, ვიდრეღა დამკვიდრება საყოფელთა ცოდვილთასა. ეს უთუოდ მისთვის, რომ სული და გული შენი დაძინებულია და დაყრუებული არის ყოვლისა სულიერისა საქმისათვის.

საყდარი არის მანუგეშებელი კაცისა ყოველთა შინა მისთა მწუხარებათა, საყდარი არის განმაღვიძებელი კაცისა ყოვლისა კეთილისა საქმისათვის. საყდარი არის განმანათლებელი კაცისა ყოველთა შინა სულიერთა ნივთთა და საქმეთა, საყდარი არის სულიერი გამზრდელი კაცისა და შემაერთებელი კაცთა. სოფელი გაჰყოფს კაცთა, გააშორებს მოყვასთა მოყვასისაგან, ეკლესია შეაერთებს ყოველთა რათა ერთითა ბაგითა და ერთითა გულითა უგალობდენ და აქებდენ ერთსა ზეციერსა ყოველთა მამასა და შემოქმედსა. ასეა ყოველგან სხვა საქრისტიანო ქვეყნებში, გარნა საუბედუროდ, ჩვენში კი ხშირად თვით ეკლესია შეიქმნება მიზეზი შფოთისა და განყოფილებისა, ვითარცა მოხდა ეს აქა, ამ სოფელში, დროსა ამ ეკლესიის აშენებისასა: გარნა მაქვს იმედი, რომ გათავდება ყოველი უკმაყოფილება თქვენ შორის, ვინაიდგან შესრულდა ეს ეკკლესია, იქმნა იგი დღეს კურთხეულ და ამიერითგან აღარ დარჩება მიზეზად არცა ერთი განყოფილებისა.

შეგაერთოს ამ ახალმა ეკლესიამ თქვენ ყოველნი! როგორათაც იგი განახლდა, შესრულდა, მსგავსადვე თქვენ განგანახლოს სულითა მისმა მადლმა, და როგორც იგი გავრცელდა უწინდელ თქვენ ძლიერ ვიწრო ეკლესიაზე, ეგრეთვე გაავრცელოს ღმერთმა თქვენი სულიერი მოქალაქეობა, ნათელი, სათნოება. ამინ.