წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა განრღვეულის კვირიაკესა

ეტყოდეს მას ურიანი იგი შაბათი არს და
არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი (იოან. ე, ი)

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, განკურნა რა ოც-და-ათვრამეტის წლის უძლური განრღვეული, მდებარე ცხედარსა ზედა, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან, უბრძანა მას: აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. განკურნებული იგი კაცი სიხარულითა დიდითა აღსდგა ცხედრისაგან, აღიღო იგი და ვიდოდა. ეს იყო დღესა შაბათისასა. ურიათა, ოდეს იხილეს კაცი იგი, ეტყოდეს მას: შაბათი არს და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი. და როდესაც შეიტყვეს, რომ მაცხოვარმან განჰკურნა იგი და უბრძანა აღება ცხედრისა შაბათსა, მაშინ იგინი აყვედრებდენ უფალსა და იტყოდენ, იგი სჯულისა გარდამაქცეველი არისო. რას ნიშნავდა, ძმაო, ეს გასაოცარი ქცევა ურიათა? როგორ მოხდა, რომელ კეთილის-მყოფელსა მათსა, კაცის გამაბედნიერებელსა და განმაცოცხლებელსა, ნაცვლად მადლობისა, სიყვარულისა და პატივისცემისა, აყვედრებდენ, აგინებდენ და სდევნიდენ, და არა თუ სდევნიდენ, არამედ სახარებასა შინა შენიშნულ არს: მისთვის სდევნიდეს ურიანი იგი იესოს და ენება მოკვლა მისი. გესმის, ძმაო? ურიათა სურდა მოკვლა იესოსი, იმ იესოსი, რომელიცა, იყო მათი კეთილის-მოქმედი, ცხოვრების და ბედნიერების მიმნიჭებეღო. ამას ვერ დაიჯერებდა კაცი და ვერც წარმოიდგენდა, თუ თვით სახარება არ ახსენებდეს ამას. რისთვის იქცეოდენ ესრეთ ებრაელნი? რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა.

აჰა, ძმანო, საშინელი და გასაოცარი მაგალითი მისა, თუ ვითარი მავნებელი არის კაცისათვის ყოველი ცრუ ჰაზრი; რა სახით მოსწამლავს კაცის გულს, რა სახით დააბნელებს ჭკუასა მისსა ზოგიერთი ამაო რწმუნება, უმართლო წარმოდგენა; რა სახით მოქმედობს იგი კაცის გულში, რანაირად გამოსცვლის მისსა ყოფა-ქცევასა და რაოდენთა ცოდვათა შინა შთააგდებს მას იგი. ურიათა ჰქონდათ გულში ღრმად შთანერგული ის ამაო რწმუნება, ანუ ჰაზრი, რომელ შაბათს კაცი უნდა იჯდეს უძრავად, არა ჰქმნას არცა ერთი საქმე, თუმცა საქმე იგი იყოს კეთილი და ღვთის-სათნო და, როდესაც მაცხოვარი მათდა განსანათლებელად და სასწავლებელად შაბათისა დღესა განკურნებდა სნეულთა, მაშინ იგინი სდევნიდეს იესოს და ენება მოკვლა მისი.

ჩვენ, ძმანო, ქრისტიანენი ვართ; უფალმან იესო ქრისტემან საღმრთოითა სწავლითა თვისითა განათავისუფლა კაცი ყოველთა ცრუთა, ამაოთა, მავნებელთა რწმუნებათაგან, რომელნი ფრიად სტანჯვიდენ და ავნებდენ ყოველთა წარმართთა და ურიათა, და მით უმეტეს სირცხვილი არის ჩვენთვის და შეუნდობელ, ოდეს ჩვენ გულშიც და გონებაშიც გაჩნდება და მუშაობს რომელიმე ცრუ ჰაზრი და ამაო რწმუნება; გარნა, საუბედუროდ, ქრისტიანეთაცა შორის არიან მრავალნი ესრეთნი ჰაზრნი, რომელნი დიდსა ვნებასა აძლევენ მათ. სიტყვა ჩვენი არა ერთ გზის შეეხებოღა ესრეთთა ცრუთა ჰაზრთა. მრავალგზის, შეძლებისამებრ, ვიტყოდით აქ რომელთამე ესრეთთა ცრუთა რწმუნებათა ზედა და გაჩვენებდით ვნებათა, რომელნი წარმოსდგებიან მათგან. დღეს ჩვენ გვსურს გიჩვენოთ თქვენ კიდევ ერთი ცრუ და ფრიად მავნებელი ჰაზრი, რომელი მუშაობს ჩვენს ქვეყანაში და დიდსა ვნებასა აძლევს რომელთამე პირთა. გარნა, პირველ, გამოვითხოვ თქვენგან არა საწყენად მიიღოთ სიტყვანი ჩემნი. როდესაც რომელიმე ჰაზრი ღრმად აქვს შთანერგული გულში კაცს, თუ გინდ თვით კაცი იგი ჰგრძნობდეს, რომ ის აზრი არის ცრუ და მავნებელი, მაინც ეწყინება, თუ ვინმე შეეხო იმ ჰაზრსა და ცდილთბს გაამტყუნოს იგი, გარნა ჩვენგან არ უნდა გეწყინოს, ძმაო, სიტყვა და დარიგება, როგორათაც შვილსა მამის დარიგება და მეგობარს საყვარელისა მეგობრისა და ძმის სწავლა არ უნდა ეწყინოს, მისთვის, როძელ ღმერთმან თვით ჩვენ მოგვცეს ესოდენი სიკეთე და ბედნიერება, რაოდენსაცა ჩვენი სული წადილობს თქვენთვის.

რომელი არის ეს ცრუ ჰაზრი და ამაო რწმუნება, რომელზედაც ახლა გვსურს ჩვენ უბნობა? ისა, ძმაო ჩემო, რომელ, ვითომც კეთილშობილისა კაცისათვის რომელიმე მუშაობა, შრომა ანუ რომელიმე ხელთ-საქმობა იყოს სათაკილო ანუ სასირცხო, დამამდაბლებელი მისისა ღირსებისა. ეს ჰაზრი არის სრულებით ცრუ და გამოუთქმელად მავნებლი ჩვენთვის. მოკლედ, ესრეთ უნდა ვსთქვათ, რომ ქვეყანაზედ არ არის ისრეთი მუშაობა, რომელი კაცს აძლევდეს სარგებლობას, გარნა შემაგინებელი კი იყოს მისის ღირსებისა. ადვილად კი აღიხსნება, საითგან გაჩნდა ის ჰაზრი, რომელ კეთილ-შობილისა კაცისათვის მუშაობა იყოს სათაკილო და სასირცხო. იყო ისრეთი დროება და გარემოება ჩვენ მამულში, როდესაც ნახევარი კერძო მცხოვრებთა უნდა ყოფილ-იყო აღჭურვილ თოფითა და იარაღითა, განმზადებულ ბრძოლად მამულის მტერთან. მაშინ თვით გარემოება მოითხოვდა, რომელ ესრეთთა პირთა ჰქონოდათ უმეტესი პატივი და მათ სიყრმიდგანვე შეაგონებდენ, რომელ მათთვის მდაბიო მუშაობა არის სირცხვილი. გარნა როდესაც მამულს არ ადგია ჭირი და მტერი არ აიწროებს, მაშინ ესრეთი შეგონება და ჰაზრი არის დიდად სავნებელი კაცისათვის. ვერაფრით, ვერცა საღმრთო წერილით, ვერცა ისტორიით ანუ ფილოსოფიურის განზრახვით ვერ გაამართლებს კაცი იმ ჰაზრს, ვითომც რომელთამე პირთათვის მუშაობა იყოს სასირცხო და დამამდაბლებელი. საღმრთო წერილი მარადის სიტყვითა და მაგალითითა გვასწავლის, რომელ მუშაობა არის საქმე კეთილი, საქები და ღვთის სათნო. ათასთა მაგალითთა შორის გამოვარჩევ ერთსა და წარმოგიდგენ: წმიდა მოციქული პავლე არ იყო არც ღარიბი და არც ღარიბი და არც მდაბალის ხარისხისა. მას ჰქონდა ღირსება რომის მოქალაქობსია, რომელიც არა-თუ დაედარება, არამედ უმაღლესი არის ახლანდელის კეთილ-შობილობის ხარისხისა, და ამასთანავე იგი ესოდენ უყვარდათ ქრისტიანეთა, მისგან განათლებულთა, რომელ საჭირო რომ ყოფილ-იყო და ეთხოვა, არა თუ საჭმელსა და სასმელს მისცემდენ მას, არამედ საკუთარსა თვალსა ამოითხრიდა ყოველი მისი მოწაფე და მისცემდა, - როგორათაც თვით მისწერს იგი კორინთელთა; გარნა როდესაც ესრეთი კაცი იშოვნიდა თავისუფალს დროებას, მაშინვე დაჯდებოდა და იწყებდა მუშაობას: იგი თვისი ხელით ჰკერვიდა კარვებს, ჰყიდდა და ამით იზრდებოდა, რათა არავინ დაემძიმებინა. ჩვენ რომ ქრისტიანენი ვართ, ეს მაგალითი საკმაო უნდა იყოს ჩვენთვის; გარნა არ შემიძლიან გაუშვა და არ წარმოგიდგინო კიდევ ერთი მაგალითი, რომელიცა დარწმუნებული ვარ, გაგაკვირვებს შენ. ჩინეთის ხელმწიფე ანუ იმპერატორი, რომელსა სამასი მილიონი ქვეშევრდომი ჰყავს და სიმდიდრე აქვს აურაცხელი და წარმოუდგენელი, ყოველ წელიწადს, ერთ დანიშნულ დღეს, გამოვა მინდორში თავისი შვილებით და დიდებულებითურთ, თავისი საკუთარის ხელით შეაბამს ხარებსა გუთანში, გაუძღვება მათ წინ, მოხნავს და დასთესს ყანასა; ამ ჟამად მას უმზერს აურაცხელი ერი, ყოველ მხრითგან შეკრებილი. რისთვის იქმს იგი ამას? მისთვის, რათა აჩვენოს, რომ მიწის მუშაობა არავისთვის არ არის სათაკილო და სასირცხვო, არამედ პატიოსანი და ღირსი. თუმცა იგი არის გაუნათლებელი კერპთ-მსახური, გარნა ამ შემთხვევაში იგი ჩვენცა, ქრისტიანეთა, გვაძლევს ფრიად გონიერსა და განათლებულსა მაგალითსა.

როგორ უნდა იფიქროს კაცმა, რომ მუშაობა არის სათაკილო და სასირცხო საქმე? მუშაობა კი არ დაგამდაბლებს შენ, ძმაო ჩემო. ვინც გინდა იყო, არამედ უქმად დროების განტარება, რომელი არის დედა ყოვლისა ცოდვისა. ღმერთო! რა სატირალი არის კაცის ბუნება! როგორ აფუჭებს მას ყოველი ცრუ ჰაზრი და ამაო რწმუნება! იგივე კაცი, რომელსა რცხვენის უბრალო მუშაობა, რომელი არ ცდილობს თავისი ხელის შრომით მოიგოს რაიმე, რავდენ-გზის მოტყუებით, ჭორით, ავაზაკობით და ყოვლითა უჯეროითა საშვალობითა ცდილობს მოგებად სიმდიდრისა. ესრეთ გააფუჭებს კაცის ბუნებასა ცრუ ჰაზრი: ცოდვისა არა რცხვენის, ცოდვას არ ერიდება და შრომა და მუშაობა კი სასირცხოთ მიაჩნია. ღმერთო! თვით შენ განაშორე ჩვენგან ყოველი ცრუ და მავნებელი ჰაზრი. ამინ.