წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კვირიაკესა განრღვეულისასა

ეტყოდეს მას ურიანი იგი შაბათი არს და
არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი (იოან. ე, ი)

აწინდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ქრისტიანენო, რომელ მაცხოვარმა ერთხელ იხილა რა ოც-და-ათვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, შეებრალა იგი, განკურნა და უბრძანა მას: აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. ურიათა, იხილეს რა განკურნებული იგი, მიმავალი ცხედრითურთ და შეიტყვეს რა, რომელ იგი განკურნა მაცხოვარმან, არა თუ არ შესწირეს ღმერთსა მადლობა და დიდება, არამედ განრისხდენ იმ ზომად, რომ იწყეს დევნა იესოსი და უნდოდათ მოკვლაცა მისი. რისთვის? მისთვის, რომ ეს საქმე მაცხოვარმან მოახთინა შაბათის დღეს... რამეთუ ამას იქმოდა იგი შაბათს, ვითარცა შენიშნავს სახარება. შაბათი არს და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი, ეტყოდეს ურიანი განკურნებულსა მას. ურიანი ფიქრობდენ რომ შაბათის დღეს კაცი უნდა იჯდეს უძრავად და არა ქმნას არცა კეთილი საქმე, არცა ბოროტი. ეს ჰაზრი იყო ცრუ და უსაფუძვლო, გარნა ისინი ესოდენ იყვნენ დაჯერებული მას ზედა, რომელ სიკვდილს ემუქრებოდენ ყოველსა, ვინც იყო ამის წინააღმდეგი.

აჰა, ძმაო, რა დიდი გავლენა და მოქმედება აქვს ზოგიერთსა ცრუსა ჰაზრსა, უსაფუძვლოსა ჩეეულებასა, მოგონებულსა წარმოდგენასა კაცის სულზე და ყოფაქცევაზე! როდესაც რომელიმე ჰაზრი და ჩვეულება დაიპყრობს კაცის გონებას, იგი გაერევა ყოველთა შინა მისთა სიტყვათა და მოქმედებათა, და მისცემს მას დიდსა დაბრკოლებასა. ვიცით ჩვენ ყოველთა, რა დიდი გავლენა აქვს სოფლის ჩვეულებათა კაცის გულზე. რა სახით ემორჩილება ყოველი კაცი სოფლის ჩვეულებათა და როგორ ეშინია მას ჩვეულების წანააღმდეგობა. ჩვეულება, თითქმის სჯულზე უმტკიცესია. მრავალ-გზის ვხედავთ, რომელ ზოგიერთთა კაცთა არც საღმრთო სჯულის და არც საეროსა წინააღმდეგობა ისე არ გაუძნელდება, როგორათაც წინააღმდეგობა რომლისამე სოფლის ჩვეულებისა. თუმცა სინიდისი და ჭკუა მისი ხშირად უმტკიცებდეს მას, რომ ზოგიერთი ჩვეულება არის უსარგებლო და უსაფუძვლო; გარნა ვინაიდგან უმრავლესნი სოფლის ჩვეულებანი არიან დამკვიდრებულნი რომელთამე ცრუთა და მოგონებულთა ჰაზრთა და წარმოდგენათა ზედა, მაშასადამე აქედგან უნდა გავსინჯოთ და ვიხილოთ, რა მავნებელი არის, როდესაც კაცთა შორის სუფევენ ცრუნი ჰაზრნი და მას ზედა დაფუძნებულნი მავნებელნი ჩვეულებანი, და როგორ უნდა ცდილობდეს კეთილ-გონიერი კაცი, რომ მოისპონ იგინი კაცთა შორის.

სამწუხაროდ, ცრუნი ჰაზრნი და მავნებელნი ჩვეულებანი ძლიერ მუშაობენ ქვეყანასა შინა ჩვენსა. ვინც კარგად დაუკვირდება და მახლობლად შეიტყობს ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებთა მდგომარეობასა, იგი სწორეთ იქმნება განცვიფრებული, რა საშინელი გავლენა აქვს მათ შორის მრავალთა პირდაპირ მავნებელთა და ცრუთა ჰაზრთა, რა საშინლად ემონებიან მათ იგინი და რაოდენთა ცოდვათა შინა შთავარდებიან იგინი მათგან. თითქმის ყოველ ნაბიჯის გადადგმაზე, ყოველ მცირე და დიდი საქმის აღსრულებაზე გაერევა ერთი რამე ცრუ და მავნებელი ჰაზრი უბრალო მდაბალ ხალხში. ზოგჯერ მდაბალ გლეხ კაცს ზოგიერთი მზაკვარი მკითხავი ისეთს საზარელს და მძიმე საქმეზე მისდრეკს და ისეთს გასაოცარს მოქმედებაში შეიყვანს, რომელსაც გონიერი კაცი არ დაიჯერებს, თუ თავის თვალით არ ნახა.

გარნა სამწუხაროდ, არა თუ მდაბალთა ერთა შორის, არამედ ყოველთა სხვათა წოდების ხალხთა შორისაც სუფევენ მრავალნი ცრუნი ჰაზრნი და ჩვეულებანი; მაგალითებრ: არა ერთ გზის მოგვიხსენებია ჩვენ თვით ამა ადგილისაგან, რა უსარგებლო და მავნებელი არის გძელი და განსხვავებული ტირილი, რომელი ვიცით ჩვენ მიცვალებულთა ზედა და რომელი, თვით სიტყისამებრ მრავალთა პატივცემულთა თავადთა და აზნაურთა, აძლევს დიდსა ხარჯსა და ზარალსა მიცვალებულის ჭირისუფალთა და მიცვალებულისათვის არ არის სასარგებლო. აწ ამ ქვეყნის პატივცემულმან კეთილ-შობილმან საზოგადოებამ ქალაქსა ამას შინა შეკრებილმან, უნდა იფიქროს ამაზე და ჯეროვანი საზღვარი დაუდვას ჩვეულებასა ამას, რომელი ახლანდელსა დროებასა მრავალთა-გამო ცვლილებათა სოფლის წყობილებათა შინა მოხდენილთა, არის უფრორე მავნებელი და შეუსაბამო.

მეორე ცრუ ჰაზრი და მას ზედა დამოკიდებული ჩვეულება, რომელიცა არა ნაკლებსა აძლევს ვნებასა მრავალთა კაცთა, არის შემდგომი: მრავალნი პირნი ესრედ ფიქრობენ ვითომ შრომა ანუ მუშაობა ორ-ნაირია და ორად განიყოფა: ზოგი ერთი შრომა და მუშაობა არის უკადრისი, შემარცხვენელი და დაბალი, და ზოგიერთი არის მაღალი, საქები და საკადრისი. ესრედ ორად განყოფა შრომისა და მუშაობისა არის სრულიად უსაფუძვლო და მავნებელი. წინააღმდეგ ამისა ის უნდა ვთქვათ, რომელ ყოველი შრომა, რომელიც კი სარგებლობას მისცემს კაცს და შეეწევა მისს რჩენასა, დიახ არის მადლიანი და საკადრისი ყოვლისა კაცისათვის. უკადრისი და შემარცხვენელი კაცისა არის მხოლოდ უქმად ყოფნა. გარნა ვინაიდგან ქვეყანაზე ათასი სხვადასხვა ნაირი მუშაობა და შრომა არის და არცა ერთი მათგანი არ დაამდაბლებს, ანუ შეარცხვენს კაცსა. რომელი საქმე ანუ შრომა გამოარჩიოს თითოეულმა კაცმა და რომელს მოქმედებას შეუდგეს? ეს დამოკიდებული არის კაცის ბუნებაზე, კაცის ჭკუაზე და გარემოებაზე. ჩვენ მხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომელ ყოველმა კაცმა ერთი რომელიმე საქმე უნდა გამოირჩიოს, უქმად არ უნდა იყოს არა-ვინ, ხოლო სახელდობ რომელი შრომა, ანუ მუშაობა არის უმჯობესი მისთვის, ამას შეატყობინებს მისი ჭკუა და გამოცდილება. აქ მე გაგახსოვნებთ ერთს გასაკვირველს მაგალითს, თუმცა დარწმუნებული ვარ მრავალთა თქვენთაგანაც გაუგონიათ იგი. როდესაც პეტრე პირველი დაჯდა რუსეთის ტახტზე, მას ჰყვანდნენ მრავალნი მილიონნი ქვეშევრომნი და ჰქონდა მრავალი სიმდიდრე. რაღა საჭირო იქნებოდა მისთვის უბრალო მუშაობა; გარნა რადგანაც შეხედა, რომ მის სამფლობელოში არ იყო სრულიად სწავლა და განათლება, მან დასტოვა სამეუფეო ტახტი, ჩაიცვა უბრალო მუშის ტანისამოსი, წავიდა განათლებულ ქვეყნებში და იწყო მუნ სწავლა ყოვლისა ხელოვნებისა. მრავალი წლის განმავალობაში იგი მუშაობდა ცულითა და ხერხითა,  მან მიითვისა ყოველი მაშინდელი სწავლა და ხელოვნება და მობრუნებულმა თავის სახელმწიფოში გააჩინა ნათელი სწავლისა, რომლითა განადიდა რუსეთი.

გარნა რა საჭირო არის ჩვენთვის მაგალითი საერო ისტორიისაგან! ჩვენ ქრისტიანენი ვართ, და ვითარცა ქრისტიანეთა უდიდესი ფასი უნდა მივაწეროთ იმ მაგალითსა, რომელსა გვიჩვენებს საღმრთო ისტორია. მოვიყვანოთ აქედგან მაგალითნი: მაცხოვარი იესო ვიდრე სრულ ჰასაკის მოსვლამდე და სახარების ქადაგების დაწყებადმდე სცხოვრებდა იოსებ ხუროს სახლში, და ეხმარებოდა მას ხუროობაში. უდიდესი მოციქულთა შორის პავლე, როდესაც თავისუფალ დროს იპოვნიდა ქადაგებიდან, იწყებდა თვისის ხელითა კერვასა ბამბის კარვებისასა, და იქიდგან ირჩენდა თავის თავსა. უმაღლესნი მამათა შორის ვასილი დიდი, გრიგორი ღვთის-მეტყველი, იოანე ოქროპირი, თავისუფალი რომ იქნებოდნენ ეკლესიის მსახურებისაგან, აღიღებდენ ბარსა და თოხსა და შეუდგებოდნენ მიწის კეთებასა. ესენი ყოველნი დამამცრომელათ არ რაცხდენ ესრეთსა მუშაობასა. მოკლედ გავაგდოთ გულისაგან ის ცრუ, ცბიერი და მზაკვარი ჰაზრი, ვითომც მუშაობა იყოს კაცის ღირსების დამამდაბლებელი. ბედნიერი არის ქვეყანა, რომელსა შინა ყოველნი მცხოვრებნი, დიდნი და მცირენი, არიან შრომის მოყვარენი; თავის შრომაზე და მეცადინეობაზე აქვთ იმედი და მათგან ელიან წარმატებასა. საწყალი და საბრალო არის ის ქვეყანა, სადაცა უმრავლესნი პირნი შესჩერებიან და უმზერენ მთავრობასა და ყოველი იმედი ბედნიერებისა და წარმატებისა დაუდვიათ ჩინებზე, ჯამაგირებზე, ჯილდოზე, ხოლო შრომასა და მუშაობასა შეურაცხ-ჰყოფენ და უკადრისობენ.

ღმერთო, განაძე გულისაგან ჩვენისა ყოველი ცრუ ჰაზრი,  მოგვეც მხნეობა, დაჰბადე ჩვენ შორის სული შრომისა და მოღვაწეობისა! ამინ.