წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ღვთის-მშობლის შობის დღესა,
თქმული გელათის მონასტერს 1877 წელსა

მიუგო იესო და ჰრქვა მას: მართა! მართა! ზრუნავ და ჰშფოთ-ხარ
მრავლისათვის; აქ ერთისაი არს სახმარ, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი
გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან (ლუკ. 10. 41-42).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! იქნება ზოგიერთს თქვენგანს კიდეც აქვს შენიშნული, რომელ ყოველს ღვთის-მშობლის დღესასწაულს წირვაზედ ერთი და იგივე სახარება წაიკითხება, რომელიც მოისმინეთ თქვენ დღეს. იმ სახარებაში არის აღწერილი ერთი უბრალო შემთხვევა ანუ გარემოება, უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებიდგან: გარნა ამ მოთხრობისაგან კარგი და ფრიად სასარგებლო სწავლა გამოიყვანება მათთვის, რომელთა უყვარს სულიერი სწავლა და აღშენება. რა მოთხრობა იყო დღევანდელს სახარებაში? ერთხელ უფალი იესო ქრისტე შევიდა, ანუ ესტუმრა ერთს კაცს, სახელად ლაზარეს, რომელიც უყვარდა უფალსა და იყო მისი მეგობარი. ამ სახლში იყვნენ ორნი ლაზარეს დანი, მართა და მარიამი. მათ, რასაკვირველია, გაუხარდათ ნახვა იესო ქრისტესი, რადგანაც იგინი იყვნენ მორწმუნენი და იცოდნენ, ვინ იყო იესო ქრისტე. გარნა ამ ორი დების სიხარული და სარწმუნოება სხვა და სხვა ფერად გამოჩნდა. მარიამი მაშინვე დასჯდა ფერხთა-თანა იესოსთა და ისმენდა სიტყვათა მისთა. მან იფიქრა: ამაზე უკეთესს ვეღარ ვნახავო, ამაზე უმჯობესს სწავლას ვისგან გაიგონებო, და ისრეთის სასოებით ისმენდა სიტყვას მისსა, რომ ჭამაც დაივიწყა და სმაც. მართა კი სულ სხვაფერ მოიქცა. იმან მაშინვე დაიწყო მზადება მრავალთა საჭმელთა, ძვირფასისა სტუმრისათვის; გარნა დაინახა რა, რომ და მისი არ ეხმარებოდა მას, თითქმის აყვედრა უფალსა იესოს: უფალო, არა იღვწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტო დამიტევა მე მსახურებად; არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე. მაშინ მაცხოვარმან ეს სიტყვა უთხრა: მართა, მართა! ჰზრუნავ და ჰშფოთავ მრავლისათვის, ხოლო აქ ერთი რაი არს სახმარ.

ვგონებ, თქვენ კი მიჰხვდებით, ძმანო ქრისტიანენო, რას გვასწავლის ეს უბრალო მოთხრობა დღევანდელისა სახარებისა და პასუხი იესოსი. იგი გვასწავლის ჩვენ, რომელ სმენა ღვთისა სიტყვისა, საღმრთო სჯულის სმენა და აღსრულება, უდიდესი და უსაჭიროესი საქმე არის, ვიდრე ჭამა და სმა, და ყოველი ქვეყნიური, ხორციელი საქმე, და არა თუ უდიდესია, არამედ მარტო იგი არის სახმარ და სასარგებლო კაცისათვის: აქა ერთი არს სახმარ. კაცი იგი, რომელიც დაემსგავსება, ანუ ჰბაძავს მარიამს, უკეთესად იქცევა და უმჯობეს საქმეს ამოირჩევს: მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, და ის ნაწილი ყოველთვის მასთან იქნება, მას აცხოვნებს; ხოლო კაცი, რომელი დაემსგავსება მართას, ესე იგი სცდილობს და ჰშფოთავს მარტო მრავლისა საჭმლისათვის, და ღვთის სიტყვის სმენას და აღსრულებას იმდენად აღარ ეძიებს, იგი გამოარჩევს თავისთვის უსარგებლო ნაწილსა.

მართა და მარიამი გამოჰხატავენ ორნაირს, ანუ ორგვარს ხასიათსა, ანუ თვისებასა კაცთასა. ყოველი ქრისტიანე კაცი დაემსგავსება მართას, ანუ მარიამს თვისითა ხასიათითა და თვისებითა. ზოგიერთი ქრისტიანე არის ღვთის ერთგული და მსასოებელი, მას უყვარს სმენა ღვთის სიტყვისა, კითხვა საღმრთო წერილისა, მოსმენა წირვა-ლოცვისა, ფიქრი და ლაპარაკი საღმრთოთა საგანთა ზედა, ერთი სიტყვით, არის ღვთის სიტყვის მოყვარე, მოშურნე. ჭამისა და სმისათვის, სოფლიური მოლხინებისათვის იგი არაოდეს არ დაივიწყებს წირვა-ლოცვის მოსმენასა. გარნა, სამწუხაროდ, ფრიად მცირენი არიან ახლა ამისთანა ქრისტიანენი. უმეტესი ნაწილი აწინდელთა ქრისტიანეთა, საუბედუროდ, არიან სოფლის და არა ღვთის კაცნი. მათთვის საჭმელი, სასმელი და სხვა ამ ქვეყნის სიამოვნება უფრო საყვარელია, ვიდრეღა სმენა ღვთის სიტყვისა. მსგავსად მართასი, იგინი მარადის ჰშფოთვენ და ჰზრუნავენ მრავალთა ამ ქვეყნის ამაოთა საქმეთათვის, რომელიც ერთი მხოლოდ არს სახმარ და სასარგებლო კაცის სულისათვის, სმენა და აღსრულება მაცხოვრის დარიგებისა, იმაზედ ბევრად არ ჰფიქრობენ.

ახლა, ძმაო ჩემო, შენ თვითონ შეიხედე ამ სარკეში, რომელიც მე ახლა გაჩვენე, და გაშინჯე შენი სულიერი სახე, ვის ემსგავსება შენი ხასიათი: მარიამს, თუ მართას? რა უფრო გიყვარს შენ, და რა უფრო დაატკბობს შენს გულსა დღეს? აწინდელი ლოცვა ამ ეკლესიაში, თუ სუფრაზე ჯდომა და ლხინი. ვაი ჩვენსა სისაწყლესა და სიცოდვესა! რაოდენნი არიან დღეს აქა მდგომარენი, რომელნი თუმცა აქ არიან ხორცითა, გარნა მოუთმენელად უცდიან, რომ მალე გამოვიდეს წირვა, რათა წარვიდენ და მალე დასჯდენ სუფრაზე და ილხინონ უზომოდ ჰსვან და სჭამონ! რაოდენნი არიან მართას მსგავსნი, რომელთაც დღეს სრულიად ვერც კი მოიცალეს საყდარში მოსასვლელად, მაცხოვრის სიტყვების სმენად, არამედ დარჩნენ სახლებში, დარბიან და ჰშფოთვენ მრავალი საჭმელების მზადებისათვის. აბა, რა ვქნა, იფიქრებ შენ, ნუ თუ უჭმელად შეიძლება ცხოვრება? ამას არ გეუბნები შენ მე! რასაკვირველია, კაცი ვერ გასძლებს, თუ არა აქვს სახმარი ხორცისათვის. მე მხოლოდ ის მინდა შევიტყო, ანუ უმჯობესია თქმად, შენ თვითონ შეგატყობინო, რა გიყვარს შენ უმეტესად, ხორცი, თუ სული. რისთვის ჰზრუნავ მომეტებულად, რისთვის ჰფიქრობ უფრო ხშირად, სასმელ-საჭმელისათვის, თუ წირვა-ლოცვისათვის, ღვთის სიტყვის სმენისათვის? სად და რა უხარის სულსა შენსა მომეტებულად, საყდარში ღვთის სიტყვის სმენა, თუ სუფრაზე საჭმელ-სასმელის მიღება? ერთი სიტყვით, ღვთის კაცი და მონა ხარ შენ, თუ ერთი ათასთა სოფლის მოყვარეთაგანი? ამაზედ უნდა ჰფიქრობდე შენ ხშირად და ჰზრუნავდე შენ ყოველთვინ, და ევედრებოდე ღმერთს, რომ მან ოდესმე მოგცეს ისეთი გული და ხასიათი, რომ იქმნე შერაცხილ შორის მისთა სარწმუნოებითა მონათა. ამინ.