ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ
ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა,
და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, და
სარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი არა დატევებად (მათ. 23, 23).
დღეს, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საჭიროდ ვრაცხ და მსურს მოძღვრება ჩემი თქვენდამი, რომელნი შეჰკრებილხართ აქა სხვათა და სხვათა მრავალთა სოფლებითგან, დავაფუძნო სიტყვათა ამათზედა სახარებისათა: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა, და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, და სარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი დატევებად. თქვენ, თვითონაც გესმისთ, რა საშინელსა და ფიცხელსა საყვედურსა გამოუცხადებს ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე ფარისეველთა და მწიგნობართა. ვინ იყვნენ ფარისევლები და მწიგნობარნი ეს მრავალგზის მითქვამს, და ვგონებ თქვენც გეცოდინებათ, რადგანაც საღმრთო წერილიდგან მრავალ-გზის საყდარშიაც გაიგონებდით მათს მოქმედებას და ხასიათს. მაშასადამე, ამაზე აღარ გავაგრძელებ სიტყვას, და პირდაპირ გადვიდეთ იმაზე, რა აზრი არის ამ ზემოდ მოყვანილ სიტყვებში, ესე იგი რომელს ცუდს საქმეს აყვედრებს მაცხოვარი ფარისეველთა ამ სიტყვებში? ზემო მოყვანილ სიტყვებში მაცხოვარი აყვედრებდა ფარისეველთა, რომელ იგინი სჯულსა ასრულებენ ბრუნდედ, ყალბად, არა გულწრფელად. რაც სჯულში იყო უმთავრესი და უსაჭიროესი მცნება, ესე იგი სამართალი, წყალობა და სარწმუნოება, მათ დავიწყებული ჰქონდათ, და რომელიც მათ ჰქონდათ საკუთარი, თვისგანვე დამატებული, ანუ მოგონებული კანონები და წესები, წვრილი, და არა ეგოდენ საჭირო, იმას კი ბეჯითად ასრულებდენ. ძველ მოსეს სჯულში, სხვათა შორის, იყო თქმული, რომ ყოველ მოსახლე კაცს უნდა შეეწირა ეკლესიისა და მის მსახურთათვის ათეული ყოვლისა მოსავლისა, მაშასადამე, ძირაკისა, ცერეცოისა და პიტნაკისაცა. ამას იგინი ბეჯითად აღსრულებდენ, გარნა, რომელიც სჯულის თავი და საძირკველი არის სამართალი, სარწმუნოება და წყალობა, ესენი დაუტევეს. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა, და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, და სარწმუნოება, ესე ჯერ იყო საქმედ, და იგი დატევებად. აჰა, რას აყვედრებს მაცხოვარი ფარისეველთა და მწიგნობართა.
გარნა ფარისეველთა და მწიგნობართა თავი დავანებოთ, და ჩვენი თავი გავიკითხოთ. უთუოდ სახარებაშიაც სულმან წმინდამან, ხელითა მოციქულთასა, სხვათა შორის იესო ქრისტეს სიტყვათა და სწავლათა, მისთვის დასწერა ესე ზემოდ მოყვანილი სიტყვები, რომელ წინადვე უწყოდა, რა საჭირო და სასარგებლო იქმნებოდნენ იგინი ჩვენცა ქრისტიანეთათვის.
მართლა, ჩვენცა, ქრისტიანენი, სამწუხაროდ, ხშირად დავემსგავსებით ფარისეველთა და მწიგნობართა ამ შემთხვევაში, მით რომელ ჩვენცა ხშირად გვავიწყდება და ბეჯითად არ ვასრულებთ უმთავრესთა და უსაჭიროესთა მცნებათა ქრისტესთა: სამართალსა, სარწმუნოებასა, მოწყალებასა, სიყვარულსა, და რომელნიც უმცირესნი და წვრილნი კანონები და წესები არიან, და ისიც არა ღვთისაგან პირ-და-პირ ნაბრძანებნი, არამედ კაცთა რომელთაგანმე, ანუ უბრალონი ჩვეულებანი, იმას ვასრულებთ ბეჯითად და მიუცილებლად. ამას მე თქვენ, თუ გნებავს, დაგიმტკიცებ მრავლითა მაგალითითა. მითხარი, ამ ორში რომელი არის უფრო დიდი და საჭირო საქმე ქრისტიანეთათვის: წმინდა საიდუმლოს მიღება ყოველ წელიწადს, თუ ჭურისა და მარნის კურთხევა მღვდლისაგან? რასაკვირველია, პირველი უფრო დიდი მცნება არის, ვიდრე მეორე. პირველი თვით იესო ქრისტესგან არის და მოციქულთაგან ნაბრძანები, და ისეთი დიდი მცნებაა, რომ გარეშე მისა კაცი ვერ სცხონდება, მეორე კი უბრალო ჩვეულებაა, თუმცა კი არა ცუდი და წინააღმდეგი, გარნა არა დიდი რამე. შენ კი ორ-სამ წელიწადს არ ეზიარები და არარას ჰზრუნავ იმაზე, არ შეიწუხებ თავს, და თუ მღვდელმა წლის განმავლობაში მარანი არ გიკურთხა, მაშინ სჯავრობ და უჩივლებ მღვდელს მთავრობასთან. ან, თუ მღვდელმა შესაწირავი ცხვარი არ გიკურთხა, ანუ, თუ სხვა რომელიმე ამისთანა წვრილი და არა დიდად საჭირო ჩვეულების წესი აგისრულა, დიდად გეწყინება, დაემდურები მას. ერთხელ ერთმა სოფლის მცხოვრებმა კაცმა საჩივარი შემოიტანა ჩემთან, და, როგორ ჰფიქრობ, რა დასწერა იმ საჩივარში? დასწერა, რომ წირვაზე ჩვენმა მღვდელმაო, სახარება რომ გამოასვენა საკურთხეველიდგან, სამეუფეო კარში შესავალზე უკუღმა მიიბრუნაო. იმ საწყალს ეგონა, რომ ერთი რამე დიდი შეცდომა არის. გამოსაცდელად მისა, მე ვკითხე, რა დღესასწაული იყო იმ დღეს და რომელი სახარება წაიკითხეს მეთქი. მან ვერცერთი ვერ მითხრა. მაშასადამე, ის საცოდავი კაცი საყდარში მიდის და არ იცის რა დღესასწაული არის, წირვაზე სდგას და სახარებას ყურს არ უგდებს, და იმას კი უყურებს, წაღმა მობრუნდება ღვდელი, თუ უკუღმა. ამნაირად იქცევიან თითქმის ყოველნი სოფლის მცხოვრებნი. რაც არის მაღალი და მძიმე, სულის განმანათლებელი და საცხონებელი, იმას სრულიად არ ტყობულობენ და არ ასრულებენ, და რომელიც უბრალო ჩვეულება არის, გარეგანი, უფრო ხორციელი და ადვილი, იმაზე უმეტესად სცდილობენ და იმას უფრო აღასრულებენ.
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ყური დამიგდეთ! ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის აღსრულებას, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე; ერთი ხილული, გარეგანი და არა ეგოდენ მძიმე და საჭირო, მეორე სულიერი, შინაგანი, უფრო მძიმე და უსაჭიროესი. ამისათვის შენ ყოველი შენი ყურადღება უმეტესად უნდა მიაქციო მეორე მხარეს, და იგი აღასრულო უბეჯითეს