წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს სობოროში

აწინდელი დღესასწაული გვაძლევს ჩვენ, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, შემთხვევასა და მიზეზსა ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა და წინა-დაგიგოთ თქვენ რაოდენიმე განზრახვა და ჰაზრი ქალისათვის და მისის ცხოვრებისა და მნიშვნელობისათვის ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა, ვინაიდგან ყოველად-წმიდა, რომელმან დღეს მიიღო ხარება მთავარ-ანგელოსისაგან და ესრეთ ღირს იქმნა მსახურებად ღვთის განხორციელებისა, იყო ქალი და გვაჩვენა ჩვენ, ვითარი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანე ქალი.

გარნა რა უნდა ვსთქვათ დღეს ჩვენ ქალსა ზედა, ანუ რომელი კერძო მისისა ცხოვრებისა და მისთა თვისებათა განვიხილოთ? აწინდელი ჩვენი დროება გვაძლევს საგანსა და გვაჩვენებს, რომლის კერძოთ უნდა განვიხილოთ ჩვენ მდგომარეობა და მნიშვნელობა ქალისა. რა განსხვავებაა აქვს აწინდელს დროებასა ამ ჩვენ ქვეყანაში? ის, რომელ ცოტ-ცოტად იცვლება სახე ცხოვრებისა საზოგადოებასა შინა და უმეტესად იცვლება აღზრდა და მდგომარეობა და ყოფა-ქცევა ქალებისა. ვიცით ჩვენ ყოველთა, რანაირი იყო უწინ აღზრდა ქალთა; უწინ და ახლაც კიდევ უმეტეს ნაწილად აღზრდა ქალისა იყო შინაური. ქალი იზრდებოდა შინ დედ-მამის მხედველობის ქვეშ; ქალს მისცემდნენ ხელში საღმრთო წერილს, ასწავლიდნენ დავითნს და ჟამნს, საეკლესიო გალობას, წერასა; მიაჩვევდნენ ოჯახის მოვლას, ასწავლიდნენ შინაურს ხელოვნებას; ცხოვრებაცა ქალისა იყო განუყოფლივ შინაური. და ესრეთ ვგონებ, რომ უმჯობესად და კეთილ-გონიერად მოამზადებდენ მათ მომავალის შინაურის ცხოვრებისათვის, ვინაიდგან იგინი სრულიად შეიტყობდნენ, რაც მოელის მათ და მიეჩვეოდენ მომავალსა ცხოვრებასა თვისსა. ხოლო აწ, ვითარცა იცით და ხედავთ თქვენ ყოველნი, იცვლება და სხვა-ნაირად იწყობა გაზრდა, სწავლა და ცხოვრება ქალთა. როდესაც მე ვხედავ ამ ცვლილებასა და როდესაც წარმოვიდგენ, რომ ცოტა ხანს უკან ეს ცვლილება უმეტესად განვრცელდება, ძველი წესი და წყობილება სრულიად დაუთმობს ადგილს ახალ წესსა და წყობილებასა, უნებრივად გამოჩნდება გულში ფიქრი: უმჯობესნი იქმნებიან ქალნი შემდგომ ესრეთისა ცვლილებისა, ესე იგი უმჯობესნი ქრისტიანენი იქმნებიანა მაშინ ქალნი, ვიდრემდის იყნენ უწინდელსა მდგომარეობასა შინა? და ამ ფიქრს ესრეთ გარდავსწყვეტ ხოლმე ჩემს გულში: ნეტავი ღმერთმან ინებოს და ქალთა ჩვენთა არაოდეს არ დაჰკარგონ ზოგიერთნი ფრიად საქებნი და საყვარელნი თვისებანი, რომელნი შეამკობენ ძველებურად მცხოვრებთა ქალთა, არამედ შეაერთონ იგინი ახლისა განათლებისა და სწავლისათანა; მაშინ მხოლოდ იქმნებიან იგინი ძვირ-ფას ქრისტიანობისა და საზოგადოებისათვის.

მკითხავს ვინმე: რომელნი არიან ეს თვისებანი და ღირსებანი ძველებურთა ქალთანი? ქალის ბუნება, ძმანო ჩემნო, მით  განსხვავდება მამა-კაცის ბუნებისაგან, რომელ ქალი ცხოვრებს უმეტესად გულითა და გრძნობითა, ხოლო მამა-კაცი გონებითა. ქალი, ვგონებ, მაშინ არის თვითონაც კმა-ყოფილი და ბედნიერი, როდესაც შეუძლიან მიზღვევა და მინიჭება უხვისა გულითადისა სიყვარულისა მისთა მახლობელთა, ქმარსა, ძმასა და და სხვათა მახლობელთა პირთა; ერთი სიტყვით, იგი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც სხვას აბედნიერებს. უკეთუ განვიხილავთ ბუნებასა ქალისასა, ვნახავთ, რომ ღმერთმან განგებ მისცა მას განსხვავებულნი თვისებანი, ვინაიდგან მდგომარეობაცა მათი და მნიშვნელობა არის სხვა, ვიდრე მნიშვნელობა და საქმე მამა-კაცთა.

ეს მნიშვნელობა ქალისა, რომელიც მისცა ქალთა თვით ღმერთმან, კეთილად სრულდებოდა ძველებურად მცხოვრებთა ოჯახთა შინა. პირველად ის უნდა ვსთქვათ, რომელ საკვირველი სიყვარული და ერთგულება ცოლისა ქრმისადმი იყო ძველებურად მცხოვრებთა ოჯახთა შინა. მერმე, ის უმეტესად არის საქები და განსაკვირვებელი, რომელ როგორიც უნდა ყოფილაყო ქმარი, ღირსი ანუ უღირსი, კარგი ანუ ცუდი, მაინც უყვარდა იგი ცოლს, მაშინ როდესაც ხშირად გამოცდილ არს და ხშირად მომხდარა, რომ განათლებული და სწავლასა შინა გამოსული ქალი ხშირად შეურაცხ-ჰყოფს და მოიშლის ერთ-გულებას, თუ ქმარი მისი არის მასზედ ნაკლები ჭკუითა და ღირსებითა. მეორედ, ძველებურ წესზედ გაზრდილთა ქალთა საკვირველი იყო და გამოუთქმელი სიყვარული შვილთა მათდამი. ეს სიყვარული ესოდენ დიდ იქმნებოდა, რომ თითქმის მრთელსა მისსა ცხოვრებასა და სულსა დედა შთასდებდა გულსა შინა შვილისა მისისა. ვის არ ახსოვს, ძმანო ჩემნო, მანუგეშებელი და განმაცხოველებელი სიყვარული დედისა მისისა? ვინ არ ინუგეშებს, ჟამსა მწუხარებისასა, ამ ტრფიალითა სიყვარულითა დედისა მისისათა!

მესამე თვისება და ღირსება უწინდელად გაზდილთა ქალთა არცა ნაკლები იყო სიმდაბლე და სიმშვიდე მათი; ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ იყვნენ თავ-დაბალნი და მორჩილნი, რომელ თვითონ არ იცოდენ თავის ფასი და როდესაც მრთელსა სიცოცხლესა, სულსა და ღონესა შესწირავდენ თვისთა მახლობელთა და საყვარელთა, არაფერს არ ხედავდენ ამაში განსხვავებულსა. ამას უნდა დაუმატოთ მათი დაუცხრომელი შრომა, დაუძინებელი ზრუნვა და გულ-მტკივნეულობა ოჯახისათვის: ვითარცა დაუღალავი ფუტკარი თითო წვეთს თაფლსა ყვავილებისაგან შეაგროვებს, ეგრეთვე იგინი ოჯახისათვის პოულობდენ და ინახვიდენ საცხოვრებელსა. ერთი სიტყვით, განსხვავებული და მოსაწონი შინაური ცხოვრება, ნამდვილი ქრისტიანობრივი შინაური ყოფა-ქცევა, აჰა, ღირსება ძველებურად განსწავლულთ ქალთა!

გარნა არავინ იფიქროს, რომელ ჩვენ არ მოგვწონს განათლება და სწავლა აწინდელისა დროებისა, არამედ, როგორც წინათ ვსთქვით, სასურველ და სანატრელ ის იქმნება, ოდესაც ეს საქებნი თვისებანი არ დაეკარგოსთ ქალთა. წარმოიდგინეთ, რა დაუფასებელი საუნჯე იქმნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელსა შინა შეერთდენ ეს საყვარელნი თვისებანი ძველებურად აღზრდილთა ქალთა სწავლისა და განათლებისათანა. ხოლო უკეთუ ნაცვლად ქმრისა და მახლობელთა სიყვარულისა და შეურყეველისა ერთგულებასა, ნაცვლად თავის გამომეტებისა, მახლობელთა ბედნიერების მეცადინეობისა, ნაცვლად სიმშვიდისა, შრომის მოყვარეობისა, შინაურის შვენიერისა ცხოვრებისა, ჩვენთა ქალთა შეიყვარეს დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება, პირისახის შემკობა, ეს იქნება ფრიად სამწუხარო და მავნებელი მომავალისა ტომისათვის.

დიდ არს მნიშვნელობა ქალისა ქრისტიანობასა შინა! ყოველი ადამიანი პირველთა წელთა ცხოვრებისა თვისისათა განატარებს დედის ხელთა შინა; მისგან მიიღებს პირველ ჰაზრთა, მიდრეკილებათა, მისგან ისწავლის პირველსა ლოცვასა. მაშასადამე ესრეთ უნდა ვსთქვათ, რომელ ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოვლისა ადამიანისა თითქმის დამტკიცებულ არს ქალსა ზედა. უკეთუ დედა არის აღვსებული გონიერებითა, ჭკუითა, სასოებითა და სიყვარულითა, შვილიცა მისი გამოვა კეთილი და ღვთის-მოყვარე. გარნა, ჰოი! ვითარ საშინელ არს და მავნებელ, ოდეს დედა თვით არს ცუდისა ხასიათისა, არ მიხედავს თვისსა მნიშვნელობასა და ნაცვლად კეთილთა და საყვარელთა თვისებათა გარდასცემს შვილთა ცუდსა ხასიათსა. უმჯობესი არის, რომ თავის ხელით მოკლას მან შვილი თვისი.

დასასრულ სიტყვისა ჩვენისა მივაქციოთ გონება და გული ჩვენი ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობლისადმი, რომელი არს მიზეზი დღევანდელისა დღესასწაულისა. იგი იყო სრული სახე და მაგალითი ქრისტიანობრივისა ქალის ცხოვრებისა; მას ვევედრნეთ, რათა მისცეს კეთილი სურვილი გულსა და განამტკიცოს ნება ქალთა კეთილთა ცხოვრებასა შინა. ამინ.