წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება დღესასწაულსა ზედა ხარებისასა

ძმანო, მართმადიდებელნო ქრისტიანენო! დღევანდელი დღე არის ერთი უმთავრესთა ქრისტიანულთა დღესასწაულთაგანი, ანუ, ვითარცა თქმულ არს ერთსა საეკლესიო საგალობელსა შინა, აწინდელი დღესასწაული არის დასაბამი, თავი ჩვენისა ცხონებისა, და გამოჩინება საუკუნოიდგან დამალულისა საიდუმლოისა. მით უმეტესად უნდა ვცდილობდეთ ჩვენ, ქრისტიანენი, რომ ვისარგებლოთ დღევანდელი დღესასწაულითა, ჩვენდა აღსაშენებელად და სანუგეშოდ.

პირველად მიაქციე ყურადღება მასზედა, როგორ მოხდა ხარება, რა სიტყვით გამოუცხადა მთავარ-ანგელოზმა გაბრიელმა ქალწულს ნება ღვთისა, და რა პასუხი მიიღო ქალწულისაგან. შეჰნიშნე თუ არა, რა შიშით და ეჭვით მიიღო ყოვლად-წმიდა ქალწულმან სიხარულოვანი სიტყვა მთავარანგელოზისა? საკვირველი და სანატრელი სიტყვები უთხრა ანგელოზმან მას: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ამისთანა სიტყვები ვის არ გაახარებდა; გარნა ქალწულმან მარიამმა არ მიიღო დაუფოქრებლად ეს სიტყვა, არ დაანება თავისი გული სიხარულსა, არამედ შეძრწუნდა, დაფიქრდა: ვითარმე არს მოკითხვა ესე. აქედამ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენ პირველი სწავლა და მაგალითი ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ, უნდა მივიღოთ დაფიქრებით, მოსაზრებით; მისთვის მოგვცა ღმერთმან ჭკუა, რომ ყოველ საქმეში მოვიხმაროთ იგი და ყოველთვის გონიერად ვიქცეოდეთ. ადვილად დაგეჯერება სიტყვისა და ანბავისა, რასაც გაიგონებს კაცი, არის ნიშანი უსაფუძვლო ჭკუისა, გონების სისუსტისა და მრავალგზის ვნებას და ზარალს მისცემს კაცს.

ახლა ვიფიქროთ კიდევ სახარების მოთხრობისადმი ხარებასა ზედა, როდესაც ანგელოზმან შეატყო ქალწულსა, რომ იგი შეშინდა და დაფიქრდა, უთხრა: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა, და მერმე აუხსნა ვინ იშვება მისგან, და რასა შინა მდგომარეობს ესე დიდი საიდუმლო. გარნა ყოვლად-წმიდა ქალწულმან მაინც არ დაიჯერა, კიდევ ეჭვით მიუგო: ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი. მთავარანგელოზმან აუხსნა მას, რომ შობა მისი იქნება სულისაგან წმიდისა; მასთანავე გაახსოვნა მას ძალი და ყოვლად-შემძლებლობა ღვთისა, რომელიცა გამოჩნდა ნათესავსა ზედა მისსა ელისაბედსა, რომელი იყო ბერწ, გარნა მისცა ღმერთმა შვილი სიბერესა შინა მისსა, და მაშინ მხოლოდ დაემორჩილა ყოვლად-წმიდა ღვთის-მშობელი და ჰრქვა მას: აჰა, ესერა მხევალი ღვთისა, მეყავნ მე სიტყვისამებრ შენისა.

ახლა, ძმანო ჩემნო, დავფიქრდეთ ამაზედ: ერთის მხრით როგორ მიიღო ეგოდენი კადნიერება ქალწულმა მარიამმა, რომ ჰხედავდა წინაშე თვისსა ზეციერსა მახარებელსა, შეატყო, რომ იგი არის მთავარ-ანგელოზი, და მაინც მალე არ დაუჯერა, არამედ გამოაცხადა იჭვნეულობა თვისი და მოითხოვა მისგან დამტკიცება და ახსნა მისი ხარებისა. მეორეს მხრით, როგორ დაუთმო მთავარ-ანგელოზმა, არ აყვედრა მას თვისი იჭვნეულობა და პასუხის გება. აქ გავიხსოვნოთ, რომ როდესაც იგივე, მთავარ-ანგელოზი გაბრიელი, წინად ამისა, გამოეცხადა ზაქარიას ტაძარსა შინა და ახარა მას შვილისა, და როდესაც ზაქარიამ არ დაიჯერა, უთხრა, როგორ იქმნება ესაო, ვინაითგან მე და ცოლი ჩემი ღრმად მოხუცებულნი ვართო, მაშინ გაურისხდა მას და ფიცხელი სასჯელი დასვა მას ზედა, ესე იგი მოაკლო მეტყველება. გარნა აქ, ყოვლად-წმიდასა, არა თუ არაფერი აყვედრა, არამედ დიდის კრძალვით და მოთმინებით დააჯერა იგი, და არ გაეშორა მას, ვინემდის არ გაიგონა მისგან: აჰა ესე მხევალი ღვთისა. ეს მისთვის მოხდა, ძმანო ჩემნო, რომ ზაქარიამ მართლა გულში გამოაჩინა ურწმუნოება, გარნა ყოვლად, წმიდა მარიამი არა ურწმუნოებით და უსასოებით გამოჰკითხავდა მთავარ-ანგელოზს, არამედ სასოებით და სიმდაბლით. ყოვლად წმიდასა სისწორით უნდოდა შეტყობა ღვთისა ნებისა, ეშინოდა, რომ არ შესცდეს, გონიერებით და დაფიქრებით. როგორადაც წინად ვსთქვით, ჰსურდა აღსრულება ღვთის ნებისა, და როდესაც ყოველი კარგად გაიგო, მაშინ დაემორჩილა და სთქვა: აჰა, ესერა მხევალი ღვთისა. აქედგან გამოდის, ძმანო და დანო ჩემნო, დიდი სწავლა ყოვლისა კაცისათვის. ღმერთს არ ჰსურს, ძალით და შიშით აღვასრულებინოს რომელიმე საქმე, ანუ დაგვიშალოს რომელიმე მოქმედება. თუმცა ზეციერი ჩვენი მამა არის კეთილ, მართალ, წმიდა, და ჰსურს, რომ ჩვენც ესრეთნი ვიყვნეთ, გარნა შიშით და იძულებით რა გვაქნევინებს ჩვენ კეთილს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით. მას ჰსურს, რომ ჩვენ კეთილ-მნებელობით ვიქმოდეთ ყოველსა კეთილსა საქმესა. მეორეს მხრით ღმერთს ეძაგება ყოველი ცუდი საქმე: სიცრუვე უსამართლოება. ცოდვა გარნა არ შეუძლია მას, რომ ცუდსა, უსჯულო კაცს მოუსპოს ყოველი საშუალება ცუდის საქმის აღსრულებად, გარნა მას არ ნებულობს ღმერთი. რაკი ერთხელ ღმერთმან შექმნა კაცი და მისცა თავისუფლება და ჭკუა, აღარ ნებულობს, რომ დაუშალოს მას თვისი ნებით და ჭკუით მოქმედება. ღმერთი მხოლოდ გვაცნობებს ჩვენ თვისსა ნებასა; მან შეგვატყობინა, რა უყვარს მას და რა სძულს. გვაცნობა, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ანუ გავარისხოთ, მოგვცა ღვთაებრივი სჯული განსანათლებელად ჩვენდა, შემწეობასაც აძლევს მადლითა თვისითა ყოველსა კაცსა, რომელი დაემორჩილება მისსა ნებასა და მოინდომებს სულის ცხონებასა, -დანარჩენი ჩვენ უნდა ვქნათ ჩვენი კეთილითა ნებითა და სურვილითა. მაშ, დაემორჩილე ღმერთსა, ვითარცა ყოვლადწმიდა, მეტყველმან: „აჰა, მხევალი ღვთისა“.

სანატრელი არის ყოვლად-წმიდა ღვთის-მშობელი! მთელი ქვეყანა უწოდებს მას ნეტარად, აქებს და ადიდებს. გარნა რით მიიღო მან ესრეთი ღირსება? მით, რომ დაემორჩილა სიტყვასა ღვთისასა, და არა მხოლოდ მით, რომ მისგან იშვა იესო ქრისტე. სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომ ერთხელ, როდესაც იესო ქრისტე იყო გარემოცული ურიცხვითა ხალხითა, და მას მოახსენეს, რომ დედა მისი და ძმანი ეძებენ მას და ნახვა უნდათ მისი, მაცხოვარმან მიუგო: ვინ არს დედა ჩემი და ძმა ჩემი? მერმე ხელითა თვისითა აჩვენა მოწაფენი თვისნი და ჰრქვა: აჰა, დედა ჩემი და ძმანი და დანი ჩემნი, რამეთუ რომელმან ისმინოს სიტყვა ღვთისა და დაიმარხოს, იგი არს დედა ჩემი, მამა და დაი. გესმის ესე, ძმაო ჩემო? შენც შეგიძლია შეიქმნა იესო ქრისტეს დედად, ძმად და დად, უკეთუ დაემორჩილები სიტყვასა ღვთისასა ისე, რომ, მსგავსად ყოვლად-წმიდისა მარიამისა, სიყრმითგან წმიდისა და წრფელის გულისა შეგეძლოს წართქმად: აჰა, ესერა მე მონა ღვთისა, იყავნ ჩემდა სიტყვისამებრ შენისა. ამინ.