წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ყველიერის კვირიაკესა ზედა

დანესტვეთ ნესტვსა სიონსა შინა, წმინდა ჰყავთ მარხვა,
ქადაგება, მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ჰყავთ ეკლესია
(იოველი 2.14).

არ ვიცი, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რას ფიქრობთ, და რას გრძნობთ თქვენ, როდესაც დადგება დიდი მარხვა, გარნა ჩვენ კი ყოველთვის კმაყოფილებით და თითქმის სიხარულით შევემთხვევით წმინდა დღეთა მარხვისათა. ეს მისთვის, რომელ დიდი მარხვა არის ჟამი განღვიძებისა ჩვენდა ძილისაგან. ვითარცა იყო თქმული დღეს წაკითხულისა სამოციქულოსა შინა: ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ჩვენდა ძლისაგან (რომ. იგ. ია). მართლა, რაც გინდა დაუდევნელი და უსასო იყოს ქრისტიანე კაცი, არ შეიძლება ცოტაოდენ მაინც არ გაიღვიძოს და არ დაფიქრდეს თავის თავზედ დღეთა შინა მარხვისასა. თუ სხვამ არაფერმა გააღვიძა, როდესაც გაიგონებს გაგრძელებულსა და მოწყენილსა ზარების რეკასა, დაინახავს მრავალთა მორწმუნეთა და მოსავთა ქრისტიანეთა, მიმავალთა ეკლესიათა შინა, დაფიქრებულთა, მდუმარეთა, კრძალულთა და, ბოლოს, ამხანაგებსაც ვეღარ იპოვნის ურიგოსა და დაფანტულისა დროების გატარებისათვის, უნებლივად თვითონაც დაფიქრდება და იქნება კიდეც აყვეს მაგალითსა ღვთის მოსავთა კაცთასა და შევიდეს ეკლესიაში სალოცველად. ამით არის ჩვენი კმაყოფილება, რომელ არა თუ ღვთის მორწმუნენი და მოსავნი, არამედ დაუდევნელიცა და მცირედ მორწმუნენი დღეთა მათ შინა შეუდგებიან ლოცვასა, მარხვასა, მოღვაწებასა, მაშასადამე აწ დღეთა ამათ შინა დიდისა მარხვისათა უმახლობელეს არს ჩვენდა ცხოვნება, როგორადაც იყო თქმული ამავე დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა.

გარნა ზემოთ მოყვანილნი სიტყვანი წმიდისა იოველ წინასწარმეტყველისა გვიმტკიცებენ, რომელ მარხვა ძველ სჯულშიც არა ყოველთვის ნიშნავდა მწუხარებას, არამედ სულიერი კმაყოფილებით და სიხარულით უნდა ყოფილიყო მიღებული: დანესტვეთ ნესტვსა სიონსა, წმინდა ჰყავთ მარხვა, ქადაგეთ მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ჰყავთ ეკლესია. ესე იგი, დაუკარით საკრავი მისიკიისა გამოსაცხადებელად მარხვისა. საკრავის დაკვრა ნიშნავს არა მწუხარებასა, არამედ მხიარულებასა და კმაყოფილებასა. მაშასადამე, ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, არა სულმოკლეობითა და მწუხარებითა, არამედ სულიერითა კმაყოფილებითა და ერთგულებითა შევუდგეთ დღეთა ამათ მოწევნულთა დიდისა მარხვისათა, წმინდა ვყოთ მარხვა, ვქადაგოთ მსახურება, შევკრიბოთ ერი ეკლესიასა შინა და წმინდა ვყოთ ეკლესია.

წმინდა ვყოთ მარხვა! რით? უწინარეს ყოველთა თვით მარხვითვე. ესე იგი, საჭმელის და სასმელის გამოცვლითა და მოკლებითა. სამწუხაროდ, მრავალნი არიან ქრისტიანეთა შორის, რომელთა თვით ეს საქმე, სახელდობ საჭმელის გამოცვლა და მოკლება ამძიმებს და აწუხებს. ზოგიერთნი იტყვიან: რა არის საჭმლის გამოცვლა და მოკლება, ოღონდ ყოფაქცევა გამოიცვალოს კაცმა, მოინანოს, აღსარება სთქვას, ეზიაროს. ზოგიერთნი სხვა მხრითგან გამოაცხადებენ მათსა სულმოკლეობასა: საჭმლის გამოცვლამ მაწყინა, იტყვიან იგინი, სნეული კაცი ვარ, ვერ მოვითმენ საჭმლის გამოცვლას. გარნა ცხადია, რომ ორინივე მხარენი მარხვის წინააღმდეგნი ერთისა მხოლოდ სულმოკლეობისაგან და მოუთმენლობისაგან იტყვიან ამას. ის მართალია, რომ მარხვა წმინდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, მოკლებითა, არამედ საქმის გასწორებითა და ყოფა-ქცევის გამოცვლითა. მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ამას უმეტესად უნდა ვცდილობდეთ, რომელ ხასიათი გამოვიცვალოთ და ბუნება ჩვენი ისრე გავამაგროთ და გავაკეთოთ, რომელ არა თუ დიდ მარხვაში, არამედ ყოველთვის ქრისტიანულად და პატიოსნად ვიქცეოდეთ, მაგრამ საჭმლის მოკლებაც საჭირო არის. იგი შეეწევა სულიერსა განღვიძებასა; ვისაც ხორცნი აქვს აშენებულნი, გასუქებული და აღვირ უსხმელი, მას ხორციელნი ვნებანი აქვს გამრავლებულნი, ხოლო სული დაძინებული და დაღონებული. ფრიად საჭირო არს აღვირის სხმა და დათრგუნვა ხორცთა. ნურაოდეს ნუ დაიჯერებ, ძმაო ჩემო, რომ გამძღარ სტომაქით შეეძლოს კაცსა ლოცვა, მონანება, ხოლო როდესაც მარხვისაგან ცოტაოდენ მოუძლურდება ხორცი, მაშინ სული თავისუფალი არს და მიილტვის შემოქმედისა თვისისადმი. რაიცა შეეხება მათ, რომელნი იტყვიან, რომ მარხვამ მაწყინაო, ეს სრულიად უმართლო არის. ჭამისა და სმისაგან დასნეულებული მრავალი უნახავს კაცს, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არცა ერთი. წინააღმდეგ ამისა ჩვენ ისე ვიფიქრებთ, რომ მარხვა გაამთელებს თვით სხეულსა კაცისასა. მართალია, დასაწყისში შედგომილი მარხვისა დაღონებულია, მოწყენილია. მეტადრე თუ უყვარდა ფრიადი ჭამა და სმა; მაგრამ ამით არ უნდა შეშინდეს, როდესაც მიეჩვევა მარხვასა და სული მისი დაიპყრობს და დაიმორჩილებს სხეულსა, მაშინ მიხვდება თვითონაც და დარწმუნდება რა სასარგებლო არის მარხვა.

გარნა მარხვის შენახვა ჩვენს ქვეყანაში უმეტესმა ნაწილმა კარგად იცის; მაშასადამე არ არის საჭირო ამაზე სიტყვის გავრცელება. უწინადაც მრავალ-გზის გვითქვამს, ამის მზგავსთა შემთხვევათა შინა, რომელ ჩვენს ქვეყანაში უფრო საჭირო არის თქმა და დარიგება, რათა წმინდა ჰყონ მათ მარხვა არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, არამედ უფრო ხასიათისა და საქმეთა გამოცვლით. წმინდა ჰყავთ მარხვა, ქადაგეთ მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ჰყავთ ეკლესია. შეიკრიბონ ქრისტიანენი ეკკლესიასა შინა, იწყონ მსახურება ღვთისა ყოვლითა გულითა და სულითა, ეცადონ გამოცვლა ხასიათისა, უარ-ჰყონ ყოველნი მათნი ცუდნი ჩვეულებანი და საქმენი; მხურვალითა გულითა, ღრმითა გრძნობითა, შემუსვრილითა გულითა, დამდაბლებულითა სულითა შეინანონ ცოდვები თავიანთი, განაახლონ შინაგანი დაფარული ცხოვრება. დიდი ბედნიერება იქნება იმ კაცისათვის, რომელმან ისე გონიერად მოიხმარა დროება ამ დიდი მარხვის განმავლობაში, რომელ რიგიანი, პატიოსანი და წმინდა ქრისტიანული ცხოვრება და ყოფა-ქცევა გარდაექცა მას ჩვეულებად. ერთი სიტყვით, ეღირსა მეორედ შობას, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ნამდვილი ჭეშმარიტი სინანულისა მიერ, რაისათვის უწოდებს მას საღმრთო წერილი მეორედ შობასა. ამინ.