წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კვირიაკესა ზედა ყველიერისასა

და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა იგი
ორგულნი, მწუხარე (მათე 6,15).

აწინდელსა სახარებასა შინა მაცხოვარი გვაძლევს მცნებასა მარხვისასა და კიდეც გვასწავლის, როგორ უნდა ვიმარხვიდეთ. არცერთს მცნებას ისე ხშირად არ არღვევენ აწინდელი ქრისტაინენი, როგორც ამ მცნებას, ზოგნი დაუდევნელობით, ზოგნი მით, რომ დიდად არაფრად მიაჩნიათ მარხვა, და ზოგნი კიდევ სხვადასხვა მიზეზებისა გამო,. რა ზომად დავიწყებულია ჩვენს დროში ქრისტიანეთა შორის მარხვა ამაზე მოგითხრობთ თქვენ ერთს ნამდვილ შემთხვევას, ყოვლად სამწუხაროს. ერთმა მაღლად პატივცემულმა პირმა მიამბო ასე: დიდს, ანუ წითელ პარასკევს იძულებული ვიქმენ წასვლად ქალაქითგან სოფელში. როდესაც საღამოს რიონის რკინის გზის სასტუმრო სახლში შევედი, აღვსებული იყო სახლი სხვადასხვა წოდების პირთაგან. სულ ყველანი იჯდენ და სიხარბით სჭამდენ ხორცს და სმიდენ ღვინოს. მინდოდა ჩემთვის სამარხო რაიმე მეშოვნა, მაგრამ ვერ ვიშოვნე და მარტო პური ვსჭამე. ასე მითხრა იმ პირმა შეწუხებით. არა ვგონებ რომ სუყველანი მუნ მყოფნი იყვნენ უღმრთონი და ურწმუნონი, და არა ახსოვდათ რა დღე იყო ის დღე. დიდ პარასკევს რომ ვერ მოითმინოს ქრისტიანე კაცმა ხორცის ჭამა და ღვინის სმა, რა საცოდავი უნდა იყოს ის კაცი! რა სუსტი და მუცლის მონა. რა მოუთმენელი უნდა იყოს ის ქრისტიანე, რომელიც ამ ერთ დღეს მაინც არ იმარხვებს!

დიდი მნიშვნელობა აქვს მარხვას. იგი გუშინ არ არის მოგონებული, ანუ მარტო ქრისტიანობაში არ არის მიღებული. ეს ჩვეულება არის ძველი, ვითარცა თვით კაცობრიობა; ყოველ დროს, საუკუნოითგან იყო მარხულობა.

დაიცევით მარხვა, იტყვის დიდი ბასილი; თუ სხვა არა იყოს, მისთვის მაინც რომ იგი არის ჩვეულება ძველი, ვითარცა კაცობრიობა. თვით წარმართთა იცოდენ და იციან მარხვა. როდესაც რამე უბედურება ეწეოდათ წარმართებს, კერპთ-მსახურებს, მაშინ მარხვას გააჩენდენ, თავიანთ ღმერთებს მარხვით და ლოცვით ევედრებოდენ. ებრაელნი ძველ აღთქმაში და ახლაც მარხულობენ. დანიშნული დღეები აქვთ მარხვისა. წინასწარმეტყველები ხშირად ამხილებდენ მათ და ასწავლიდენ მარხვის ჯეროვნად შენახვასა. ბოლოს მაჰმადიანთაც კი იციან მარხვა. ახალ აღთქმაში, რაღა თქმა უნდა, სიტყვითაც და საქმითაც მაცხოვარი და მოწაფენი მისნი გვასწავლიან მარხვასა.

მარხვა, პირველად, არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. თუ ვინმემ გკითხოს, ეტყოდა ოდესმე ნეტარი ავგუსტინე მაშინდელთა ქრისტიანეთა, რად მარხულობ, რად სტანჯავ შენს თავს? უპასუხე, გადარეულ ცხენს, რომელსაც აღვირითაც ვერ ამშვიდებენ, დაიმორჩილებენ შიმშილითა და წყურვილითა. ჩვენი ცოდვილი სხეული ებრძვის სულსა ჩვენსა. მიიზიდავს მას ცოდვისადმი. რით არის უადვილესი დამშვიდება და დამორჩილება მისი, თუ არა მარხვით. მარხვა დაადუმებს ვნებათა, დააყენებს ღელვასა სისხლისასა.

მეორედ, მარხვა მიუცილებელია ჩვენი სუსტის და შერყეულის სულიერისა ვნებისა და ზნეობითისა ძალისათვის. ვისაც არ შეუძლია მოითმინოს ჭამა და სმა, ის სუსტია. მოკლებულია სულიერისა ძალისა და მონა ხორცისა. ვისაც არ შეუძლია თავის თავს რამე აუკრძალოს, თავის თავი დააკავოს ჭამისაგან და სმისაგან იგი არ არის უფალი თავის თავისასა, მას არ შეუძლია წინააღუდგეს რომელსამე ცოდვილსა მიდრეკილებასა. იგი იქცევა გულის თქმათამებრ ხორცისათა, ჰყოფს ნებასა ხორცთასა, ვითარცა ოდესმე წარმართნი (ეფეს. 2,3). ვინც ესრეთი სუსტი არის სულიერი ღონითა, არ შეუძლია დაადუმოს თვისი ვნებანი. იაროს ვიწროითა გზითა სათნოებისათა, იქონიოს მოთმინება, სულგრძელება. სახელდობრ, მას, რომელნი ეგოდენ საჭირო არიან ქრისტიანულისა მოღვაწეობისათვის. მარხვა არის საშუალება და ღონე რომლითაც შეუძლია კაცს გაამტკიცოს თვისი სულიერი ზნეობითი ძალა.

მესამედ, მარხვა არის ერთი მიუცილებელი საქმე, გარეშე რომლისა არა შესაძლო არის გულის შეწუხება ცოდვილთათვის. როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისამებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელსა. ნაცარი, ვითარცა პური, ვსჭამე და სასმელი ჩემი ცრემლითა განვზავე. იტყოდა შეწუხებული ცოდვითა დავით (10,10 ფსალ). ვინ არ გამოსცადა მზგავსი ამისი ჟამსა მწუხარებისასა. სინანული არის სულიერი მწუხარება: თუ ნამდვილად სწუხს კაცი თავის ცოდვას, როგორღა შეიძლება მან მიიღოს პოხიერი საჭმელი. დიდად ცდება, ან განგებ თავის თავს ატყუებს ის კაცი, რომელიც ფიქრობს ვითომც შეუძლია მას კარგად ილოცოს და შეინანოს თავის ცოდვები თვინიერ მარხვისა. განა შეიძლება ერთ და იმავე წამს მხიარულიც იყოს და მწუხარეც? კარგი საჭმლის მიღება გაამხნევებს და გაამხიარულებს კაცს და მაშინ როგორ შეიძლებს გული შეიწუხოს ცოდვისა თვისისათვის! იოანე ოქროპირი იტყვის: შეუძლებელია რომ წყალში ცეცხლი დაანთოს კაცმა, მზგავსადვე სინანული, მწუხარება ცოდვათათვის, მხიარულებასა და კმაყოფილებასა შინა.

მეოთხედ, კმაყოფილებასა შინა მარხვა არის მიუცილებელი საჭიროება, თუ კაცს სურს მიუახლოვდეს ღმერთსა და მიიზიდოს მისი მოწყალება. ყოველნი წმინდანი კაცნი, დიდნი მოღვაწენი, მხოლოდ დიდ-ჟამიერი მარხვითა და ლოცვითა მიიზიდვიდენ ღვთის მადლსა, შეიქმნებოდენ ღვთისმეტყველნი, ღვთის მხილველნი და ასრულებდენ დიდთა საქმეთა. მოსე წინასწარმეტყველმა ორმეოცისა დღის მარხვისა მერმედ მიიღო სჯული ძველისა აღთქმისა. ილია წინასწარმეტყველმა ორმეოცი დღე იმარხულა და მერმე გამოეცხადა მას ღმერთი. თვით უფალმა იესო ქრისტემ იმარხვა ორმეოცი დღე. თუმცა ძე ღვთისა იყო, მაგრამ რადგანაც ჩვენი ხორცი ჰქონდა შესხმული, გრძელჟამიერი მარხვით შეუდგა აღსრულებასა თვისისა დიდისა საქმისასა. არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანთაგანი შერაცხულიყოს წმინდანთა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს.

ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესისამებრ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ამინ.