წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა შინა

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

სოლომონ ბრძენი წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვათა შორის, წარმოსთქვამს: ნუ გადასდებ საზღვართა საუკუნეთა, რომელნი დასდვეს მამათა შენთა. თუმცა ამ სიტყვებში ცხადად არ დაინახება, რომელთა საზღვართა ზედა ამბობს სოლომონ, ნივთიერთა, თუ სულიერთა, გარნა, ვინაითგან იგი ამბობს საუკუნეთა საზღვართა ზედა, ხოლო ყოველნი ნივთიერნი საზღვარნი არიან არა საუკუნენი, არამედ დროებითნი, ამისთვის მას უთუოდ ჰქონდა მხედველობაში საზღვარნი სულიერისა სწავლისანი, ანუ საღმრთო სჯულისა. მაშასადამე, იგი ამ სიტყვებით გვასწავლის ჩვენ, რათა არ გამოვსცვალოთ, არ გადავსცილდეთ საზღვართა საღმრთოის სჯულისა, ესე იგი საღმრთო სჯული დავიცვათ და შევინახოთ ისე, როგორც გადმოგვცეს მამათა ჩვენთა.

წესი მართლმადიდებლობისა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ ახლა, თვით საქმით გვასწავლის ჩვენ იმ ჰაზრს, რომელსა გამოთქვამს სოლომონი ზემოთქმულთა სიტყვათა შინა, ვინაითგან დღეს წმინდა ეკლესია მაღალითა ხმითა აღიარებს და დაამტკიცებს იმ ძველსა სჯულსა, რომელი გადმოგვცეს ჩვენ მამათა ჩვენთა; ხოლო ყოველთა მათ პირთა, რომელნი არღვევენ, გადასდებენ, ან შესცვლიან საზღვართა ამის სჯულისათა, გამოუცხადებს, რომ იგინი არიან განშორებულნი, გაგდებულნი ეკლესიის კრებისაგან და იქნებიან ქვეშე „ანათემისა“.

საღმრთოსა ჩვენსა სჯულსა აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი არის სწავლა, ანუ გონებითი განმარტება სჯულის საზღვართა, ესე იგი როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენი სჯული, ესე იგი როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენი სჯული, რა უნდა გვწამდეს, და რას უნდა უარვყოფდეთ. ამ კერძოს სწავლისას ეწოდება „დოღმატი“. მეორე მხარე ჩვენი სჯულისა არის თვით საქმე, ანუ ცხოვრება, ყოფა-ქცევა. ესე იგი, როგორი ცხოვრება უნდა გვქონდეს და რა საქმე უნდა აღვასრულოთ. ცხადია, რომ პირველი სჯულის კერძო, ანუ დოღმატი არის და უნდა იყოს შეურყეველი, შეუცვლელი. იგი ერთხელვე გადაწყვიტეს და განსაზღვრეს მამათა ჩვენთა, და ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ გამოვცვალოთ ისინი. როგორც მიგვიღია მამათა ჩვენთაგან, ისე უნდა გადავსცეთ იგინი ჩვენთა შვილთა და მომავალთა. ღვთის მადლით და შეწევნით ჩვენი მართლ-მადიდებელი ეკლესია ყოველთვის მტკიცედ ინახავს თვით იმ სჯულსა, ანუ დოღმატსა, რომელი უფალმან იესო ქრისტემან ასწავლა მოციქულთა თვისთა, მოციქულებმა გადასცეს თავიანთთა მოადგილეთა წმინდათა მამათა, და ამათგან მივიღეთ ჩვენცა შეურყეველად, შეუცვლელად. ქრისტიანენი მრავალნი არიან სხვათაცა ქვეყანასა შინა, გარეშე მართლმადიდებელთა, მაგრამ მათი სწავლა, დოღმატები აღარ დაემზგავსებიან იესო ქრისტეს და მოციქულების სწავლასა. ქრისტიანედ უწოდებენ თავის თავს მრავალნი განათლებულნი ხალხნი, ევროპაში მცხოვრებნი, გარნა მათ შორის აღარ არის ერთობა სწავლისა. იქ ყოველ კაცს თავისებურად სწამს, ყოველ სოფელში განსხვავებული სწავლა არის სჯულისა, რომელიც არღვევს ერთობასა და დიდათ მავნებელია კაცისა. ამისთვის ჩვენ, მართლ-მადიდებელნი ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთსა, რომ ვართ აღმსარებელნი ჭეშმარიტისა სჯულისა მართლ-მადიდებელისა, და კიდეც ვცდილობთ დაცვასა და აღსრულებასა მისსა.

გარნა, როგორც უწინ ვსთქვით, საღვთო სჯულსა აქვს მეორე კერძო, ესე იგი ზნეობა, ცხოვრება, ყოფა-ქცევა. ეს კერძო კი ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ესე იგი, კეთდებოდეს, უმჯობესი შეიქმნებოდეს, როგორც კერძო პირთა შორის, ეგრეთვე მთელსა საზოგადოებასა და ერსა შინა. ცხოვრება, ყოფა-ქცევა, ესე იგი, ზნეობა და ჩვეულება მარად-ჟამს დაუსრულებელად უნდა მაღლდებოდეს, ვრცელდებოდეს; როგორადაც თვითოეული კაცი, ეგრედვე მთელი კაცობრიობა თან-და-თან უნდა წინ მიდიოდეს სათნოებასა, ზნეობასა, პატიოსნებასა შინა შემწეობითა იმ საღმრთო სჯულისათა, რომელი მოგვცა ჩვენ ღმერთმან. დიდი სახე, დიდი იდეალი მოგვცა ღმერთმან. დიდი ასპარეზი, ანუ სარბიელი ცხოვრებისა დაგვინიშნა: იყვენით თქვენ სრული, იტყვის უფალი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულ არის! აჰა რა სისრულე, რა სიწმინდე უნდა ვეძიოთ ქრისტიანეთა; იყვენით თქვენ წმინდა, რამეთუ მე წმინდა ვარ, იტყვის წინასწარმეტყველის პირით ღმერთი. ვის შეუძლია, ათასი წელიც რომ იცხოვროს ქვეყანაზე, აღსვლა ამისთანა ხარისხსა ზედა სათნოებისასა! გარნა მისწრაფება, მეცადინეობა მაინც უნდა არ დავაკლოთ; ყოველთვის უნდა ვზრუნვიდეთ სათნოებისათვის, სულიერი წარმატებისათვის; ყოველთვის უნდა გვქონდეს თვალთა წინაშე ის სახე, ის მიზანი, რომელიც გვაჩვენა საღმრთომან სჯულმან ჩვენმან და ვნატრობდეთ მას. ამინ.