წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა ზედა

წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღვთისასა უდებებით (იერემია 48, 10)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთოსა სჯულსა ჩვენსა, ვითარცა იცით თქვენცა ყოველთა, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: სწავლა და მოქმედება, სიტყვა და საქმე, ანუ კიდევ: ჰაზრი და ცხოვრება. ჭეშმარიტი, ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომელსაც ორივე ესე აქვს მითვისებული და დაცული ისე, როგორადაც გვასწავლის წმინდა მართლ-მადიდებელი ეკლესია. თუ შენ, ძმაო, გსურს, რომ მართლა სრული და ჭეშმარიტი ქრისტიანე იყო, პირველად, ჰაზრი უნდა გქონდეს განათლებული და დამყარებული იმ სწავლითა, რომელიც გამოგვიცხადა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, გარდმოგვცეს მოციქულთა, განმარტეს წმიდათა მამათა, და უკლებელად დაიცვა მართლ-მადიდებელმა ეკლესიამ. მეორედ, ცხოვრებაც, ანუ ყოფა-ქცევა, ანუ ყოველნი შენნი საქმენი, უნდა იყვნენ შესაფერი იმ სწავლისა, ანუ უმჯობესად: ის სწავლა, ის ჰაზრები, უნდა გადააქციო შენ ცხოვრებად, საქმედ, არსებაში უნდა მოიყვანო.

რა სწავლა მოგვცა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან, როგორ გარდმოგვცეს ჩვენ იგი მოციქულთა და მამათა, და როგორ დაიცვა იგინი წმინდამან ეკლესიამან, ამას ახლავე გაიგონებთ მაღლის ხმის მღაღადებელისაგან, ამასთანავე გაიგონებთ მწუხარებასა წმიდისა ეკლესიისა და სასჯელსა მისგან განჩინებულსა მათზედა, რომელნი გარდააქცევენ, ანუ უარ ყოფენ ჭეშმარიტებასა ღვთისასა, და სიმართლესა ეკლესიისასა. გარნა ნუ ფიქრობ ძმაო ჩემო, რომელ წმინდა ეკლესია, ანუ უმჯობეს არს თქმად, სიტყვა და სიბრძნე ღვთისა, რომელი დამყარებულია ეკლესიასა შინა ღვთისასა, განაცხოველებს და მართავს მას, ნუ ფიქრობ, რომ იგი სიტყვა ღვთისა მრისხანე არს და დასჯის მხოლოდ მათ, რომელნი გარდააქცევენ, ანუ სრულიად უარ-ყოფენ სწავლათა, ანუ დოღმატთა ქრისტიანულთა. ზემოდ მოყვანილმან სიტყვამან ღვთისამან, იერემია წინასწარმეტყველისაგან გამოთქმულმან, დაგარწმუნოს შენ, რომელ ღმერთი მრისხანე იქნება და დასჯის იმათაც, რომელნი ცუდად ცხოვრებენ, სწავლასა, ანუ ჭეშმარიტებასა ღვთისასა, არ მოიხმარებენ ცხოვრებაში. წყეული იყავნ საქმისა ღვთისასა უდებებით. რა არის საქმე ღვთისა? საქმე ღვთისა ის არის, როდესაც კაცი ღვთისაგან მიღებულ სიტყვას საქმედ გადააქცევს, ღვთის სწავლას, ღვთის ჭეშმარიტებას მოახმარს, არსებაში მოიყვანს. რა სარგებელი გექნება, ძმაო, რომ სწავლა, რომელიც მოგვცა ჩვენ ღმერთმან იცოდე, გრწამდეს და არ ხმარობდე, არ აღასრულებდე მას? სიტყვა ღვთისა, სწავლა ღვთისა, მოცემულ არს ჩვენდამი მოსახმარებლად და არა უქმი ბაასისათვის. გახსოვდეს და გეშინოდეს ამ საშინელის სიტყვისა: წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღვთისა უდებებით. უმჯობესი იყო შენთვის სრულიად არა გაგონებად სიტყვისა ღვთისასა, ვიდრეღა გამგონებელმან არა აღსრულებად. ისრე მტკიცე უნდა იყოს შენს შორის შეერთებული სიტყვა და საქმე, სწავლა და ცხოვრება ქრისტიანული, რომელ ორივე ერთს შენს ბუნებას შეადგენდეს.

მრავალს სხვასა საქმესაც იქმს კაცი ქვეყანასა ზედა, მრავალ ფერნი და ურიცხვნი არიან მისნი მოქმედებანი და მოძრაობანი; გარნა იმაზედ უდიდესი და უპატიოსნესი საქმე არა აქვს კაცსა, რათა არსებაში მოიყვანოს სწავლა სახარებისა, მისი ცხოვრება შეიქნეს სასუფეველი ღვთისა, მისი სული, გული - ტაძარი ღვთისა, მისი მთელი ცხოვრება გარდაიქცეს მზგავსებად და ხატად ღვთისა. თუ ამას უმთავრესსა მისსა საქმესა იგი აღასრულებს უდებებით, დაუდევნელად, უერთგულოდ, თუ ამ დიდ საქმეს დაივიწყებს, არა რად შთააგდებს, იგი არა თუ სიტყვით იქნება უარის მყოფელი ღვთიურის სწავლისა და საღმრთო სჯულისა, არამედ თვით საქმით ერგება მას წყევლა ღვთისა, რომელიც და განაშოროს ჩვენ ყოველთაგან ღმერთმან და მოგვცეს მადლი და ღონე დავიმკვიდროთ მისი ზეციური კურთხევა. ამინ.