წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა პირველსა დიდმარხვის კვირიაკესა, მართლ-მადიდებლობისა

შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმიდაი, უკუეთუ ვიეთნიმე
მიუტევნეთ ცოდვანი, მიუტევნენ მათ, და უკუეთუ ვიეთნიმე
შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ; (იოანნე 20,22,23).

დღეს ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა ეკლესია ჩვენი მიიღებს უჩვეულოსა სახესა და აღასრულებს განსხვავებულსა, შესანიშნავსა წესსა. აქამომდე იგი იყო დედა ჩვენი, და ვითარცა ჭეშმარიტი დედა, იგი ჩვენ მხოლოდ გვლოცავდა, გვაკურთხებდა, გვასწავლიდა. დღეს იგი გარდაიქცევა მსაჯულად ჩვენდა და აღასრულებს მოვალეობასა მართლ-მსაჯულებისასა. აქამომდე ამ წმინდა ტაძარში თქვენ შემოდიოდით ვითარცა სახლსა შინა სალოცველსა, დაესწრებოდით ლოცვასა, მსხვერპლის შეწირვასა და ღვთის ვედრებასა, დღეს კი ეს სახლი გარდაიქცა სასამართლოდ, დღეს თქვენ აქ მოისმენთ საღმრთოსა მართალის განჩინებასა.

ვინ დააყენა ეკლესია მოსამართლედ? ვინ ჰქნა იგი მსაჯულად? უთუოდ ესრედ იკითხავ შენ გულში. თვით ეკლესიის გამჩენმან და დამამყარებელმან. უფალმან იესო ქრისტემან. აღსდგა იგი მკვდრეთით და გამოეცხადა მოციქულთა და მოწაფეთა შეკრებილთა, შებერა მათ და რქვა: მიიღეთ სული წმინდა, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი - მათ, და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ - შეპყრობილ იყვნენ. მიტევება და დაკავება ცოდვათა, შეკვრა ანუ გახსნა სულთა კაცთასა, აჰა დიდი და მაღალი უფლება, რომელი მიანიჭა უფალმან მოციქულთა თვისთა და მათ გარდასცეს საუკუნოდ თავიანთთა მოადგილეთა; აჰა მართლ-მსაჯულება, რომელსა აღასრულებს დღეს წმინდა ეკლესია!

ვისზედ აღასრულებს დღეს წმინდა ეკკლესია თვისსა მოვალეობასა? ვინ იქნება დღეს მიცემული სამართალში? ვინ არიან ის დამნაშავე პირნი, რომელთა წმინდა ეკკლესია დააყენებს წინაშე თვისსა და წაუკითხავს თვისსა განჩინებასა? სამწუხაროდ, ისინი არიან რომელნიმე თვით მისთა შვილთაგანნი, რომელთა დაარღვიეს დედა-შვილობის კავშირი ეკკლესიასთან, დაივიწყეს ის პირობა, რომლითაც ეკლესიამ იშვილა იგინი: წმინდა ეკკლესია იმ პირობით იშვილებს ყოველსა კაცსა, იმ პირობით ამოიყვანს ემბაზისაგან, ესე იგი სულიერად შობს, რათა მან მიიღოს და დაიცვას შეუცვლელად ის სწავლა, რომელი მისცა ეკკლესიას მაცხოვარმა იესო ქრისტემ. ეს საღმრთო სწავლა ყოველმა კაცმა ღრმად უნდა დაიმარხოს, არა აურიოს სოფლის ცრუთა ჰაზრთა და სწავლათა თანა, აწარმოვოს, ისარგებლოს, დააშენოს მას ზედა მისი ცხოვრება და მოქალაქობა. გარნა სამწუხაროდ, წმიდა ეკლესიამ იცის, რომ ზოგიერთნი ქრისტიანენი არღვევენ ამ პირობას, ხან სრულიად უარს ჰყოფენ უმთავრესთა მუხლთა საღმრთოისა სწავლისათა, ხან აურევენ უცხოთა სწავლათა-თანა, გარყვნიან შეუსაბამოითა აზრებითა. ამათ გამოუცხადებს დღეს წმინდა ეკკლესია თვისსა განჩინებასა.

რა სახით აღასრულებს დღეს წმინდა ეკკლესია თვისსა მართლ-მსაჯულებასა? სრულიად სხვა სახით და საშუალობით, ვიდრეღა სოფლის ამის მსაჯულნი. სამართალი, რომელსა დღეს წმინდა ეკლესია განაჩენს, იმ ზომად არის ცხადი, უცილებელი, პირ-უთვნელი, რომ არც ერთ კაცს არ შეუძლია გაამტყუნოს იგი, ანუ შესწამოს ეკკლესიას უსამართლობა, როგორ გააჩენს დღეს წმინდა ეკკლესია სამართალსა? პირველად, წაიკითხავს იმ პირობათა, რომლითაც მან გვიშვილა ჩვენ ყოველნი, იმ სწავლას, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადა, და ესრეთ ვსთქვათ, ხელი მოგვაწერინა ჩვენ ყოველთა, პირველ მონათვლისა; მერმე გამოაცხადებს, ამა და ამ მუხლს უარ-ყოფენ და ამისთვის აღარ ურევიან ჩემდა შვილთა შორის, მათ აღარ ერგება საღმრთო იგი სამკვიდრებელი, მადლი და მაცხოვარება, რომელიც მიაბარა ეკკლესიას უფალმა იესო ქრისტემან დასარიგებლად ერთგულთა მორწმუნეთა ქრისტიანეთა.

რა სასჯელია ის სასჯელი, რომელსაც გაუჩენს დღეს წმინდა ეკკლესია მოღალატეთა პირთა? რა დააკლდება მათ, ანუ რით დაისჯებიან იგინი? სასჯელი, რომელსაც დღეს განაჩინებს წმინდა ეკკლესია, არის უდიდესი და უსაშინელესი ყოველთა მათ სასჯელთა, რომელნი მოგონებულ არიან ქვეყნიურთა მსაჯულთაგან. ერთი ძველთა წმინდანთა მამათაგანი იტყვის: ვისაც ეკკლესია არა უყვის დიდად, მას არცა ზეციერი ღმერთი ეყოლება მამად. ამ სიტყვებისაგან ცხადად გამოჩნდება ის სასჯელი, რომელსა დღეს წმინდა ეკლესია მიაყენებს დამნაშავეთა თვისთა, ეკკლესია უარყოფს და განაგდებს თვისთა ურწმუნოთა შვილთა, და ამით იგინი გაგდებულნი იქნებიან თვით პირისაგან ღვთისა. ვისაც კი ესმის რამე, ის მიხვდება, რომ ამაზე უსაშინელესი სასჯელი აღარ არის ქვეყანაზედ. მაგრამ დედობრივი სიყვარული და გულმტკივნეულობა ეკკლესიისა აქაც ცხადად ჩნდება, მით, რომ იგი არ დაასახელებს დამნაშავეთა პირთა, და მით აძლევს მათ სრულსა შეძლებასა, თავისუფლებასა და საშვალებასა, მოიქცენ, გაისწორონ თავიანთი აზრი და კვალად შეიქმნენ შვილნი წმინდის ეკკლესიისანი და მოიგონონ ღმერთი მამად.

გარნა, რას ნიშნავს, ძმანო ქრისტიანენო, ის გარემოება, რომ დღეს წმინდა ეკლესია მისცემს სამართალში და დასჯის მხოლოდ ისრეთთა პირთა, რომელნი სცოდავენ მხოლოდ აზრით, ესე იგი, უარ-ყოფენ საღმრთოსა სწავლასა და სცოდვენ ღმერთს გონებით, აზრით; გარნა სხვათა უმრავლესთა პირთა, რომელნი სცოდვენ საქმით, ყოფა-ქცევით ეკკლესია არ შეეხება დღეს და არ დასჯის. ნუ თუ ეს უკანასკნელი დანაშაულობა არ არის მძიმე და არ ეწყინება ეკკლესიას? არა, ძმანო ჩემნო! ცოდვის მოურიდებელი, უზნეო, ცუდი ყოფა-ქცევის კაცი იმ სახითვე არღვევს დედა-შვილობის კავშირს წმინდა ეკკლესიასთან, როგორც გონებით და აზრით უარმყოფელი სახარებისა. გარნა აქ პირველად ის უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ თუ კი რომელიმე კაცი არ უარ-ყოფს საღმრთო სწავლასა, სწამს ეკკლესია, მიიღებს მისგან ყოველთა საღმრთოთა საშუალებათა, იგი არ არის განდგომილი ეკკლესიისაგან, მაშასადამე ეკკლესიაც არ განაგდებს მას, მოელის მისგან ყოველთვის მოქცევასა, სინანულსა. მეორედ, ნუ გონებ მაინც რომ ცუდი ცხოვრებისათვის წმინდა ეკკლესია არაოდეს არ გაასამართლებს ქრისტიანეთა და არც დასჯის მათ. იგინიცა თავის დროზედ მიეცემიან სამართალსა და სასჯელში; მათს გასამართლებლად წმინდა ეკკლესია მიანდობს კერძო პირთა, ესე იგი მღვდელთა, მოძღვართა. ესენი გამოიძიებენ ცხოვრებასა და ყოფა-ქცევას თვითოეული ქრისტიანე კაცისასა. თვითოეულს მორწმუნეს, არა განდგომილს ეკკლესიისაგან, ყავს თავისი საკუთარი მოძღვარი. ის მოძღვარი თავის დროზედ, ესე იგი აღსარებაში, გამოიკვლევს თვით მისი პირისაგან მისს ყოფაქცევასა და მისთა საქმეთა, და თუ საჭიროდ შერაცხა, კიდეც დასდებს მასზედა სულიერსა სასჯელსა, რომელიც არის ეპიტიმია, და თუ დაინახა, რომ იგი ჭეშმარიტად ნანობს თვისთა ცოდვათა, ცხადად სურს გასწორება თვისისა ცხოვრებისა, - მიუტევებს მას სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროებით გადააყენებს მას ზიარებისაგან, რათა უმეტესად შეინანოს და გასწორდეს. ამინ.