წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მენელსაცხებლეთა კვირიაკესა ზედა

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს, ვითარცა უწყით თქვენცა, წმინდა ეკლესია ასრულებს ხსენებასა და ქებასა წმიდათა მენელსაცხებლეთა: იოსებ არიმათელისა, ნიკოდიმოსისა, მარიამ მაგდალინელისა და სხვათა რომელთამე მენელსაცხებლეთა. რითვის ეღირსნენ, ძმანო ჩემნო, ხსენებულნი პირნი ეგოდენსა პატივსა და დიდებასა, რომელ წმინდამან ეკლესიამან დანიშნა ეს პირველი და სხვათა უმთავრესი კვირიაკე საკუთრად მათის ხსენებისათვის, აქებს და აღამაღლებს მათ დღეს? რა ქმნეს მათ ამის ღირსი? სახარება არ მოგვითხრობს ჩვენ, რომ იგინი ყოფილიყვნენ მაცხოვართან მსგავსად მოციქულთა განუშორებელად, ანუ მერმე მიეღოთ მონაწილეობა ქადაგებასა შინა მისისა სახარებისა. არც ის სჩანს, რომ შემდგომად იესო ქრისტეს ამაღლებისა იგინი წასულიყვნენ სხვა და სხვა ქვეყნებში ქადაგებად სახარებისა, მიეღოთ მრავალი ტანჯვა, და სისხლი დაეთხიათ ქრისტეს სჯულისათვის. მაშასადამე, რისთვის მიანიჭა მათ ეკლესიამ ესოდენი ღირსება და პატივი? მხოლოდ მისთვის, რომ მათ დიდი ერთგულება, სიყვარული და სამსახური გამოაჩინეს იესო ქრისტესადმი, სწორედ იმ დროს, როდესაც იგი იყო დატევებული და მოკლებული ყოველთა მისთა მახლობელთა და მოყვარეთაგან, დროსა ვნებისა, ჯვარცმისა და დაფვლისა. იოსებ არიმართელი და ნიკოდიმოს, ვითარცა მოგვითხრობს სახარება, უწინაც იყვნენ იესო ქრისტეს მოწაფენი, გარნა, ვიდრემდის უფალი იყო დიდებასა შინა, ვიდრემდის მას ჰყავდა მრავალნი განცხადებულნი მოწაფენი, ვიდრემდის მას მისდევდა ურიცხვი ერი, იგინი განცხადებულად არ იყვნენ მასთან. გარნა, როდესაც უფალი ჯვარს აცვეს, და შეშინებულთა მოწაფეთა დასტოვეს იგი, მაშინ ამათ, მხნეთა მენელსაცხებლეთა, თამამად გამოუცხადეს თავიანთი სიყვარული და ერთგულება. იოსებ არიმათიელმა კადნიერად გამოითხოვა პილატესაგან გვამი იესო ქრისტესი, და დიდითა პატივითა და ერთგულებითა დამარხა იგი თავის საკუთარს მომზადებულს სამარეში; ნიკოდიმოსმა დიდი ერთგულებით და სიყვარულითა მრავალნი, ძვირფასნი ნელსაცხებელნი მოიხმარა იესო ქრისტეს გვამის დამარხვაზე. მსგავსადვე, დედანი მენელსაცხებლენი განცხადებულად ტიროდენ და იგლივდენ იესო ქრისტეს ჯვარცმაზე, კადნიერად და უშიშრად იდგნენ წინაშე ჯვარისა მისისა, მოსწრაფებით და მხურვალე ერთგულებით მირბოდენ განთიად საფლავსა ტირილად და ნელსაცხებელის ცხებად მისსა. ამისთვისაცა მაცხოვარმან დიდად დააფასა ამათი ღრმა სიყვარული, და შემდგომად აღდგომისა თვისისა, იგი პირველად გამოეცხადა და „გიხაროდენი“ უთხრა არა მოციქულთა და მოწაფეთა თვისთა, რომელნი სულმოკლედ დაიფანტნენ შიშისათვის ურიათასა, არამედ მხნეთა ამათ და სულ-გრძელთა მენელსაცხებლეთა დედათა.

წმინდა ეკლესია ახლა აქებს და ადიდებს საქციელსა მენელსაცხებლეთასა. რისთვის? პირველად მისთვის, რათა მადლობა გარდუხადოს მხნეთა ამათ და კეთილთა პირთა, რომელ იგინი ჟამსა მაცხოვრის ვნებისა და სიკვდილისა და დაფლვისა შეეწიენ, ემსახურენ მას. მეორედ მისთვის, რათა მათის მაგალითითა განაღვიძოს ჩვენს გულში იგივე ერთგულება, სიყვარული და სამსახური იესო ქრისტესი. მათი მაგალითის წარმოდგინით წმინდა ეკლესია ესრეთ ეტყვის ყოველთა კაცთა: შეხედეთ მხნეთა ამათ მენელსაცხებლეთა, ჰბაძევდით მათსა ერთგულებასა და თქვენცა ემსახურეთ მასვე ქრისტესა ნაყოფთაგან თქვენთა. ნუ დაივიწყებთ მენელსაცხებლეთა დედათა ერთგულებასა და თავის გამომეტებასა; ეძიებდეთ თქვენცა უფლის იესოს მსახურებასა და შემწეობასა. თუმცა იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად. მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, და, მაშასადამე, მისთვის აღარ არის ახლა საჭირო ჩვენი შემწეობა, სამსახური, გარნა ერთი მხრით, იგივე უფალი იესო ქრისტე ახლაცა ჩვენ შორის იქცევა და მდგომარეობს საყდართა, საიდუმლოთა, წირვა ლოცვას და სხვათა წესთა შინა. მაშასადამე. ახლაც საჭირო არის მისთვის მსახურება, ერთგულება, საჭირო არის სახლი ანუ ეკლესია, რომელსა შინა ახლაც ასრულებს იგი საიდუმლო სერობასა, პურის და ღვინის კურთხევასა. ახლაცა საჭირო არიან მისთვის ჭურჭელნი, შესამოსელნი, სახვეველნი. მაშასადამე, ახლაც ერთგულთა მისთა და კეთილთა მოყვარეთა შეუძლიათ, მსგავსად ნიკოდიმოსისა, მარიამ მაგდალინელისა და სხვათა მენელსაცხებლეთა ემსახურონ მას ნაყოფთაგან თვისთა.

ესრეთნი განზრახვანი აქვს წმინდასა ეკლესიასა, როდესაც დღეს ასრულებს ხსენებასა წმინდათა მენელსაცხებლეთასა. მადლობა ღმერთს, განზრახვა ეკლესიისა და სწავლა მისი არ რჩება უნაყოფოდ! მრავალნი ქრისტეს მოყვარენი დედანი და მამანი ისმენენ მისსა სწავლასა, ემსახურებიან ქრისტეს მსგავსად მენელსაცხებლეთა, უშენებენ მას სახლსა, ანუ ტაძარსა, მიართმევენ მას სახვეველთა, ესე იგი შესამოსელთა, შესწირავენ ნელსაცხებელსა, ესე იგი, სანთელსა, საკმეველსა და ემსახურებიან სხვითა სახითა. მაცხოვარი ახლაც იმავე სახით მიიღებს სამსახურსა ამას, როგორადაც მიიღო მენელსაცხებელთაგან. რომელმა არა შეურაცხჰყო ორი მწვლილი, ანუ ფარა ქვრივისა ღარიბისა დედაკაცისა და სთქვა: ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვეს შესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა (ლუკ. 21,1-4). ახლაც ხედავს იგივე ყოველსა ერთგულს შესაწირავსა, რაც გინდა მცირე იყოს იგი, მაშასადამე დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი სულიერი სარგებლობა მოაქვს ყოველსა, რასაც კაცი ერთგულებით შესწირავს და შეეწევა ეკლესიასა.

გარნა, საუბედუროდ, არა ყოველნი პირნი ფიქრობენ ამ საქმეზე. მრავალთა არა აქვსთ ერთგულება ეკლესიის შეწირვისა და შემკობისათვის. რაოდენი არიან ჩვენში სოფლები, რომელთა შინა მიმავალი ნახავს მრავალს დიდ-დიდ სახლებს, შიგნით მდიდრად მორთულს, გარნა, იმავე სოფელში მაცხოვარს და დედასა მისსა არა აქვს შესაფერი ეკლესია, და ნაცვლად ამისა, ისრეთი შეუსაბამო და შეუფერებელი ეკლესიები არიან, რომ ღვთის მოყვარე კაცს, მათს შემხედველს, გული შეუწუხდება. არა ესრეთ არს ღვთის მოყვარეობა და ეკლესიისა ერთგულება რუსეთის მართლ-მადიდებელთა ერთა შორის. იქ ყოველ სოფელში დაინახავ დიდ-დიდთა, მაღალთა, შემკულთა ეკლესიათა, ხოლო გარემოს იმ ეკლესიისა ნახავ ღარიბთა, მომცროთა ქოხებთა მცხოვრებთასა. მართალია, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებნიც ღარიბნი არიან, გარნა, არა ყოველნი. უმეტესად სამწუხარო ის არის, რომელ ვისაც ღმერთმა ჩვენში შეძლება მისცა, ისინი გულგრილად უყურებენ ეკლესიის სიღარიბეს, მაშინ როდესაც სახარება ბრძანებს, რომ ვისაც ღმერთმან მეტი მისცა, მისგან მეტს მოითხოვს. კიდევ ის არის სამწუხარო ჩვენში, რომ თვით ისეთნი პირნი, რომელთა ღვთის მსახურებისათვის, ეკლესიის აშენებისათვის და შემკობისათვის არ ემეტებათ მცირეცა ხარჯი, არ ზოგვენ მრავალსა ხარჯსა ამაო კმაყოფილებისათვის, რას ვამბობ, კმაყოფილებისათვის, თვით ზნეობის მავნებელი საქმისათვის, სულიერის და ხორციელის სიმთელის დამღუპველის ცოდვისათვის. რაოდენ გზის მომხდარა აქ, რომ მდიდარს კაცს მიადგა რომელიმე მთხოვნეღო ეკლესიის აშენებისათვის, მას ეწყინა, გაჯავრდა, რას დაეთრევიანო ეს ხუცებიო, და არაფერი მისცა, ან დიდის უკმაყოფილებით ძლივს ერთს მანეთზე მოაწერა ხელი და მერმე იმავე ღამეს წავიდა და ქაღალდში წააგო ასობით, ანუ მთელი ქალაქის მდიდარნი პირნი და მაძღარნი დაჰპატიჟა და ორასი მანეთი მოიხმარა მათდა გასაძღომად და დასათრობად. ღმერთო, ვინ გაზომავს ამისთანა უგუნურებას! ხოლო ჩვენი დედანი რას შვრებიან? რაოდენ გზის ნახავ, შევლენ იგინი სოფლის ეკლესიაში ფარჩებით, ოქრო-მკედით, ხავერდით მორთულნი, ხოლო ქრისტე ღმერთი მისი სისხლით და ხორცით კალის ბარძიმ-ფეშხუმში ასვენია, ჩითის სახვეველი ახვევია; მისი ტრაპეზი დახეული შესამოსლით დაბურულია. ხოლო შენ ძმაო, ჩემო, ქრისტეს მოყვარე თუ ხარ, ნუ დაემზგავსები ამათ, არამედ მზგავსად მენელსაცხებლეთა კეთილთა ემსახურე ქრისტეს, შეძლებისა გვარად. ამინ.