წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა დღესა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა მიძინებისასა

ოდეს კაცი ვინმე გარდაიცვლება ქვეყანაზე, მაშინ ყოველნი მისნი მახლობელნი, მცნობელნი და მონათესავენი სტირიან და სწუხან; ხოლო დღესა გარდაცვალებისასა დიდხანს იხსენებენ გლოვითა და მწუხარებითა. გარნა ჩვენ ქრისტიანენი, სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ დღეს მიძინებასა, ანუ მიცავლებასა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისასა. რას ნიჰშნავს ეს უჩვეულო განწესება წმიდის ეკკლესიისა? ნაცვლად ჩვეულებრივისა ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ დღესა ყოვლადწმიდის გარდაცვალებისასა? მისთვის, რომელ მიძინება, ანუ გარდაცვალება ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობლისა არ იყო მსგავსი გარდაცვალებისა სხვათა კაცთასა. რისთვის ვსწუხვართ და ვსტირით ჩვენ, როდესაც გარდაიცვლება კაცი ვინმე? მისთვის, რომელ მოგვაკლდება მისი ხილვა, მასთან მუსაიფობა; მონათესავეთა მისთა მოაკლდება მისგან ნუგეში; რომელნი შრომითა მისითა იზრდებოდენ, მათ მოაკლდებათ საზრდო; ერთი სიტყვით, სიკვდილი ერთისა კაცისა არის დიდი მოკლება მრავალთა სხვათა კაცთათვის. გარნა არა ესრეთი იყო მიცვალება ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობლისა. მიძინებითა მისითა არა თუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა ყოველსა, არამედ შეეძინა დიდი რამ. რანაირად? ესრეთ, რომელ ყოვლადწმიდამ ღვთის-მშობელმან, ვითარცა თქმულ-არს საღმრთოსა გალობასა შინა დღევანდელისა დღისასა, შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა. სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ჰხედვიდენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რაოდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებლობასა; გარნა ოდესაც იგი გარდავიდა ამიერ სოფლითგან და შევიდა დიდებასა შინა ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა, მაშინ იგი შეიქმნა მრთელისა ქვეყნისათვის წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა. ურიცხვნი შემთხვევანი, მოთხრობა ყოველთა საუკუნეთა და სრულიად ყოველთა ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა ცხოვრება და სასოება მოწმობენ, თუ რაოდენი მადლი და წყალობა წარმომდინარეობს ყოველთა კაცთათვის ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისაგან.

აჰა მიზეზი, რომლისათვისცა ყოველნი კაცნი სიხარულითა და დღესასწაულობითა იხსენებენ დღესა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობლის მიძინებისასა.

გარნა ვინ მიიღებს უმეტესსა მოწყალებასა ყოვლად-წმიდის ღვთის-მშობელისაგან? რომლისა კარის ლოცვასა და ვედრებასა ისმენს იგი? ერთის სიტყვით, ვითარსა კაცსა შეიყვარებს და შეიწყნარებს იგი უმეტესად? მე ესრეთ ვგონებ, რომ გრძნობა სიყვარულისა და შეწყალებისა ერთ-ნაირია, ვითარცა აქ, ამ სოფელში, ეგრედვე გულსა შინა ზეცად გარდასრულთა კაცთასა. ვიცით ჩვენ, რომ ამ ქვეყანაზე სიყვარული და მეგობრობა დაფუძვნებულ არს მზგავსებასა, თანხმობასა და ერთობასა ზედა ჭკუისა, ჰაზრისა და ხასიათისასა. ოდეს ჰხედავ მეგობრობასა და სიყვარულსა შორის ორთა კაცთასა, უწყოდე, რომ იმ ორს კაცს აქვს მზგავსება გულისა და სულისა; მზგავსად ამისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებს, მოწყალე ექმნება და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ მათ კაცთათვის, რომელსა აქვსთ, ანუ რომელნი სცდილობენ, რომ ჰქონდესთ რაოდენიმე მზგავსება, ერთობა და ზიარება მასთან; ესე იგი, იმისი ჰაზრისა, ხასიათისა, და ყოფაქცევისა. ვითარი ხასიათი და ყოფა-ქცევა ჰქონდა ყოვლადწმიდასა? ამას მოკლე სიტყვითა ვერ გამოჰხატავს ენა კაცისა. მრთელი დიდი წიგნი რომ აღავსოს კაცმა წერილითა, მაშინაც სავსებით ვერ გამოჰხატავს მისთა თვისებათა და ცხოვრებასა. მხოლოდ, ოდეს წარმოიდგენს კაცი მისსა ღვთაებრივსა სახესა, მაშინ იფიქრებს: აი როგორი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანული ქალი, და ვის უნდა დაემზგავსოს შეძლებისა-მებრ და მადლისა მიცემულისა მისდამი. აჰა, ვის უნდა ემზგავსებოდეს ქალწულნი! აჰა, ვის უნდა ჰხედვიდენ დედანი!

ღმერთო! მიეც ქალწულთა მზგავსება საკვირველისა ამის ქალწულისა; შეეწიე დედათა მიბაძვად ზეციერისა ამის დედისა. ამინ.